ნატოს წევრობის ბუნდოვანი პერსპექტივა
თბილისი განაგრძობს ოცნებას, მაგრამ წევრობამდე ჯერ კიდევ გრძელი გზაა დარჩენილი.
ნატოს წევრობის ბუნდოვანი პერსპექტივა
თბილისი განაგრძობს ოცნებას, მაგრამ წევრობამდე ჯერ კიდევ გრძელი გზაა დარჩენილი.
ანალიტიკოსების აზრით, 8-9 ივლისის ვარშავის სამიტზე საქართველოს ნატოში გაწევრიანებასთან დაკავშირებით საგრძნობი წინსვლის მოლოდინი არ უნდა ჰქონდეს.
საქართველომ მიიღო ალიანსისგან პირობა, რომ ის ადრე თუ გვიან შეურთდებოდა მას, რისთვისაც ქვეყანამ ზედმიწევნით შეასრულა აუცილებელი ყველა წინაპირობა.
განსაკუთებით დიდი სამუშაო იქნა გაწეული ნატოსთან თავსებადობის თვალსაზრისით, რაც ალიანსის ყველა წევრი ქვეყნის შეიარაღებული ძალების ერთი სტანდარტის მიხედვით ფუნქციონირებას გულისხმობს.
თუმცა, საქართველო მაინც რჩება საკამათო კანდიდატად.
ქვეყნის ტერიტორიის მეხუთედი რუსეთის მიერ კონტროლდება მას შემდეგ, რაც მოსკოვმა აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის ანექსია მოახდინა. ნატო თავს იკავებს უსაფრთხოების გარანტიების მიცემისგან იმ ქვეყნისთვის, რომელიც სრულად ვერ აკონტროლებს თავის ტერიტორიას, რადგან ამით გაიზრდება რუსეთთან დაპირისპირების რისკი.
„იმ უსიამოვნო ფაქტმა, რომ 2008 წელს რუსეთი საქართველოს დაესხა თავს და მოახდინა მისი ტერიტორიის ანექსია, დღის წესრიგიდან ამოაგდო ახლო მომავალში საქართველოს ნატოში გაწევრიანების პერსპექტივა,“ – აცხადებს ლონდონის „ჩეთემ ჰაუსის“ რუსეთის და ევრაზიის პროგრამის ხელმძღვანელი, ანალიტიკოსი ჯეიმს ნიქსი. „ეს ის შემთხვევაა, როდესაც რუსული ბლოკის მენტალიტეტმა გაიმარჯვა.“
1994 წელს საქართველო გახდა პირველი პოსტსაბჭოთა რესპუბლიკა, რომელიც შეუერთდა ნატოს პროგრამას „პარტნიორობა მშვიდობისათვის“. ამჟამად, სქემა 22 წევრს აერთიანებს და მიზნად ისახავს ნატოსა და არაწევრ სახელმწიფოებს შორის ევროპისა და ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებში ნდობის ჩამოყალიბებას; შედეგად, ზოგიერთი რესპუბლიკა გახდა კიდეც ალიანსის სრულუფლებიანი წევრი.
1999 წლიდან საქართველო აქტიურად არის ჩართული ნატოს ოპერაციებში. ის არის ნატოს უმსხვილესი არაწევრი კონტრიბუტორი ავღანეთში და მისი კონტინგენტი სიდიდით მესამეა შეერთებული შტატებისა და გერმანიის შემდეგ.
2008 წლის ნატოს ბუქარესტის სამიტზე, ალიანსის წევრებს შორის ვერ შედგა კონსენსუსი საქართველოსთვის მაპის (გაწევრიანების სამოქმედი გეგმის) მინიჭების თაობაზე. თუმცა, ამავე შეხვედრაზე საქართველომ მიიღო პირობა, რომ ის აუცილებლად გახდებოდა ალიანსის წევრი.
