საქართველო: პასუხი მზარდ რადიკალიზაციას
ძალადობრივი ექსტრემიზმის წინააღმდეგ საზოგადოებრივი ჩართულობის გასაძლიერებლად ქმედითი ნაბიჯების განხორციელება არ ხდება.
საქართველო: პასუხი მზარდ რადიკალიზაციას
ძალადობრივი ექსტრემიზმის წინააღმდეგ საზოგადოებრივი ჩართულობის გასაძლიერებლად ქმედითი ნაბიჯების განხორციელება არ ხდება.
2015 წლის 14 ივნისს, პანკისის ხეობაში ისლამურ სახელმწიფოსთან თანამშრომლობაში ეჭვმიტანილი პირების დასაკავებლად სრული სამხედრო აღჭურვილობის მქონე ასამდე სპეცნრაზმელის მონაწილეობით სპეცოპერაცია ჩატარდა.
მედიით გავრცელებული სპეცოპერაციის ამსახველი ფოტო და ვიდეომასალა ახალი ამბის გაშუქებას უფრო ისახავდა მიზნად, ვიდრე იმ პრობლემის წარმოჩენას, რასაც რადიკალიზაცია ჰქვია. დაკავებული რამდენიმე ადამიანიდან ბრალი მხოლოდ იმამ აიუფ ბორჩაშვილს წაუყენეს.
მიუხედავად იმისა, რომ წლების მანძილზე ოფიციალური პირები, ანალიტიკოსები და ჟურნალისტები არასათანადოდ აფასებდნენ და უარყოფდნენ კიდეც პრობლემის არსებობას, საქართველოს ხელისუფლებამ, თუნდაც ადგილობრივ მოსახლეობასთან ურთიერთობის გაფუჭების ფასად, შეძლო იმის დამტკიცება, რომ ამ მშვიდ რეგიონში საფრთხე ნამდვილად არსებობდა.
ჩრდილოკავკასიელ ჩეჩნებთან მონათესავე რვა ათამასმდე ეთნიკური ქისტის გარდა პანკისის ხეობაში ჩეჩნეთიდან 1990-იანი და 2000-იანი წლების ომების შედეგად დევნილი მოსახლეობაც ცხოვრობს.
ამ დროისათვის, პანკისის ხეობის მკვიდრი 13 ადამიანი ითვლება დაღუპულად სირიაში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებების შედეგად. სირიაში ისლამური სახელმწიფოს ერთ-ერთი მთავარი სამხედრო მეთაურიც წარმოშობით პანკისელი თარხან ბათირაშვილი, იგივე აბუ ომარ ალ-შიშანია. მიუხედავად იმისა, რომ 50-100 ადამიანი ხშირად ფასდება, როგორც „დაბალი“ მაჩვენებელი, ერთ სულ მოსახლეზე გაკეთებული შედარების მიხედვით, ეს რაოდენობა არც თუ ისე მცირეა სხვა ქვეყნების მონაცემებთან შედარებით.
მაგალითად, ტაჯიკეთში, მიუხედავად იმისა, რომ უცხოელი მებრძოლი ტერორისტების რაოდენობა მხოლოდ ორასია, ეუთოს ოფისი პრობლემას საკმაოდ სერიოზულად აფასებს და ხელისუფლებას კონტრტერორიზმის საწინააღმდეგო ეროვნული სტრატეგიის შემუშავებაშიც ეხმარება. რაოდენობა, საქართველოს მსგავსად, აქაც შესაძლოა უფრო მეტი იყოს, მაგრამ რვა მილიონიან მუსლიმანურ ტაჯიკეთთან შედარებით, საქართველო ქრისტიანული სახელმწიფოა და მისი მოსახლეობა მხოლოდ 3,7 მილიონს შედგენს.
უფრო მეტიც, თბილისის ეროვნულ უმცირესობათა საკითხების ევროპული ცენტრის მონაცემების მიხედვით, როგორც ჩანს, საქართველოში რადიკალიზაცია არათუ იკლებს, არამედ პანკისის გარდა ქვეყნის სხვა კუთხეებშიც იკიდებს ფეხს, მაგალითად აჭარაში და ასევე ეთნიკური აზერბაიჯანელებით დასახლებულ სოფელ ყარაჯალაშიც. მეტად საფიქრებელია ის, რომ რადიკალიზაციის რისკის მქონე თემებში ადგილობრივ დონეზე არ არსებობს არანაირი სამოქალაქო ინიციატივა იმის გასააზრებლად, თუ რამდენად დიდი როლის შესრულება შეუძლია პრობლემის მოგვარების საქმეში ძალადობრივი ექსტრემიზმის წინააღმდეგ მიმართული ქმედებების (CVE) დანერგვას.
