შიშები საქართველო - ბელარუსის უსაფრთხოების შეთანხმების ირგვლივ
„შეთანხმება ძალიან საშიშია ბელარუსის მშვიდობიანი, ძალადობის მოწინააღმდეგე მოქალაქეებისთვის, რომლებიც ცდილობენ გაქცევით უშველონ თავს.“
შიშები საქართველო - ბელარუსის უსაფრთხოების შეთანხმების ირგვლივ
„შეთანხმება ძალიან საშიშია ბელარუსის მშვიდობიანი, ძალადობის მოწინააღმდეგე მოქალაქეებისთვის, რომლებიც ცდილობენ გაქცევით უშველონ თავს.“
საქართველოში მცხოვრები ბელარუსი დევნილი საზოგადოება შიშობს, რომ თბილისსა და მინსკს შორის უსაფრთხოების ახალი შეთანხმება მათ სერიოზულ საფრთხეს შეუქმნის, გარდა იმისა, რომ ლუკაშენკოს რეჟიმთან ნებისმიერი სახით კავშირის გამყარება უკან დახევს საქართველოს დემოკრატიას.
შეთანხმება, რომელსაც ხელი 2016 წელს მოეწერა, მაგრამ ძალაში მხოლოდ ამ წლის 16 აგვისტოს შევიდა, გულისხმობს ორ მთავრობას შორის უსაფრთხოების საკითხებზე ინფორმაციის რეგულარულად გაცვლას და თანამშრომლობას „კონსტიტუციური წესრიგის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ტრანსნაციონალური ორგანიზებული დანაშაულის, ტერორიზმის, კიბერტერორიზმის და იარაღის უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის საქმეში.“
შეთანხმება ასევე ითვალისწინებს უსაფრთხოების საკითხებში წარმომადგენლების გაგზავნას მეორე ხელმომწერი სახელმწიფოს ტერიტორიაზე.
ორგანიზაცია „საერთაშორისო ამნისტიამ“ მოუწოდა ქართულ მხარეს არ გამოიყენოს შეთანხმება „გამოხატვის თავისუფლებისა და პირადი ცხოვრების უფლების შეზღუდვისთვის.“ თბილისის ადამიანის უფლებათა სახლმა ასევე მოუწოდა ქართულ მხარეს „არ დაუშვას უსაფრთხოების სამსახურებს შორის შეთანხმების რეალური ამოქმედება.“
თბილისის ადამიანის უფლებათა სახლი ასევე ხაზგასმით აღნიშნავს, რომ საქართველო არის ერთ-ერთი იმ რამდენიმე ქვეყანას შორის, რომელსაც ბელარუსთან ფრენები არ შეუჩერებია და რის გამოც 2020 წლის აგვისტოს შემდეგ რეპრესიებს გამოქცეული ბელარუსების თავშესაფრად იქცა.
საქართველოში მცხოვრები ბელარუსები სხვადასხვა მხარდამჭერი აქციებით ცდილობდნენ სამშობლოში მყოფი დემოკრატიისთვის მებრძოლი აქტივისტების მხარდაჭერას. თუმცა, ახლა ისინიც შიშობენ, რომ აღარ არიან დაცულები იმ საფრთხეებისგან, რომელთა გამოც მოუწიათ თავის დროზე სამშობლოდან გამოქცევა.
ბელარუსი ოპოზიციონერი ლიდერი ანდრეი სანიკოვი ამობს, რომ მისთვის განსაკუთრებით საყურადღებოა შეთანხმების ძალაში შესვლის დრო.
„შეთანხმებას ხელი მოეწერა 2016 წელს - იმ დროს, როდესაც ევროკავშირს ლუკაშენკოს მიმართ ძალიან შერბილებული ჰქონდა თავისი პოზიცია, რაც გაუმართლებელი იყო, მაგრამ იმ დროს შეთანხმების ხელმოწერა შეიძლება აიხსნას ევროკავშირის იმდროინდელი ზოგადი პოლიტიკით,“ განაცხადა მან. „თუმცა, ჩემი აზრით, ის, რომ მისი ძალაში შესვლა მოხდა ახლა, არის მიზანმიმართული ნაბიჯი. ეს არ არის მხოლოდ ძალიან სახიფათო შეთანხმების ძალაში შესვლა, არამედ არის ლუკაშენკოს ლეგიტიმაციის არაპირდაპირი გზა - ლუკაშენკოს, რომელსაც ახლა კრიმინალს ეძახიან და რომელმაც ჩაიდინა დანაშაული კაცობრიობის წინააღმდეგ.
„შემთხვევითი არაა, რომ საქართველოს მთავრობამ სწოდედ ახლა მიიღო ეს გადაწყვეტილება. როგორც მთავრობას, მას შეეძლო ცოტა ხანს მოეცადა. დარწმუნებული ვარ, რომ არ არსებობდა არანაირი გადაუდებელი გარემოება ასეთი სახის შეთანხმებისთვის.”
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, შეთანხმების ასამოქმედებლად სწორედ ბელარუსმა გადადგა საბოლოო ნაბიჯი ერთი თვის წინ. თუმცა, შეთანხმების მიხედვით, მისი ამოქმედება შესაძლებელი იყო მხოლოდ მხარეებს შორის დიპლომატიური ნოტების ოფიციალურად გაცვლის შემდეგ, ასე რომ, მისი ამოქმედება ვერ მოხდებოდა ქართულ მხარეს მწვანე შუქის რომ არ აენთო მისთვის.
თანაც ეს მოხდა იმ ფონზე, როცა ქართულ საზოგადოებაში სულ უფრო იზრდება მღელვარება დემოკრატიული უკუსვლის და დასავლური ღირებულებებისგან დაშორების გამო.
