აზერბაიჯანი: გილოცავთ მონების დღეს!

ვანდალიზმის ჩამდენი პირების დაპატიმრების საბაბად ნარკოტიკების შენახვის ბრალდება იქნა გამოყენებული.

აზერბაიჯანი: გილოცავთ მონების დღეს!

ვანდალიზმის ჩამდენი პირების დაპატიმრების საბაბად ნარკოტიკების შენახვის ბრალდება იქნა გამოყენებული.

Giyasaddin Ibrahim faces a lengthy prison sentence. (Photo: Azeri Public Television)
Giyasaddin Ibrahim faces a lengthy prison sentence. (Photo: Azeri Public Television)
Bayram Mamedov spoke out about his alleged torture. (Photo: Shahin Rzayev)
Bayram Mamedov spoke out about his alleged torture. (Photo: Shahin Rzayev)
The Heydar Aliyev statue that was defaced. (Photo: Shahin Rzayev)
The Heydar Aliyev statue that was defaced. (Photo: Shahin Rzayev)
Tuesday, 24 May, 2016

ექსპერტების განცხადებით, ყოფილი პრეზიდენტის ჰეიდარ ალიევის ძეგლის შეურაცხყოფისთვის ორი ახალგაზრდა აქტივისტის დაკავებამ და არასათანადო მოპყრობამ, გამოავლინა, თუ რამდენად ძლიერია პიროვნების კულტი ისედაც რეპრესიულ აზერბაიჯანში.

ახალგაზრდული მოძრაობა „ნიდას“ წევრები, ბაირამ მამედოვი და გიასედინ იბრაჰიმი, 10 მაისს, ბაქოში ნარკოტიკების შენახვის ბრალდებით დააკავეს.

რამდენიმე საათით ადრე, ახალგაზრდებმა ალიევის ძეგლზე საღებავით დაწერეს „ძირს სისტემა!“ ინგლისურად და „გილოცავთ მონების დღეს!“ აზერბაიჯანულად, რის შემდეგაც ფოტოები სოციალური მედიით გაავრცელეს.

2004 წლის შემდეგ, 10 მაისი, აზერბაიჯანის ყოფილი პრეზიდენტის და ამჟამინდელი პრეზიდენტის მამის, ჰეიდარ ალიევის დაბადების დღე, ყოველწლიურად აღინიშნება ყვავილების დღესასწაულის სახით.

თუმცა, ხალხში მას მონების დღეს ეძახიან, რაც სიტყვების თამაშის შედეგია. აზერბაიჯანულად „Gul“ ნიშნავს ყვავილს, ხოლო “Qul”- მონას. 

სამართლებრივი დევნის დაწყება ისეთი ბრალდებით, რომელიც აშკარად არის  გამიზნული დაკავებულის რეპუტაციის შესალახად, საკმაოდ გავრცელებული პრაქტიკაა აზერბაიჯანში. ხშირად, დაპატიმრების საბაბი ხდება ფინანსური გადაცდომების გამოყენება.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, 10 მაისს მამედოვის და იბრაჰიმის ბინების ჩხრეკისას, აღმოჩენილი იქნა ორი კილოგრამი ჰეროინი.

ბაქოს რაიონულმა სასამართლომ ახალგაზრდებს ოთხი თვით წინასწარი პატიმრობა მიუსაჯა. დაკავებულების ადვოკატმა ელჩინ სადიგოვმა განაჩენი გააპროტესტა, თუმცა 20 მაისს მასზე უარი მიიღო, რის შემდეგაც მამედოვმა შიმშლობა გამოაცხადა.  

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში დაკავებულ აქტივისტებს თორმეტ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.

„აზერბაიჯანის ხელისუფლებამ შექმნა ნაციონალური კულტი და სჯის ყველას, ვინც მას შეეხება,“ – განაცხადა ჩვენთან საუბრისას ახალგაზრდული მოძრაობა „ნიდას“ მმართველობის წევრმა ულვი ჰასანლიმ.

მისი აზრით, აზერბაიჯანში შექმნილი პოლიტიკური სიტუაციის გამო,  „ადამიანებს არ აქვთ იმის შესაძლებლობა, რომ პროტესტი ტრადიციული ფორმით გამოხატონ და ამიტომაც მიმართავენ პროტესტის ასეთ არასტანდარტულ ფორმებს“.

ჰასანლი ასევე აღნიშნავს, რომ ახალგაზრდების მიერ სოციალური მედიით გავრცელებული პოსტი ათასობით ადამიანმა ნახა და გააზიარა.

„ამიტომაც ჰქონდა რეჟიმს ასეთი აგრესიული და ისტერიკული რეაქცია,“ – დასძინა მან.

ადვოკატი ფარიზ ნამაზლი განმარტავს, რომ აქტივისტები ნარკოტიკების შენახვის ბრალდებით იმიტომ დააკავეს, რომ ძეგლის დაზიანება არ ითვლება სისხლის სამართლებრივ დანაშაულად.

