შეიცვალა თუ არა უკრაინის პოზიცია ყარაბაღის საკითხთან დაკავშირებით?

ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერის მიუხედავად, კიევის განცხადებები უფრო ორაზროვანი გახდა

შეიცვალა თუ არა უკრაინის პოზიცია ყარაბაღის საკითხთან დაკავშირებით?

ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერის მიუხედავად, კიევის განცხადებები უფრო ორაზროვანი გახდა

President of Ukraine, Volodymyr Zelensky. (Photo by Aaron Chown - WPA Pool/Getty Images)
President of Ukraine, Volodymyr Zelensky. (Photo by Aaron Chown - WPA Pool/Getty Images)
Wednesday, 21 October, 2020

მთიან ყარაბაღში კონფლიქტის განახლებამ  უკრაინა რთულ მდგომარეობაში ჩააყენა. აზერბაიჯანი მისი ტრადიციული მოკავშირეა, მაგრამ ამავე დროს კიევი ცდილობს შეინარჩუნოს დიპლომატიური ბალანსი.

ამის მიზეზი არ არის მხოლოდ უკრაინაში მცხოვრები მრავალრიცხოვანი სომხური და აზერბაიჯანული დიასპორა. კიევი პოსტსაბჭოთა სივრცეში მიმდინარე ყველა კონფლიქტს აღიქვამს როგორც რუსეთის მცდელობას დაიბრუნოს კონტროლი ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებზე. ამიტომაც, ყარაბაღი მას რუსეთთან უკრაინის აღმოსავლეთ რეგიონებში მიმდინარე ომს აგონებს.  

უკრაინა აზერბაიჯანის ტერიტორიულ მთლიანობას 1994 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შემდეგ უჭერს მხარს. ყირიმის ანექსიისა და დონბასში მიმდინარე ომის შემდეგ კი ეს პოზიცია კიდევ უფრო მტკიცე და თანმიმდევრული გახდა.

საკუთარი ვითარებიდან გამომდინარე, უკრაინა არ აღიარებს არცერთი თვითგამოცხადებული სახელმწიფოს დამოუკიდებლობას. მათ შორის არც კოსოვოს, რომელსაც აღიარებს ამერიკის შეერთებული შტატები და ბევრი ევროპული სახელმწიფო. კიევი შიშობს, რომ ასეთი ნაბიჯი შეასუსტებს მის პოზიციას ყირიმთან დაკავშირებით.

გარდა ამისა, ნებისმიერი საერთაშორისო კონფლიქტის შემთხვევაში უკრაინა ემხრობა სახელმწიფო საზღვრების ხელშეუხებლობის პრინციპს.

„ტერიტორიული მთლიანობის საკითხზე ფოკუსირებით, უკრაინა ავტომატურად იკავებს აზერბაიჯანის მხარეს მიმდინარე კონფლიქტში. თუმცა, ამასთან ერთად პოზიტიური მომენტია ისიც, რომ ის მხარს უჭერს კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარებას,”- განაცხადა სომხეთის ელჩმა უკრაინაში ტიგრან სეირანიანმა IWPR-თან საუბრისას.

ამ მიდგომას იზიარებს უკრაინელი პოლიტიკოსებისა და ექსპერტების უმრავლესობა.

ცოტა ხნის წინ, უკრაინამ შეიმუშავა ახალი ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგია, სადაც აზერბაიჯანი სტრატეგიულ პარტნიორად არის მოხსენიებული. ეს ნიშნავს, რომ ბაქოსთან ურთიერთობა უკრაინას თავის უახლოესი პარტნიორების პოლონეთის, ლიეტუვას და საქართველოს დონეზე ჰყავს აყვანილი.

სტრატეგიული პარტნიორის სტატუსი აქვს თურქეთსაც, რომელიც აქტიურად არის ჩართული კონფლიქტში აზერბაიჯანის მხარეს.

