სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორი რუსეთ-საქართველოს ომის გამოძიებას ითხოვს
პროკურორ ფატუ ბენსუდას განცხადებით, არსებობს გონივრული საფუძველი იმ დანაშაულების გამოსაძიებლად, რომლებიც 2008 წლის კონფლიქტის დროს სავარაუდოდ იყო ჩადენილი.
სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორი რუსეთ-საქართველოს ომის გამოძიებას ითხოვს
პროკურორ ფატუ ბენსუდას განცხადებით, არსებობს გონივრული საფუძველი იმ დანაშაულების გამოსაძიებლად, რომლებიც 2008 წლის კონფლიქტის დროს სავარაუდოდ იყო ჩადენილი.
რუსეთ-საქართველოს ომის შვიდი წლისთავზე, ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორმა მოსამართლეებს კონფლიქტის დროს სამხედრო და კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულების ფაქტებზე გამოძიების დაწყების თხოვნით მიმართა.
ომი 2008 წლის აგვისტოში დაიწყო. საზღვარზე გადმოსულმა რუსულმა სამხედრო დანაყოფებმა ქართულ ჯარს უკან დაახევინეს, სამხრეთ ოსეთის საზღვარს გასცდნენ და საქართველოს დედაქალაქიდან რამდენიმე კილომეტრის მოშორებით გაჩერდნენ. გარდა ამისა, ისინი დე-ფაქტო აფხაზეთის მხრიდანაც გააქტიურდნენ იმ მიზნით, რომ დაეკავებინათ დასავლეთ საქართველოს ნაწილი.
ხანმოკლე კონფლიქტის დროს დაიღუპა ასამდე, ხოლო ასი ათასზე მეტი ადამიანი გახდა დევნილი. მოსკოვმა აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში ჯარი გაიწვია და დაჩქარებული წესით აღიარა რესპუბლიკების დამოუკიდებლობა, რითაც თბილისის და საერთაშორისო საზოგადოების უკმაყოფილება გამოიწვია.
2008 წლის აგვისტოს შემდეგ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში მიმდინარეობდა წინასწარი გამოძიება კონფლიქტის დროს ჩადენილი დანაშაულების ფაქტებზე. 13 ოქტომბერს, ამავე სასამართლოს პროკურორმა, ფატუ ბენსუდამ ეს საქმე ცოტათი წინ წასწია და სასამართლოს სრული გამოძიების დაწყების თხოვნით მიმართა, რადგან მისი აზრით, ამისთვის „არსებობდა გონივრული საფუძველი.“
გამოძიება, დაწყების შემთხვევაში, მოიცავს პერიოდს 2008 წლის 1 ივლისიდან 10 ოქტომბრის ჩათვლით. ქართულმა ძალებმა სამხრეთ ოსეთში შეტევა 7 აგვისტოს დაიწყეს, რუსეთის ჯარი კი დაჩქარებული წესით შევიდა რეგიონში და გასცდა კიდეც სამხრეთ ოსეთის საზღვარს. 12 აგვისტოს დაიდო შეთანხმება ცეცხლის შეწყვეტის შესახებ, თუმცა ბენსუდას განცხადების მიხედვით, „დანაშაულების ჩადენა გრძელდებოდა“. დოკუმენტში ნათქვამია, რომ შეთანხმებიდან გამომდინარე, „რუსულ ჯარებს უნდა დაეტოვებინათ ადმინისტრაციული სასაზღვრო ზოლის ტერიტორია არაუგვიანეს 2008 წლის 10 ოქტომბრისა“.
სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს აქვს მანდატი გამოიძიოს კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულები, სამხედრო დანაშაულები და გენოციდი იმ სახელმწიფოების ტერიტორიებზე, რომლებიც არიან მისი ფუძემდებლური დოკუმენტის – რომის სტატუტის ხელმომწერები, მას შემდეგ რაც აღმოჩნდება, რომ ამ ქვეყნების სახელისუფლებო ორგანოებს ამის სურვილი ან უნარი არ გააჩნიათ.
