ბელარუსი: საერთაშორისო სამართლის მოწოდებები გრძელდება

არის იმედი, რომ მოქმედი რეჟიმის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეებზე გამოძიების დაწყების საქმეში დიასპორას შეუძლია გადამწყვეტი როლის თამაში.

ბელარუსი: საერთაშორისო სამართლის მოწოდებები გრძელდება

არის იმედი, რომ მოქმედი რეჟიმის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეებზე გამოძიების დაწყების საქმეში დიასპორას შეუძლია გადამწყვეტი როლის თამაში.

Exiled Belarusians hold historical Belarus opposition flags as they take part in a protest at the Polish-Belarusian border crossing on June 05, 2021 in Bobrowniki, Poland.
Exiled Belarusians hold historical Belarus opposition flags as they take part in a protest at the Polish-Belarusian border crossing on June 05, 2021 in Bobrowniki, Poland. © Omar Marques/Getty Images
Tuesday, 31 August, 2021
IWPR

IWPR

Institute for War & Peace Reporting

ჟურნალისტი ვალიარინა კუსტავა მინსკის ერთ-ერთი სპორტული დარბაზიდან სახლში ბრუნდებოდა, როდესაც მეგობარმა დაურეკა და გააფრთხილა, რომ პოლიცია მის ბინაში ჩხრეკას აწარმოებდა.

„სასწრაფოდ მომიწია გაქცევა, ტანსაცმლის, ფულის და საბუთების გარეშე,” თქვა კუსტავამ, რომელიც პოლონეთის სატელიტური ტელევიზია „ბელსატის“ წამყვანია. „თბილი კაბა მეგობარმა მომცა.“  

ამის შემდეგ, ვალერიანამ თავისი ორი წლის შვილი მინსკში ნათესავებთან დატოვა და იმ ღამესვე გადაკვეთა საზღვარი მდინარით.

„ეს იყო ბელარუსების მასობრივი გადინება ნავით. შუა ღამით, ჩემნაირი ადამიანები, საშინაო ტანსაცმლით, ყოველგვარი ნივთების გარეშე, ცდილობდნენ გადაჭედილ რეზინის ნავში ადგილის პოვნას,” თქვა კუსტავამ. „როგორც მივხვდი, რეგულარული მარშრუტი იყო. სწორედ ასე გარბიან ბელარუსები ქვეყნიდან, გაქცეულან ჩემამდე და გაიქცევიან ჩემ შემდეგაც. შემეშინდა. მეგონა ფილმს ვუყურებდი...“

გასულ წელს, თავშესაფრის მოთხოვნით პოლონეთს დაახლოებით ათი ათასმა ბელარუსმა მიმართა. 2020 წლის აგვისტოდან დეკემბრის ჩათვლით ლიტვამ თითქმის შვიდი ათასი ვიზა გასცა, ხოლო უკრაინას თავი შეაფარა სამი ათასიდან ხუთი ათასამდე ბელარუსმა.  

საერთაშორისო სამართლის სპეციალისტები აცხადებენ, რომ რეჟიმის ჰააგის სასამართლოს წინაშე წარსადგენად სწორედ ბელარუსულ დიასპორას შეუძლია გადამწყვეტი როლის თამაში.

2021 წლის მაისში, საერთაშორისო უფლებადამცველმა ორგანიზაციებმა ბელარუსულ არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად მიმართეს ჰააგის სასამართლოს პროკურორს ლუკაშენკოს რეჟიმის მიერ ჩადენილი დანაშაულების გამოძიების თხოვნით, მანამდე ორგანიზაციებმა სასამართლოს 2020 წლის სექტემბერში მიმართეს.

სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო უფლებამოსილია აწარმოოს მძიმე დანაშაულების გამოძიება რომის სტატუტის (მისი საწესდებო დოკუმენტი) წევრი სახელმწიფოების ტერიტორიაზე. ექსპერტთა ნაწილი თვლის, რომ პოლონეთისა და ლიეტუვას მთავრობებს, სადაც ბევრი დევნილი ბელარუსი ცხოვრობს, შეუძლიათ რეგიონალური პრეცედენტის შექმნა და სასამართლოში საჩივრის შეტანა იმ მოტივით, რომ ბელარუსში ჩადენილი დანაშაულები მათ ტერიტორიაზეც გავრცელდა.

„პოლონეთს და ლიეტუვას თავისუფლად შეუძლიათ ბელარუსის ხელისუფლების წინააღმდეგ საჩივრის შეტანა საერთაშორისო სასამართლოში. ორივე ქვეყანას რატიფიცირებული აქვს რომის სტატუტი,“ ამბობს „წამების გამოძიების საერთაშორისო კომიტეტის“ წარმომადგენელი ევგენია ანდრეიუკი. „ასეთი რამ უკვე გააკეთა ბანგლადეშმა 2019 წელს, როდესაც მიმართა სისხლის სამართლის საერთშორისო სასამართლოს მიანმარში განვითარებული მოვლენების გამოსაძიებლად. ამავე მექანიზმის გამოყენება შეიძლება ბელარუსიის წინააღმდეგაც. ეს მთლიანად მთავრობებზეა დამოკიდებული.”

ბელარუსის ხელისუფლების წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეები უკვე აღძრა გერმანიამ, ლიეტუვამ, პოლონეთმა და ჩეხეთმა, თავიანთი იურისდიქციის ფარგლებში.

ბელარუსების საჩივრების საფუძველზე წინასასამართლო მოკვლევა კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულებზე დაიწყეს ლიეტუველმა და გერმანელმა პროკურორებმა.

