Institute for War and Peace Reporting | Giving Voice, Driving Change

აზერბაიჯანი: ევროპული თამაშებისთვის მზადების ფონზე დაჭერები გრძელდება

გამოძიებამ არ გაითვალისწინა ვიდეო ჩანაწერი, რომელშიც ჩანს როგორ სიმულანტობს „მსხვერპლი“ იმისთვის, რომ პოლიციას „ხულიგანი“ უფლებადამცველი დააჭერინოს.
By Afgan Mukhtarli
  • ტალეჰ ხასმამადოვი (ფოტო: ტალეჰ ხასმამადოვის ფეისბუკ გვერდი).
    ტალეჰ ხასმამადოვი (ფოტო: ტალეჰ ხასმამადოვის ფეისბუკ გვერდი).

აზერბაიჯანში კიდევ ერთი უფლებადამცველი აქტივისტი დააკავეს, რომელიც ხელისუფლების აქტიური კრიტიკით გამოირჩეოდა.

26 თებერვალს, გოიჩაის რაიონულმა სასამართლომ ტალეჰ ხასმამადოვს სამთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა „ხულიგნობის“ ბრალდებით. უფლებადამცველის დაკავება ხდება იმ ფონზე, როცა აზერბაიჯანი გაცხარებულად ემზადება ევროპული თამაშების მასპინძლობისთვის, ხოლო ხელისუფლება იგერიებს ბრალდებებს ქვეყანაში ადამიანის უფლებების დარღვევების მხრივ არსებული მძიმე სიტუაციის შესახებ.

„ტალეჰ ხასმამადოვი იცავდა ადამიანის უფლებებს გოიჩაიშიც და მის მიმდებარე რაიონებშიც,“ – განაცხადა ჩვენთან საუბრისას კოალიცია „აზერბაიჯანი პოლიტიკური პატიმრების გარეშე“ კოორდინატორმა ოქტაი გულალიევმა. „ეს დაპატიმრება მის საქმიანობას უკავშირდება“.

ხასმამადოვს პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევის და „ხულიგნობის“ ბრალდებით მისჯილი ჰქონდა ოთხწლიანი პატიმრობა, თუმცა 2014 წლის დეკემებრში ის გაათავისუფლეს.

„გათავისუფლების შემდეგ ტალეჰი აგრძელებდა აქტიურ მუშობას და იცავდა რეგიონში ყველა იმ ადამიანს, რომლის უფლებებიც ირღვეოდა,“ – ამბობს გულალიევი.

ტალეჰის დედამ გულბუთა ხასმამადოვამ ონლაინ გამოცემა Arqument.az-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ უცნობმა ადამიანმა მისი შვილის ჩხუბში ჩათრევა სცადა, როცა ის ოჯახის წევრებთან ერთად ქუჩაში სეირნობდა.

„ვიღაც უცნობი მამაკაცი ჩემს შვილს მიუახლოვდა და სახეში შეაფურთხა. როდესაც ტალეჰმა ჰკითხა ეს რატომ გააკეთეო, ის კაცი მიწაზე დავარდა და კივილი დაიწყო. შემდეგ, გულის წასვლა გაითამაშა,“ – თქვა მან. „პოლიციელებმა, რომლებიც იქვე იმყოფებოდნენ, ჩემი შვილი დააპატიმრეს“.

გულალიევის თქმით, ინციდენტი იყო დადგმული პროვოკაცია.

„ინციდენტი ჩაწერილია ქუჩის სათვალთვალო კამერებით და არსებობენ თვითმხილველები. თუმცა, გამოძიებამ და სასამართლომაც უარი თქვა ვიდეო ჩანაწერის განხილვაზე და თვითმხილველების დაკითხვაზეც,“ – თქვა მან.

გულალიევი აღნიშნავს, რომ ადამიანი, რომელიც დაზარალებულად სცნეს, სხვა მსგავსს საქმეებშიც ფიგურირებს მოწმის სახით.

შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ ხასმამადოვის დაკავების მიზეზი იყო სისხლის სამართლის დანაშაული და არა მისი საქმიანობა.

აზერბაიჯანში დისიდენტებს და დამოუკიდებელ ჟურნალისტებს ხშირად აპატიმრებენ ხულიგნობის ან ისეთი ბრალდებებით, რაც მათ დისკრედიტირებას მოახდენს, ხოლო ხელისუფლებას მისცემს იმის თქმის საფუძველს, რომ ის თავის ოპონენტებს არ დევნის. მსგავსი „ხულიგნობის“ ბრალდებით არის დაპატიმრებული გაზეთ „აზადლიგის“ ჟურნალისტი სეიმურ ჰეზი, რომელსაც 2015 წლის 29 იანვარს სასამართლომ ხუთწლიანი პატიმრობა მიუსაჯა. ასეთივე ბრალდებებით, გასული წლის იანვარში ექვსწლიანი პატიმრობა მიუსაჯეს ოპოზიციონერ იადიგარ სადიქოვსაც. შარშან ივლისში სამოქალაქო საზოგადოების აქტივისტი ჰასან ჰუსეინლი ექვსწლიანი ვადით გაუშვეს ციხეში.

