გატაცებული უკრაინელი ჟურნალისტი დაკავების შესახებ საუბრობს
„მესმოდა კივილი, მესმოდა სხვების დაკითხვა. მათ უბრალოდ აწამებდნენ.“
გატაცებული უკრაინელი ჟურნალისტი დაკავების შესახებ საუბრობს
„მესმოდა კივილი, მესმოდა სხვების დაკითხვა. მათ უბრალოდ აწამებდნენ.“
უკრაინული მედიის წამომადგენლები სულ უფრო მეტად ხდებიან რუსული ძალების სამიზნე. დამოუკიდებელ ჟურნალისტებს აშინებენ, ემუქრებიან და იტაცებენ იმ ტერიტორიებზე, რომლებსაც რუსები აკონტროლებენ.
ერთ-ერთი პირველი, ვინც გაიტაცეს იყო ოლეჰ ბატურინი, ხერსონის გაზეთ „ნოვი დენის“ კორესპონდენტი ნოვა კახოვკაში, ქალაქში, სადაც 35000 ადამიანი ცხოვრობს. ოლეჰი 2 მარტს გაიტაცეს და რვა დღის განმავლობაში ამყოფებდნენ ფიზიკური და ფსიქოლოგიური ზეწოლის ქვეშ, მერე გაათავისულეს.
IWPR უკრაინის რედაქტორი ანდრიი იანიცკი ბატურინს ხერსონში რუსული ოკუპაციის პირობებში ცხოვრების შესახებ ესაუბრა.
IWPR: რა მოხდა 12 მარტს, როცა გაგიტაცეს?
ოლეჰ ბატურინი: ერთმა ნაცნობმა აქტივისტმა დამირეკა უცხო ნომრიდან და საღამოს ავტობუსის გაჩერებასთან მთხოვა შეხვედრა. მოგვიანებით გავიგე, რომ იმ დროს ის უკვე რუსებს ჰყავდათ დაკავებული. გაჩერებაზე რომ მივედი იქ შეიარაღებული ჯარისკაცები დამხვდნენ. საბუთები და ტელეფონი მომთხოვეს, მაგრამ თან არ მქონდა. ხელბორკილები დამადეს და ფურგონში შემაგდეს. ერთმა ზურგში ჩამარტყა.
ქალაქის საბჭოს შენობაში მიმიყვანეს, სადაც დამკითხეს. მცემეს. მერე სხვაგან გადამიყვანეს, პოლიციის შენობაში. იქ ხელბორკილებით მიმაბეს გენერატორთან და 13 მარტის დილამდე დამტოვეს ცივ ოთახში. ხელბორკილები ძალიან მიჭერდა, ხელები დამისივდა. დილით სხვაგან წამიყვანეს, მეგონა მოსაკლავად მივყავდი.
მაგრამ, მანქანით იმდენ ხანს ვიარეთ, მივხვდი, რომ ახლა არ მომკლავდნენ. ერთ შენობაში მიმიყვანეს. როგორც მოგვიანებით გავიგე, ეს ხერსონის სამხარეო ადმინისტრაცია იყო.
რა მოხდა ხერსონში?
პირველ დღეს არც წყალი მოუციათ და არც საჭმელი, ტუალეტშიც არ გამიშვეს. ხერსონში უკეთესი პირობები იყო. დაკითხვები ფიზიკური ზეწოლის გარეშე მიმდინარეობდა - ზეწოლა მხოლოდ ფსიქოლოგიური იყო.
რას გეკითხებოდნენ?
ჩემ მიმართ რამე კონკრეტული პრეტენზია არ ყოფილა. უბრალოდ, იცოდნენ რომ ჟურნალისტი ვიყავი. „მორჩი რა უკვე წერას, ჟურნალისტო!“ - ეს მითხრეს. რუსებს ასევე აინტერესებდათ ვინ იყო ქუჩის აქციების ორგანიზატორი. არ ესმოდათ, რომ ხალხი საკუთარი ნებით გადიოდა მოედანზე.
მესმოდა ყვირილი, მესმოდა სხვების დაკითხვა. ალბათ უკრაინელი ვეტერანები იყვნენ. არ მინდა მსგავსი რამ ოდესმე კიდევ გავიგონო. მათ უბრალოდ აწამებდნენ.