კიდევ ერთი გზა იმისთვის, რომ სისხლის სამართლის სასამართლომ შეძლოს ბელარუსში მართლსაჯულების აღსრულება არის საქმეების გადაცემა გაეროს უშიშროების საბჭოსთვის, იმის მიუხედავად, რომ ამ გადაწყვეტილებას აუცილებლად დაადებს ვეტოს რუსეთი. ადამიანის უფლებათა საბჭოს  წლიურ ანგარიშში გაეროს სპეციალური მომხსენებელი ანაის მარინი აღნიშნავს, რომ ბელარუსში არსებული ვითარება „საჭიროებს საერთაშორისო საზოგადოების ყურადღებას“, რადგან მას „შეუძლია საფრთხე შეუქმნას რეგიონულ მშვიდობასა და უსაფრთხოებას“.

Chatham House-ის მკვლევარი, უკრაინელი იურისტი კატერინა ბუსოლი ამბობს, რომ მსგავსი შემთხვევები უკვე არსებობს და ყველაფრის მიუხედავად გამოსავლის პოვნა შესაძლებელია.

„2014 წელს რუსეთმა და ჩინეთმა ვეტო დაადეს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთვის სირიის საქმის გადაცემას,” აღნიშნა მან. „2015 წელს, რუსეთი იყო ერთადერთი ქვეყანა, რომელმაც დაბლოკა გაეროს რეზოლუცია 2014 წლის ივლისში მალაიზიური თვითმფრინავის MH17 ჩამოგდების საქმეზე საერთაშორისო ტრიბუნალის მოწყობასთან დაკავშირებით. შედეგად, გაეროს გენერალურმა ასამბლეამ შექმნა მექანიზმი, რომელიც გულისხმობდა სირიაში ჩადენილი საერთაშორისო დანაშაულების ირგვლივ მტკიცებულებების მოძიებას და შენახვას. ხოლო მალაიზიური თვითმფრინავის MH17- ის ჩამოვარდნის საქმეზე ჰააგის რაიონულმა სასამართლომ დაიწყო მოწმეთა ჩვენებების და მტკიცებულებების განხილვა.“

ძალიან იშვიათ შემთხვევებში, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მთავარ პროკურორს, გაეროს უშიშროების საბჭოს ვეტოს მიუხედავად, შეუძლია დამოუკიდებლად მიიღოს გადაწყვიტილება და ჩაატაროს წინასწარი მოკვლევა სავარაუდო დანაშაულებზე იმ სახელმწიფოებში, რომლებიც არ არიან რომის სტატუტის ხელმომწერნი.  

თუმცა, ასეთ გადაწყვეტილებს შეიძლება მოულოდნელი შედეგებიც მოჰყვეს. მაგალითად, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს ყოფილი პროკურორის ფატუ ბენსუდას მცდელობას გამოეძიებია აშშ სამხედროების მიერ ავღანეთსა და ერაყში ჩადენილი სავარაუდო ომის დანაშაულები და ასევე ისრაელის მიერ პალესტინის ტერიტორიებზე განხორციელებული ოპერაციები დიდი დაპირისპირება მოჰყვა ტრამპის ადმინისტრაციის მხრიდან. იგი გახდა პირველი მთავარი პროკურორი, რომლის წინააღმდეგაც შეერთებულმა შტატებმა დააწესა ეკონომიკური სანქციები და ქვეყანში შესვლა აუკრძალა.

ივნისის ბოლოს, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს ახალ პროკურორად არის  ბრიტანელი ადვოკატი კარიმ ხანი აირჩიეს. ის თვრამეტწლიანი ისტორიის მქონე სასამართლოში მესამე პროკურორია. ჯერჯერობით უცნობია, დაიწყებს თუ არა ხანის ოფისი ბელარუსში მომხდარი სავარაუდო დანაშაულების გამოძიებას. არსებობს რამდენიმე პრეცედენტი, რომლის დროსაც სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორმა დაიწყო უკვე დახურული საქმის ხელხალი გამოძიება, თუმცა მის დასრულებას შეიძლება წლები დასჭირდეს. მაგალითად, უკრაინის შემთხვევაში გამოძიებას ექვსი წელი დასჭირდა. გახანგრძლივებული პროცესი კი ლუკაშენკოს და მის „აპარატჩიკებს“ მისცემს იმის დროს, რომ რუსეთში იპოვონ უსაფრთხო თავშესაფარი.  

ჯერჯერობით, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო აცხადებს, რომ ბელარუსის საქმე სცდება მის იურისდიქციას.

„ბელარუსი არ არის რომის წესდების ხელმომწერი სახელმწიფო და არც გაეროს უშიშროების საბჭოს მოუმართავს სასამართლოსთვის,” განაცხადა ჰააგის სამართლოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა ფადი ელ აბდალამ. „შესაბამისად, სასამართლოს ბრალდებების შესასწავლად იურისდიქცია არ გააჩნია.

„თუ იქნება წარმოდგენილი მტკიცებულებები დეპორტაციის ან იძულებითი გადაადგილების ან ისეთი დანაშაულების შესახებ, რომელთა ნაწილიც მოხდა რომის სტატუტის წევრი სახელმწიფოს ტერიტორიაზე, ასეთი მტკიცებულების შესახებ ეცნობება სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორს და ის მიიღებს გადაწყვეტილებას, დაიწყოს თუ არა გამოძიება აღნიშნულის თაობაზე.“

სტატია მომზადებულია გააძლიერე, გაადამოწმე, ჩაერთე  პროექტის ფარგლებში, რომელიც ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.

This publication was prepared under the "Amplify, Verify, Engage (AVE) Project" implemented with the financial support of the Ministry of Foreign Affairs, Norway.

Belarus
Frontline Updates
Support local journalists