2009 წელს მაპის სტატუსი მიანიჭეს მონტენეგროს და მას შემდეგ ის მოლაპარაკებების პროცესში იმყოფება. საქართველოსთვის ეს დადებითი სიგნალია, რაც ნიშნავს, რომ ნატო გაფართოების პოლიტიკას აგრძელებს.
2015 წლის დეკემბერში ბრუსელში გამართულ ნატოს საგარეო საქმეთა მინისტერიალზე, მოკავშირეებმა გადაწყვიტეს, რომ ალიანსი ვარშავის სამიტისთვის შეიმუშავებდა საქართველოსთან პრაქტიკული თანამშრომლობის ახალ მიმართულებებს.
თუმცა, როგორც ჯეიმს ნიქსი მიიჩნევს, საქართველოს მოლოდინი ნატოსთან დაკავშირებით ყოველთვის იყო არარეალისტური.
„ნაწილობრივ ალბათ იმიტომ, რომ მას ყოველთვის მიაჩნდა, რომ იყო უფრო მომზადებული – უფრო თავსებადი, ვიდრე არის სინამდვილეში. რასაც, თავის მხრივ განაპირობებდა საქართველოს ავღანეთის მისიაში მნიშვნელოვანი კონტრიბუცია. მეორე მხრივ კი, ნატოში გაწევრიანებასთან დაკავშირებით გადაჭარბებული მოლოდინის შექმნას ხელი შეუწყო 2008 წლამდე პერიოდში, შეერთებული შტატების მაღალი თანამდებობის პირების მიერ გაკეთებულმა განცხადებებმა.“
მზადება
მაისში, თბილისთან ახლოს, ვაზიანის სამხედრო ბაზაზე საქართველოს, ამერიკის შეერთებული შტატების და დიდი ბრიტანეთის შეიარაღებული ძალების მონაწილეობით ჩატარდა ერთობლივი სამხედრო სწავლება სახელწოდებით „ღირსეული პარტნიორი.“
ის საკმაოდ ფართოდ გაშუქდა ქართულ მედიაში, რამაც კიდევ უფრო გაზარდა მოლოდინი, რომ ქვეყანა უახლოვდება ალიანსის წევრობას.
გასაკვირი არ არის, რომ ოფიციალურმა მოსკოვმა მას „პროვოკაციული“ უწოდა.
ერთობლივი სწავლების მიზანი იყო ქართველი სამხედროების მომზადება ნატოს სწრაფი რეაგირების ძალებში (NRF) მონაწილეობისთვის და მასში ჩართული იყო 500 ქართველი, 650 ამერიკელი და 150 ბრიტანელი სამხედრო. ვარჯიშებზე წარმოდგენილი იყო ამერიკული M1A2 ტიპის აბრამსის ტანკები და ბრედლის ტიპის ქვეითთა საბრძოლო მანქანები.
23 მაისს, მეოთხე მექანიზებული ბრიგადის მე-12 მსუბუქი ქვეითი ბატალიონის „ალფა“ ასეული გახდა სრულად თავსებადი ნატოს შეიარაღებულ ძალებთან, რაც ალიანსში გაწევრიანებისთვის ერთ-ერთ აუცილებელ მოთხოვნად ითვლება. ეს ნიშნავს, რომ სამხედრო შენაერთი მომდევნო სამი წლის განმავლობაში შეძლებს ნატოს სწრაფი რეაგირების ძალებში მონაწილეობის მიღებას.
„ეს პროცესი გაგრძელდება, ვიდრე ყველა ასეული არ მიიღებს შეფასებას,“ – აღნიშნა საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის პირველმა მოადგილემ პოლკოვნიკმა ომარ ბეგოიძემ. „ეს შეფასება აღინიშნება ნატოს დოკუმენტებში, რომელიც მზადდება ვარშავის სამიტისთვის… ჩვენი შეიარაღებული ძალები მზად არის იმისათვის, რომ გახდეს დიდი ევრო-ატლანტიკური ოჯახის ჯარების სრულფასოვანი წევრი.“
საქართველოს გენერალური შტაბის უფროსი ვახტანგ კაპანაძე ხაზგასმით აღნიშნვს, რომ ნატოსთვის საქართველო არის უმნიშვნელოვანესი თავისი გეოგრაფიული მდებარეობის გამო.