დაკითხვების მერე თითის ანაბეჭდები ამიღეს, გამაფრთხილეს, რომ თვალს არ მომაცილებდნენ და გამომიშვეს - ნოვა კახოვკამდე ჩამიყვანეს. რვა დღე ვიყავი დაკავებული.
რატომ დაგაკავეს, გაქვთ რამე ახსნა?
ვფიქრობ, რომ ეს იყო შურისძიება ჩემი კრიტიკული სტატიების გამო ადგილობრივი ხელისუფლების შესახებ, იმ პატარა ავაზაკების შესახებ, რომლებაც ხელში ჩაიგდეს ძალაუფლება, ასევე კორუფციის შესახებ.
რამ გაგაკვირვათ რუსებში?
მესმოდა როგორ ეკითხებოდნენ: „როდის დაიწყო დიდი სამამულო ომი [მეორე მსოფლიო ომი]? რატომ არ აღნიშნავთ გამარჯვების დღეს 9 მაისს?“ [ნაცისტების დამარცხების მომდევნო დღე]. მათ პასუხობდნენ, რომ ვზეიმობთ და ბევრი ადამიანი გადის ხერსონში ქუჩებში 9 მაისს, მაგრამ მაინც არ იჯერებდნენ, [რომ უკრაინელები არ იყვნენ ნაცისტების მომხრე], თითქოს ჩვეული ყალიბიდან იყვნენ ამოვარდნილები.
უკვირდათ საპროტესტო აქციების გამოც. დაკითხვის მერე ქუჩიდან ხმაური მომესმა. როგორც აღმოჩნდა, უკრაინის მხარდამჭერი დიდი აქცია მიმდინარეობდა. ჯარისკაცებმა ერთმანეთს გადაულაპარაკეს, ვერ გავიგეთ, რას აპროტესტებენო, „ჩვენ მათ გადასარჩენად მოვედით და ისინი აქციებს მართავენ.“
მაგრამ, ეს სულაც არ ნიშნავს, რომ გადაიფიქრეს უკრაინული ტერიტორიების ოკუპირება. მათი თქმით, აიღებდნენ მიკოლაივს, ოდესას და “მიხედავდნენ“ ყველას ვინც მათ არ ეთანხმებოდა.
როდის გამოჩნდნენ საოკუპაციო ძალები თქვენს ქალაქში?
8 მარტს რუსები უკვე ერთ-ერთი ადგილობრივი უკრაინელი აქტივისტის სახლში იყვნენ მისულები, შემდეგი სამი დღე აწყობდნენ საგუშაგოებს მთავარ მაგისტრალებზე, დადიოდნენ დასახლებებში და ცდილობდნენ ადგილობრივი ხელისუფლების თანამშრომლობაზე დაყოლიებას.
თანდათან რუსებმა დაიწყეს პოზიციების დაკავება მთელი ხერსონის რეგიონში. ჯარისკაცები გამაგრდნენ სკოლებში და საბავშვო ბაღებში. სამხედრო ბაზა მოაწყვეს ქალაქ ზელენი პოდში. შევიდნენ დნეპრის გასწვრივ მდებარე ყველა სოფელში და დაიკავეს ცარიელი სახლები.
როგორ შეიცვალა ჩვეულებრივი ადამიანების ცხოვრება რუსების მოსვლასთან ერთად?
უკრაინის საკაბელო ტელევიზია მაშინვე გადაერთო რუსულ არხებზე, ცოტა ხნის შემდეგ კი საეთერო მაუწყებლობაც. შემდეგ დაიწყო დარბევები. ერთ დღეს კახოვკას „კოშმარი“ მოუწყვეს: ყველა მანქანა გააჩერეს და ყველა მგზავრს საბუთები შეუმოწმეს. ხალხი ამბობდა, რომ სოფლებში სამხედრო ტექნიკა მოძრაობდა.
როგორ იქცევიან რუსები? არის ძარცვის, ასევე მშვიდობიანი მოსახლეობის მკვლელობისა და გაუპატიურების შემთხვევები.
