ყარაბაღი, როგორც სომხურ-რუსული ალიანსის გამოწვევა

აპრილის ოთხდღიანმა ომმა ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები უკიდურესად დაძაბა.

ყარაბაღი, როგორც სომხურ-რუსული ალიანსის გამოწვევა

აპრილის ოთხდღიანმა ომმა ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები უკიდურესად დაძაბა.

A protest against Russian policy. (Photo: Photolure Agency)
A protest against Russian policy. (Photo: Photolure Agency)
Russian Prime Minister Dmitri Medvedev met with President Serzh Sargsyan on 7 April. (Photo: RA President's official website)
Russian Prime Minister Dmitri Medvedev met with President Serzh Sargsyan on 7 April. (Photo: RA President's official website)
Tuesday, 19 April, 2016

მთიანი ყარაბაღში ბოლო დროს განვითარებულმა მოვლენებმა სომხეთში მოსკოვი-ერევნის სტრატეგიული პარტნიორობის მისამართით უპრეცედენტო კრიტიკა გამოიწვია.

2-5 აპრილს, აზერბაიჯანის და მთიანი ყარაბაღის შეიარაღებულ ძალებს შორის განვითარებული დაპირისპირების შემდეგ, პოლიტიკოსებმა და საზოგადოების წარმომადგენლებმა ეჭვის ქვეშ დააყენეს რუსეთის, როგორც მოკავშირის როლი.

რუსეთი იარაღის გაყიდვებს აწარმოებს, როგორც სომხეთში, ასევე აზერბაიჯანში, ქვეყნებში, რომელთა შორისაც უკვე ორ ათეულ წელზე მეტია მოუგვარებელია დავა მთიანი ყარაბაღის თაობაზე.

1990-იანი წლებში დაწყებული შეიარაღებული დაპირისპირების შედეგად, ას ორმოცდაათი ათასი ადამიანით დასახლებული აზერბაიჯანული ანკლავი სომხური ადმინისტრაციის კონტროლის ქვეშ აღმოჩნდა. 1994 წელს მიღწეული ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი, რომლის გამოცხადებამდე კონფლიქტს ოცდაათი ათასამდე ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, დღემდე არაერთხელ დარღვეულა.

თუმცა, ყველაზე მწვავე მაინც აპრილის დაპირისპირება იყო, რომლის შედეგად დაიღუპა 92 ადამიანი, ძირითადად სამხედრო პირი, ხოლო ათობით ადამიანი დაიჭრა.

(იხილეთ: ყარაბაღი: ფრონტის ხაზთან მცხოვრები მოსახლეობა ომის შედეგებს აფასებს).

სომხეთის და მთიანი ყარაბაღის თავდაცვის სამინისტროების მტკიცებით, ოთხდღიანი ომის დროს აზერბაიჯანელები რუსულ იარაღს იყენებდნენ, რაც ეწინააღმდეგება მოსკოვის მიერ მოკავშირე სომხებისადმი მანამდე მიცემულ დაპირებას.

რუსეთი მისი მისამართით გამოთქმულ ბრალდებებს არც უარყოფს და არც ადასტურებს.

მნიშვნელოვანი ინტერესები რისკის ქვეშ

თურქეთის და აზერბაიჯანის მხრიდან სავაჭრო და სატრანსპორტო ბლოკადის გამო, სომხეთი რეგიონში იზოლაციაშია მოქცეული.

ამიტომაც, რუსეთთან მჭიდრო ალიანსი ყოველთვის საციცოცხლოდ მნიშვნელოვანი იყო სომხეთისთვის, მისი უსაფრთხოების და ეკონომიკური ინტერესების თვალსაზრისით.

სომხეთი რეგიონალური პოსტსაბჭოთა სამხედრო ალიანსის  – კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის (CSTO) წევრია. ასევე, 2015 წლის იანვარში ის ევრაზიულ ეკონომიკურ კავშირში გაწევრიანდა.

დღეს, ექსპერტებიც, სამოქალაქო აქტივისტებიც და ოპოზიციონერი პოლიტიკოსებიც ღიად საუბრობენ იმაზე, რომ მოკავშირეებს შორის ურთიერთობები კრიზისს განიცდის.

13 აპრილს, სომხეთის დედაქალაქში ასობით ადამიანმა საპროტესტო მსვლელობა მოაწყო რუსეთის მიერ აზერბაიჯანისთვის იარაღის მიყიდვის წინააღმდეგ. დემონსტრაციის დროს აქციის მონაწილეებმა მოახდინეს რუსეთის საელჩოს პიკეტირება და შენობას კვერცხები დაუშინეს.

