Institute for War and Peace Reporting | Giving Voice, Driving Change

აზერბაიჯანელები სირიის კონფლიქტის ორივე მხარეს

მოხალისე მებრძოლები მხარეს რელიგიური კუთვნილების მიხედვით ირჩევენ.
By Sabuhi Mammadli
  • ფოტო, რომელზეც ნაჩვენებია აზერბაიჯანელი მებრძოლები სირიაში ამოღებულია რუსულენოვანი ჯიჰადის ვებ გვერდზე Flsyria. com განთავსებული ვიდეოდან.
    ფოტო, რომელზეც ნაჩვენებია აზერბაიჯანელი მებრძოლები სირიაში ამოღებულია რუსულენოვანი ჯიჰადის ვებ გვერდზე Flsyria. com განთავსებული ვიდეოდან.

სირიაში მიმდინარე კონფლიქტში უცხოელ მებრძოლებს შორის ეროვნებით აზერბაიჯანელებიც აღმოჩნდნენ ჩართულები. გავრცელებულ ვიდეო ჩანაწერებში ჩანს, რომ ამბოხებულთა მხარეს აზერბაიჯანელებიც იბრძვიან, მათ შორის ბევრი უკვე როგორც ამბობენ, აღარც კი არის ცოცხალი.

მებრძოლთა უმეტესობა აზერბაიჯანული სუნიტური რელიგიური თემის წარმომადგენელია და ისინი რადიკალ ისლამისტ მეამბოხეებს ემხრობიან. მოწინააღმდეგე ბანაკში იბრძვიან შიიტი აზერბაიჯანელებიც, რომლებიც პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის და სამთავრობო ძალებს უჭერენ მხარს.

ჯიჰადის მებრძოლთა ვებ გვერდებზე გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ასადის მთავრობის წინააღმდეგ მიმდინარე ბრძოლების დროს ყველაზე ცოტა 100 აზერბაიჯანელია დაღუპული.

ერთ-ერთი უკანასკნელი 18 წლის ნიჯათ სეიფულაევია, აზერბაიჯანის ჩრდილოეთით მდებარე ქალაქ გუსარიდან. კვიპროსში სწავლის დროს ის სირიაში გაემგზავრა და იქ სუნიტი ისლამისტების ჯაბათ ალ-ნუსრას დაჯგუფებას შეუერთდა.

„თავდაპირველად ნიჯათი ჩვეულებრივი ბიჭი იყო,“ – წერს თავის Facebook-ის გვერდზე სეიფულაევის ყოფილი კურსელი ბადაჰინ ალიევი. „მაგრამ პირველი სემესტრის ბოლოს წვერი მოუშვა. როგორც ჩანს ვაჰაბისტებთან დაიკავა საქმე [სუნიტი ფუნდამენტალისტები]. შემდეგ დაიწყო მეჩეთში დარჩენა… და ერთ დღესაც, უბრალოდ გაქრა, არც ერთმა არ ვიცოდით სად წავიდა. შემდეგ მისი ფოტოები და რეპორტაჟი ვნახეთ, ასე ვიცანით.“

ნაჯაფ ქარიმოვი, რომელიც მხოლოდ 14 წლის იყო, ისიც ამ თვეში დაიღუპა. ნაჯაფი წარმოშობით ნახიჩევანის რეგიონის ერთი-ერთი დასავლეთ რაიონიდან – შარურიდან იყო. ბიჭის სიკვდილს მისი დეიდა გუნელ ბაბაევა ადასტურებს და ამბობს, რომ ის მამასთან ერთად იბრძოდა ჯაიშ ალ-მუჰაჯირინ ვალ-ანსარის დაჯგუფებაში.

IWPR ჟურნალისტმა, რომელიც სირიაში კონფლიქტის გასაშუქებლად იმყოფებოდა, გაარკვია, რომ ასადის წინააღმდეგ მებრძოლი აზერბაიჯანელები ძირითადად ჯაბათ ალ-ნურსას ან ჯაიშ ალ-მუჰაჯირინ ვალ-ანსარის დაჯგუფებებში არიან გაერთიანებული. ეს უკანასკნელი უცხოელებისაგან ყოფილა დაკომპლექტებული. აზერბაიჯანელ მოხალისეებს თავიანთი მეთაურიც კი ჰყოლიათ, ზედმეტსახელად აბუ იაჰია ალ აზერი. გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ისიც არც ისე დიდი ხნის წინ მოკლეს.

