სომხეთის ხელისუფლება ოპოზიციის მიტინგის გამო ღელავს
1 მარტის დემონსტრაციზე პატივს მიაგებენ იმ ადამიანების ხსოვნას, რომლებიც 2008 წლის არჩევნების შემდგომ არეულობას შეეწირნენ.
სომხეთის ხელისუფლება ოპოზიციის მიტინგის გამო ღელავს
1 მარტის დემონსტრაციზე პატივს მიაგებენ იმ ადამიანების ხსოვნას, რომლებიც 2008 წლის არჩევნების შემდგომ არეულობას შეეწირნენ.
სომხეთის ხელისუფლება შეშფოთებულია იმის გამო, რომ ოპოზიცია სისხლისღვრით დასრულებული მასობრივი დემონსტრაციის ექვსი წლისთავის აღნიშვნას გეგმავს.
1 მარტი ოპოზიციური გაერთიანება სომხეთის ეროვნული კონგრესის მიერ ხსოვნის დღედ იქნა მიჩნეული.
ამ დღეს 2008 წელს, ხელისუფლების ბრძანებით პოლიციამ ძალის გამოყენებით დაშალა მიტინგი, რომელიც არჩევნების შედეგების გასაპროტესტებლად იყო მოწყობილი. დემონსტრაციის მონაწილეები თებერვალში გამართული არჩევნების შედეგების გასაპროტესტებლად შეიკრიბნენ. კეჭისყრის შედეგების მიხედვით გამარჯვებულად სერჟ სარგსიანი გამოცხადდა, რომელიც ამ პოსტს ჯერ კიდევ ინარჩუნებს. გავრცელებული ინფორმაციით, დარბევის დროს დაიღუპა ათი და დაშავდა უამრავი ადამიანი. მომხდარმა შეძრა სომხეთის მოსახლეობა, რის გამოც ეს თარიღი ბევრმა დაიმახსოვრა.
მიუხედავად იმისა, რომ დედაქალაქის მთავრობამ დემონსტრაციის ჩატარებაზე ოფიციალური ნებართვა გასცა, პოლიციამ დააკავა პარტიის აქტივისტები, რომლებიც აქციის შესახებ საინფორმაციო ბუკლეტებს ავრცელებდნენ.
ინციდენტს ადგილი ჰქონდა 9-10 თებერვლის ღამეს, რომლიც დროსაც ვარდან არუთუნიანი და მასთან ერთად სომხეთის ეროვნული კონგრესის ცხრა აქტივისტი ქალაქის ცენტრში დააკავეს.
„ჩვენ სერჟ სარგსიანის ფოტო და პოსტერი გვეჭირა წარწერით ‘სერჟიკი ქვეყნის მოღალატეა’. აქცია დაწყებულიც არ გვქონდა პოლიციამ რომ დაგვაკავა“, – განუცხადა არუთუნიანმა ჟურნალისტებს მოგვიანებით. „იმ დროს უბრალოდ ქუჩაში დავდიოდით, არაფერს არ ვაკეთებდით, თუმცა პოლიციაში გვითხრეს, რომ ეს მიტინგი იყო და ამიტომაც დაგვაკავეს“.
ათივე აქტივისტი სამ საათში გაათავისუფლეს და ჯარიმის გადახდა დააკისრეს „საზოგადოებრივი სივრცის არასათანადო გამოყენებისთვის“.
12 თებერვალს, როდესაც ოპოზიციონერი აქტივისტები ისევ ავრცელებდნენ საინფორმაციო ბუკლეტებს, მათთან მმართველი რესპუბლიკური პარტიის მხარდამჭერები მივიდნენ და შეურაცხყოფის მიყენება დაუწყეს. ადგილზე მისულმა პოლიციამ ორივე დაჯგუფების წევრები დააკავა.
სომხეთის ეროვნული კონგრესის მმართველი საბჭოს წევრი და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი არეგ გევორკიანი მიიჩნევს, რომ რესპუბლიკური პარტიის მხარდამჭერების გამოჩენა წინასწარ იყო დაგეგმილი.
„სავსებით ნათელია, რომ ჩვენს [სატელეფონო] საუბრებს უსმენენ და გვითვალთვალებენ, ეს ინციდენტი შემთხვევით არ მომხდარა“, – განაცხადა მან.
სომხეთის ეროვნულმა კონგრესმა მომხდართან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა, რომელშიც ინციდენტი მიტინგის მოლოდინით შეშინებული ხელისუფლების „იაფფასიან პროვოკაციად“ შეფასა.
რაც შეეხება რესპუბლიკური პარტიის პოზიციას, მისი ახალგაზრდული ფრთის ლიდერი კარენ ავაკიანი მისი კოლეგების საქციელის გამართლებას ბუკლეტების შეურაცმყოფელი შინაარსის საბაბით ცდილობას.
„ბუნებრივია, რომ ჩვენი ახალგაზრდები მათ ასე უბრალოდ გვერდს ვერ აუვლიდნენ. არც ერთ პოლიტიკურ ძალას არა აქვს იმის უფლება, რომ ზღვარს გადასცდეს. ასეთ რაღაცებს დიდი ხნის განმავლობაში არ ვაქცევდით ყურადღებას, თუმცა ახლა ნებისმიერ ასეთ ქმედებას სათანადო რეაგირება მოჰყვება“, – განაცხადა ავაკიანმა. „პოლიცია ამას სამართლებრივ შეფასებას მისცემს…მე კი უბრალოდ მინდა ყველას შევახსენო, რომ არავის აქვს უფლება შეურაცხყოფა მიაყენოს და გაავრცელოს მსგავსი შეურაცმყოფელი შინაარსის მქონე ბუკლეტები“.