მეც მითხრეს დაყაჩაღების შესახებ. ხალხს ბაზარში ხორცი მიჰქონდა გასაყიდად, როცა რუსებმა გააჩერეს და ხორცი წაართვეს. შედიან კერძო სახლებშიც და ეზოებიდან მიჰყვათ ღორები. იპარავენ სახანძრო მანქანებს, სკოლის ავტობუსებს, სასწრაფო დახმარების მანქანებს და კერძო მანქანებს. ერთხელ, მანქანა ვერ აამუშავეს და უბრალოდ ავტომატით დაცხრილეს.
რით აიხსნება რუსეთის ასეთი დამოკიდებულება ადგილობრივების მიმართ? საჭმელი არ აქვთ?
არა, სურსათით დატვირთული მანქანები ყირიმიდან სტაბილურად ჩამოდიან. უბრალოდ, ისინი ადგილობრივ მოსახლეობას „კოშმარს უწყობენ“ იმის, გამო, რომ რუსებს ყვავილებით არ დახვდნენ.
აქვს მოსახლეობას საკმარისი საკვები და წამალი?
სურსათის მხრივ მდგომარეობა მეტ-ნაკლებად დამაკმაყოფილებელია. საწყობებში მარაგი არის, მაგრამ, რაც შეეხება წამლებს, მდგომარეობა კატასტროფულია. არ არის ანტიბიოტიკები, არც გაციების საწინააღმდეგო საშუალებები.
რუსული პროპაგანდა ამბობს, რომ ადგილობრივებს საკვებსა და მედიკამენტებს ურიგებენ, მართალია?
ვინც მათთან თანამშრომლობს იმათ დაარიგეს პროდუქტები, მაგრამ არ ვიცი, რას არიგებენ. არცერთ ჩემს ნაცნობს არ აუღია ეს პროდუქტები.
არიან ხერსონის რეგიონში დამოუკიდებელი ჟურნალისტები დარჩენილი?
არის რამდენიმე ჟურნალისტი, მაგრამ ბევრი ონლაინ გამოცემა დაიხურა ან შეაჩერა მუშაობა. ზოგი მხოლოდ სოციალურ ქსელებში აქტიურობს. ბევრია ეგრეთ წოდებული სამოქალაქო ჟურნალისტი. უბრალო ადამიანები სმარტფონით იღებენ თუ რამე მნიშვნელოვანი ხდება და ასე ვრცელდება ამბები.
მუშაობენ თუ არა რეგიონში უცხოელი ჟურნალისტები, მაგალითად BBC?
ხერსონში ჯერ კიდევ მუშაობს „ნოვაია გაზეტა“ და რამდენიმე დამოუკიდებელი მედია საშუალება, მაგრამ ტელევიზიები არ მინახავს. თუმცა ბევრია რუსი პროპაგანდისტი, რუსი მაყურებლისთვის რომ ამზადებენ „რეპორტაჟებს.“
ხერსონში მცხოვრები უკრაინელები ოკუპანტებს წინააღმდეგობას უწევენ, მიუხედავად იმისა, რომ ისინი ტანკებით და ავტომატებით არიან შეიარაღებულები, არ ეშინიათ?
რა თქმა უნდა, ეშინიათ, განსაკუთრებით თავიდან ეშინოდათ. მაგრამ პირველი აქციის შემდეგ შიშის გრძნობა გაქრა. ხალხმა უფრო გაბედულად დაიწყო ქუჩაში გამოსვლა. დაინახეს, რომ მარტო არ იყვნენ; ბევრი ადამიანი არ ეთანხმება ოკუპაციას, ამიტომაც გადიან.
მაგრამ რუსები სულ უფრო და უფრო აგრესიულად იქცევიან; ხალხს ცეცხლი გაუხსნეს; არიან დაჭრილები და დაკავებულები.
არა მგონია, ამან ხალხი შეაჩეროს. ხალხს წაართვეს მიწა, მაგრამ გონებას ვერ დაეპატრონებიან. ხერსონის მოსახლეობამ საკმაოდ მკაფიოდ შეძლო უკრაინის მხარდამჭერი პოზიციის დაფიქსირება.