სომხეთს ღორის გრიპი უტევს

გავრცელებული დაავადების შედეგად თვრამეტი ადამიანია გარდაცვლილი.

სომხეთს ღორის გრიპი უტევს

გავრცელებული დაავადების შედეგად თვრამეტი ადამიანია გარდაცვლილი.

H1N1 virus has made the Yerevan population to wear surgical masks. (Photo: Photolure)
H1N1 virus has made the Yerevan population to wear surgical masks. (Photo: Photolure)
Republic of Armenia Ministry of Health Armen Muradyan. (Photo: Photolure)
Republic of Armenia Ministry of Health Armen Muradyan. (Photo: Photolure)

სომხეთის მოსახლეობა H1N1 ვირუსის აფეთქების გამო შეშინებულია, მიუხედავად იმისა, რომ მთავრობის მტკიცებით, ეპიდემიის საფრთხე არ არსებობს.

20 იანვრის მონაცემებით, დაავადებამ, რომელიც ღორის გრიპის სახელით არის ცნობილი, 18 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. დაინფიცირების შემთხვევები დაფიქსირებულია რეგიონის სხვა ქვეყნებშიც, მათ შორის საქართველოში, რუსეთში, თურქეთსა და ირანში.

ჯანდაცვის სამინისტროს წამომადგენელების განცხადებით, ვირუსით დაავადებული პაციენტების გარდაცვალების მიზეზი დაგვიანებული მკურნალობა ან გრიპის შედეგად ქრონიკული მდგომარეობის გართულება გახდა.

„ქვეყანაში ეპიდემია არ არის,“ – განუცხადა ჯანდაცვის მინისტრმა არმენ მურადიანმა ჟურნალისტებს 14 იანვარს, მთავრობის სხდომის შემდეგ, როცა გარდაცვლილთა რაოდენობა ათს შეადგენდა და სამინისტროს მონაცემებით, 81 პაციენტი იმყოფებოდა რეანიმაციულ განყოფილებაში. „სიტუაცია არ მოითხოვს ეპიდემიის გამოცხადებას.“

მისი განმარტებით, დაავადების შემთხვევების რიცხვი ჩვეულებრივზე ორჯერ მეტია. ეპიდემიის გამოცხადება კი ხდება მხოლოდ იმ დროს, როცა საშუალო მაჩვენებელი ხუთჯერ აღებატება ნორმას.

„საუბარი ეპიდემიის შესახებ არის უსაფუძვლო და იწვევს ზედმეტ პანიკას,“ – დასძინა მან.

ეს არგუმენტი ვერაფერი ნუგეში აღმოჩნდა სომხეთში ბევრისთვის, რომლებიც თვლიან, რომ დაავადება ძალიან სწრაფად ვრცელდება, ხოლო სერვისები იგვიანებს. შექმნილი ვითარების გამო, გახანგრძლივდა ზამთრის არდადეგები და შეჩერდა სასწავლო პროცესი საბავშვო ბაღებსა და სკოლებში.

„თუ ეს ეპიდემია არ არის, მაშინ რა არის?“ – კითხულობს ხუთი თვის ორსული სედა მანკუიანი. ის გვიყვება, თუ როგორ ურჩიეს ექიმებმა, ერთ-ერთი მორიგი შემოწმების დროს, მორიდებოდა საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებს და ეტარებინა ნიღაბი.

„მთელი საავადმყოფოს პერსონალი ნიღბებით დადიოდა, რაც იმის ნიშანია, რომ არსებობს ინფექციის გავრცელების საფრთხე,“ – ამბობს ის. „მხოლოდ ჩემი მეგობრების და ნაცნობების წრეში არის ათი ადამიანი დაავადებული მწვავე რესპირატორული დაავადებებით.“

ანაიტ გასპარიანმა თავისი ექვსი წლის შვილთან ერთად ოთხი დღე გაატარა საავადმყოფოში.

„ყველა პალატა შევსებული იყო. ახალშემოსულ პაციენტებს ადგილების გათავისუფლებამდე, დროებით დერეფნებში აწვენდნენ,“ – განაცხადა მან ჩვენთან საუბრისას.

ჯანდაცვის სამინიტროში დაადასტურეს, რომ საავადმყოფოებში საწოლების რაოდენობა მართლაც არ არის საკმარისი.