მიუხედავად იმისა, რომ სამხრეთ ოსეთს გამოცხადებული აქვს დამოუკიდებლობა და ის რუსეთის სამხედრო ოკუპაციის ქვეშ იმყოფება, საერთაშორისო საზოგადოება ამ ტერიტორიას საქართველოს ნაწილად აღიარებს და შესაბამისად, ის ექცევა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს იურისდიქციის ქვეშ. პროკურორის განცხადებაში არაფერია ნახსენები აფხაზეთში და მის ირგვლივ მიმდინარე მოვლენებზე, რუსული საჯარისო ნაწილების გადადგილებაზე სასაზღვრო ზოლის სამხრეთით და ჯარის შემდგომ გაწვევაზე.
ქართველები მტკიცებულებებს აგროვებენ თავის მხარეს მაგრამ არა რუსთში
კონფლიქტის დასრულებიდან რამდენიმე თვის განმავლობაში სულ მცირე სამი დამოუკიდებელი გამოძიება ჩატარდა, რომლის დროსაც შეგროვდა მტკიცებულებები ერთკვირიანი ომის დროს და მის შემდგომ პერიოდში წამების, ეგზეკუციის, ყაჩაღობის და სოფლების გადაწვის ფაქტებზე.
ერთ-ერთი მათგანი არის 2009 წლის ანგარიში სახელწოდებით აგვისტოს ნანგრევები. მის მომზადებაში ხუთი არასამთავრობო ორგანიზაცია ღებულობდა მონაწილეობას, რომლებიც ჯერ კიდევ მაშინ ითხოვდნენ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსგან გამოძიების დაწყებას.
„ამ პუბლიკაციას არასოდეს ჰქონია იმის ამბიცია, რომ ის იქნებოდა სრულყოფილი შეფასების მქონე დოკუმენტი, რადგან ჩვენ მხოლოდ საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიებზე მიგვიწვდებოდა ხელი,“ – ამბობს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე და ანგარიშის ერთ-ერთი შემდგენელი ანა ნაცვლიშვილი.
ქართული არასამთავრობო ორგანიზაციებს არც მომდევნო წლებში შეუწყვეტიათ გამოძიების დაწყების მოთხოვნა, უფრო მეტიც, ისინი ხაზგასმით აღნიშნავდნენ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს იმ „უცილობელ როლს“, რომელიც მას უნდა შეესრულებინა სამართლის აღსრულების საქმეში.
იმის გამო, რომ არც გაეროს უშიშროების საბჭოს, არც საქართველოს და არც სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს სხვა წევრ ქვეყანას საქმის განხილვის მოთხოვნით სასამართლოსთვის არ მიუმართავს, გამოძიების დასაწყებად ერთადერთი საფუძველს პროკურორის მიერ წინასასამრთლო წარმოების პალატაში შეტანილი განცხადება წარმოადგენს.
„ჩვენ ნამდვილად მივესალმებით, რომ პროკურორმა გადადგა ასეთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი და მიმართა წინასასამართლო წარმოების პალატას გამოძიების დაწყების თხოვნით,“ – განაცხადა ნაცვლიშვილმა.
ბენსუდას განცხადებაში ნათქვამია, რომ არსებობს გონივრული საფუძველი იმის საფიქრებლად, რომ ომის დროსაც და ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შემდეგაც, დანაშაულს სჩადიოდა სამივე მხარე – საქართველოც, რუსეთიც და სამხრეთ ოსეთიც.
კერძოდ, განცხადებაში აღნიშნულია, რომ არსებობს გონივრული საფუძველი იმის საფიქრებლად, რომ სამხრეთ ოსეთის შეიარაღებული ძალები, რუსეთის შეიარაღებული ძალების შესაძლო მონაწილეობით სჩადიოდნენ სამხედრო დანაშაულებს ეთნიკური ქართველების წინააღმდეგ, მათი მკვლელობების და იძულებით გადასახლების სახით. პროკურორის განცხადებაში წერია, რომ არსებობს საფუძველი იმის საფიქრებლად, რომ სამხრეთ ოსეთის და ქართული შეიარაღებული ძალები სჩადიოდნენ სამხედრო დანაშაულებს სამშვიდობო ძალებზე თავდასხმების სახით. სამხრეთ ოსეთის ძალებს ასევე შესაძლოა ჩაედინათ კაცობრიობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაული „სამხრეთ ოსეთში მცხოვრები ეთნიკურად ქართველ მშვიდობიან მოსახლეობაზე სისტემატიური თავდასხმების სახით“. და ბოლოს, გამოძიება ასევე დაინტერესდება ისეთი დანაშაულებით, როგორებიცაა „განურჩეველი და არაპროპორციული“ თავდასხმები მშვიდობიან მოსახლეობაზე ქართული და რუსული შეიარაღებული ძალების მიერ.
