აფხაზეთი რუსეთს უძრავი ქონების ბაზარს უხსნის

დაგეგმილი საკანონმდებლო ცვლილებების შემდეგ უცხო ქვეყნის მოქალაქეები დე ფაქტო რესპუბლიკაში უძრავი ქონების შეძენას შეძლებენ

აფხაზეთი რუსეთს უძრავი ქონების ბაზარს უხსნის

დაგეგმილი საკანონმდებლო ცვლილებების შემდეგ უცხო ქვეყნის მოქალაქეები დე ფაქტო რესპუბლიკაში უძრავი ქონების შეძენას შეძლებენ

Abandoned houses on Chanba Street, Sokhumi.
Abandoned houses on Chanba Street, Sokhumi. © Facebook page Sukhumi/სოხუმი/Сухуми/Аҟәа
Abandoned homes in Sokhumi left behind by Georgians who fled during the war.
Abandoned homes in Sokhumi left behind by Georgians who fled during the war. © Giorgi Jakhaia
Tuesday, 15 June, 2021

ერთ დღეს ეკა ხაინდრავა ფეისბუქში შემთხვევით გადააწყდა ვიდეოს, რომელშიც მისი საკუთარი სახლი, რომელიც 1994 წელს კოფლიქტის შედეგად იძულებით დაატოვებინეს, გასაყიდად იყო გამოტანილი.

„ის პერიოდი განმიახლდა, როცა დავტოვეთ აფხაზეთი, საშინლად განვიცადე,“ გვიყვება აფხაზეთიდან დევნილი ეკა ხაინდრავა, რომელიც ოჯახთან ერთად 28 წელია დევნილობაში ცხოვრობს. „ძალიან მძიმეა, როცა ხედავ როგორ შედის შენს ეზოში ვიღაც რუსი მაკლერი და იღებს ვიდეოს, სადაც აღწერს თუ რა ლამაზი ეზო და სახლი იყიდება შემოსავლიანი თხილის პლანტაციებით.

„მოვძებნე ეს რუსი მაკლერი და დავუკავშირდი, რა უფლებით ყიდი ჩემ სახლს მეთქი, თუ შენი სახლი არისო ჩამოდი, აქ იცხოვრეო და დამცინა. ვიცი, რომ სოხუმში ცხოვრობს და ამ საქმით არის დაკავებული,“ დასძინა მან.  

„არამარტო ჩემ სახლს ყიდის ასეთი ფორმით, არამედ სხვა სახლებსაც. როგორც გავარკვიე ჩემს სოფელში, განახლებაში ათამდე სახლი გაიყიდა და ყველა სახლი რუსებმა შეიძინეს. ძირითადად რუსები და სომხები ყიდულობენ, რატომაც არა შავი ზღვა, ულამაზესი ბუნება და როცა ასეთ ადგილას სახლს შეიძენ სულ რაღაც 10 ათასიდან 15 დოლარამდე, ნაჩუქარია და ამ ყველაფერს ათასგვარი მაქინაციებით აკეთებენ“, ამბობს ეკა.

მიუხედავად იმისა, რომ აფხაზეთში უძრავი ქონების უცხოელებზე მიყიდვა უკვე დიდი ხანი არის აკრძალულია, სინამდვილეში ასეთი გარიგებები საკმაოდ ხშირია. შუამავლების საშუალებით სახლებს ჩვეულებრივ რუსები ყიდულობენ. კანონში დაგეგმილი ცვლილებების შემდეგ კი უცხოელები უკვე ოფიციალურად შეძლებენ აფხაზეთში უძრავი ქონების შეძენას. ადგილობრივები შიშობენ, რომ ეს კიდევ უფრო გააძლიერებს რუსეთის ისედაც უზარმაზარ გავლენას დე ფაქტო რესპუბლიკაში, ხოლო დევნილები სულ უფრო ნაკლებად ხედავენ დაბრუნების პერსპექტივას.