„საქართველო პრაქტიკულად მოწინავე სამხრეთი ფლანგია ალიანსისთვის და ერთობლივი წვრთნებიც არის ერთგვარი შემადგენელი და თავსებადი ნაწილი ნატოს სამხედრო კომიტეტის გეგმების,“ – აცხადებს ის ჩვენთან საუბრისას.
პოლიტიკოსების ნაწილს საკმაოდ რეალისტური მოლოდინი აქვს და ისინი დიდ გარღვევებს არ ელოდებიან, თუმცა ხელისუფლებას ივლისის სამიტისგან მნიშვნელოვანი პროგრესის იმედი აქვს.
ნატოში საქართველოს ელჩი ალექსანდრე მაისურაძე ჩვენთან საუბრისას აცხადებს, რომ „ვარშავაში საქართველო ალიანსისგან მიიღებს პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერის ძლიერ გზავნილებს.“
საქართველოს უსაფრთხოების და განვითარების ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი, ნატოში საქართველოს ყოფილი ელჩი ლევან დოლიძეც მიიჩნევს, რომ საქართველო მზადაა შემდეგი ნაბიჯისთვის.
„დღეს მოკავშირეები თანხმდებიან, რომ საქართველოს აქვს ყველა პრაქტიკული ინსტრუმენტი ალიანსში გაწევრიანებისთვის და ახლა არის პოლიტიკური გადაწყვეტილებების დრო,“ – განაცხადა მან. „როდესაც ნატოსთან ურთიერთობის შედეგებზე ვსაუბრობთ ხაზი უნდა გაესვას იმ ფაქტსაც, რომ ნატო არა მხოლოდ სამხედრო-პოლიტიკური, არამედ ღირებულებებზე დაფუძნებული ორგანიზაციაა. შესაბამისად, ინტეგრაციის პროცესმა მნიშვნელოვნად გააძლიერა ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული ინსტიტუტები.“
რეალისტური მოლოდინი
ქართველი ექსპერტები თანხმდებიან, რომ გაწევრიანების საკითხი მეტწილად არის დამოკიდებული გეოპოლიტიკურ ფაქტორებზე, კერძოდ კი, უკრაინასა და რუსეთს შორის კონფლიქტის დარეგულირებაზე. ამასთან ერთად, აუცილებელია საქართველოს გააქტიურება საერთაშორისო არენაზე და ქვეყნის შიგნით სახელმწიფო და დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერება.
„თუ შევხედავთ ობიექტურად, საქართველოს მოლოდინი სამიტთან დაკავშირებით არ არის მაღალი,“ – აცხადებს საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის დირექტორი კორნელი კაკაჩია. „ხელისუფლებამ და ზოგადად საზოგადოებამ უკვე გააცნობიერა, რომ ამ სამიტზე არ იქნება მიღებული გადაწყვეტილება არც მაპის და არც სხვა მნიშვნელოვან საკითხთან დაკავშირებით, იმ გეოპოლიტიკური სიტუაციიდან გამომდინარე, რაც დღეს პოსტსაბჭოთა სივრცეშია შექმნილი. ამიტომ, ხელისუფლების ამოცანაა მოლოდინის მართვა, იმისთვის, რომ საზოგადოებას არ გაუჩნდეს იმედგაცრუება ევროატლანტიკური კურსის მიმართ.“
როგორც ჩანს, ამის მინიშნებას ეცადა საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი 16 ივნისს ბერლინში გამართულ შეხვედრაზე.