ერთ-ერთ მონაწილეს ხელში ეჭირა ბანერი, რომელზეც ეწერა, „ცრუმოკავშირე ყველაზე უარესი მტერია.“

„ჩვენ მოვითხოვთ, რომ სომხეთმა დატოვოს ისეთი ქმედუუნარო ორგანიზაციები, როგორიცაა კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაცია და ევრაზიული ეკონომიკური კავშირი,“ – მიმართა მიტინგზე შეკრებილებს აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა და პარტია მემკვიდრეობის წევრმა დავიდ სანასარიანმა.

„როდესაც სომხეთი გაწევრიანდა ევრაზიულ ეკონომიკურ კავშირში, ჩვენ გვარწმუნებდნენ, რომ ყველაფერი ჩვენი უსაფრთხოებისთვის კეთდებოდა,“ – დასძინა მან. „და სად არის უსაფრთხოება? როგორ მოიქცნენ მოკავშირეები კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციდან, როდესაც ბაქომ საბრძოლო მოქმედებები გააჩაღა მთიან ყარაბაღში? რატომ არ დაგმეს ჩვენმა მოკავშირეებმა ბაქოს ქმედებები, განცხადებით მაინც?“

მედიაექსპერტი სამველ მარტიროსიანი ფიქრობს, რომ ამ ღონისძიებით გამოჩნდა ის, თუ რამდენად ძლიერად განაწყო რუსეთმა თავის წინააღმდეგ სომხური საზოგადოება.

„სულ რაღაც ხუთი-შვიდი წლის წინ ვერავინ წარმოიდგენდა, რომ ერევანში ოდესმე გაიმართებოდა საპროტესტო აქცია რუსეთის წინააღმდეგ. დღეს, ასობით ადამიანი  ქუჩაშია გამოსული. რუსეთმა აქედან შესაბამისი დასკვნა უნდა გამოიტანოს,“ – განაცხადა მან ჩვენთან საუბრისას.

რეგიონული კვლევების ცენტრის დირექტორი რიჩარდ გირაგოსიანი ეთანხმება იმ მოსაზრებას, რომ სომხეთსა და რუსეთს შორის ურთიერთობები მძიმე პერიოდს განიცდის.

„თუ შევხედავთ სომხურ-რუსულ სტრატეგიულ ქორწინებას, ამ შემთხვევაში საქმე გვაქვს ოჯახურ ძალადობასთან,“ – განაცხადა მან.

სომხეთის პრეზიდენტმაც კი, რომელიც ყოველთვის გამოირჩეოდა განსაკუთრებული სიფრთხილით ქვეყნის ჩრდილოელ მოკავშირეზე საუბრისას, ღიად გამოხატა თავისი კრიტიკული დამოკიდებულება.

7 აპრილს, რუსეთის პრემიერ-მინისტრთან დმიტრი მედვედევთან ერევანში გამართულ შეხვედრაზე, სერჟ სარგსიანმა უკმაყოფილება გამოხატა იმის გამო, რომ სომეხი სამხედროებისა და მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ აზერბაიჯანი  რუსეთისგან ნაყიდ იარაღს იყენებდა.

სომხეთის თავდაცვის სამინისტროს პრესმდივანმა არცრუნ ჰოვანესიანმა უფრო მძაფრად შეაფასა სიტუაცია და დასძინა, რომ ბოლოდროინდელი შეიარაღებული დაპირისპირების შემდეგ, „აზერბაიჯანისთვის იარაღის მიყიდვა ამორალურია.“

მსგავსი განწყობაა კანონმდებელთა შორისაც. ოპოზიციონერი დეპუტატის და პარტია თავისუფალი დემოკრატების წევრის ხაჩატურ კოკობელიანის ინიციატივით, პარლამეტში შევიდა კანონპროექტი სომხეთის ევრაზიული ეკონომიკური კავშირიდან გამოსვლის შესახებ.

კოკობელიანი იყო შვიდი დეპუტატიდან ერთ-ერთი, რომელმაც თავის დროზე არ დაუჭირა მხარი სომხეთის ევრაზიულ ეკონომიკურ კავშირში გაწევრიანებას.

„ამ ორგანიზაციაში გაწევრიანების შემდეგ, სომხეთმა უფრო მეტი პრობლემა შეიძინა, მაგალითად, ევროკავშირთან ურთიერთობის მხრივ, ვიდრე რაიმე სარგებელი. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ ეს ორგანიზაცია არ გვჭირდება და იქედან გამოსვლის შემდეგ, სომხეთს ექნება ალტერნატივა,“ – განაცხადა კოკობელიანმა.

