ქალები სამართლიანი დეკრეტული პირობების მოლოდინში

წარმოდგენილი ცვლილებები კრძალავს დეკრეტული შვებულების დროს სამსახურიდან უსაფუძვლო გათავისუფლებას, თუმცა უფლებადამცველები მომავალი დედებისთვის უკეთეს კომპენსაციას და პირობებს ითხოვენ.

ქალები სამართლიანი დეკრეტული პირობების მოლოდინში

წარმოდგენილი ცვლილებები კრძალავს დეკრეტული შვებულების დროს სამსახურიდან უსაფუძვლო გათავისუფლებას, თუმცა უფლებადამცველები მომავალი დედებისთვის უკეთეს კომპენსაციას და პირობებს ითხოვენ.

Tamar Avaliani from the Human Rights Centre in Tbilisi. (Photo courtesy of T. Avaliani)
Tamar Avaliani from the Human Rights Centre in Tbilisi. (Photo courtesy of T. Avaliani)

ადამიანის უფლებათა დამცველები მიესალმებიან იმ ცვლილებებს, რომლის მიხედვითაც შრომის კოდექსი უფრო დასაქმებულზე ორიენტირებული ხდება, თუმცა მათი სურვილია, რომ კანონი უფრო უკეთ იცავდეს დასაქმებული ქალბატონების უფლებებს.

ბოლო წლების განმავლობაში მოქმედი კანონის მიხედვით დამსაქმებელს ჰქონდა უფლება თანამშრომელი სამსახურიდან გაეთავისუფლებინა წინასწარი გაფრთხილების ან ახსნა-განმარტების, ასევე კომპენსაციის გადახდის გარეშე.

ახალი კანონ-პროექტი, რომლის პირველი მოსმენაც საქართველოს პარლამენტში 19 აპრილს გაიმართა, უფრო მკაცრ სახელშეკრულებო ვალდებულებებსა და დისკრიმინაციის დაუშვებლობას ითვალისწინებს. კანონის მიღების შემთხვევაში აკრძალული იქნება დეკრეტულ შვებულებაში მყოფი ქალბატონის სამსახურიდან გათავისუფლება.

საქართველოში მოქმედმა რამოდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციამ დასაქმებული ქალბატონების უფლებების უკეთ დაცვის მოთხოვნით წერილობით მიმართეს კანონის ინიციატორ იუსტიციის სამინისტროს.

„პოზიტიური ცვლილებების მიუხედავად, კანონის არსებული რედაქცია კვლავ საჭიროებს დახვეწას,“ – ვკითხულობთ ერთობლივ მიმართვაში.
რაისა ლიპარტელიანი, საქართველოს პროფესიული კავშირების იურიდიული სამსახურის უფროსი აცხადებს, რომ კანონში ქალთა უფლებების უფრო მეტ საკითხს უნდა დაეთმოს ყურადღება.

„კანონპროექტში ქალთა უფლებებს მხოლოდ ერთი ცვლილება ეხება. ამ ცვლილების მიხედვით ფეხმძიმე ქალი ვერ გათავისუფლდება სამსახურიდან მას შემდეგ რაც ის თავისი მდგომარეობის შესახებ დამსაქმებელს აცნობებს. აუცილებელია გადაიხედოს ე.წ. დეკრეტული შვებულების ხანგრლივობა, მისი ანაზღაურების წესი და ოდენობა,“ – აცხადებს რაისა ლიპარტელიანი.

შრომის, როგორც მოქმედი კოდექსი, ასევე ახალი კანონპროექტი დეკრეტულ შვებულებას განსაზღვრავს 477 კალენდრული დღით, რომელთაგანაც ანაზღაურებადი მხოლოდ 126 დღეა. დეკრეტულ შვებულებას ანაზღაურებს ჯანდაცვის სამინისტროს სოციალური მომსახურების სააგენტო არა უმეტეს 600 ლარის ოდენობით.

ადამიანის უფლებათა ცენტრის იურისტი თამარ ავალიანი გვიხსნის, რომ აღნიშნული თანხა ქალებს არ ჰყოფნით მინიმალური საარსებო პირობების დასაკმაყოფილებლად.