„ჰეიდარ ალიევის ძეგლი არ წარმოადგენს კულტურული მემკვიდრეობის ობიექტს. ეს არის ერთი ჩვეულებრივი ძეგლი, რომელსაც ქვეყნის მოსახლეობისთვის არავითარი განსაკუთრებული მნიშვნელობა არ გააჩნია,“ – განაცხადა მან ჩვენთან საუბრისას და აქვე დასძინა, რომ ძეგლისთვის გამოუსწორებელი ზიანი არც ყოფილა მიყენებული. „საღებავი ჩამოირეცხა და მორჩა. დიდი-დიდი შეიძლება იყოს საუბარი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევაზე.“

სადიგოვმა თავისი ფეისბუკის გვერდზე გაავრცელა მამედოვის მიმართვა, რომელშიც ის წამებასა და არასათანადო მოპყრობას აღწერს.     

„სამოქალაქო ტანსაცმელში ჩაცმულმა სამმა მამაკაცმა ძალით ჩამტენა მანქანაში, თეთრი ფერის „ჯიპში,“ წამიყვანეს პოლიციის მე-12 განყოფილებაში, შემიყვანეს უფროსის კაბინეტში, სადაც ასევე იმყოფებოდა სამოქალაქო ტანსაცმელში ჩაცმული რვა ადამიანი,“ – წერს მამედოვი. „დამიწყეს ცემა ხელებით, მუშტებით და წიხლებით. მეკითხებოდნენ, რისთვის გადავუღე ძეგლს სურათი.“

ამის შემდეგაც ისევ გააგრძელეს მისი ცემა.

მოგვიანებით, მამედოვი და იბრაჰიმი სხვა ადგილას გადაიყვანეს და იქაც გააგრძელეს მათი წამება. მამედოვის სიტყვებით, მას ხელებზე და ფეხებზე ხელბორკილები ეკეთა და ისე სცემდნენ. პოლიციელები მას დაემუქრნენ, რომ „დუბინკით“ გააუპატიურებდნენ, თუ არ აღიარებდა ნარკოტიკებით ვაჭრობას. თავში ძლიერი დარტყმების შედეგად, ის დროდადრო კარგავდა გონებას და მხოლოდ მას შემდეგ უბრუნდებოდა ცნობიერება, როცა წყალს ასხამდნენ. 

„შემდეგ მიმიყვანეს გენერალთან და მითხრეს, რომ თუ ძეგლთან ყვავილებს მივიტანდი, „აზტვ“-ს [სახელმწიფო ტელევიზია] ინტერვიუს მივცემდი და ძეგლთან ბოდიშს მოვიხდიდი, გამიშვებდნენ. როცა უარი ვუთხარი, გამიყვანეს და ისევ მცემეს,“ – წერს მამედოვი.

აზერბაიჯანის ახალი ამბების ქსელის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ხელმძღვანელმა ეჰზან ზაჰიდოვმა ეს ბრალდებები უარყო. 

თუმცა, როგორც ოპოზიციური პარტია „მუსავათის“ თავმჯდომარის მოადგილე და ყოფილი პოლიტპატიმარი იადიგარ სადიგოვი აცხადებს, ნარკოტიკების შენახვა-გასაღების ბრალდება არის შურისძიების აქტი.

„პიროვნების კულტის არსებობა აშკარაა,“ – ამბობს ის. „ცვლილებების მიუხედავად, ხელისულფებაში ისევ რჩება ჰეიდარ ალიევის გუნდი, რომელიც აქტიურად ეწევა ქვეყანაში პიროვნების კულტის პროპაგანდას. რეჟიმის ხასიათი არ შეცვლილა,“ – ამბობს ის ჩვენთან საუბრისას.

თემასთან დაკავშირებით ასევე იხილეთ: აზერბაიჯანის მარად ცოცხალი პრეზიდენტი

შეტევა სამოქალაქო საზოგადოებაზე

მოქალაქეთა ნაწილი თვლის, რომ ხელისუფლება ვანდალიზმის საპასუხოდ იმაზე უფრო სასტიკ ზომებს მიმართავს, ვიდრე ეს საბჭოთა პერიოდში იყო.

ბაქოს მკვიდრი, 44 წლის სულთან გასიმოვი იხსენებს, რომ სკოლაში სწავლის დროს, მისმა კლასელმა ლენინის ბიუსტი დააზიანა, რის გამოც ის კომკავშირიდან გარიცხეს, საყვედური გამოუცხადეს, მშობლებს კი ახალი ბიუსტი აყიდინეს.

„სულ ეს იყო სასჯელი,“ – ამბობს გასიმოვი. „ახლა, სიტუაცია გაცილებით უფრო რთულია, რადგანაც პიროვნების კულტი მოქმედი პრეზიდენტი მამის ირგვლივ  არის შექმნილი. ყველაფერი, რაც ამ კულტს ეწინააღმდეგება, ითვლება შეურაცხყოფად და მკაცრად ისჯება.“

ჰეიდარ აიელვის პორტრეტებს აზერბაიჯანში ყველგან შეხვდებით, ყვავილების დღესასწაულის აღსანიშნავად კი საკმაოდ სოლიდური თანხა იხარჯება.   