გევორკიანის მტკიცებით ბუკლეტები, რომლებიც ეროვნული კონგრესის აქტივისტებს ეჭირათ ხელში და რომლებზეც სომხეთის პრეზიდენტის გადახაზული სახე იყო გამოსახული, არ წარმოადგენს პარტიის ოფიციალურ მასალას და ისინი თავად აქტივისტების მიერ არის დამზადებული.
გაუგებარია, რატომ გახდა სომხეთის ხელისუფლებისთვის ასეთი სანერვიული რამდენიმე უმნიშვნელო ბუკლეტის დარიგება.
გევორკიანის თქმით, „ისინი ძალიან კარგად აცნობიერებენ, რომ ნებისმიერი სახის აქტიურობა სიტუაციის შეცვლას გამოიწვევს, რითაც საბოლოოდ გახდება შესაძლებელი მათი თავიდან მიშორება. სწორედ ეს არის მთავარი მიზეზი იმისა, თუ რატომ ცდილობს ხელისუფლება ყველანაირად ხელი შეუშალოს [1მარტის] აქციის შესახებ ინფორმაციის გავრცელებას“.
ორგანიზაცია „დიალოგის“ ანალიტიკოსი ერვანდ ბოზოიანი ფიქრობს, რომ ხელისუფლება თავის დაცვას ცდილობს, რაც რამდენიმე ფაქტორით არის განპირობებული. პირველი – არაპოპულარული გადაწყვეტილება რუსეთის ინიციატივით შექმნილ საბაჟო კავშირში გაწევრიანების შესახებ, მეორე – სომხეთის გაზგამანაწილებელი მთლიანი ქსელის რუსული ენერგო გიგანტის „გაზპრომისთვის“ გადაცემა, და ბოლოს – საპენსიო რეფორმა, რომელიც ხალხს სავალდებულო შენატანების გადახდას აიძულებს. ქუჩის საპროტესტო აქციების ჩატარებისას ამ სამივე საკითხმა გადამწყვეტი როლი ითამაშა.
„იმ სიტუაციაში, როდესაც არსებობს ასეთი დაძაბული სოციალური ფონი, ბუნებრივია, რომ ხელისუფლებას შიში იპყრობს, რისი შედეგიცაა მომხდარი შემთხვევები“, – ამბობს ის.
„სომხეთის ეროვნული და საერთაშორისო კვლევების ცენტრის“ დირექტორი მანველ სარგსიანი აცხადებს, რომ ხელისუფლება ოპოზიციური კამპანიების ჩაშლით, სინამდვილეში მათ გაძლიერებას უფრო უწყობს ხელს, ვიდრე დასუსტებას.
„ხელისუფლება ამ ტაქტიკას მუდმივად იყენებს. ეს მის ხასიათში ზის, ასეთი ქუჩური გარჩევების კულტურა“, – ამბობს ის. „ეს უკვე წლებია გრძელდება“.
12 თებერვლის ინციდენტის დროს პოლიციამ თავის თავს კიდევ უფრო მეტი ანტირეკლამა გაუწია, როდესაც ორი ჟურნალისტი დააკავა, გაზეთ „მეოთხე ხელისუფლების“ რეპორტიორი ანი გევორგიანი და ახალი ამბების საიტის iLur.am-ის ოპერატორი სარგის გევორგიანი.
ანი გევორგიანის თქმით, პოლიცია ჯერ შეეცადა მათთვის კამერების წართმევას, ხოლო შემდეგ ორივე დააკავა, თავად მას კი ფიზიკური შეურაცხყოფაც მიაყენეს.
„მანქანაში პოლიციელები ხელებზე მირტყამდნენ. პოლიციის განყოფილებაში რომ მიმიყვანეს, იქაურმა უფროსმა შენიშნა როგორ ვაძლევდი ტელეფონით ინტერვიუს და სილა გამაწნა. მერე ტელეფონიც წამართვეს“.
როდესაც ჟურნალისტებმა ადვოკატებთან შეხვედრა მოითხოვეს, ორივე გაჩხრიკეს და კამერები წაართვეს. მოგვიანებით ისინი გაათავისუფლეს და კამერებიც დაუბრუნეს, თუმცა ყველა გადაღებული ფოტო მათ წაშლილი დახვდათ.
მედიის თავისუფლების საკითხებში ეუთოს წარმომადგენლმა დუნია მიატოვიჩმა გაავრცელა განცხადება, რომელშიც შეშფოთება გამოთქვა ჟურნალისტების დაკავების და არასათანადო მოპყრობის გამო.
„ძალადობა ჟურნალისტების მიმართ მიუღებელია. განსაკუთრებით საგანგაშოა, როდესაც პოლიცია, რომელიც ვალდებულია დახმარება გაუწიოს და დაიცვას ჟურნალისტები მათ მიმართ ძალას იყენებს“, – ნათქვამია სომხეთის ხელისუფლების მისამართით მიწერილ წერილში.
სომხეთის ომბუდსმენი კარენ ანდრეასიანი შეშფოთებას იზიარებს და აღნიშნავს, რომ ჟურნალისტებისთვის მათი საქმიანობის განხორციელებისთვის ხელის შეშლა და მათ მიმართ ძალის გამოყენება „სისხლის სამართლის დანაშაულია, რომელიც მკაცრ სასჯელს იმსახურებს, განსაკუთრებით თუ ეს დანაშაული სახელმწიფო მოხელეების მიერ არის ჩადენილი“.
ომბუდსმენის განცხადების შემდეგ, სამმა დამოუკიდებელმა სამართალდამცავმა ორგანომ დაიწყო გამოძიება ჟურნალისტების შეურაცხყოფის საქმეზე.
გაიანე მკრტჩიანი ArmeniaNow.com-ის რეპორტიორია სომხეთში.