აზერბაიჯანელი მებრძოლები უმეტესად ალეპოსა და იდლიბში არიან დაბანაკებული. ალბათ ნაწილობრივ იმის გამო, რომ მათი ენა და ჩვეულებები ადგილობრივი სირიელი თურქმენების ყოფასთან ახლოსაა და ნაწილობრივ იმიტომაც, რომ ეს ქალაქები ახლოსაა თურქეთის საზღვართან და ახალჩამოსულთათვის იქ მოხვედრა უფრო ადვილია.

ადგილობრივი თუქმენი მეამბოხე, რომელმაც ანონიმურად დაარჩენა ითხოვა, გვიხსნის, რომ მოხალისე მებრძოლები თურქეთის საზღვარს კვეთენ ჯილვეგოზუში ან რეიჰანლიში. იქ მათ ხვდებიან და ახალჩამოსულები სამხედრო საწვრთნელ ბანაკებში მიჰყავთ.

მიუხედავად იმისა, რომ გარდაცვლილი ნაჯაფ კარიმოვი აზერბაიჯანის სამხრეთ-დასავლეთ რეგიონიდან იყო, ასადის წინააღმდეგ მებრძოლთა უმეტესობა აზერბაიჯანის ჩრდილოეთიდან მოდის და ისინი ძირითადად სუნიტი მუსლიმებია.

„ჩემი შვილი რაშად მამედოვი ამჟამად სირიაშია, იქ იბრძვის,“ – ამბობს ზაქარია მამედოვა, ზაქათალის (ქვეყნის ჩრდილო-დასავლეთი) რაიონიდან. „ის ალაჰისთვის, მუსლიმებისთვის იბრძვის“.

კიდევ ერთი მოხალისე მებრძოლის რიზვან სულეიმანოვის დედა ამბობს, რომ მისი ვაჟიც იბრძვის. ისიც ქვეყნის ჩრდილოეთით მდებარე ხაჩმაზის რაიონის მკვიდრია. ხაჯათ ქადიროვა ამბობს, რომ თავიდან ეგონა მისი შვილი ბაქოში სამუშაოდ იყო წასული, თუმცა მოგვიანებით გაიგო, რომ ის სირიაში იბრძოდა.

აზერბაიჯანის დანარჩენი ნაწილი მისი მეზობელი ირანის მსგავსად შიიზმის მიმდევარია. თეირანი და მისი ლიბანელი მოკავშირე ჰეზბოლაჰ ასადის რეჟიმს უჭერენ მხარს. როგორც ამბობენ, მათი მხარდამჭერი აზერბაიჯანელებიც სწორედ ირანის გავლით ხვდებიან სირიაში და იქ უერთდებიან სამთავრობო ძალებს.

ჩეჩენ მეამბოხეებთან ასოცირებული გამოცემა „კავკაზ ცენტრი“ იტყობინება, რომ ასადის მხარეს მებრძოლი ეს ახალგაზრდები არიან წარმოშობით აზერბაიჯანის სამხრეთი რეგიონიდან, ლენკორანიდან და განათლება ირანის ქალაქ ქომში აქვთ მიღებული. ვინაიდან ონლაინ გამოცემა სირიელი სუნიტი ისლამისტებისადმი კეთილგანწყობით გამოირჩევა, შესაძლოა ამ განცხადების სიზუსტეც ეჭვქვეშ დადგეს. თუმცა, დამოუკიდებელი ექსპერტები აღიარებენ, რომ აზერბაიჯანელ მოხალისეთა ნაწილი ასადის მხარეს იბრძვის.

პოლიტიკური ანალიტიკოსი და რელიგიის ისტორიის სპეციალისტი არიფ იუნუსოვი ონლაინ გამოცემა  www.haqqin.az -თვის მიცემულ ინტერვიუში აცხადებს, რომ აზერბაიჯანული მედია კონფლიქტის ამ ასპექტს სრულ იგნორირებას უკეთებს.

„ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციის მიხედვით, აზერბაიჯანელები სირიაში ორი მიმართულებით ჩადიან – ირანიდან და თურქეთიდან. ისინი, ვინც თურქეთიდან ჩადიან მეამბოხეთა რიგებს უერთდებიან, ხოლო ისინი ვინც ირანის გავლით შედიან ქვეყანაში ჰეზბოლას ან ირანელებს ემხრობიან,“- ამბობს ის.

აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო და ირანის საელჩო ბაქოში აცხადებს, რომ სირიაში ასადის მხარეს მებრძოლი აზერბაიჯანელების შესახებ ინფორმაციას არ ფლობენ.

საგარეო საქმეთა სამინისტროს პრეს სპიკერი ელმან აბდულაევი აღნიშნავს, რომ დამასკოში მოქმედი აზერბაიჯანის საელჩო გადატანილია ბეირუტში, ხოლო თავად სამინისტრო 2011 წლიდან ყველას აძლევს რეკომენდაციას თავი შეიკავონ სირიაში ჩასვლისგან.

„ჩვენ თვალს ვადევნებთ სირიაში მიმდინარე მოვლენებს. უპირველეს ყოვლისა, ვცდილობთ დავადგინოთ აზერბაიჯანის მოქალაქეების დაღუპვის ფაქტები. თუ ეს დადასტურდა, შევეცდებით გავიგოთ, როგორ მოხვდნენ ისინი სირიაში და ვისი ხარჯით,“ – განაცხადა მან საინფორმაციო სააგენტო APA-თან საუბრისას. „იმის გამო, რომ დიპლომატიური მისია სირიაში აღარ მოქმედებს ამის გარკვევა რთულია, მაგრამ ყველაფერს ვაკეთებთ რაც შეგვიძლია,“.

აღმოსავლეთ-დასავლეთის კვლევითი ცენტრის დირექტორი არასტუნ ორუჯლუ მიიჩნევს, რომ ქვეყანას დიდი პრობლემები მაშინ შეექმნება, როცა ეს ბოევიკები უკვე სამშობლოში დაიწყებენ დაბრუნებას.

„ამ შეიარაღებულ დაჯგუფებებში ახალგაზრდები უცხოელი ინსტრუქტორების მიერ ძალიან პროფესიონალურად არიან გაწვრთნილები. მათ კონკრეტული დავალებების შესასრულებლად იყენებენ. როდესაც ისინი აზერბაიჯანში დაბრუნდებიან, ეს არ იქნება  ჩვეულებრივი დაბრუნება,“- ამბობს ორუჯლუ. „ვფიქრობ, რომ თუ ისინი დაბრუნდებიან, მათ კონკრეტული მიზანი ექნებათ და ეჭვი მაქვს, რომ არც თუ ისე მშვიდობიანი. ამაზე ახლა უნდა დავფიქრდეთ, რომ შემდეგში არ მოგვიწიოს დიდი საფასურის გადახდა.“

აზერბაიჯანის ეროვნული უშიშროების სამინისტროს საიდუმლო სამსახურის ყოფილი ოფიცერი ილჰამ ისმაილი სუნიტ მებრძოლებს ქვეყნის პირდაპირ საფრთხედ აღიქვამს, რადგან მისი აზრით, მათ შესაძლოა ისლამური სახელმწიფოს შექმნის მცდელობა ამოძრავებდეთ.

„დროდადრო, ამ ხალხს, ამ რადიკალ ისლამისტებს, აზერბაიჯანში უცდია ტერორისტული აქტების მოწყობა და მცირე ინციდენტები მომხდარა კიდეც,“ – ამბობს ის. „აზერბაიჯანელები სირიაში ადრე თურქეთის გავლით, როგორც კერძო პირები ისე გადადიოდნენ, ახლა კი ამ პროცესს კონკრეტული პირები აკონტროლებენ და ის კარგად ორგანიზებულია,“ – ამბობს ის. „საჭიროა სერიოზული საჯარო საგანმანათლებლო მუშაობის ჩატარება. თუ საჭირო გახდა, უნდა მივმართოთ ისეთ მეთოდებს, რომლებიც უკანონო შეიარაღებულ დაჯგუფებებთან საბრძოლველად გამოიყენება“.

თუ რა ხდება ამ მხრივ აზერბაიჯანის მეზობელი ცენტრალური აზიის ქვეყნებში იხილეთ IWPR-ის სტატიები რუსულ ენაზე:

Завербованные в Центральной Азии для конфликта в Сирии

Власти Казахстана требуют возвращения бойцов из Сирии

საბუჰი მამედლი საინფორმაციო ონლაინ გამოცემა  www.lent.az რეპორტიორია აზერბაიჯანში.