სომხეთი ირანთან მიღწეული შეთანხმებით პოზიტიურ ცვლილებებს ელოდება
ახალი საექსპორტო მარშრუტების გახსნა და ვაჭრობის გაფართოება ქვეყანას სარგებელს მოუტანს.
სომხეთი ირანთან მიღწეული შეთანხმებით პოზიტიურ ცვლილებებს ელოდება
ახალი საექსპორტო მარშრუტების გახსნა და ვაჭრობის გაფართოება ქვეყანას სარგებელს მოუტანს.
ირანისთვის საერთაშორისო სანქციების მოხსნა სასიხარულო ამბავია სომხეთისთვის, მიიჩნევენ ანალიტიკოსები, რომლებიც ქვეყნის ეკონომიკურ ზრდას პროგნოზირებენ.
2 აპრილს ლოზანაში ირანსა და „ექვსეულს“ შორის ხელმოწერილი ჩარჩო ხელშეკრულება ირანისთვის ბირთვული პროგრამის შესუსტების სანაცვლოდ, სანქციების ეტაპობრივ მოხსნას მოიაზრებს.
ანალიტიკოსების პროგნოზით, სანქციების მოხსნით ირანი შეძლებს მისი ეკონომიკური და გეოპოლიტიკური გავლენის აღდგენას ახლო აღმოსავლეთსა და სამხრეთ კავკასიაში. მისი ჩრდილოელი მეზობელი სომხეთი, ერთ-ერთი პირველი ქვეყანა იყო, რომელიც მიღწეულ შეთანხმებას სიხარულით გამოეხმაურა.
„ეს [ჩარჩო ხელშეკრულება] ხელს შეუწყობს რეგიონში სტაბილურობის და თანამშრომლობის გაძლიერებას,“ – განაცხადა სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ედუარდ ნალბანდიანმა.
საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ქრისტიანულ სომხეთსა და შიიტურ ირანს შორის საკმაოდ კარგი ურთიერთობები ჩამოყალიბდა. შედარებისთვის, ირანის ურთიერთობა ერთმორწმუნე, შიიტური უმრავლესობის მქონე აზერბაიჯანთან არასდროს გამოირჩეოდა დიდი პოზიტივით. მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის შემდეგ სომხეთი იზოლირებული აღმოჩნდა აღმოსავლეთით აზერბაიჯანის, ხოლო დასავლეთით და სამხრეთით ბაქოს მოკავშირე თურქეთის მიერ. სანქციების მოხსნის შემდეგ სომხეთს ირანის სახით, სამხრეთით, მნიშვნელოვანი სავაჭრო პარტნიორი და სატრანსპორტო გზა გაუჩნდება.
დღევანდელი მდგომარეობით, სანქციების გამო, შეუძლებელია საბანკო გადარიცხვების და სხვა ფინანსური ოპერაციების განხორციელება. ირანთან ვაჭრობა უბრალო ბარტერით – ირანული გაზი სომხური დენის სანაცვლოდ ან ნაღდ ფულზე მოვაჭრე კერძო პირების ბიზნესით შემოიფარგლება.
სანქციებით გამოწვეული ეკონომიკური სირთულეების მიზეზით ირანმა ვეღარ შეძლო მთელი რიგი მნიშვნელოვანი ერთობლივი პროექტების განხორციელება, მათ შორის ჰიდროელექტროსადგურის, რკინიგზის და ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის მშენებლობა, ასევე ერთობლივი თავისუფალი ეკონომიკური ზონის შექმნა.
„ვაჭრობა ირანთან დაეცა 50-60 %-ით,“ – განმარტა სომხეთის მეწარმეთა და მრეწველთა კავშირის თავმჯდომარემ არსენ გაზარიანმა. „სომხეთი მოწყვეტილია ირანის პორტ ბანდარ-აბასს, სპარსეთის ყურეში, რადგან გადამზიდი კომპანიები უარს ამბობენ ირანის პორტში ტვირთების ჩატანაზე.“
გაზარიანის თქმით, სომხეთი იძულებული გახდა საზღვაო გადაზიდვები ბათუმის და ფოთის პორტებით განეხორციელებინა. სანქციების მოხსნით, სომხეთი შეძლებს მოახდინოს საექსპორტო მარშრუტების დივერსიფიცირებას და ტვირთბრუნვის ადრინდელი მოცულობის დაბრუნებას.
„სანქციების პირობებში ირანის, სომხეთის და საქართველოს დამაკავშირებელი სატრანსპორტო [სარკინიგზო] გზების მშენებლობა ეკონომიკური თვალსაზრისით არაპრაქტიკული იქნებოდა,“ – დასძინა მან.
