ბელარუსში წამება გრძელდება
მცირედი დაუმორჩილებლობის აქტებსაც კი სერიოზული შედეგები მოსდევს.
ბელარუსში წამება გრძელდება
მცირედი დაუმორჩილებლობის აქტებსაც კი სერიოზული შედეგები მოსდევს.
დიმიტრი და ლია მაკდონალდსიდან მანქანით სახლში ბრუნდებოდნენ. იმ დროს მინსკის ცენტრში ანტისამთავრობო აქცია იმართებოდა. სოლილოდარობის ნიშნად დიმიტრიმ მანქანის სიგნალი მისცა. ცოტა ხანში ცოლ-ქმარი პოლიციამ გააჩერა.
„მანქანა გავაჩერე და დავინახე, რომ ოთხი სამართალდამცავი ჩვენკენ მორბოდა,“ თქვა დიმიტრიმ. „ხელკეტებით დაიწყეს შუშების მტვრევა, ყვიროდნენ რომ მანქანიდან გადმოვსულიყავით. იარაღი დამიმიზნეს. შოკში ჩავვარდი და წასვლა გადავწყვიტე.
„მანქანა რომ დავძარი, სამჯერ გაისროლეს. ერთი ტყვია ლავიწის ძვალში მომხვდა, მეორე მანქანას,” - განაგრძო მან.
დიმიტრის მანქანას გზა გადაუღობეს. მან გაქცევა მოახერხა, რა დროსაც პოლიციის მანქანას დაეჯახა. პოლიცია დიმიტრის უკან დაედევნა, მალევე დაეწია და ცეცხლის გახსნის მუქარით გააჩერებინა მანქანა.
დიმიტრის ლიას თვალწინ სცემეს და პოლიციის განყოფილებაში წაიყვანეს. ცემა იქაც გააგრძელეს და თან ყველაფერი გადაიღეს ვიდეოზე, რომლის კადრებიც მოგვიანებით ინტერნეტში გაავრცელეს.
უფლებადამცველი ორგანიზაციები აცხადებენ, რომ ბელარუსში სისტემურმა ძალადობამ ჩვეული ხასიათი მიიღო, რითაც არასათანადო მოპყრობა წამებას გაუტოლდა. მცირედი დაუმორჩილებლობის აქტებსაც კი სერიოზული შედეგები მოსდევს.
Human Rights Watch- ის თანახმად, ხშირია შემთხვევები, როდესაც ადამიანებს აიძულებენ „ხანგრძლივი სტრესის პირობებში ყოფნას, იყენებენ ელექტრო შოკს... დაკავებულებს დღეების განმავლობაში ამყოფებენ გადატვირთულ საკნებში, არაჰიგიენურ პირობებში და არ აძლევენ კომუნიკაციის საშუალებას.“
„ბელარუსის ქალთა ასოციაცია“ მუშაობს რეჟიმის წინააღმდეგ სარჩივრებზე „ქალთა მიმართ ჩადენილი მძიმე დანაშაულებისთვის.“ ასეთი უამრავი ფაქტის მომსწრე იყო ლიაც, როდესაც თავად იყო დაკავებული.
„საკანში უჰაერობა იყო, ქალები ტიროდნენ,“ თქვა მან. „ერთმა ქალმა თავი მიახეთქა კედელს. მე ლოგინის ქვეშ შევძვერი და კუთხეში დავიმალე. გამახსენდა, რომ ტელეფონი თან მქონდა და ასე გავაგებინე ოჯახს რაც დაგვემართა.“
ხანგრძლივი ცემის შედეგ დიმიტრი იძულებული გახდა ეღიარებინა, რომ პოლიციის მანქანას განზრახ დაეჯახა.
„ასე იმიტომ ვთქვი, რომ გადავრჩენელიყავი,“ იხსენებს ის, თუმცა, მისივე თქმით, უარი თქვა იმის აღიარებაზე, რომ სპეცრაზმელებსაც განზრახ დაეჯახა, რის გამოც სამმა ჯარისკაცმა ისევ სცემა.
მოგვიანებით დიმიტრი მრავლობითი დაზიანებებით საავადმყოფოში გადაიყვანეს. მას ჰქონდა ტვინის შერყევა, სახის მოტეხილობები და უამრავი სისხლჩაქცევა. საავადმყოფოში ყოფნის დროს გაიგო, რომ მის წინააღმდეგ აღძრული იყო სისხლის სამართლის საქმე, რომლის გამოც ხუთ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებოდა. ცოლ-ქმარი პოლონეთში გაიქცა და თავშესაფარი ითხოვა.
2020 წლის აგვისტოს შემდეგ, როდესაც ბელარუსში გაყალბებულმა საპრეზიდენტო არჩევნების წინააღმდეგ მასშტაბური საპროტესტო აქციები დაიწყო, ხელისუფლებას არ შეუწყვეტია დევნა და დაშინება. ერთი წლის განმავლობაში მთელი ქვეყანა დაპატიმრებების ტალღამ მოიცვა. დაკავებას ვერ გადაურჩა ვერც ყოფილი ელჩი იჰარ ლიაშჩენია, რომელსაც ბრალი დასდეს „მასობრივი არეულობის ორგანიზებაში“ 2021 წლის აგვისტოში.