2009 წლის ანგარიშის „აგვისტოს ნანგრევების“ ავტორი და რედაქტორი თინათინ ხიდაშელი ამჟამად საქართველოს თავდაცვის მინისტრია. მისი განცხადებით, ის დარწმუნებულია, რომ ქართველებს სამხედრო დანაშაული არ ჩაუდენიათ.
„რამდენადაც ჩემთვის ცნობილია და ვფიქრობ, რომ ამ ომის შესახებ უფრო მეტი ვიცი, ვიდრე ბევრმა ამ ქვეყანაში ან მეზობელი ჩრდილოეთის ქვეყანაში, განსაკუთრებით ახლა, როცა მაქვს წვდომა იმ დოკუმენტებზე, რაზეც ადრე ხელი არ მიმიწვდებოდა,“ – განაცხადა მან ჩვენთან საუბრისას. „რამდენადაც…რამდენადაც მეზიზღებოდა ყველაფერი, რასაც [მაშინდელი საქართველოდ პრეზიდენტი მიხეილ] სააკაშვილი აკეთებდა ქვეყანაში, განსაკუთრებით ხელისუფლებაში ყოფნის ბოლო შვიდი წლის განმავლობაში, არ არსებობს იმის მტკიცებულება, რომ ქართველების მიერ ჩადენილი იყო რაიმე სახის სამხედრო დანაშაული“.
განსაკუთრებით საკამათოა რუს მშვიდობისმყოფელებზე ქართული შეიარაღებული ძალების თავდასხმების საკითხი. საერთაშორისო სამართლის მიხედვით, მშვიდობისმყოფელებს იცავს ხელშეუხებლობის სტატუსი, თუმცა ხიდაშელი და სხვებიც ამტკიცებენ, რომ მათ ეს სტატუსი დაკარგეს მაშინ, როცა ქართულ ჯარებს გაუხსნეს ცეცხლი.
„მშვიდობისმყოფელები იყვნენ ჩვეულებრივი მოწინააღმდეგე კომბატები, [ისეთივე როგორც] ცხინვალში შემოჭრილი რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების ჯარისკაცები. მათ შორის არანაირი განსხვავება არ არსებობს“, – აცხადებს ხიდაშელი. „და თუ შენ ჯარი გესვრის, დიახ, შენ უპასუხებ, თუ შენ იბრძვი მეორე მხარეს და თუ გაქვს იარაღი.“
რატომ ითხოვს ბენსუდა გამოძიებას ახლა?
რამდენიმეწლიანი წინასწარი მოკვლევების შემდეგ, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორმა 2011 წელს განსაზღვრა, რომ არსებობდა გონივრული საფუძველი იმის საფიქრებლად, რომ კონფლიქტის დროს ჩადენელი იყო სამხედრო და კაცობრიობის წინაშე ჩადენილი დანაშაულები. მაშინ, რატომ ითხოვს პროკურორი გამოძიების ჩატარებას ახლა?
პროკურორმა ამასთან დაკავშირებით განმარტა, რომ რუსეთის და საქართველოს სახელისუფლებო ორგანოები მანამდე საკუთარ გამოძიებებს აწარმოებდნენ და ისეთი შთაბეჭდილება იქმნებოდა, თითქოს იყო რაღაც პროგრესი. სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს, როგორც ბოლო ინსტანციის სასამართლოს, პროცესში ჩართვა მხოლოდ იმ შემთხვევაში შეუძლია, თუ აღმოჩნდება, რომ ქვეყნის ხელისუფლების ორგანოებს არ შეუძლიათ ან არ აქვთ სურვილი თავად ჩაატარონ გამოძიება.
პროკურორის განცხადების მიხედვით, მარტში საქართველოს ხელისუფლებამ მას შეატყობინა, რომ გამოძიება განუსაზღვრელი დროით შეაჩერა.
ხიდაშელს კითხვები უჩნდება ქართული მხარის გამოძიების ეფექტურობაზე.