იმ დროს როცა, კონტრტერორიზმი ხშირად ასოცირდება დაზვერვასთან და სპეცსამსახურებთან, ძალადობრივი ექსტრემიზმის წინააღმდეგ მიმართული ქმედებები პრობლემისადმი უფრო რბილი და პრევენციული ხასიათის მიდგომას გულისხმობს. მასში მოიაზრება მუშაობა ახალგაზრდულ, ქალთა და რელიგიური თემებთან, ასევე ისეთი მაღალი რისკის მქონე გარემოში შესვლა, როგორიცაა ციხე. მისი მიზანია, რადიკალიზაციის პრევენცია, გამოვლენა და აღმოფხრა იქ, რაც ეუთოს განმარტებით არის ძალადობრივი ექსტრემიზმი და რადიკალიზაცია რომელიც ტერორიზმის ნიადაგს ქმნის (VERLT).
გასული წლის ბოლოს ვენაში ეუთოს მიერ ორგანიზებულ კონტრტერორიზმის ექსპერტთა ორდღიან კონფერენციაზე, რომელიც უცხოელ ტერორისტ მებრძოლთა აგიტაციის და დაქირავების წინააღმდეგ მიმართულ ქმედებებს მიეძღვნა, ძირითადი აქცენტი გაკეთდა პრევენციულ ზომებზე და არა სამართალდამცავი და სადამსჯელო ღონიძიებების გატარებაზე. საქართველომ, მოწვევის მიუხედავად, კონფერენციაში მონაწილეობა არ მიიღო, მაშინ როცა მისი მეზობელი სომხეთიც და აზერბაიჯანიც ესწრებოდნენ.
კონფერენციაზე არდასწრების მიუხედავად საქართველო მაინც ახსენეს. პირველად, რუსეთის ფედერალური უშიშროების სამსახურის დირექტორის ყოფილმა მოადგილემ და ამჟამად, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ კონტრტერორიზმის საკითხებში, ოლეგ სირომოლოტოვმა. მისი სიტყვებით, საქართველო და აზერბაიჯანი არის დაქირავებული უცხოელი ტერორისტი მებრძოლების წყარო და ტრანზიტული გზა მათ მოსახვედრად რუსეთის ფედერაციიდან სირიაში. ეუთოს ბიშკეკის ოფისმა კი საქართველო რუსეთის, თურქეთის და უკრაინის მსგავსად, დაასახელა მთავარ ტრანზიტულ მარშრუტად, რომლის საშუალებითაც დაქირავებული უცხოელი ტერორისტი მებრძოლები ყირგიზეთიდან და ცენტრალური აზიის სხვა ქვეყნებიდან გადადგილდებიან.
აშშ სახელმწიფო დეპარტამენტის კონტრტერორიზმის ბიურომ და საერთაშორისო კრიზისის ჯგუფის წარმომადგელებმა დაადასტურეს სირომოლოტოვის განცხადება საქართველოს, როგორც ტრანზიტული გზის შესახებ. საერთაშორისო კრიზისის ჯგუფის ექსპერტმა ჩრდილოეთ კავკასიის საკითხებში ვარვარა პახომენკომ დასძინა, რომ თბილისსა და მოსკოვს შორის გრძელდება თანამშრომლობა ზემო ლარსის სასაზღვრო პუნქტთან დაკავშირებულ კონკრეტულ საკითხებზე, რომელიც 2014 წელს, სოჭის ოლიმპიური თამაშების უსაფრთხოების მოსამზადებელი პერიოდიდან დაიწყო.