ამასთან ერთად, ივლისის თვეში საქართველოს მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება ევროკავშირის შუამავლობით გაფორმებული 19 აპრილის შეთანხმების დატოვების შესახებ, შეთანხმების, რომელიც ითვალისწონებდა მნიშვნელოვანი საარჩევნო, საკონსტიტუციო და სასამართლო რეფორმების განხორციელებას. ბელარუსის უშიშროების სამსახურთან დადებული შეთანხმების ძალაში შესვლიდან ორი კვირის თავზე კი საქართველოს მთავრობამ უარი თქვა ევროკავშირის მაკრო-ფინანსურ სესხზე, რომლის ერთ-ერთი პირობა სწორედ სასამართლო რეფორმის გატარება იყო.
საზოგადოებრივ მღელვარებას დიდი ბიძგი მისცა 5 ივლისის მოვლენებმაც, როდესაც ხელისუფლებამ ვერ შეძლო თბილისი პრაიდის აქტივისტების და მისი მხარდამჭერების მოძალადე ბრბოსგან დაცვა. ძალადობის შედეგად დაშავდა 50-ზე მეტი ჟურნალისტი, ერთი ოპერატორი კი მოგვიანებით გარდაიცვლა.
სანიკოვის აზრით, თბილისი კარგად აცნობიერებს იმ საფრთხეს, რაც ამ შეთანხმებას უკავშირდება.
„არ მგონია, რომ საქართველოს მთავრობამ არ იცოდეს, რომ ბელარუსში ლუკაშენკო წყვეტს ვინ არის კრიმინალი და ვინ არა,“ განაცხადა მან. „შეთანხმება მოიაზრებს თანამშრომლობას ექსტრემიზმის და ტერორიზმის წინააღმდეგ, მაგრამ დღეს ბელარუსში დამოუკიდებელი პრესა არის ‘ექსტრემისტი’... შეთანხმება ძალიან საშიშია ბელარუსის მშვიდობიანი, ძალადობის მოწინააღმდეგე მოქალაქეებისთვის, რომლებიც ცდილობენ გაქცევით უშველონ თავს.”
საქართველოში მცხოვრები ახალგაზრდა ბელარუსი ქალი, რომელმაც ანონიმურად დარჩენა ისურვა, აცხადებს, რომ ბელარუსში დაბრუნების შემთხვევაში მას საფრთხე ემუქრება.
„ყველა საპორტესტო აქციაში ვიღებდი მონაწილეობას, ასევე ვიყავი ერთ-ერთი ოპოზიციური პარტიის წევრიც,“ თქვა მან. „ვიყავი დამკვირვებელი არჩევნებზეც. ჩემი საქმიანობის გამო, ბელარუსში დარჩენა ჩემთვის უსაფრთხო აღარ იყო და საქართველოში ჩამოვედი.”
ამ ნაბიჯის გადადგმაში მას ქართული არასამთავრობო ორგანიზაცია დაეხმარა. ორგანიზაცია ქალს ბინადრობის ნებართვისა და საცხოვრებელი ადგილის პოვნაშიც დაეხმარა.
„აქ თავს ბევრად უკეთ ვგრძნობ, უფრო დაცულად,“ თქვა მან. „არ ვფიქრობ იმაზე, რომ პოლიციელები ქუჩაში დამიჭირენ და ციხეში ჩამსვამენ. მაგრამ, ბელარუსში დაბრუნების მეშინია, სტრესში ვარ. არ ვიცი რა მელოდება იქ,” აღნიშნა მან.
საქართველოში მცხოვრებმა კიდევ ერთმა ბელარუსმა, რომელმაც ასევე ანონიმურად დარჩენა ითხოვა, თქვა, რომ ცვლილებები მის დევნილ თანამემამულეებს უკვე დაეტყო.
„ამ შეთანხმების შემდეგ, ჩვენ, საქართველოში მყოფი ბელარუსები უფრო ფრთხილად ვართ, ბევრმა ანგარიშებიც კი ანონიმური გახადა,“ თქვა მან. „ჩვენ ვიცით, რომ საქართველოს მთავრობას გადაუცია პოლიტიკური აქტივისტები აზერბაიჯანისა და რუსეთისთვის. მიუხედავად იმისა, რომ ვხვდებით, რომ ნაკლებად სავარაუდოა საქართველომ მოახდინოს ვინმეს ექსტრადირება იმის გათვალისწინებით, თუ რა ფასი დაუჯდება ეს - მაგალითად ევროკავშირის კრიტიკა -მაინც არ გამოვრიცხავთ, რომ ვინმეს ექსტრადირება მოხდეს არაოფიციალურად.“
მისი თქმით, მას ასევე არ ესიამოვნა როდესაც თვის დასაწყისში გაიგო, რომ ბელარუსის საარჩევნო ადმინისტრაციიის წარმომადგენლები საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის ფარგლებში დააკვირდებოდნენ საქართველოს 2 ოქტომბრის ადგილობრივ არჩევნებს.
ეს შეიძლება იყოს გადამწყვეტი მომენტი, თქვა ბელარუსმა დევნილმა და დასძინა, რომ მისი აზრით, „შესაძლებელია მომავალში საქართველოს მთავრობა ავტორიტარული რეჟიმად გარდაქმნის გზას დააგდეს და რუსეთთან თანამშორმლობისკენაც გადაიხაროს. მაშინ აღარაფერი იქნება გასაკვირი.“
სტატია მომზადებულია გააძლიერე, გაადამოწმე, ჩაერთე პროექტის ფარგლებში, რომელიც ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.
This publication was prepared under the "Amplify, Verify, Engage (AVE) Project" implemented with the financial support of the Ministry of Foreign Affairs, Norway.