Amnesty International-ის ბოლო ანგარიშის თანახმად, საპროტესტო აქციების დაწყებიდან ოცდაათი ათასზე მეტი ადამიანის დაკავება მოხდა. ხშირად, დევნის ობიექტები გამხდარან დაკავებულების პარტნიორები და ოჯახის წევრებიც.
ბელარუსული არასამთავრობო ორგანიზაცია Viasna ადამიანის უფლებათა დარღვევების საკითხებზე 1996 წლიდან მუშაობს. ორგანიზაციის თანახმად, პატიმართა მიმართ არასათანადო მოპყრობა წამებას უტოლდება და ზოგადად, ადამიანის უფლებათა კუთხით ქვეყანაში ვითარება „მნიშვნელოვნად არის გაუარესებული“.
უფლებადამცველი ვიქტორია ფედოროვას განაცხადებით, არასამთავრობო ორგანიზაცია „საგამოძიებო კომიტეტის“ ოფიციალური მონაცემების მიხედვით, 2020 წლის აგვისტოში ექვსასზე მეტმა მოქალაქემ შეიტანა საჩივარი დაკავების დროს მიღებული დაზიანებების შესახებ.
„წამების საწინააღმდეგო მსოფლიო ორგანიზაციის“ დასკვნით, ხელისუფლებას არაფერი გაუკეთებია ამგვარი ძალადობის ბრალდებების გამოსაძიებლად.
„ჩვენი შეფასებით, შეგვიძლია ვთქვათ, რომ თითქმის ყველა ვისი დაკავებაც მოხდა 2020 წლის 9 აგვისტოდან 12 აგვისტომდე [საპროტესტო აქციების დაწყების პერიოდი] იყო წამების ან ძალის გადამეტების და არაადამიანურ პირობებში ყოფნის მსხვერპლი,“ აღნიშნა ფედოროვამ.
„იმ დროს შვიდი ათასამდე ადამიანი იყო ოფიციალურად დაკავებული. აღსანიშნავია, რომ წამება დღემდე გრძელდება, ამიტომ მსხვერპლთა რიცხვი მუდმივად იზრდება. რა თქმა უნდა, საგამოძიებო კომიტეტს ყველა არ მიმართავს საჩივრით ან შუამდგომლობით. ბევრს ეშინია შემდგომი დევნის, ბევრი აზრს ვერ ხედავს. 2020 წლის აგვისტოდან მოყოლებული, სამართალდამცავების წინააღმდეგ არც ერთი სისხლის სამართლის საქმე არ არის აღძრული.“
ვითარება იმდენად გაუარესდა, რომ ფეხბურთის გულშემატკივრებიც აღმოჩნდნენ დევნის სამიზნე, ხელისუფლება მათ საპროტესტო აქციების მთავარ მამოძრავებელ ძალად მიიჩნევს.
2021 წლის მარტში ბელარუსმა სამართალდამცავებმა ფეხბურთის გულშემატკივრების წინააღმდეგ 65 სისხლის სამართლის საქმე აღძრეს. უმეტესობის ვინაობა უცნობია. 2021 წლის აგვისტოში პოლიციამ კიდევ ხუთი გულშემატკივარი დააკავა, რომლებიც შარშანდელ საპროტესტო აქციებში მონაწილეობდნენ.
ფეხბურთის გულშემატკივრები ანტონი და ილონა მშობლებთან ერთად რესტორნის ტერასაზე ისხდნენ, როდესაც ორი ავტომობილი რესტორანთან გაჩერდა. იქედან ნიღბიანი პირები გადმოვიდნენ და ყველა ახალგაზრდა მამაკაცს „საბუთების შესამოწმებლად“ გაყოლა მოსთხოვეს.
პოლიციის განყოფილებაში მისვლამდე ახალგაზრდებს სცემდნენ და შეურაცხყოფას აყენებდნენ.
„მითხრეს, რომ არასოდეს გამათავისუფლებდნენ. ჯერ მაწამეს და იძალადეს ჩემზე, მერე კი ცამეტდღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა მომისაჯეს,“ თქვა ანტონმა.
ანტონი მეორედ 2020 წლის ოქტომბერში დააკვეს, ერთ-ერთი მშვიდობიანი აქცია-მსვლელობის დროს.
„გზაშიც და პოლიციის განყოფილებაშიც არაერთხელ მცემეს, მთელი ღამე ცივ ავტოფარეხში დამტოვეს. ბოლოს კი თხუთმეტი დღით პატიმრობა მომისაჯეს,“ დასძინა მან.
ანტონი და ილონა უკრაინაში გაიქცნენ. ისინი დღემდე იქ ცხოვრობენ და არ აპირებენ ბელარუსში დაბრუნებას, სანამ ლუკაშენკო იქნება ხელისუფლებაში.
სტატია მომზადებულია გააძლიერე, გაადამოწმე, ჩაერთე პროექტის ფარგლებში, რომელიც ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.
This publication was prepared under the "Amplify, Verify, Engage (AVE) Project" implemented with the financial support of the Ministry of Foreign Affairs, Norway.