სომხეთის პარლამენტის ვიცე-სპიკერი მმართველი რესპუბლიკური პარტიიდან ედუარდ შარმაზანოვი არ არის ასეთი მკვეთრი საპასუხო რეაქციის მომხრე.

მიუხედავად იმისა, რომ მისთვის გასაგებია ადგილობრივი მოსახლეობის უკმაყოფილება რუსეთის ქმედებების გამო, ის მაინც თვლის, რომ ნაჩქარევი  გადაწყვეტილებების მიღება დაუშვებელია, რადგან „ევრაზიული ეკონომიკური კავშირის ალტერნატივა, უფრო ზუსტად კი, რუსეთის ალტერნატივა, რეგიონში არის თურქეთი,“ – განაცხადა შარმაზანოვმა.

თურქეთი არის აზერბაიჯანის ერთგული მოკავშირე და სომხეთის დიდი ხნის მტერი. მათ შორის დაძაბული ურთიერთობის მთავარი მიზეზი არის ოსმალეთის იმპერიის დროს სომხების გენოციდის აღიარების საკითხი.

სომხეთში არსებული საზოგადოებრივი მღელვარების მიუხედავად, მოსკოვმა გარკვევით განაცხადა, რომ გააგრძელებდა აზერბაიჯანისთვის იარაღის მიწოდებას.

რუსეთის ვიცე-პრემიერმა დმიტრი როგოზინმა რადიოსადგურის „ეხო მოსკვის“ ეთერში განაცხადა, რომ რუსეთი ორივე ქვეყნისთვის იარაღის მიწოდებით ინარჩუნებს რეგიონში პარიტეტს, რაც, თავის მხრივ, კონფლიქტის ესკალაციის შემაკავებელი ფაქტორის როლს ასრულებს.

მისივე სიტყვებით, როგორც კი რუსეთი შეწყვეტს იარაღის მიწოდებას, თავდასხმითი იარაღის გაყიდვას სხვა ქვეყნები დაიწყებენ.

„სომხეთი არის ჩვენი მოკავშირე კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციაში და ჩვენ ვახორციელებთ სამხედრო-ტექნიკურ თანამშრომლობას. აზერბაიჯანი, არ არის ჩვენი მოკავშირე, მაგრამ არის რეგიონში ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი, რომელთანაც ჩვენ ეკონომიკური თვალსაზრისით ბევრი რამ გვაკავშირებს. აზერბაიჯანს რუსეთში ჰყავს უზარმაზარი დიასპორა და სწორედ ის იხდის რუსული იარაღის ფულს,“ – განაცხადა როგოზინმა.

როგოზინმა დაგმო სომხეთის კრიტიკა რუსული იარაღის აზერბაიჯანისთვის მიყიდვის გამო და მას „დემაგოგია“ უწოდა.

„იარაღი კი არა, ხალხი ისვრის,“ – თქვა როგოზინმა.

„წარმოიდგინეთ, რომ ჩვენ, რომელიმე მხარესთან შევწვიტეთ სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობა, იქ მომენტალურად გაჩნდებიან ამერიკელები და ნატო,“ – დასძინა მან.

უზარმაზარი სამხედრო ხარჯები

იარაღის გაყიდვების თემა საყურადღებო პირველად 2010 წელს გახდა, როდესაც რუსულ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია მოსკოვსა და ბაქოს შორის მილიარდობით დოლარის ღირებულების გარიგების შესახებ.

2013 წელს აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა რუსეთის პრეზიდენტთან ვლადიმირ პუტინთან შეხვედრის შემდეგ საჯაროდ განაცხადა, რომ რუსული იარაღის შესაძენად ოთხი მილიარდი დოლარი დახარჯა.

სტოკჰოლმის მშვიდობის კვლევის საერთაშორისო ინსტიტუტის (SIPRI) მონაცემებით, 2015 წელს, ნავთობით მდიდარი აზერბაიჯანის სამხედრო დანახარჯებმა, საერთო ჯამში, სამი მილიარდი დოლარი შეადგინა, რაც 165 პროცენტით აღემატება 2006 წლის მონაცემებს. სომხეთის სამხედრო ბიუჯეტი, პირიქით, საგრძნობლად ჩამოუვარდება აზერბაიჯანისას და მხოლოდ 447 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც 71 პროცენტით აღემატება 2006 წელს გაწეულ ხარჯებს.

