აზერბაიჯანში გულენის სკოლები დაიხურა

განათლების პროგრამა, რომელიც ერთ დროს თურქეთის რბილი ძალის ინსტურმენტად ითვლებოდა, პრემიერ-მინისტრსა და გავლენიან სულიერ ლიდერს შორის დაპირისპირებას შეეწირა.

აზერბაიჯანში გულენის სკოლები დაიხურა

განათლების პროგრამა, რომელიც ერთ დროს თურქეთის რბილი ძალის ინსტურმენტად ითვლებოდა, პრემიერ-მინისტრსა და გავლენიან სულიერ ლიდერს შორის დაპირისპირებას შეეწირა.

One of the Turkish-curriculum schools that has been shut down in Azerbaijan. (Photo: Agdash Lycee’s website)
One of the Turkish-curriculum schools that has been shut down in Azerbaijan. (Photo: Agdash Lycee’s website)
Friday, 4 July, 2014

თურქეთის უახლოესმა მოკავშირე აზერბაიჯანმა მუსლიმი სასულიერო ლიდერის ფატულა გულენის დაარსებული სკოლები დახურა, რითაც პრემიერმა რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა მათ შორის არსებულ დაპირისპირებაში უპირატესობის მოპოვება შეძლო.

გულენის მოძრაობა ჰიზმეთი მთელ მსოფლიოში 2000 საგანმანათლებლო დაწესებულებას ფლობს. აზერბაიჯანში ორგანიზაციის სახელს უკავშირდებოდა კავკასიის უნივერსიტეტი და 25 სკოლა. ამჟამად ყველა სკოლა დახურულია.

ჰიზმეთის სკოლების კურსდამთავრებულები აცხადებენ, რომ მათ ძალიან კარგი განათლება მიიღეს, რაც აზერბაიჯანში საკმაოდ იშვიათია.

გულენის მოძრაობამ პოსტ-საბჭოთა აზერბაიჯანში 1990-იან წლებში დაიწყო შემოსვლა. მაშინდელი ხელისუფლება მის განათლების პროგრამას აქტიურად

უჭერდა მხარს, როგორც თურქეთის საგარეო პოლიტიკის „დამხმარე ხელს“.

ადრეულ წლებში, ერდოღანის პარტია (სამართლიანობის და განვითარების პარტია) თავისი ღიად გამოკვეთილი ისლამისტური პროგრამით გულენს თავის მოკავშირედ მიიჩნევდა. თუმცა, მოგვიანებით ეს ორი ძალა ერთმანეთს დაუპირისპირდა, რადგან ერდოღანმა ქვეყანაში მეხუთე კოლონის არსებობის საბაბით საჯარო დაწესებულებებში ჰიზმეთის მომხრეების „წმენდა“ ჩაატარა.

პრემიერ-მინისტრის მტკიცებით, მოძრაობა ჰიზმეთის შეთქმულების ნაწილი იყო   გასული წლის დეკემბერში ჩინოვნიკების წინააღმდეგ კორუფციის ბრალდებით დაწყებული გამოძიებაც.

თურქეთის ხელისუფლება ყველანაირად ეცადა დაესუსტებინა ჰიზმეთის გავლენა და დაეხურა მისი საგანმანათლებლო დაწესებულებები სხვა ქვეყნებში. აზერბაიჯანმა, როგორც უახლოესმა მოკავშირემ, ამ მიმართულებით საკმაოდ კარგად ითანამშრომლა. თებერვალში იყო საუბარი იმაზე, რომ გულენის თანამოაზრეთა „პარალელური სტრუქტურა“ აზერბაიჯანის მთავრობაშიც მოქმედებდა.

(ამ თემაზე დაწვრილებით იხილეთ: აზერბაიჯანელი მაღალჩინოსნის პოსტი თურქეთის შინაუთანხმოებას შეეწირა)

აპრილის დასაწყისში, ერდოღანის ბაქოში ვიზიტისას, ადგილობრივი მედია საშუალებების მიხედვით, სწორედ მოძრაობა ჰიზმეთი და მისი სკოლები იყო აზერბაიჯანის პრეზიდენტთან საუბრის მთავარი თემა. შეხვედრაზე ალიევმა სტუმარი დაარწმუნა, რომ „არაფერს მივცემთ უფლებას ხელი შეუშალოს ჩვენს ურთიერთობას“.

კავკასიის უნივერსიტეტის პროფესორი, პოლიტოლოგი ფარად მეჰდიევი აცხადებს, რომ ანკარას არასოდეს დაუმალავს სკოლების დახურვის სურვილი.

„ერდოღანმა სკოლების ცოტა ხნით დახურვა მოითხოვა. ამის შესახებ მან ღიად განაცხადა ბაქოში ვიზიტის დროს“, – განაცხადა მეჰდიევმა.

ოფიციალური ინფორმაციით, სკოლების დახურვა მოხდა არა მთავრობის გადაწყვეტილების საფუძველზე, არამედ ნავთობკომპანია სოკარის მიერ, რომელიც სკოლების მართვას თავისი საერთაშორისო საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში 2013 წლის მარტიდან ახორციელებდა.