„შეუძლებელია ვინმემ წარმოადგინოს ერთი არგუმენტი მაინც იმის შესახებ, თუ რამდენად ეფექტური იყო ქართული მხარის გამოძიება, კონფლიქტის დაწყების პირველივე დღიდან,“ -აცხადებს ის. „ჩვენ ვერ შევდივართ ოკუპირებულ ტერიტორიებზე, არ შეგვიძლია რუსეთში ჩასვლა და მოწმეების დაკითხვა, არ მიგვიწვდება ხელი მტკიცებულებებზე. ეს სასაცილოა.“
ხიდაშელის სიტყვებით, მას ერთდროულად ახარებს და აფიქრებს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მიერ გამოძიების ჩატარების შესაძლებლობა.
„მე არანაირი ეჭვი არ მეპარება პროკურორის ან სასამართლოს დამოუკიდებლობაში, თუმცა ამავე დროს, ყველამ ვიცით, რომ სამწუხაროდ, მსოფლიო პოლიტიკა ყოველთვის თამაშობს თავის როლს ასეთ სიტუაციებში“, – განაცხადა მან.
ჰარვარდის უნივერსიტეტის სამართლის პროფესორი და სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს ყოფილი პროკურორი ალექს უაიტინგი, რომელიც ამავე დროს მოწვეული ექსპერტის სახით ღებულობდა მონაწილეობას „აგვისტოს ნანგრევების“ ანგარიშის მომზადებაში, ჩვენთან საუბრისას განმარტავს, თუ რატომ იღებს პროკურორი ზომებს ახლა.
„ვფიქრობ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს ადრეც შეეძლო იმის დემონსტრირება, რომ ადგილობრივ დონეზე არანაირი სამართლებრივი დევნა არ განხორციელდებოდა და რომ გამოძიების დაწყება მისაღები იქნებოდა სასამართლოსთვის, თუმცა არის ორი ფაქტორი რის გამოც დასჭირდა სასამართლოს ამდენი დრო. პირველი, სასამართლო ძალიან გადატვირთულია და შეზღუდულია რესურსებში, რის გამოც არის შეფერხებები საქმეების განხილვის პროცესში. მეორე, ნათელი გახდა, რომ არც რუსეთს და არც საქართველოს არ სურდათ გამოძიების ჩატარება, მიუხედავად იმისა, რომ საქართველო რომის სტატუტის წევრი სახელმწიფოა, მას არასდროს მიუმართავს საერთაშორისო სასამართლოსთვის სამხედრო დანაშაულების გამოძიების მოთხოვნით, ამიტომაც სასამართლომ იცოდა, რომ გამოძიება იქნებოდა რთული და წარმატების შანსები მცირე,“ – განაცხადა მან. „თუმცა, საბოლოოდ, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო, სახელმწიფოების მხრიდან საკითხის ირგვლივ თანამშრომლობის საშუალებებს რომც ვერ ხედავდეს, გამოძიებას მაინც დაიწყებს, თუ ამის საფუძველი არსებობს, როგორც ამ შემთხვევაშია.“
თუ ომის გამოძიება დაიწყება, რაც უაიტინგის აზრით, სავსებით სავარაუდოა, ის გახდება პირველი რამდენიმე მიზეზის გამო. პირველი, ეს იქნება პირველი საქმე, რომლის გამოძიებასაც სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო განახორციელებს აფრიკის კონტინეტის ფარგლებს გარეთ.
მას შემდეგ, რაც სასამართლომ დაიწყო ფუნქციონირება 2003 წელს, მის მიერ წარმოებული ცხრა გამოძიებიდან რვა აფრიკის ქვეყნებს ეხებოდა.
ის, რომ სასამართლო აფრიკის ფარგლებს გასცდა ძალიან მნიშვნელოვნად მიაჩნია ანა ნაცვლიშვილსაც.
„ჩემი აზრით, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი მესიჯი ევროპის სახელმწიფოებისთვის და ევროპელი პოლიტიკოსებისთვის იმ სათქმელად, რომ საერთაშორისო დანაშაულები, სამხედრო დანაშაულები და კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულები არ ხდება მარტო შორეული აფრიკის განვითარებად ქვეყნებში, სადაც სუსტი ინსტიტუტები და არასტაბილური გარემოა,“ – ამბობს ის. „ეს არ არის მხოლოდ აფრიკის პრობლემა.“
გამოძიება ასევე პირველად შეეხება ისეთ ქვეყანას, რომელიც არ არის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს სტატუტის ხელმომწერი – რუსეთს. თუმცა, ამან შესაძლოა შეასუსტოს ბრალის დამტკიცების შესაძლებლობები. გამოძიება მოითხოვს თანამშრომლობას ყველა მხრიდან, ამის გარეშე უაიტინგის თქმით, წარმატების შანსები საკმაოდ შემცირდება.
