ქართველი მუსლიმები აღიარებას ითხოვენ

რელიგიური თემი სახელმწიფოსგან უფრო მეტ მხარდაჭერას ითხოვს.

ქართველი მუსლიმები აღიარებას ითხოვენ

რელიგიური თემი სახელმწიფოსგან უფრო მეტ მხარდაჭერას ითხოვს.

Batumi mosque - prayers sitting in the street because there is no space inside. (Photo courtesy of Beka Tsikarishvili)
Batumi mosque - prayers sitting in the street because there is no space inside. (Photo courtesy of Beka Tsikarishvili)
Friday, 16 September, 2016

ბათუმელი მუსლიმები ხელისუფლებას წლებია მეორე მეჩეთის აშენებას სთხოვენ, მაგრამ უშედეგოდ.

ქალაქის ერთადერთი მეჩეთი ორთა ჯამე, რომელიც 1886 წელს აშენდა ათას ხუთასზე მეტ ადამიანზეა გათვლილი, თუმცა პარასკევის ლოცვის დროს მეჩეთი მრევლს ვეღარ იტევს და ასობით ადამიანს გარეთ უწევს ლოცვა.

სახელმწიფოს მხრიდან უყურადღებობით უკმაყოფილო მორწმუნეთა ნაწილმა სიტუაციის საკუთარ ხელში აღება გადაწყვიტა.

მეჩეთის მშენებლობის საინიციატივო ჯგუფი იანვრის თვეში შეიქმნა და მისმა წევრებმა ერთ თვეში ბათუმში ახალი მეჩეთის აშენების მხარდასაჭერად თორმეტი ათასი ხელმოწერის შეგროვება შეძლეს.

წერილი ხელმოწერებით გაეგზავნა პრეზიდენტს, პრემიერ-მინისტრს და სხვა მაღალი თანამდებობის პირებს.

სპეციალურად შექმნილი ფონდის მეშვეობით, საინიციატივო ჯგუფმა 7 სექტემბერს შეიძინა მიწის ნაკვეთი და ამჟამად ახალი მეჩეთის ასაშენებლად ნებართვის მიღებას ელოდება.

მუსლიმი თემის წარმომადგენელთა განცხადებით, საკითხი უფრო ფართო პრობლემას ასახავს. ეს არის მუსლიმთა სტატუსი ქვეყანაში, სადაც მოსახლეობის უმრავლესობა მართლმადიდებელი ქრიასტიანია. 

საქართველოს მუფტი ბეგლარ ქამაშიძე აცხადებს, რომ მეჩეთის აშენების საჭიროების საკითხი თხუთმეტ წელზე მეტია განიხილება.

„მლოცველებს უნდა ჰქონდეთ ფართი, რათა დახურულ ჭერქვეშ აღავლინონ ლოცვა,“ – განაცხადა მან.

„ეს თემა დიდი ხანია გასცდა მეჩეთის, როგორც უბრალოდ საკულტო ნაგებობის, აშენების საკითს,“ – განაცხადა საინიციატივო ჯგუფის წევრმა და ქართველ მუსლიმთა კავშირის თავმჯდომარემ ტარიელ ნაკაიძემ.

„მუსლიმთა მოთხოვნების წლობით უგულებელყოფა უკვე ქვეყნის დემოკრატიის საზომია,“ – დასძინა მან.

2014 წლის საყოველთაო აღწერის მიხედვით, საქართველოში თითქმის ყოველი მეცხრე ადამიანი ისლამის მიმდევარია.

აჭარაში მუსლიმთა უმრავლესობა ეთნიკური ქართველებია, რომელთა წინაპრებმაც სწორედ იმ დროს მიიღეს ისლამი, როდესაც რეგიონი XVII-XIX საუკუნეებში ოსმალეთის იმპერიის მიერ იყო ოკუპირებული,  

მიუხედავად იმისა, რომ აჭარაში საერთო ჯამში მოსახლეობის რაოდენობა 2002 წელს არსებული 376 000 ადამიანიდან 2014 წელს 334 000-მდე შემცირდა, ისლამის აღმსარებელთა რაოდენობა გაიზარდა. 2002 წელს მათი რიცხვი მოსახლეობის 30 პროცენტს შეადგენდა, ხოლო 2014 წელს ეს მაჩვენებელი 40 პროცენტამდე გაიზარდა.