სომხეთი, რომელიც რუსული „ევრაზიის ეკონომიკური კავშირის“ და „კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის“ წევრია, ყირიმსა და დონბასთან დაკავშირებულ ყველა კენჭისყრაში ტრადიციულად რუსეთის მხარეს იჭერდა, ხოლო ბაქო ყოველთვის უკრაინას უჭერდა მხარს.

ყველა ამ ფაქტორის გათვალისწინებით, ლოგიკურია რომ კიევი ღიად უნდა უჭერდეს მხარს აზერბაიჯანს მის ტერიტორიებზე კონტროლის აღდგენის სურვილში.

თუმცა, კიევის რეაქცია, ყოველ შემთხვევაში, კონფლიქტის დასაწყისში, საკმაოდ ბუნდოვანი იყო.

საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გაკეთებული განცხადება საბრძოლო მოქმედებების განახლების თაობაზე ბევრად განსხვავდებოდა უწყების ადრინდელი განცხადებებისგან.

ჯერ ერთი იმიტომ, რომ ის გამოქვეყნდა სამინისტროს ფეისბუკის გვერდზე და არა სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე და ასევე იმიტომ, რომ მასში პირველად არ იყო ნახსენები აზერბაიჯანის ტერიტორიული მთლიანობის უპირობო მხარდაჭერა.

„დღემდე, უკრაინის პოზიცია იყო მკაფიოდ პროაზერბაიჯანული,“ აღნიშნავს უკრაინაში მოღვაწე პოლიტოლოგი მარატ ჰაკობიანი. „ახლა კი ის უფრო დაბალანსებული გახდა.”

ანალიტიკოსების ნაწილი თვლის, რომ სამხრეთ კავკასიაში მიმდინარე კონფლიქტი უკრაინის საშინაო პოლიტიკის საკითხი უფროა, ვიდრე საგარეო პოლიტიკის და ამის მიზეზი შინაგან საქმეთა მინისტრი არსენ ავაკოვია, უკრაინაში სომხური დიასპორის ყველაზე ცნობილი და გავლენიანი წარმომადგენლი.

ავაკოვი, მის ირგვლივ განვითარებული არაერთი დაპირისპირების მიუხედავად, ბოლო ექვსი წელია ახერხებს შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობის შენარჩუნებას. გასულ ზაფხულს მისი გადადგომის მოთხოვნით საპროტესტო აქციებიც კი გაიმართა. ხალხი აპროტესტებდა მის გადამეტებულ ძალაუფლებას და სამართალდამცავ ორგანოებში არსებულ პრობლემებს, რომელთა მოგვარებაც ავაკოვმა ვერ შეძლო მინისტრად დიდხანს ყოფნის მიუხედავად.

მისი არამეგობრული დამოკიდებულება აზერბაიჯანის მიმართ კიდევ ერთხელ გამომჟღავნდა ამ წლის დასაწყისში, როდესაც მისმა სამინისტრომ ევროკავშირის მიერ ორგანიზებულ სემინარზე ბაქოში გაგზავნა ეთნიკურად სომეხი დელეგატი და გასაკვირი არ არის, რომ მასპინძელმა ქვეყანამ უარი თქვა მის მიღებაზე. ამის შემდეგ, ავაკოვმა წერილი გაუგზავნა ევროკავშირის საელჩოს, რომელშიც აზერბაიჯანის წინააღმდეგ სადამსჯელო ზომების გატარებას ითხოვდა.

მიუხედავად იმისა, რომ ავაკოვი მინისტრის პოსტს 2014 წლიდან იკავებს, მისი გავლენა განსაკუთრებით გაიზარდა ზელენსკის გაპრეზიდენტების შემდეგ. აღსანიშნავია, რომ 2016 წლის ესკალაციის დროს ავაკოვის პოზიცია გაცილებით თავშეკავებული იყო.