„რა თქმა უნდა, ჩვენ რეალისტურები უნდა ვიყოთ,“ – განაცხადა მან. „ქართველები სულ უფრო და უფრო ხვდებიან, რომ თვითონ პროცესია მნიშვნელოვანი… პროცესი ამბიციური მიზნისკენ. ეს არის ქართველების კანონიერი უფლება და მათ ამ ოცნებას ვერავინ წაართმევს.“
ოფიციალურ მოსკოვს არაერთხელ გამოუთქვამს უკმაყოფილება ნატოს რუსეთის საზღვართან მიახლოების გამო, თუმცა რუსი ანალიტიკოსები მოსალოდნელ ცვლილებებში საფრთხეს ვერ ხედავენ.
„რამდენადაც ვიცი, ნატო არ იღებს ისეთ ქვეყნებს, რომლებსაც აქვთ მოუგვარებელი კონფლიქტები,“ – განაცხადა ჩვენთან საუბრისას მოსკოვის პოლიტიკური და სამხედრო ანალიზის ინსტიტუტის დირექტორმა ალექსანდრე კრამჩიხინმა. „ამიტომაც, არ არსებობს საქართველოსთვის ნატოში გაწევრიანების პერსპექტივა მანამ, სანამ ის ოფიციალურად არ აღიარებს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობას.
„რაც შეეხება თანამშრომლობის კიდევ უფრო მეტად გაძლიერებას და ნატოს კონტინგენტის საქართველოში გაზრდას, მე ამას არ ველოდები, მაგრამ თუ ეს მოხდება, მოსკოვის პასუხი იქნება ადეკვატური. რაც უფრო დიდი იქნება მათი კონტინგენტი, მით უფრო გაიზრდება საჯარისო შენაერთების რაოდენობა აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში, ისევე როგორც რუსეთის ჩრდილოეთ კავკასიაში.“
„არ მგონია, რომ საქართველო უახლოეს მომავალში გახდეს ალიანსის წევრი,“ – დასძინა მოსკოვის „პირ ცენტრის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ ევგენი ბუჟინსკიმ.
„საქმე იმაშია, რომ არ არსებობს იმის გარანტია, რომ არ გამოჩნდება კიდევ ერთი სააკაშვილი, რომელიც მოვა ხელისუფლების სათავეში და გადაწყვეტს ე.წ. ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნებას. ამ შემთხვევაში, სამხედრო კონფრონტაცია რუსეთთან გარდაუვალია, და თუ საქართველო გახდება ნატოს წევრი, მაშინ კონფრონტაცია, მთელი თავისი შედეგებით, მოხდება რუსეთსა და ნატოს შორის.
„ამიტომაც, ვარშავის და ყველა მომდევნო სამიტების საბოლოო კომუნიკეში საქართველოს შესახებ დასკვნა იქნება იგივე: შეინიშნება მნიშვნელოვანი პროგრესი და კონტრიბუცია, მაგრამ კიდევ უფრო მეტი არის გასაკეთებელი,“ – განაცხადა ბუჟინსკიმ.
იმავე აზრს იზიარებს ჯეიმს ნიქსი, რომელიც თვლის, რომ „ვარშავის სამიტზე საქართველოს პროგრესი არ ელოდება. აქ კი ნამდვილად არის საფრთხე – იმედგაცრუება, რომ ქვეყანას დასავლურ კლუბში შესვლაზე უთხრეს უარი.“
ამან კი, ნიქსის აზრით, შესაძლოა გამოიწვიოს საქართველოს გადახვევა დემოკრატიული ნორმებისა და სტანდარტებიდან.
„საბოლოო ჯამში, რაც უფრო მეტად ეცდება საქართველო თავისი ინსტიტუტების დასავლურ ინსტიტუტებთან შესაბამისობაში მოყვანას, მით უფრო გაუჭირდება ნატოს მისთვის უარის თქმა; მაგრამ ალბათ არც გაუჭირდება,“ – აღნიშნავს ექსპერტი. „დასავლეთი ყველა ღონეს იხმარს, რომ აირიდოს შეკითხვები და – ან – რამე პასუხი მოიგონოს.“