იმ დროს, როცა მიმდინარეობდა ბათუმის მეჩეთისთვის თანხის შეგროვება, მუფტი შეხვდა აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს არჩილ ხაბაძეს, რომელიც მას დაჰპირდა, რომ მეჩეთის მშენებლობის საკითხზე პრემიერ-მინისტრ კვირიკაშვილთან გამართავდა კონსულტაციებს და არ დატოვებდა უპასუხოდ მოქალაქეთა პეტიციას. თუმცა, 6 ივლისს, არჩილ ხაბაძე გადადგა და საკითხიც მოუგვარებელი დარჩა. 

„ეს კარგად წარმოაჩენს სახელმწიფოს გულგრილ დამოკიდებულებას“ – ამბობს ტარიელ ნაკაიძე.

2014 წელს, ყოფილი პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით, რელიგიურ ორგანიზაციებთან უკეთესი კომუნიკაციისა და მხარდაჭერის მიზნით,  შეიქმნა რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო.

სააგენტოს თავმჯდომარის ზაზა ვაშაყმაძის განცხადებით, მოქალაქეთა წერილობითი თხოვნა განხილვის სტადიაშია.

„საქართველო დემოკრატიული, თავისუფალი ქვეყანაა და ყველას აქვს საკუთარი აზრის გამოხატვის თავისუფლება … სხვა საკითხია, სახელმწიფო როგორ იქცევა, ან რა რესურსები და შესაძლობები გააჩნია, რომ ამ მოთხოვნებზე რეაგირება მოახდინოს“, – განმარტავს ვაშაყმაძე. 

საქართველოს კანონმდებლობა სახელმწიფოს პირდაპირ არ ავალდებულებს რელიგიური ორანიზაციებისთვის სალოცავი ადგილების გამოყოფას, თუმცა მუსლიმი თემის მტკიცებით, დისკრიმინაციის და სოციალური იზოლაციის გამო, ხელისუფლების მხარდაჭერა იქნებოდა მნიშვნელოვანი სიმბოლური ნაბიჯი.

არათანაბარი დაფინანსება

მუსლიმანურ თემში თვლიან, რომ ხელისუფლებას ყველა რელიგიური ჯგუფისადმი არ აქვს თანაბარი დამოკიდებულება, რაც ხელს უწყობს მუსლიმთა იზოლაციას და ურთიერთობების გამწვავებას ქვეყანაში მცხოვრებ ქრისტიანებთან.

ექსპერტები საუბრობენ რადიკალიზაციის წახალისების საფრთხეზე, რომელმაც უკვე იჩინა თავი საქართველოს სხვადასხვა კუთხეებში, მათ შორის გურიაში, ქვემო ქართლსა და პანკისის ხეობაში, სადაც ბევრი მუსლიმი ცხოვრობს.

„მუსლიმებს სჭირდებათ ეკონომიკური ან სოციალური გარემო, სადაც განვითარებას შეძლებენ,“ – ამბობს ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის დირექტორი თამთა მიქელაძე.

„რადგან საქართველოში ამას ვერ ახერხებენ, მიდიან ძირითადად თურქეთში. შემდეგ ისინი ბრუნდებიან საქართველოში კარგი განათლებით, თუმცა არ ეძლევათ სივრცე განვითარებისათვის,“ – დასძინა მან და აღნიშნა, რომ ეს არ უწყობს ხელს მათ ინტეგრაციას.

არასამთავრობო ორგანიზაციები საქართველოს ხელისუფლებას რელიგიური ჯგუფების დაფინანსების შერჩევითობაშიც ადანაშაულებენ.

ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტის და ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის ერთობლივი კვლევის მიხედვით, 2013 წელს საქართველოს მართლმადიდებლურმა ეკლესიამ სახელმწიფოსგან 28 მილიონი ლარი მიიღო. სხვა რელიგიური უმცირესობების დაფინანსებამ კი მთლიანობაში 4 მილიონი ლარი შეადგინა.    

სახალხო დამცველის, უჩა ნანუაშვილის 2015 წლის ანგარიშის მიხედვით, რელიგიური გაერთიანებების არასამართლიანი დაფინანსება კვლავაც რჩება აქტუალურ პრობლემად. 

„სახელმწიფო ვერ უზრუნველყოფს რელიგიური უმცირესობებისთვის რელიგიის თავისუფლებით სრულყოფილად სარგებლობას და ვერ ახერხებს სიძულვილის შემცველი დანაშაულისა და სისტემური დისკრიმინაციის პრობლემის წინააღმდეგ შედეგზე ორიენტირებული სტრატეგიის შემუშავებას, კონკრეტულ დანაშაულზე ეფექტურ რეაგირებას, რელიგიური ნეიტრალიტეტისა და სეკულარიზმის პრინციპების ერთგულებას,“ – ვკითხულობთ ანგარიშში.

ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტის დირექტორის, ეკა ჭითანავას შეფასებით, მართლმადიდებლური ეკლესია სახელმწიფოზე მნიშვნელოვან გავლენას ფლობს და სახელმწიფოსაც არ სურს დომინანტი რელიგიური ჯგუფის განაწყენება.

„ამიტომაც ვერ გვარდება საკითხი წლების განმავლობაში. ზუსტად ამიტომ არის ეს თემა პოლიტიკური მნიშვნელობის და მეტია, ვიდრე უბრალოდ საკულტო ნაგებობაზე გასაცემი ნებართვა“ – ამბობს ის.

ჭითანავა აღნიშნავს, რომ 2012 წელს იყო საუბარი თურქეთის მიერ ბათუმში მეჩეთის აშენების თაობაზე, რამაც ბათუმელები პოლიტიკურ დაპირისპირებამდე მიიყვანა.

„საპატრიარქოს არასდროს შექმნია პრობლემა საქართველოს ნებისმიერი ქალაქის ნებისმიერ უბანში აეშენებინა ეკლესია. მუსლიმ მრევლს კი, რომელიც არის რელიგიურ უმცირესობათა ყველაზე დიდი ჯგუფი, საქართველოში რაოდენობით მეორე ადგილზე, მეჩეთის აშენებასთან დაკავშირებით წლების განმავლობაში დაბრკოლება ექმნება. ეს, რა თქმა უნდა არის რელიგიის თავისუფლების შეზღუდვა“ – დასძენს ჭითანავა.

დაძაბულობა რელიგიურ თემებს შორის

არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების განცხადებით, მუსლიმანური თემი საქართველოში ხშირად განიცდის დისკრიმიანციას.

თამთა მიქელაძე ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრიდან  გასულ წლებში დაფიქსირებულ რამდენიმე ინციდენტს აღნიშნავს.

მაგალითად, 2013 წელს, სამცხე-ჯავახეთში, ადიგენის რაიონის სოფელ ჭელაში, ადგილობრივი ქრისტიანების პროტესტის შედეგად მეჩეთზე ახლად აშენებული მინარეთის დემონტაჟი მოხდა.

(იხილეთ: საქართველო: მინარეთის დემონტაჟმა ვნებათაღელვა გამოიწვია).

2014 წელს ქობულეთში ახალგახსნილი მუსლიმანური სასწავლებლის კარზე ადგილობრივებმა ღორის თავი მიაჭედეს.

ეკა ჭითანავა ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტიდან იხსენებს ერთ-ერთ ბოლო კონფლიქტს, რომელიც 2016 წლის მარტის დასაწყისში დაფიქსირდა სამცხე-ჯავახეთის რეგიონში, სოფელ ადიგენში.

სოფლის ერთადერთ სასაფლაოს მხოლოდ ადგილობრივი ქრისტიანები იყენებდნენ. მუსლიმები, რომლებსაც ისლამი უკრძალავს სხვა აღმსარებლობის ადამიანების გვერდით დაკრძალვას, ახლობლებს მეზობელ სოფელში ასაფლავებდნენ.

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს რეკომენდაციით მუსლიმებმა ადგილობრივ მუნიციპალიტეტს ახალი სასაფლაოსთვის ტერიტორიის გამოყოფის თხოვნით მიმართეს, რასაც ადგილობრივი მართლმადიდებელი ქრისტიანების პროტესტი მოჰყვა. დაპირისპირება ორი დღე გაგრელდა.

საბოლოოდ, მუსლიმები და ქრისტიანები შეთანხმდნენ სასაფლაოს ერთობლივ გამოყენებაზე, თუმცა სასაფლაოს შუაში გამყოფი ხაზი გაავლეს.

ადგილობრივი გაზეთის „სამხრეთის კარიბჭის“ ცნობით, კონფლიქტის დასრულებიდან ორ დღეში მოსახლეობა 18 წლის გოგონას სიკვდილმა გააერთიანა.

დაკრძალვის დღეს გარდაცვლილის ოჯახში სამძიმარზე მივიდნენ, როგორც ადგილობრივი მუსლიმები, ასევე ქრისტიანები, წერდა „სამხრეთის კარიბჭე“.  დაკრძალვისთვის საჭირო საქმეებს ისინი ერთობლივად უძღვებოდნენ.

ლუკა პერტაია

 

Georgia
Frontline Updates
Support local journalists