ადგილობრივმა ჟურნალისტმა, რომელმაც ანონიმურად დარჩენა ისურვა გვითხრა, რომ რუსები უძრავ ქონებას ადგილობრივი მოქალაქეობის მქონე სომხების მეშვეობით ყიდულობენ.

„ოფიციალურად, ქონება რეგისტრირებულია მის სახელზე, მაგრამ ვინც იყიდა ის იყენებს სახლს, პლანტაციებს და სხვა ქონებას,”- გვითხრა მან.

გასულ წელს დე ფაქტო პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ აფხაზეთისა და რუსეთის კანონმდებლობის უფრო დაახლოების მიზნით რეფორმების გატარება დააანონსა.

მათ შორის არის საკანონმდებლო ცვლილება, რომელიც უძრავი ქონების ყიდვის უფლებას მისცემს „იმ სახელმწიფოების მოქალაქეებს, რომლებმაც აღიარეს აფხაზეთის რესპუბლიკის დამოუკიდებლობა.”  პროცესის დასრულება 2022 წლისთვის იგეგმება.

ჟურნალისტის თქმით, შემოთავაზებული ცვლილებები აბსურდულია, რადგან რუსები უკვე ისედაც განაგებენ ყველაფერს.

„კანონი რა საჭიროა, ყველაფერი ისედაც მაგათია, თავსაც ვერ მოაბრუნებ უნებართვოდ, ყველგან ესენი იშენებენ სახლებს, ილორის ტერიტორიაზე მთლიანად ზღვის სანაპიროზე რუსებმა აიშენეს სახლები, მოსახლეობა კი ხვდება რაც ხდება, მაგრამ თავს ზევით ძალა არ არის და ვინ რას იტყვის. ამ პროცესებს თქვენი მხარეც [თბილისი] უწყობს ხელს, არაფერზე რაც აქ ხდება ხმას არ იღებენ, ალბათ, მოვა დრო და ორივე მხარე აგებს პასუხს ხალხის ასეთ მდგომარეობაში ჩაგდების გამო,“  გვითხრა მან.

მიუხედავად იმისა, რომ მიტოვებული სახლების გაყიდვას ადგილობრივები არ მიესალმებიან, არაფრის გაკეთება არ შეუძლიათ.

„ქართველების სახლების მასიური გაყიდვა უბრალო მოსახლეობას არ უნდა, მაგრამ ხალხს ვინ ეკითხება რამეს, ამას მთავრობა აკეთებს, ორივე მხარე, ჩვენიც და თქვენიც, ერთად აკეთებენ ბიზნესს, უბრალო ხალხს არაფერი არ აქვს. ხელისუფლება მდიდრდება ორივე მხარეს და ხალხი მშიერი კვდება,“ ამბობს აფხაზი ჟურნალისტი.

პროცესის მიმართ გულგრილობაში დაადანაშაულა თბილისი ეკა ხაინდრავამაც.

„უბრალოდ ეს საკითხი არ აინტერესებთ, არც დევნილების ბედით არიან დაინტერესებულები, სხვას რა მოვთხოვოთ, როცა შენი ქვეყანა არ იცავს დევნილების უფლებებს.“

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა განაცხადა, რომ ნებისმიერ ხელშეკრულებას, რომელიც დაიდება საოკუპაციო რეჟიმის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიაზე, სადაც ეთნიკური წმენდა განხორციელდა, არ აქვს არანაირი სამართლებრივი საფუძველი. 

„ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ფორმატის ფარგლებში, ერთ-ერთი უმთავრესი თემის სახით, განიხილება ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებული პირების და ლტოლვილების საკუთარ სახლებში უსაფრთო და ღირსეული დაბრუნების საკითხი, რომლის მისაღწევად საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება მაქსიმალური ძალისხმევით განაგრძობს ყველა შესაბამისი ბერკეტის გამოყენებას,“ გვითხრა მინისტრმა.