თავის სტატიაში უაიტინგი ვარაუდობს, რომ განსაკუთრებით რთული იქნება ბრალის დამტკიცება საქართველოს შეიარაღებული ძალებისთვის. მისივე თქმით, მას არც იმის იმედი აქვს, რომ რომელიმე ეჭვმიტანილი უახლოეს მომავალში გამოჩნდება ჰააგის სასამართლოში.
სამართლიანობის უზრუნველყოფა ხანგრძლივი პროცესია
სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს ერთხელ უკვე შეეხო კრიტიკა იმის გამო, რომ ვერ შეძლო მოწმეების სასამართლოში მოყვანა. საქმე ეხება კენიის პრეზიდენტის უჰურუ კენიატას წინააღმდეგ მიმდინარე გამოძიებას, რომელიც 2007-08 წლებში ჩატარებულ არჩევნებზე დარღვევების ფაქტებს ეხებოდა. გასულ წელს პროკურორი იძულებული გახდა მიეტოვებინა საქმის განხილვა, მას შემდეგ, რაც ქვეყნის ხელისუფლებამ ვერ შეძლო ძირითადი მტკიცებულებების წარმოდგენა.
რადგანაც სასამართლო მხოლოდ 2003 წლიდან ფუნქციონირებს, მხოლოდ ორი გამამტყუნებელი განაჩენი იქნა გამოტანილი, თუმცა ამ ეტაპისთვის მიმდინარეობს გამოძება 25 პირის წინააღმდეგ.
წარმატებული საქმეების ნაკლებობას შესაძლოა არასაკმარისი ფინანსებიც განაპირობებდეს. თუმცა, სასამართლოს ბიუჯეტი, ისევე როგორც პროკურატურის ბიუჯეტი ბოლო წლების განმავლობაში საგრძნობლად გაიზარდა. 2013 წელს პროკურატურას საქმიანობის წარმართვისთვის 28.3 მილიონი ევრო ჰქონდა გამოყოფილი, ხოლო 2016 წლისთვის მისი ბიუჯეტი 46 მილიონ ევრომდე გაიზარდა.
აქამდე, საქართველოც და რუსეთიც თანამშრომლობდნენ პროკურორთან. უაიტინგი აღნიშნავს, რომ მიუხედავად იმისა, რომ არცერთ მხარეს არ მოუთხოვია გამოძიების დაწყება, თითოეულ მათგანს შესაძლოა გააჩნდეს საკუთარი მოტივები ინფორმაციის მისაწოდებლად.
„იმის გამო, რომ ორი ქვეყანაა ჩართული, თითოეულ მათგანს ექნება თავისი ინტერესი, რომ ითანამშრომლოს მეორე ქვეყნის წინააღმდეგ და მიაწოდოს ინფორმაცია მეორე მხარის მიერ ჩადენილი დანაშაულების შესახებ. საერთაშორისო სასამართლოს ასეთი მტკიცებულებების ძალიან ყურადღებით შესწავლა მოუწევს, მაგრამ ამით მას შესაძლოა გაუჩნდეს რეალური შესაძლებლობა საქმის წინ წასაწევად,“ – განმარტა ექსპერტმა.
თუმცა, სასამართლო განხილვის დაწყებამდე ჯერ კიდევ დიდი გზაა გასავლელი.
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ამჟამად ომის მსხვერპლთა მობილიზაციაზე მუშაობს. 12 ნოემბრამდე ის უნდა წარსდგეს წინასასამართლო წარმოების პალატის წინაშე განცხადებით იმის შესახებ, საჭიროა თუ არა გამოძიების დაწყება.