საქართველოში გაეროს უსაფრთხოების საბჭოს შარშანდელი რეზოლუციის 2178-ის მოთხოვნების შესაბამისად, მკაცრი სასაზღვრო კონტროლი ხორციელდება. წინგადადგმული ნაბიჯები პანკისის ხეობაშიც შეიმჩნევა, მაგალითად, ახალგაზრდული და სპორტული ცენტრის მიმდინარე მშენებლობა, მაგრამ მიუხედავად ამისა, საქართველოს ხელისუფლება მაინც უფრო აკრძალვაზეა ფოკუსირებული, ვიდრე პრევენციაზე. საგულისხმოა, რომ სწორედ პრევენციის საკითხი წარმოადგენს გაეროს რეზოლუციის კიდევ ერთ უმნიშვნელოვანეს მოთხოვნას და რომლის საქართელოში არარსებობა აშშ სახელმწიფო დეპარტამენტის კონტრტერორიზმის ბიუროს მიერაც იყო აღნიშნული.
ამასობაში, ტაჯიკეთში ეუთოს წარმომადგენლობა მთავრობასთან თანამშრომლობით ძალადობრივი ექსტრემიზმის საწინააღმდეგო ზომების შემუშავებაზე მუშაობს, რომლებიც სათემო დონეზე, სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივების გზით განხორცილდება. რასაკვირველია, ეს არ ნიშნავს, რომ ამ მხრივ აქ იდეალური სიტუაციაა, რასაც არც ისე დიდი ხნის წინ მომხდარი ფაქტიც ადასტურებს -პოლიციის სპეცდანიშნულების რაზმის პოლიკოვნიკი გულმუროდ ჰალიმოვი ისლამურ სახელმწიფოს შეუერთდა.
საქართველოში კი ძალადობრივი ექსტრემიზმის პრევენციისთვის ფაქტობრივად არაფერი ხდება. ამიტომაც, ეუთოს კონტრტერორიზმისადმი მიძღვნილ კონფერენციაზე ყველა ერთხმად შეთანხმდა, რომ ძალადობრივი ექსტრემიზმის წინააღმდეგ ბრძოლისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ადგილობრივი თემების და სამოქალაქო საზოგადოების, განსაკუთრებით კი ქალთა და ახალგაზრდების მიერ ინიცირებული აქტივობების გატარება. უპირველეს ყოვლისა, ეს მოიაზრებს მუშაობას სკოლებში, თანატოლების მიერ წამოწყებულ ინიციატივებს. ასევე მნიშვლელოვანია საზოგადოებრივი ნდობის მქონე პირების ხმის გაძლიერება, მაგალითად, ისეთების როგორებიც არიან ყოფილი ექსტრემისტები და მებრძოლები, ასევე ტერორიზმის მსხვერპლები. ამას გარდა, ციხეებში შესვლა, ონლაინ პროპაგანდის და ექსტრემისტული ჯგუფების წინააღმდეგ მიმართული ღონისძიებების ჩატარება, პირისპირ შეხვედრების გზით ალტერნატიული ნარატივის მქონე საუბრების მოწყობა, შესაძლებელია ფსიქოლოგიური დახმარების შეთავაზებაც.
რადიკალიზაციის პოტენციურ მსხვერპლებად მოიაზრებიან მიგრანტი მუშები. პანკისის მოსახლეობის შემთხვევაში ესენი არიან თურქეთში სამუშაოდ წასულები.
ივნისის დასაწყისში IWPR-ის მიერ ორგანიზებული მისიის ფარგლებში, უხუცესთა საბჭოსთან, ქალთა საბჭოსთან და ასევე კახეთის რეგიონული განვითარების ფონდთან გამართულ შეხვედრაზე ნათლად გამოიკვეთა, რომ ესეთი პრობლემები სავსებით მოგვარებადია ძალადობრივი ექსტრემიზმის პრევენციის ფორმატის ფარგლებში. როგორც შეხვედრაზე დასახელდა, პანკისელი ახალგაზრდებისთვის ისლამური სახელმწიფოს პროპაგანდის მთავრ წყაროს ტელეფონი და ინტერნეტი წარმოადგენს და ამის შესაჩარებლად, სოფლის უხუცესების თქმით, არანაირი ზომები არ ტარდება. ისინი ფაქტობრივად გამოვიდნენ „ანტიპროპაგანდის“ მოთხვნით, რაც ძალადობრივი ექსტრემიზმის საწინააღმდეგო ქმედებების ერთ-ერთ საბაზო კომპონენტს წარმოადგენს.