მაშინ, სოკარის ვიცე პრეზიდენტი ჰალიგ მამედოვი აცხადებდა, რომ ცვლილებები სკოლებს კომერციული თვალსაზრისით უფრო სიცოცხლისუნარიანს გახდიდა, რადგან სწავლის მაღალი ფასის გამო აზერბაიჯანელთა უმეტესობას იქ სწავლა არ შეეძლო. თუმცა, 18 ივნისს სოკარის საგანმანათლებლო პროგრამის ხელმძღვანელობამ სკოლების დახურვის გადაწყვეტილება მიიღო და განაცხადა, რომ მათი მართვა კომპანიისთვის ფინანსურ ტვირთს წარმოადგენდა.

„ჩვენ ვფიქრობთ, რომ უკეთესი იქნება, თუ სოკარი აღარ ჩაერთვება ამ სფეროში. მენავთობეებმა ნავთობის მოპოვებას უნდა მიხედონ, განათლებას კი განათლების სამინისტრომ“, – განაცხადა სოკარის პრეზიდენტმა როვნაგ აბდულაევმა საინფორმაციო სააგენტო APA-სთან საუბრისას.

19 ივნისს აზერბაიჯანის განათლების სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც არ არსებობდა „აღელვების საჭიროება ან მიზეზი“, სამინისტრო დებდა პირობას, რომ მოსწავლეებსაც და პედაგოგებსაც საჯარო სკოლების სისტემაში გადაანაწილებდა.

საკითხავია, რამდენად შეძლებენ მოსწავლეები იმავე ხარისხის განათლების მიღებას, როგორსაც ადრე ღებულობდნენ. ოფიციალური ინფორმაციით, ჰიზმეთის სკოლების კურსდამთავრებულები მისაღებ გამოცდებზე 20-40% უკეთეს შედეგებს აჩვენებენ, ვიდრე საჯარო სკოლების კურსდამთავრებულები.

ელკან ბაშიროვმა ჰიზმეთის სკოლა მინგეჩავირში 2011 წელს დაამთავრა და ამჟამად კომპანია BP-ში მუშაობს. ის ამბობს, რომ ამ გადაწყვეტილებამ ძალიან გააოცა, რადგან სკოლები 20 წლის განმავლობაში შესანიშნავად ართმევდნენ თავს თავიანთ საქმეს.

„რასაკვირველია, ეს უარყოფით გავლენას მოახდენს აზერბაიჯანის საგანმანათლებლო სისტემაზე“, – თქვა მან.

სწავლის მაღალი საფასურის გამო ამ სკოლებში სწავლაზე რიგით აზერბაიჯანელებს ხელი არ მიუწვდებოდათ. მოსწავლეთა უმრავლესობას ბიზნესმენებისა და მაღალჩინოსნების შვილები შეადგენდნენ. ამის გამო, გაჩნდა ეჭვი თითქოს, სკოლებში გულენის სწავლებების მეშვეობით ქვეყნის მომავალი ელიტის იდეოლოგიური დამუშავება მიმდინარეობდა. კავკასიის უნივერსიტეტის კურსდამთავრებული და ახალგაზრდული ორგანიზაცია პოზიტიური ცვლილებების თანადამფუძნებელი ნერმინ რეჰიმლი ასეთ შიშებს „სისულელეს“ უწოდებს.

ჰიზმეთის განათლების პროგრამის მოწინააღმდეგეები არ უარყოფენ სკოლების აკადემიურ მიღწევებს, თუმცა ამავე დროს ინტერესდებიან, სასწავლო პროგრამის მიღმა სხვა რამის სწავლებაც ხომ არ მიმდინარეობდა.

სამთავრობო გაზეთის პოლიტიკური მიმომხილველი რუსტემ გარახანლი თავისი ფეისბუკის გვერდზე ჰიზმეთის შესახებ თავის მოსაზრებას გამოხატავს და წერს „რა თქმა უნდა, ეს არ არის ისეთი რადიკალური ისლამისტური მოძრაობა, როგორც ვაჰაბიზმი, თუმცა ის საკმაოდ ძლიერ პოლიტიკურ ბერკეტებს ფლობს“.

„სახელმწიფოს სუვერენიტეტის პოზიციიდან შეიძლება გასაგები და გამართლებულიც იყოს აზერბაიჯანში ამ სკოლების დახურვა“, წერს ის.

თუმცა არიან ისეთებიც, მათ შორის ხელისუფლების მომხრე პოლიტიკოსებიც, ვინც არ ეთანხმება მიღებულ გადაწყვეტილებას. მაგალითად, ფაზილ მუსტაფა პარტიიდან Boyuk Qurulus.

„მნიშვნელობა არ აქვს ვინ გახსნა ეს სკოლები აზერბაიჯანში ინგლისელებმა, ამერიკელებმა, რელიგიურმა მოძრაობამ თუ რომელიმე რელიგიურმა მოღვაწემ – მათი შეფასება დამსახურებების მიხედვით უნდა მოხდეს“, – განაცხადა მან. „თურქული სკოლების დახურვით, ათობით ათასი მოსწავლე ხარისხიანი განათლების გარეშე დარჩა“.

ლამია ადილგიზი

 

Azerbaijan, Turkey
Education
Frontline Updates
Support local journalists