ნაცვლიშვილის სიტყვებით, საქართველოში ბევრია კონფლიქტის შედეგად დაზარალებული ადამიანი, რომელიც ამდენი წლის შემდეგაც კი მზად არის ილაპარაკოს, „ამიტომაც ჩვენ უზრუნველვყოფთ იმას, რომ მათი ხმა მივაწვდინოთ სასამართლოს.“
თუმცა, მისივე განცხადებით, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას და სხვა ადამიანის უფლებადამცველ ორგანიზაციებს სხვა დავალებაც აქვთ შესასრულებელი – მოლოდინის გამართლება.
„არ მინდა, რომ ამ ადამიანებს ჰქონდეთ ძალიან დიდი და არარეალური მოლოდინი და მერე კიდევ ერთხელ განიცადონ იმედგაცრუება და ტკივილი,“ – ამბობს ის. „თუმცა, ვფიქრობ, რომ იმედაგაცრუება ცოტათი მაინც იქნება, იმ შემთხვევაშიც კი, თუ დაიწყება გამოძიება და რომელიმე მხარე წარსდგება მართლმსაჯულების წინაშე.“
ნაცვლიშვილის თქმით, დაზარალებულთა უმეტესობა ითხოვს იმის აღიარებას, რისი გადატანაც მათ მოუხდათ. „მათ უნდათ, რომ მოხდეს ჩადენილი დანაშაულების აღიარება და მათ მიერ განცდილი ტანჯვის აღიარება,“ – ამბობს ის.
ბევრმა მათგანმა მატერიალური ზარალი განიცადა – სახლები, მიწები და სხვა საკუთრება – შესაძლოა მათ რესტიტუცია მოითხოვონ. სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მსხვერპლთა მიზნობრივი ფონდი გააჩნია, რომელიც უფლებამოსილია გასცეს კომპენსაცია იმ შემთხვევაში, თუ მოხდება ბრალის დამტკიცება, ხოლო ზოგადი დახმარების გაცემა ბრალის დამტკიცების მიუხედავადაც არის შესაძლებელი. თუმცა, ეს არ არის მისი ვალდებულება და ამასთან ერთად, მას შეზღუდული ფინანსები გააჩნია. ამჟამად, ფონდი მხოლოდ ჩრდილოეთ უგანდაში და კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის აღმოსავლეთში ახორციელებს პროექტების მხარდაჭერას.
ნაცვლიშვილი სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს ამ პროცესის მიმართ ოპტიმისტურ განწყობას ინარჩუნებს.
„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სასამართლომ დაიწყოს გამოძიება, რადგან ეს არის ერთადერთი გზა სამართლიანობის – ნაწილობრივი სამართლიანობის მისაღწევად. რა თქმა უნდა, დროს უკან ვეღარ დააბრუნებ, თუმცა ძალიან მნიშვნელოვანია, რომ განიცადო სამართლიანობის გრძნობა და ირწმუნო, რომ ინსტიტუტები, რომლებიც შეიქმნა და კანონები, რომლებიც დაიწერა არ არის ფარატინა ქაღალდი და რომ არსებობენ ადამიანები, სასამართლოები და მექანიზმები, რომლებსაც შეუძლიათ მუშაობა იმ შემთხვევაში თუ ჩადენილი იყო დანაშაული კაცობრიობის წინააღმდეგ ან სხვა რაიმე დანაშაული. ჩვენ ამის უნდა გვჯეროდეს,“ – განაცხადა მან.
ხიდაშელი მიიჩნევს, რომ თუ გამოძიება დაიწყება, მისი შედეგები საქართველოს ფარგლებს გასცდება.
„ეს გამოძიება გავლენას მოახდენს ყველას ურთიერთობაზე ყველასთან,“ – თქვა მან. „არა მხოლოდ რუსეთის და სამხრეთ ოსეთის, არამედ რუსეთ-დასავლეთის, საქართველო-დასავლეთის და ყველა იმ ქვეყნის, რომელიც დაინტერესებულია ან უნდა იყოს დაინტერესებული ამ საქმით. რადგანაც, თუ დაიწყება სამხედრო დანაშაულების ან კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულების გამოძიება ევროპის საბჭოს წევრი ერთი ქვეყნის ტერიტორიაზე მეორე წევრი ქვეყნის მიერ… ეს ყველას შეეხება, ვინც კი ამ გაერთიანების წევრია.“
სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს გამოძიების დაწყება-არდაწყების შესახებ გადაწყვეტილების მისაღებად შესაძლოა რამდენიმე თვე დასჭირდეს.