პოლიტოლოგი პაატა ზაქარეიშვილიც თვლის, რომ ქართველების სახლების გაყიდვის სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს.

„ყველა ეს მოქმედება არ შეესაბამება თვით აფხაზეთის ტერიტორიაზე არსებულ კანონმდებლობას. აფხაზები სხვა მოქალაქეებზე არ ყიდიან უძრავ ქონებას. ეს რაც ბოლო პერიოდში ხდება არის შუამავლების საშუალებითა და სხვადასხვა ფორმებით. ვინც ყიდულობს, მას საერთოდ არ ადარდებს კანონმდებლობა. ეს ყველა გარიგება არის უკანონო, როგოც საქართველოს კანონმდებლობით, ისე თვით აფხაზეთის დე ფაქტო კანონდებლობითაც კი.

„ეს არის ჰაერზე გამოკიდებული გარიგებები, ნოტარიუსების დონეზე დამტკიცებული, როგორც საბჭოთა კავშირის დროს იყო ერთი ადამიანიდან მეორეზე გადაცემის უკანონო ფაქტები. თუ ვინმე მერე ნორმალურ სასამართლოში იჩივლებს, მომავალში ყველა ამ გარიგებების გაუქმება შეიძლება,“ განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა.

გალელი მურთაზ ჯალაღონია მართლაც იხსენებს შემთხვევას, როდესაც ერთმა ოჯახმა ომის დროს მიტოვებული სახლის დაბრუნება შეძლო.

„მაგალითად, ერთი საინტერესო შემთხვევა მოხდა დაახლოებით ორი თვის წინ სოხუმში, ჩემი ბიძაშვილის მეზობლად ბერძენი ოჯახი ცხოვრობდა, ომის შემდეგ რუსეთში გადავიდნენ საცხოვრებლად და სახლი დროებით სარგებლობაში თავის აფხაზ მეზობელს გადასცეს. ამ აფხაზმა ეს სახლი როგორღაც მოახერხა ნოტარიუსით და სასამართლოთი და თავის სახელზე გადაიფორმა, ახლა როცა დაბრუნდა ბერძენი, ასეთი მდგომარეობა დახვდა და სარჩელი სასამართლოში შეიტანა. ყველას გაუკვირდა როცა გავიგეთ, რომ სასამართლომ ბერძენს დაუბრუნა სახლი და ის აფხაზი ოჯახი იძულებით გამოასახლეს“, გვიყვება მურთაზ ჯალაღონია.

მისი თქმით, სანამ აფხაზეთის პირველი პრეზიდენტი ვლადისლავ არძინბა ხელისუფლებაში იყო, მან არ მიაღებინა კანონი ქართველების მიტოვებული სახლების აფხაზებისთვის გადასაცემად. თუმცა, ხაჯიმბას არჩევის შემდეგ, აფხაზებს ასეთი სახლების ყიდვის უფლება მიეცათ. დაგეგმილი საკანონმდებლო ცვლილებები კი ბაზარს უფრო გახსნის.

„პროცესი შეუქცევადი გახდება მას შემდეგ, რაც პარლამენტი ახალ კანონს მიიღებს უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვის შესახებ. რუსეთის უშუალო ზეწოლით აფხაზეთის პარლამენტმა უნდა მიიღოს კანონი უცხო ქვეყნის მოქალაქეთა მიერ აფხაზეთში უძრავი ქონების შესყიდვის შესახებ, არცერთი სხვა ქვეყნის მოქალაქეს დღეს აფხაზეთში არ შეუძლია უძრავი ქონების შესყიდვა“, - ამბობს მურთაზ ჯალაღონია.

სტატია მომზადებულია ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით მიმდინარე პროექტის გააძლიერე, გადაამოწმე, ჩაერთე  ფარგლებში.

This publication was prepared under the "Amplify, Verify, Engage (AVE) Project" implemented with the financial support of the Ministry of Foreign Affairs, Norway.

Support our journalists