„ხელისუფლება ასევე უგულებელყოფს იმ ფაქტს, რომ საყოფაცხოვრებო პროდუქტებზე ფასები მერყეობს – ხშირად მატულობს… და შესაბამისად კლებულობს მსყიდველობითუნარიანობა. ასევე, დისკრიმინაციას განიცდიან კერძო სექტორში დასაქმებული ქალები. მათგან განსხვავებით საჯარო სექტორში მომუშავე ქალები დეკრეტულ ანაზღაურებასთან ერთად ღებულობენ კომპენსაციას შვებულებაში ყოფნის პერიოდში მისაღები ხელფასის სრულ ოდენობამდე შესავსებად.“

სახალხო დამცველის ბავშვის და ქალის უფლებების ცენტრის ხელმძღვანელი ანა არგანაშვილი ამბობს, რომ არსებული მძიმე ეკონომიკური სიტუაციის გათვალისწინებით ძალზე მნიშვნელოვანია ქალთა შრომითი უფლებების დაცვა როგორც ბავშვის დაბადებამდე, ისე მის შემდგომ პერიოდშიც.

არგანიშვილი მიიჩნევს, რომ ერთ-ერთ სერიოზულ გამოწვევად კვლავ რჩება კერძო სფეროში დასაქმებული ქალებისთვის დეკრეტული შვებულების ანაზღაურების საკითხი.

„კერძო სფეროში დასაქმებული ქალების დეკრეტული შვებულების ანაზღაურება არ არის დამოკიდებული დასაქმებულის ხელფასზე და ოდენობა [სახელმწიფოს მიერ] ცალსახად განსაზღვრულია 600 ლარით. შესაძლოა სწორედ ეს იყოს მიზეზი ქალის მიერ მისი ერთ-ერთი ფუნდამენტური – დედობის უფლების არასათანადო რეალიზაციისა,“ – ამბობს ის.

საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების თავმჯდომარე ირაკლი პეტრიაშვილი აცხადებს, რომ ახალი კანონ-პროექტით ცვლილებების მხოლოდ ნაწილის განხორციელება მოხერხდა.

„სამწუხაროდ, ამ ეტაპზე ვერ ხერხდება დეკრეტული შვებულების საკითხის დარეგულირება და ქალთა უფლებების დაცვა იმ დონეზე, რასაც ჩვენი ქალბატონები იმსახურებენ,“ – ამბობს ის და დასძენს, რომ განსაკუთრებით შემაშფოთებელია ანაზღაურების წესი, რაც ქალს აფიქრებს, უღირს თუ არა მას დეკრეტულ შვებულებაში გასვლა.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ბარამიძე აცხადებს, რომ ეს რეფორმა ცვლილებათა სერიის მხოლოდ დასაწყისია.
„ამ ეტაპზე, კოდექსში შეტანილი ცვლილებები მხოლოდ შრომით ურთიერთობებს შეეხო. ქალთა შრომითი უფლებების გაფართოებაზე ცალკე ვაპირებთ მუშაობას და ასევე ყველა დაინტერესებულ მხარეს მივცემთ საშუალებას ჩაერთოს ამ პროცესში,“ განაცხადა მან.

მოსალოდენელი ცვლილებები ბევრს ვერაფერს მოუტანს თბილისელ ნინოს, რომელმაც მეორე ბავშვი სულ ორიოდე თვის წინ გააჩინა. ბავშვის გაჩენიდან ერთ თვეში ის იძულებული გახდა შეეწყვიტა დეკრეტული შვებულება და სამსახურში დაბრუნებულიყო.

„სახელმწიფოს მიერ განსაზღვრული თანხა ძალიან მიზერულია იმისათვის, რომ ოთხი თვის განმავლობაში თავი ირჩინო. ეს თანხა ბავშვის საკვებისა და ნივთების შეძენაშიც არ მეყოფოდა,“ – განაცხადა მან.

ნინო ღვედაშვილი მუშაობს ადამიანის უფლებათა სახლში თბილისში.

 

Georgia
Frontline Updates
Support local journalists