ქალაქები უშურველად ირთვება სხვადასხვა ქვეყნებიდან შემოტანილი ყვავილებით, ხოლო ცენტრალურ მოედნებზე იმართება კონცერტები.

„ყოველ წელს ხელისუფლება, დიდი ხნის მკვდარი პრეზიდენტის დაბადების დღეზე აწყობს გაურკვეველ ყვავილების თუ „მონების“ დღესასწაულს. უამრავ ფულს ხარჯავენ, მაშინ, როცა მოსახლოების უმეტესობა სიღარიბეში ცხოვრობს,“ – აცხადებს ბაქოელი ისა იუსიფოვი ჩვენთან საუბრისას.

დღესასწაულისთვის დახარჯული ზუსტი თანხის რაოდენობა უცნობია, თუმცა სხვადასხვა სახელმწიფო უწყებების მიერ გავრცელებული განცხადებებით შეიძლება ზოგადი წარმოდგენის შექმნა.

ბაქოს მერიის ინფორმაციით, 2007 წელს დღესასწაულისთვის დაიხარჯა 15 მილიონი დოლარი, ხოლო 2009 წელს, როგორც პარტია „ახალი აზერბაიჯანის“ ყოფილმა დეპუტატმა გულარ აჰმადოვამ აღნიშნა, ზეიმის მოსაწყობად 14-15 მილიონი დოლარი დაიხარჯა.

ბაქოს მერიის მონაცემებით, 2013 წელს, ყვავილების ფესტივალისთვის 150 ტონა ყვავილი იქნა შეძენილი, ხოლო 2014 წელს 116 ტონა.

თუმცა, წელს, ყვავილების დღესასწაული არ აღინიშნა, აპრილის თვეში მთიან ყარაბაღში განვითარებული ოთხდიანი ომის გამო.

10 მაისი დაემთხვა საბრძოლო მოქმედებების დროს დაღუპულთა გლოვის მე-40 დღეს.

იუსიფოვის აზრით, ხელისუფლებამ დღესასწაულის აღნიშვნაზე უარი იმიტომ თქვა, რომ ომში დაღუპულების გამო მოსახლეობის პროტესტის შეეშინდა.

 „ამ ბავშვებმა საკუთარი პროტესტი ძეგლზე წარწერით გამოხატეს. თუ მოსახლეობაში ანონიმურ გამოკითხვას ჩაატარებთ, ვერ ნახავთ ადამიანს, რომელიც არ დაეთანხმება ამ წარწერას, უბრალოდ ყველას არ ჰყოფნის ისეთი გამბედაობა, რაც ამ ბიჭებმა გამოიჩინეს,“ – თქვა იუსიფოვმა.

„ამნესტი ინთერნეიშინალმა“ (Amnesty International) დაგმო ახალგაზრდების დაპატიმრება და ხელისუფლებას არასათანადო მოპყრობის ფაქტზე მიუკერძოებელი გამოძიების ჩატარებისკენ მოუწოდა.

საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციების კოალციამ „სპორტი უფლებებისთვის,“ ბაქოში 17-19 ივნისს დაგეგმილ ფორმულა ერთის ავტორბოლის ევროპის გრან- პრისთან დაკავშირებით, აზერბაიჯანის ხელისუფლებას დაპატიმრებული აქტივისტებისა და ჟურნალისტების გათავისუფლებისკენ მოუწოდა.

„ფორმულა ერთის ხელმძღვანელობას აქვს შესაძლებლობა მოუწოდოს აზერბაიჯანის ხელისუფლებას გადადგას კონკრეტული ნაბიჯები მოახლოებულ ბაქოს გრან- პრისთან დაკავშირებით,“ – აცხადებს „ჰიუმან რაითს ვოჩის“ (Human Rights Watch) ვიცე-პრეზიდენტი ევროპასა და ცენტრალურ აზიაში ჯეინ ბიუქენენი.

მარტში აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტის წინ, ათეულობით პოლიტპატიმარი შეიწყალა.

იხილეთ: აზერბაიჯანში პატიმართა მოულოდნელი შეწყალების მიზეზები.

„ოცდაოთხი პოლიტიკური და რელიგიური პატიმრის შეწყალების შემდეგ, როგორც ჩანს, აზერბაიჯანის ხელისუფლებას უნდა ცარიელი საკნები ახალი თავისუფლების დამცველებით შეავსოს,“ – განაცხადა „ფრიდომ ჰაუსის“ (Freedom House) ვიცე-პრეზიდენტმა რობერტ ჰერმანმა. „აზერბაიჯანში არცერთი რეპრესიული კანონი არ შეცვლილა. დემოკრატიულმა ქვეყნებმა უნდა მოსთხოვონ აზერბაიჯანს სცეს პატივი ძირითად თავისუფლებებს და მისცეს სამოქალაქაო საზოგადოებას თავისუფლად მუშაობის საშუალება.“

სამირა აჰმედბეილი

 

Azerbaijan
Detentions
Frontline Updates
Support local journalists