„არსენ ავაკოვის გავლენა მნიშვნელოვნად სცილდება იმ სამინისტროს, რომელსაც ის ხელმღვანელობს”, აღნიშნავს ახლო აღმოსავლეთის კვლევითი ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი იგორ სემივოლოსი. „ის აშკარად არ არის პროაზერბაიჯანელი და მთელი ძალისხმევით ცდილობს გამოიყენოს მისი გავლენა ყარაბაღის თაობაზე უკრაინის პოზიციის შესაცვლელად”.

2019 წლის საპრეზიდენტო და მოგვიანებით ვადამდელი საპარლამენტო არჩევნებით ქვეყნის პოლიტიკური ლანდშაფტი კიდევ უფრო შეიცვალა.

ყოფილი პრეზიდენტის პეტრო პოროშენკოს „ევროპული სოლიდარობის პარტია“ ყარაბაღის კონფლიქტს დონბასის ანალოგად მიიჩნევს და თვლის, რომ უკრაინამ სრულად უნდა დაუჭიროს მხარი ბაქოს, წინააღმდგ შემთხვევაში ეს იქნება რუსეთის მიმართ ქვეყნის პოზიციის შესუსტება.

პრორუსული ოპოზიციური პლატფორმა - „პარტია სიცოცხლისთვის“ მხარს უჭერს სომხეთს იმ არგუმენტით, რომ ამით ისინი გვერდში უდგანან ქრისტიანულ სახელმწიფოს მუსულმანურ სამყაროსთან ბრძოლაში.

რაც შეეხება პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის „ხალხის მსახურის“ პარტიას, მმართველი პარტიის დეპუტატებს ამ საკითხთან დაკავშირებით ერთიანი და მკაფიო პოზიცია არ დაუფიქსირებიათ. აზერბაიჯანის ტერიტორიული მთლიანობისადმი უკრაინის მტკიცე მხარდაჭერის შესახებ განცხადება გაკეთდა მხოლოდ მას შემდეგ, რაც ავაკოვი და „ხალხის მსახურის“ დეპუტატი ლუდმილა მარჩენკო ყარაბაღის საკითხზე სოციალურ ქსელში წაკამათდნენ.

მარჩენკომ განცხადა, რომ აუცილებელი იყო აზერბაიჯანისთვის როგორც ჰუმანიტარული, ისე სამხედრო დახმარების გაწევა. ამის საპასუხოდ ავაკოვმა ტვიტერში დაწერა: „უკრაინა არ გაუწევს სამხედრო დახმარებას სომხურ-აზერბაიჯანული კონფლიქტის არცერთ მხარეს... აი, სამედიცინო დახმარების გაწევა კი აუცილებელია ფანტაზიორი პარლამენტარებისთვის…”

კონფლიქტის ფონზე შექმნილი ორჭოფობა რთულ მდომარეობაში აყენებს კიევს. გაუბედაობამ, რომელსაც კიევი ყარაბაღის საკითხზე მხარდაჭერის ღიად დაფიქსირებისას ავლენს, შეიძლება იმედი გაუცრუოს მის სტრატეგიულ პარტნიორ აზერბაიჯანს და მომავალში მან აღარ დაუჭიროს მხარი უკრაინას მისთვის მნიშვნელოვან საკითხებში.

თუმცა, უკრაინამ ყარაბაღის მიმართ პოზიცია რომც შეიცვალოს, ამით სომხეთი არ გახდება უფრო პროუკრაინული.

„სომხეთი ზედმეტად არის დამოკიდებული რუსეთის ფედერაციაზე, ჩვენი მოკავშირე რომ გახდეს”, აღნიშნა სემივოლოსმა. „შედეგად, ჩვენ დავკარგავთ მოკავშირეს და სამაგიეროდ ვერაფერს მივიღებთ.”

This publication was prepared under the "Giving Voice, Driving Change - from the Borderland to the Steppes Project" implemented with the financial support of the Foreign Ministry of Norway.

Frontline Updates
Support local journalists