აზერბაიჯანისთვის მიყიდული უახლესი რუსული სამხედრო ტექნიკის გრძელ ჩამონათვალში შედის T-90 ტიპის ტანკები, „ჰაერი-ზედაპირი“ კლასის სარაკეტო სისტემა S-300, საზენიტო-სარაკეტო კომპლექსი „სმერჩი“ და თერმობარიული სარაკეტო დანადგარები.

2010 წელს მოსკოვსა და ერევანს შორის ხელი მოეწერა შეთანხმებას ქალაქ გიუმრიში განლაგებული რუსული ბაზის დისლოკაციის ვადის გახანგრძლივების შესახებ 2020 წლიდან 2044 წლამდე. მოსკოვმა ასევე აიღო ვალდებულება სომხეთის შეიარაღებული ძალების თანამედროვე იარაღით უზრუნველყოფის თაობაზე.

ერევნის პრესკლუბის დირექტორი ბორის ნავასარდიანი თვლის, რომ სომხეთს რუსეთზე გავლენის გასაძლიერებლად უფრო მეტის გაკეთება შეუძლია.

„სომხეთი არის რუსეთის ერთადერთი მოკავშირე რეგიონში. ამასთან ერთად, სომხეთი არის ერთადერთი ქვეყანა, სადაც არის რუსული ბაზა. აქ ბაზის ქონა რუსეთის ინტერესებში შედის, რადგან ეს არის ერთადერთი ფაქტორი, რომელიც ამართლებს მოსკოვის სამხედრო-პოლიტიკურ არსებობას სამხრეთ-კავკასიაში,“ – განაცხადა ნავასარდიანმა ჩვენთან საუბრისას.

„ამ თვალსაზრისით, რუსული ბაზის სომხეთში ყოფნას აქვს თავისი ფასი. შესაძლოა ამ ფასს ჰქონდეს არა ფულადი ღირებულება, არამედ აზერბაიჯანთან სამხედრო პარიტეტის შენარჩუნების მყარი გარანტია. უსაფრთხოების ეს გარანტია უნდა ვრცელდებოდეს ყარაბაღზეც. რუსეთის ხელისუფლების განცხადებები იმის თაობაზე, რომ მათ არანაირი კავშირი არ აქვთ ყარაბაღთან, მიუღებელია. ეს საკითხი მკაფიოდ უნდა დაისვას რუსეთის წინაშე,“ – დაასკვნა მან.

ნავასარდიანი არ იზიარებს მოსაზრებას იმის შესახებ, რომ სომხეთმა უნდა დატოვოს კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაცია.

„სომხეთისნაირი ქვეყნისთვის, რომელსაც აქვს უსაფრთხოების პრობლემები, სამხედრო-პოლიტიკურ ბლოკში ყოფნა უბრალოდ აუცილებელია,“ – თქვა მან.

კავკასიის ინსტიტუტის დირექტორი ალექსანდრე ისკანდერიანი ასევე მიიჩნევს, რომ სომხეთს უფრო მეტი პრაგმატიზმი ესაჭიროება, რადგან მოსკოვი ყოველთვის აწვდიდა და შემდეგშიც გააგრძელებს იარაღის მიწოდებას აზერბაიჯანისთვის.

„მოსკოვი იარაღით ამარაგებს აზერბაიჯანს, სომხეთს და ყოფილი საბჭოთა კავშირის სხვა ქვეყნებს. ეს არის რუსეთის ქცევის ნორმა. ის იარაღს აწვდის პოსტსაბჭოთა ქვეყნების უმეტესობას. იარაღის გაყიდვა არის ერთგვარი ხერხი, რითაც ის ამ ქვეყნებზე გავლენას ინარჩუნებს,“ – დასძინა მან.

რუსეთის საერთაშორისო საქმეთა საბჭოს ექსპერტი სერგეი მარკედონოვი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ რუსეთს არ უნდოდა დაძაბულობის ესკალაცია.

„თუ სტატუს-კვო არ ირღვევა, რუსეთი მშვიდად იქცევა,“ – განაცხადა მარკედონოვმა ჩვენთან საუბრისას და დასძინა, რომ რუსეთი შეეცდება, რაც შეიძლება დიდხანს შეინარჩუნოს ბალანსი ერევანსა და ბაქოს შორის.

„მიუხედავად იმისა, რომ ეს ქვეყნები საომარ პირობებში იმყოფებიან, ორივე მათგანი მნიშვნელოვანია რუსეთისთვის,“ – განაცხადა მარკედონოვმა. „ამის გამო, მოსკოვი შეეცდება თავიდან აირიდოს მძიმე არჩევანის გაკეთება.“

არშალუის მგდესიანი

 

Armenia
Diplomacy
Frontline Updates
Support local journalists