სანქციების მოხსას არა მარტო ვაჭრობის და სხვა ეკონომიკური პროექტების გამოცოცხლება, არამედ სომხეთში ირანელი ტურისტების ნაკადის გააქტიურებაც მოჰყვება, რაც საგრძნობლად იყო შემცირებული ირანული ვალუტის გაუფასურებისა და საერთაშორისო სანქციების გამკაცრების გამო.
ირანისტი გოჰარ ისკანდერიანი თვლის, რომ ეკონომიკური კავშირების და ერთობლივი პროექტების გააქტიურება არ მოხდება დაუყოვნებლივ, გამონაკლისის სახით ის მხოლოდ სომხეთ-ირანის საზღვარზე მეღრის ჰიდროელექტროსსადგურის მშენელობას განიხილავს.
„ეს არის ყველაზე სავარაუდო პროექტი, რომელიც განხორციელდება სანქციების მოხსნის შემდეგ,“- განაცხადა მან ჩვენთან საუბრისას.
სხვა პროექტების მიმართ ისკანდერიანი ნაკლებად ოპტიმისტურია, მათ შორისაა სომხეთი-ირანის დამაკავშირებელი რკინიგზა.
„ამ პროექტის მომავალი ბუნდოვანია, რადგან მისი განხორციელება მოითხოვს უზარმაზარ ინვესტიციებს, მაშინ, როცა მისი ეკონომიკური მიზანშეწონილობა ჯერ კიდევ გაურკვეველია,“ – განაცხადა მან.
ირანის როლის გადაფასება
ირანისტები და პოლიტილოგები მიიჩნევენ, რომ სანქციების მოხსნას რეგიონში მნიშვნელოვანი გეოპოლიტიკური ცვლილებები მოჰყვება.
პოლიტიკური თვალსაზრისით, სანქციების მოხსნა ნიშნავს, რომ საერთაშორისო საზოგადოება აღიარებს ირანის უფლებას გახდეს ლიდერი რეგიონში,“ – ამბობს ანალიტიკოსი გარნიკ ასატრიანი. „ამან შესაძლოა შეამციროს თურქეთის გავლენა რეგიონში, რაც სომხეთისთვის თავისთავად პოზიტიური მოვლენაა.“
სომხეთის ნაციონალური და საერთაშორისო კველევების ცენტრის დირექტორი მანველ სარგსიანი აცხადებს, რომ სანქციების დასრულებით მოხდება ირანის როლის გადაფასება, როგორც საერთაშორისო ურთიერთობების, ისე რეგიონალური უსაფრთხოების საკითხებში.
„რეგიონში მიმდინარეობს ახალი სტატუს-კვოს ფორმირების პროცესი. სანქციების მოხსნის შემდეგ, თეირანს შესაძლოა ერგოს ძლიერი რეგიონალური მოთამაშის ან სულაც, პრობლემების მომგვარებლის როლი,“ – განაცხადა სარგსიანმა ჩვენთან საუბრისას.
თუმცა, ირანის გაძლიერებამ და რეგიონული გავლენის გაზრდამ შესაძლოა სომხეთი გარკვეული გამოწვევების წინაშე დააყენოს.
სანქციების დროს თეირანი დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა მეზობლებთან კარგი ურთიერთობების შენარჩუნებას, თუმცა შეზღუდვების მოხსნის შემდეგ, როგორც კი ირანი დაიბრუნებს თავის საერთაშორისო გავლენას, მან შესაძლოა ნაკლები ყურადღება მიაქციოს პატარა სომხეთს.
„სანქციების გარეშე, ირანისთვის სომხეთთან ურთიერთობა მეორეხარისხოვანი გახდება,“ – აცხადებს ერევნის სახელმწიფო უნივერსიტეტის ირანისტიკის კათედრის გამგე ვარდან ვოსკანიანი და დასძენს, რომ ამით შეიძლება დაზარალდეს სომხეთი-ირანის რკინიგზის პროექტი.
მთლიანობაში, სომეხი ექსპერტები ოპტიმისტურად უყურებენ ლოზანის ბირთვული შეთანხმების შედეგებს.
„ირანი, რასაკვირველია, შეინარჩუნებს ბირთვული პროგრამის მქონე ქვეყნის სტატუსს, ეს ირანელებისთვის ეროვნული ღირსების ტოლფასია,“ – ამბობს ვოსკანიანი. „ის შეინარჩუნებს ამ სტატუსს და ბირთვული იარაღის წარმოების შემცირების კომპენსირებას რეგიონალური გავლენის გაზრდის ხარჯზე მოახდენს.“
არშალუის მგდესიანი თავისუფალი ჟურნალისტია სომხეთში.