მაგალითად, პანკისელი ახალგაზრდების ისლამურ სახელმწიფოსადმი თავის პატივისცემას იმით ხსნიან, რომ „ისინი მუსლიმებს იცავენ,“ ეს არის ტიპური ნარატივი, რომელთან გამკლავებაც შედარებით ადვილია. პანკისელი მოზარდები ასევე ხშირად ტრაბახობენ იმითაც, რომ მათ WhatsApp-ით სარგებლობა ექვსი თვით უფრო ადრე შეეძლოთ, ვიდრე დანარჩენ საქართველოს. დაშიფრული მიმოწერის ამ მობილური პლატფორმით ისლამური სახლემწიფოს მსგავსი დაჯგუფებები სარგებლობენ.
იმ დროს, როცა საქართველოს ხელისუფლება, ანალიტიკოსების და ჟურნალისტების მსგავსად, პანკისში მხოლოდ ეკონომიკური პრობლემებზე ამახვილებენ ყურადღებას, ადგილობრივებს მტკიცედ სწამთ, რომ რეგიონში რადიკალიზმის მამოძრავებელი ძალა იდეოლოგიაა და არა სიღარიბე. ისინი ასევე იმასაც აღნიშნავენ, რომ ვაჰაბიტებს შორის ექსტრემიზმის მომხრები უმცირესობას წარმოადგენენ და ისინი თავს „ტაკფირის“ იდეოლოგიის მიმდევრებად მიიჩნევენ, რომლის მიხედვითაც დანარჩენი მუსლიმები განდგომილები არიან. მათ ასევე აწუხებთ ისიც, რომ მოზარდი გოგოები სირიაში ჯიჰადისტების ცოლობაზე ოცნებობენ და მათივე თქმით, ასეთი გზით გათხოვილი უკვე ორია.
საქართველო არც ისე განსხვავდება იმ ქვეყნებისგან, სადაც ექსტრემიზის პროპაგანდამ, ხშირ შემთხვევაში ინტერნეტით გავრცელებულმა, ხელი შეუწყო დაქირავებული უცხოელი ტერორისტის ფენომენის ჩამოყალებებას. მაგრამ, მიუხედავად იმისა, რომ პანკისში პრობლემების იდენტიფიცირება სავსებით შესაძლებელია, მათ ყურადღებას არავინ აქცევს. პირველ რიგში, იმიტომ, რომ ცოტას თუ ესმის ის, თუ როგორ ჩნდება რადიკალიზაცია და ასევე ის, რომ ბევრს წარმოდგენაც არ აქვს რა საერთაშორისო პრაქტიკა არსებობს მასთან საბრძოლველად.
შესაძლებელია, ადგილობრივი თემების და სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობა რადიკალიზაციის პრევენციის საუკეთესო საშუალებად მიიჩნევა, თუმცა სამწუხაროდ, მას საქართველოში არ მიმართავენ. ამაში პოტენციალი ნამდვილად არის, თუმცა არანაკლები მნიშვნელობა აქვთ ისეთ საერთაშორისო აქტორებს როგორებიც არიან ეუთო, ჰედაიას ცენტრი აბუ-დაბიში და ასევე მისი შვილობილი ორგანიზაციები – სათემო ჩართულობის და წინააღმდეგობის გაწევის გლობალური ფონდი და სამართლის საერთაშორისო ინსტიტუტი. ეს ორგანიზაციები კონტრტერორიზმის გლობალური ფორუმის ფარგლებში გამართული შეხვედრების შედეგად იმ მიზნით ჩამოყალიბდნენ, რომ ადგილობრივ სუბიექტებს ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში შეუწყონ ხელი.
საკანონმდებლო და სადამსჯელო ზომების გატარება, რასაკვირველია, წინგადადგმული ნაბიჯია, თუმცა შესაძლებელია ის უშედეგო აღმოჩნდეს, თუ მასთან ერთად არ მოხდება რადიკალიზაციის პრევენციისკენ მიმართული ზომების გატარება. აგრეთვე, არსებობს საშიშროება, რომ კონტრტერორისტული ღონისძიებების განხორციელებას შესაძლებელია მოჰყვეს გარკვეული შეზღუდვები მედიის, გამოხატვის და სამოქალაქო თავისუფლებების მხრივ. ყველაფერი ამის სანაცვლოდ კი, საქართველოს ხელისუფლებამ უნდა წაახალისოს მაღალი საზოგადოებრივი ნდობის მქონე არასამთავრობო სუბიექტების მიერ სამოქალაქო ჩართულობის სივრცის განვითარება.