ჯანდაცვის სამინისტროს სამედიცინო დახმარების პოლიტიკის განყოფილების უფროსის ცაღიკ ვარდანიანის განმარტებით, დაინფიცირების რისკის შემცირების მიზნით, დაავადებულ პაციენტებს ცალკე პალატებში ათავსებენ, რის გამოც უფრო მკაცრი სანიტარული სტანდარტების დაცვა ხდება საჭირო.

რამდენიმე სამედიცინო დაწესებულებამ, სწორედ იმის გამო, რომ ვერ უზრუნველყოფდა ინფიცირებული პაციენტების ცალკე პალატებში მოთავსებას, გამოაცხადა, რომ საავადმყოფოში თავისუფალი ადგილები არ ჰქონდა.

ყოველწლიური რისკი

ვირუსები განსაკუთრებით აქტიურდება იანვარში, რასაც ახალი წლის დღეებში ადამიანების ერთმანეთთან სტუმრობა და გახშირებული კონტაქტი განაპირობებს.

სომხეთის ინფექციური დაავადებების პრევენციისა და ბრძოლის შესახებ 2012-2016 წლების სტრატეგიული პროგრამის მიხედვით, მწვავე რესპირატორული დაავადებები ჯანდაცვის პრიორიტეტებად არის მიჩნეული. ღორის გრიპის შემთხვევები სომხეთში პირველად 2009 წლის ნოემბერში დაფიქსირდა.

ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებით, H1N1-ის წინააღმდეგ პროფილაქტიკური ღონისძიებების ჩატარება ჯერ კიდევ სექტემბრში დაიწყო, მოხდა ექიმების გადამზადება და ჩატარდა იმუნიზაციის კამპანია. ამასთან ერთად, ვირუსის გამწვავების პერიოდში, ამბულატორიები დასვენების დღეებშიც მუშაობდნენ.

თუმცა, ბუნდოვანი რჩება მონაცემები ვაქცინაციის კამპანიის შესახებ. მთავრობის სხდომაზე ჯანდაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ გრიპის წინააღმდეგ 15 000 ადამიანი აიცრა, მაშინ როცა სხვა წყაროების მიხედვით, მონაცემები განსხვავებულია.

 

ცაღიკ ვარდანიანის მიხედვით, აცრები 12 470 ადამიანს ჩაუტარდა, სომხეთის იმუნიზაციის პროგრამის ხელმძღვანელი გაიანე საჰაკიანი კი 14 182 ადამიანს ასახელებს. მისივე სიტყვებით, მისი ორგანიზაცია სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხით, დამატებითი ვაქცინების შეძენის თაობაზე აწარმოებს მოლაპარაკებებს.

ამჟამად დარჩენილია მხოლოდ 800 ვაქცინა, რომელიც მხოლოდ ქრონიკული დაავადებების მქონე პაციენტებისთვის არის განკუთვნილი.

როგორც რიგითი მოქალაქეები ამბობენ, ისინი არ იყვნენ ინფორმირებული მოსახლეობის იმუნიზაციის სქემის შესახებ.

ერევნის მკვიდრი ანა საკაპეტოიანის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ის სოციალური მედიის აქტიური მომხმარებელია, გრიპის საწინააღმდეგო აცრების შესახებ არაფერი გაუგია.

„ჩემს კოლეგებს, რომლებიც ევროპაში ცხოვრობენ, გრიპი შვიდი წელი არ დამართნიათ, იმიტომ, რომ ყოველ წელს იტარებენ აცრებს,“ – ამბობს ის. „სომხეთში, არც კი ვიცი, რამდენად ახალია ეს ვაქცინა ან სად უნდა ავიცრა და რომელი გრიპის წინააღმდეგ…არის ინფორმაციის და ნდობის პრობლემა.“

სომხეთის ამერიკული უნივერსიტეტის ჯანდაცვის ფაკულტეტის დეკანი ვარდუჰი პეტროსიანი აცხადებს, რომ გრიპის შესახებ საზოგადოებაში ცნობიერების ამაღლების მცდელობა ძალიან პოზიტიური ნაბიჯია, რაც ადამიანებს ფხიზლად ყოფნის საშუალებას აძლევს.

თუმცა, მანვე აღნიშნა, რომ თუნდაც 15 000 ადამიანის ვაქცინაციით დაავადებასთან ბრძოლა შედეგს ვერ მოიტანს.