„ხულიგნობა, ნარკოტიკების შენახვა, პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევა არის სტანდარტული ბრალდებები, რომლებსაც აქტივისტების წინააღმდეგ იყენებენ,“ – ამბობს გულალიევი.

ხელისუფლება მისდამი კრიტიკულად განწყობილი ადამიანების დასაკავებლად ხშირად ისეთ ბრალდებებსაც იყენებს, როგორიცაა სამსახურეობრივი გულგრილობა, გადასახადებისთვის თავის არიდება და ა.შ., რისი ნათელი მაგალითიცაა ცნობილი აზერბაიჯანელი ჟურნალისტი ხადიჯა ისმაილი. გამოძიებას ის კვლავაც ციხეში ჰყავს, თუმცა მისთვის წარდგენილი თავდაპირველი ბრალდებების დამტკიცება უჭირს.

გადასახადების დაფარვას ედავება პროკურატურა ჟურნალ Farqli Dushunja-ს („განსხავებულად ფიქრი“) მფლობელს, ჟურნალისტ შაჰვალად ჩობანოღლუს. 24 თებერვალს პროკურატურამ, სასამართლოდან მოპოვებული ნებართვის საფუძველზე, ჩობანოღლუს ყველა საგადასახადო დოკუმენტაციის შემოწმება დაიწყო.

ჩობანოღლუს საქმე, ისევე როგორც ისმაილის საქმე, არის რადიო თავისუფლების აზერბაიჯანული სამსახურის წინააღმგედ მიმართული ერთი დიდი სამართლებრივი კამპანიის ნაწილი.

„არ გამოვრიცხავ იმასაც, რომ შეიძლება დამაპატიმრონ,“ – განაცხადა ჩობანოღლუმ.

ადვოკატ ხალიდ ბაგიროვის სიტყვებით, გამომძიებლებს კანონით მხოლოდ სამი წლის პერიოდის საბუთების შემოწმების უფლება აქვთ და არა შვიდი წლის, რისი ნებართვაც მათ მოიპოვეს.

„კანონის ასეთი უხეში დარღვევები იმაზე მიუთითებს, რომ პოლიტიკური დაკვეთით მიმდინარე გამოძიებების მეორე რაუნდი დაიწყო,“ – დასძინა მან.

ხელისუფლების წარმომადგენლები კატეგორიულად არიდებენ თავს ბოლო ერთი წლის მანძილზე განხორციელებული დაჭერების შესახებ საუბარს. მათი თქმით, საერთაშორისო ჯგუფების მიერ ატეხილი განგაში ემსახურება მხოლოდ აზერბაიჯანის სახელის დიკრედიტირებას მოახლოებულ ევროპულ თამაშებთან დაკავშირებით.

პრეზიდენტ ალიევის მთავარი პოლიტიკური მრჩეველი ალი გასანოვი აცხადებს, რომ კრიტიკა მხოლოდ „შავი PR-ს“ ემსახურება.

„ამის ნათელი მაგალითია Amnesty International-ის მოწოდება ევროპული თამაშების ბოიკოტირების შესახებ, დეზინფორმაციის გავრცელება მოსამზადებელ სამუშაოებთან დაკავშირებით და უცხოურ მედიაში არაობიექტური და მიკერძოებული მასალების ’შეკვეთა’,“ – განუცხადა გასანოვმა საინფორმაციო სააგენტო Azertaj-ს.

სინამდვილეში, Amnesty International-ს არავისთვის მოუწოდებია გამოეცხადებინათ ბოიკოტი ევროპული თამაშებისთვის. გასანოვმა არასწორი ციტირება მოახდინა იმ ანგარიშიდან, რომელიც ორგანიზაციამ მარტში გამოაქვეყნა სახელწოდებით - დამნაშავედ ცნობილი ადამიანის უფლებების დაცვისთვის: აზერბაიჯანელი უფლებადამცველები და აქტივისტები გისოსებს მიღმა

ევროპულ თამაშებთან მიმართებაში Amnesty International-ის ევროპისა და ცენტრალური აზიის დირექტორი ჯონ დალჰუსენი თვლის, რომ აზერბაიჯანის ხელისუფლება „უეჭვლად იქნებოდა გამარჯვებული, პრიზები აქტივისტების და უფლებადამცველების დაჭერისთვის რომ რიგდებოდეს.“

აფგან მუხტარლი, დამოუკიდებელი ჟურნალისტია რომელიც საზღვარგარეთ ცხოვრობს.

 

More IWPR's Global Voices