საქართველოში ჰეპატიტი არ კონტროლდება
სახელმწიფო ბიუჯეტი ვერ ფარავს ძვირადღირებული მკურნალობის ხარჯებს.
საქართველოში ჰეპატიტი არ კონტროლდება
სახელმწიფო ბიუჯეტი ვერ ფარავს ძვირადღირებული მკურნალობის ხარჯებს.
საქართველოს ჯანდაცვის სისტემას უჭირს C ჰეპატიტის მაღალ მაჩვენებელთან გამკლავება, ყოველი მეთოთხმეტე ადამიანი ქვეყანაში ვირუსის მატარებელია.
ოფიციალური სტატისტიკით 200 000 ადამიანია ინფიცირებული, რაც მოსახლეობის 6.7% შეადგენს. შედარებისათვის, ეს მაჩვენებელი 2.5%- ია ამერიკის შეერთებულ შტატებში, ხოლო ჩრდილოეთ ევროპის ქვეყნებში მოსახლეობის ერთი პროცენტიც არ არის ინფიცირებული.
წამლების წარმოუდეგენელი სიძვირის გამო მკურნალობის კურსი ჩატარებული აქვს 10 დაავადებულიდან მხოლოდ ერთს. 1000 პაციენტი ღვიძლის გადანერგვის მოლოდინშია, რისი საჭიროებაც ავადმყოფობის გვიან სტადიაზე დგება.
39 წლის გიას C ჰეპატიტის დიაგნოზი 2008 წელს რიგითი სამედიცინო შემოწმების დროს დაუსვეს. მიუხედავად იმისა, რომ მას ჰქონდა დაზღვევა სადაზღვეო კომპანიამ უარი განაცხადა მკურნალობის დაფინანასებაზე.
„ანალიზების ფული ჩემით გადავიხადე, ძალიან ძვირი დამიჯდა. ექიმმა მკურნალობის დაწყება მირჩია. გადავიწყვიტე სესხის აღება ხარჯების დასაფარად, ამასობაში სამსახურიდანაც გამომიშვეს ჰეპატიტის გამო,“ ამბობს გია. „მას შემდეგ სტაბილური სამსახური არც მქონია, შესაბამისად მკურნალობაზე ვერც ვიოცნებებ.“
პაციენტებს ორი ანტივირუსილი პრეპარატით მკურნალობენ- ინტერფერონი და რიბავერინი. 24 კვირიანი კურსი, ორივე წამლის გამოყენებით, 10 000 ლარამდე ჯდება. ეს წარმოუდგენლად დიდი თანხაა ქვეყნისთვის, სადაც დასაქმებულთა საშუალო ხელფასი თვეში დაახლოებით 700 ლარია. საქმე ხშირად მკურნალობამდეც კი ვერ მიდის, რადგან მხოლოდ გამოკვლევა ჯდება 1600 ლარი, ეს კი ბევრისთვის მიუწვდომელი თანხაა.
საქართველოს ჯანმრთელობის მინისტრის განცხადებით ქვეყნის ბიუჯეტში ამდენი ადამიანის სამკურნალოდ თანხა უბრალოდ არ მოიპოვება.
„C ჰეპატიტის ვირუსით ინფიცირებული 200 000 ადამიანიდან მკურნალობა დაახლოებით 20% ესაჭიროება. ამისათვის 800 მილიონი ლარი იქნებოდა საჭირო. ათას ადამიანს ღვიძლის გადანერგვა ესაჭიროება, ეს ოპერაცია მხოლოდ საზღვარგარეთ კეთდება და 300 000-500 000 ევრო ჯდება,“ განაცხადა მან. „საქართველო ჯანდაცვის ბიუჯეტი მხოლოდ 650 მილიონ ლარს შეადგენს. მთლიანი ბიუჯეტიც რომ მივმართოთ ჰეპატიტით ინფიცირებულთა სამკურნალოდ თანხა მაინც არ იქნება საკმარისი.“
ექიმი ინფექციონისტების თქმით მონაცემები ინფიცირებული პაციენტების რაოდენობის შესახებ არაზუსტია. 200 000 ადამიანი 2004 წელს ჩატარებული კვლევის შედეგად გამოვლინდა, ამჟამინდელი მაჩვენებელი კი შეიძლება გაცილებით მაღალი იყოს.
„არ არსებობს ზუსტი მონაცემები იმისა თუ რამდენი ადამიანია C ჰეპატიტით ინფიცირებული ან დაავადების რა სტადიაზე იმყოფებიან ისინი,“ ამბობს ექიმი – ინფექციონისტი ლალი შარვაძე. “ის მონაცემები რაც ჩვენ გაგვაჩნია მიუთითებს იმაზე, რომ დაავადებულთა მხოლოდ ათი პროცენტი იღებს სათანადო მკურნალობას.“
საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების დაფინანსებით C ჰეპატიტის მკურნალობა მხოლოდ შიდსის ვირუსით დაავადებული პაციენტებისთვის არის უფასო.
ქართველი ჟურნალისტი ირაკლი იმნაიშვილი ამჟამად ინგლისში ცხოვრობს და C ჰეპატიტის მკურნალობას იქ იტარებს. ის თავის გამოცდილებას საზოგადოებას ბლოგის მეშვეობით უზიარებს. მისი თქმით საქართველოს ხელისუფლებამ, რომელსაც არც ისე ბევრი ფული აქვს უნდა გაითვალისწინოს წარსულის გამოცდილება და წამლებზე ფასები დაარეგულიროს.
„ასეთი პრეცედენტი უკვე არსებობს. არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს ზიანის შემცირების ქსელმა“ ასეთ ფარმაკოლოგიურ კომპანიებთან მოლაპარაკების შემდეგ საგრძნობლად შეამცირა მკურნალობის საფასური. ახლა წარმოიდგინეთ, რომ სახელმწიფომ თუნდაც რამდენიმე ასეული ადამიანის მკურნალობის კურსზე ტენდერი გამოაცხადოს – გარანტიას გაძლევთ, რომ საქართველოში C ჰეპატიტის მკურნალობის ფასი საგრძნობლად შემცირდება. ამისთვის მხოლოდ პოლიტიკური ნებაა საჭირო.“
მანანა ვარდიაშვილი თავისუფალი ჟურნალისტია საქართველოში