„შემიძლია გითხრათ, რომ ეს რაოდენობა არ არის საკმარისი. იმ ქვეყნებში, სადაც ერთ სულ მოსახლეზე შემოსავლის მაღალი მაჩვენებელია, მაგალითად, ამერიკის შეერთებულ შტატებში, ვაქცინაცია ყოველწლიურად ტარდება და ეს ვაქცინები იმ ტიპის ვირუსებისთვის არის შერჩეული, რომლებიც ყველაზე აქტიურია იმ წელს,“ – განაცხადა მან.

სომხეთში, პირიქით, ვაქცინაციას ეჭვის თვალით უყურებენ, დასძინა პეტროსიანმა.

ამასთანავე, არსებობს პრობლემა H1N1-ის სამკურნალო მედიკამენტის არარეგულარული მიწოდების მხრივაც.

არსებული პანიკის პარალელურად ტამიფლუ, H1N1-ის სამკურნალო ყველაზე ეფექტური საშუალება, ერევნის აფთიაქების თაროებიდან გაქრა.

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 12 იანვრის მონაცემებით, ტამიფლუთი მკურნალობა ყველა ჰოსპიტალიზებულ პაციენტს უსასყიდლოდ ჩაუტარდა, ასევე მიეწოდათ ამბულატორიულ პაციენტებსაც.

თუმცა, უკვე 15 იანვარს, ჩვენმა რეპორტიორმა ერევნის ექვსი აფთიაქი შემოიარა და მედიკამენტი, რომლის ღირებულებაც დაახლოებით 20 000 დრამს (40 აშშ დოლარს) შეადენს, ვერსად იპოვა. აფთიაქების თანამშრომლებმა განაცხადეს, რომ არ იციან როდის მიიღებენ წამლის ახალ პარტიას.

„მოთხოვნა სამედიცინო ნიღბებზე, ანტივირუსულ მალამოებსა და სამედიცინო სპირტზე საგრძნობლად არის გაზრდილი“,- განაცხადა ერთ-ერთი აფთიაქის თანამშრომელმა.

ორი დღის შემდეგ, 17 იანვარს, ტამიფლუ ისევ შემოვიდა გაყიდვაში.

მძიმე დღეები წარსულში დარჩა

სომხეთის მთავარმა ეპიდემიოლოგმა არა ასოიანმა 8 იანვარს ჟურნალისტებს განუცხადა, რომ H1N1 იყო სეზონური ვირუსი, რომელიც საკმაოდ იყო გავრცელებული მთელ რეგიონში.

„ლაბორატორიული დადასტურებული შემთხვევების გარდა, ვირუსების 80%, რაც ქვეყანაში ცირკულირებს არის H1N1. კვლევის ჩატარებას აზრი არ აქვს. დაზუსტებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ პაციენტებს ეს ვირუსი აქვთ,“ – განაცხადა მან.

ამ განცხადების შემდეგ, საზოგადოებაში არათუ განელდა, არამედ იმატა კიდეც შიშმა ვირუსის გავრცელების საფრთხის და მომავალში მისი თავიდან აცილების თაობაზე.

„თუ არ გაკეთდა ლაბორატორიული ტესტები H1N1-ის გამოსავლენად, როგორ უნდა მიხვდნენ, რომელი ვაქცინის შემოიტანაა საჭირო შემდეგ წელს მსგავსი სიტუაციის თავიდან ასარიდებლად?“ – კითხულობს ერევნის მკვიდრი საკაპატეიონი.

რაზეც, ჯანდაცვის სამინისტროში პასუხობენ, რომ ეს მიღებული პრაქტიკაა.

„მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ინსტრუქციების თანახმად, ანალიზის ჩატარება აუცილებელი არ არის,“ – აცხადებს ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენელი ვარდანიანი.

„გაკეთდა საჯარო განცხადება, რომლის მიხედვითაც, სავარაუდოდ, რეგიონში ინფექციის შემთხვევების 50% ან შესაძლოა უფრო მეტიც, არის H1N1ვირუსი. კლინიკური სიმპტომები საკმაოდ ნათელია. ექიმი უფლებამოსილია H1N1-ის მკურნალობა ლაბორატორიული დადასტურების გარეშეც ჩაატაროს. ეს არ ითვლება შეცდომად ან პაციენტისადმი არასწორ მიდგომად,“ – დასძინა მან.

სამინისტროს მიხედვით, მძიმე დღეები წარსულში დარჩა და სასწავლო პროცესი სკოლებში 1 თებერვალს განახლდება.

სირანუშ გევორგიანი

 

Armenia
Health
Frontline Updates
Support local journalists