აზერბაიჯანელი გეი აქტივისტის სიკვდილმა პრობლემური საკითხები წამოჭრა

გეებს ხშირად გაურბიან მეგობრები, ნათესავები და მთლიანად საზოგადოება.

აზერბაიჯანელი გეი აქტივისტის სიკვდილმა პრობლემური საკითხები წამოჭრა

გეებს ხშირად გაურბიან მეგობრები, ნათესავები და მთლიანად საზოგადოება.

The late Isa Shahmarli (Photo: Freelgbt.wordpress.com)
The late Isa Shahmarli (Photo: Freelgbt.wordpress.com)
Friday, 31 January, 2014

გეი აქტივისტის თვითმკვლელობის გამო საზოგადოების ყურადღება მიიპყრო იმ პრობლემებმა, რომლებსაც სექსუალური უმცირესობები ყოველდღე აწყდებიან აზერბაიჯანში.

ორგანიზაცია „თავისუფალი ლგბტ“ ლიდერი, 20 წლის ისა შაჰმარლი 22 იანვარს ჩამომხრჩვალი იპოვეს.

მან ფეისბუკის საშუალებით გამოსამშვიდობებელი წერილი დატოვა.

„მივდივარ. ეს ქვეყანა და ეს სამყარო ჩემთვის არ არის…გტოვებთ რომ ვიყო ბედნიერი,“ – წერს ის. „ყველანი დამნაშავენი ხართ ჩემს სიკვდილში. ამ სამყაროში ჩემი ფერის ადგილი არ არის“.

გარდაცვალებამდე ერთი დღით ადრე შაჰმარლიმ ინტერვიუ მისცა ონლაინ ტელე სადგურ მეიდანს. საუბრისას მან აღნიშნა, რომ ისეთ დღეზე ოცნებობდა, როდესაც ერთსქესიანი წყვილები ხელჩაკიდებულები შეძლებდნენ ბაქოს ქუჩებში სეირნობას.

რეიჰან ბაბაევა, რომელიც შაჰმარლისთან ერთად ქირაობდა ბინას, ამბობს, რომ ისამ თავის უნივერსიტეტელ მეგობრებს გაუმხილა, რომ ის გეი იყო. მათ კი ეს საიდუმლო არ შეინახეს და ამის შესახებ ყველას მოუყვნენ.

„თანაკურსელები დასცინოდნენ, ერთხელ სცემეს კიდეც. მერე მისმა ერთ-ერთმა ნათესავმა გაიგო და მის მშობლებს უთხრა, ისა სახლიდან გამოაგდეს. მამასთან მანამდეც დაძაბული ურთიერთობა ჰქონდა,“ – ამბობს ბაბაევა.

შაჰმარლის სიკვდილის გამო აზერბაიჯანის სოციალური ქსელების მომხმარებლებს შორის ცხარე კამათი გაჩაღდა. თითოეული მხარე თავის მკვეთრად ჩამოყალიბებული პოზიციის დაცვას ცდილობდა. ერთი ნაწილი შაჰმარლის სიმამაცეს უქებდა და მისი დაღუპვის გამო წუხდა, ნაწილი კი ამბობდა, რომ ქვეყანა მისი არყოფნით უკეთესად იქნებოდა.

ვებ გვერდ Gay.az-ის რედაქტორის ტარიელ გასიმოვის თქმით, ჰომოსექსუალები იშვიათად აწყდებიან პრობლემებს ჩინოვნიკებთან ურთიერთობისას, უფრო ხშირად ზეწოლა მათი ოჯახების მხრიდან მოდის.

„როდესაც ნათესავები იგებენ, რომ ოჯახის რომელიმე წევრი გეი ან ლესბოსელია, თავის მოჭრად და სირცხვილად თვლიან. ზოგ შემთხვევაში მათ დაქორწინებას აიძულებენ, ზოგჯერ კი სახლიდანაც აგდებენ და ბედის ანაბარა ტოვებენ,“ – თქვა მან.

„მეგობრების უმეტესობა მათ ზურგს აქცევს, მხარდაჭერის და ურთიერთგაგების გარეშე ტოვებს. არსებობენ ისეთი ადამიანები, რომლებიც თავს ვალდებულად თვლიან, რომ დასცინონ და შეურაცხყოფა მიაყენონ ამ ადამიანებს. ამიტომაც აზერბაიჯანში გეების უმეტესობა ნათესავებს და მეგობრებს თავის ორიენტაციას არ უმხელს“.

ქალთა რესურს ცენტრის დირექტორი მათანათ აზიზოვა არ ეთანხმება იმ აზრს, რომ ჩინოვნიკები გეებს არ აწუხებენ. მისი თქმით, მის ორგანიზაცის რეგულარულად აკითხავენ ადამიანები, რომლებიც პოლიციის თანამშრომლებმა სცემეს ან შეურაცხყოფა მიაყენეს.

„იყო შემთხვევა, როდესაც პოლიციამ ბიჭს საკუთარ სახლში სცემა. შემდეგ ის გააშიშვლეს და ასე დედიშობილა წაიყვანეს პოლიციის განყოფილებაში,“ – ამბობს აზიზოვა. „ზოგჯერ ამ ადამიანებს აშანტაჟებენ და ვინმეს წინააღმდეგ ყალბი ჩვენებების მიცემას აიძულებენ.“

აზიზოვას თვლის, რომ სექსუალური უმცირესობების წარმომადგენლებმა უფრო აქტიურად უნდა ითანამშრომლონ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებთან, თუმცა აქვე დასძენს, რომ მნიშვნელოვან ცვლილებებს მხოლოდ იმ შემთხვევაში ექნება ადგილი, თუ ზოგადად უფლებადამცველი გარემო შეიცვლება უკეთესობისკენ

ლგბტ უფლებების დამცველი ორგანიზაცია Nefes-ის ხელმძღვანელი ჯავიდ ნაბიევი აცხადებს, რომ საზოგადოებაში არსებული სტიგმა დასაქმებაზეც ვრცელდება.

„ჩვენ ჩავატარეთ გამოკითხვა 500-მდე მცირე და მსხვილი კომპანიების წარმომადგენლებს შორის, მათგან 70%-მა გვიპასუხა, რომ გეის სამსახურში არ აიყვანდა,“ – ამბობს ის.

ნაბიევი ამბობს, რომ მან თავადაც ვერ იშოვა სამსახური იმის გამო, რომ მისი საქმიანობა გეების უფლებების დაცვას უკავშირდება.

პარლამენტის წევრი მმართველი „იენი აზერბაიჯანის“ პარტიიდან აიდინ მირზაზადე აცხადებს, რომ კონსტიტუციით ყველა ადამიანს თანაბარი უფლებები აქვს მინიჭებული და თუ ვინმე დისკრიმინაციას ან შეურაცხყოფას აწყდება ეს უფლებები უნდა გამოიყენს.

„ადამიანის უფლებები არ უნდა ირღვეოდეს არც ვინმეს ორიენტაციის და არც სხვა მიზეზის გამო,“ – ამბობს ის. „თუ რომელიმე სექსუალური უმცირესობის  წარმომადგენელი უკანონო მოპყრობის ან ზეწოლის ობიექტი გახდა, მაშინ ის უნდა წავიდეს პოლიციაში, განაცხადოს ამის შესახებ მედია საშუალებებში და ყველანაირი გზით მოახერხოს თავის დაცვა.“

ნიკა მუსავი IWPR-ის ტრენინგების მონაწილე თავისუფალი ჟურნალისტია აზერბაიჯანში.

Azerbaijan
Human rights
Frontline Updates
Support local journalists