სომხეთი ინტეგრირებულ სწავლებაზე გადადის

განათლების ახალი რეფორმის თანახმად ეტაპობრივად დაიწყება საჯარო სკოლების შენობა-ნაგებობების მორგება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მოსწავლეებისათვის.

სომხეთი ინტეგრირებულ სწავლებაზე გადადის

განათლების ახალი რეფორმის თანახმად ეტაპობრივად დაიწყება საჯარო სკოლების შენობა-ნაგებობების მორგება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მოსწავლეებისათვის.

Naira Harutyunyan, head of inclusive education at a Yerevan school. (Photo: Arpi Beglaryan)
Naira Harutyunyan, head of inclusive education at a Yerevan school. (Photo: Arpi Beglaryan)
Friday, 21 December, 2012

განათლების ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად სომხეთმა საჯარო სკოლებში აღჭურვილობის გადახალისება დაიწყო, რათა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მოსწავლეებს განცალკევებულად არ მოუხდეთ განათლების მიღება.

სომხეთმა რეფორმის განხორციელების ვალდებულება 2010 წელს აიღო, მას შემდეგ რაც „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ“ კონვენციას მოაწერა ხელი. კონვენციის თანახმად, სახელმწიფო იღებს ვალდებულებას არ დაუშვას შესაძლებლობების შეზღუდვაზე დაფუძნებული ყოველგვარი დისკრიმინაცია და უზრუნველყოს ადამიანის ყველა უფლებითა და ფუნდამენტური თავისუფლებით სრული სარგებლობა.

რეფორმის დასრულებას კიდევ ერთი ათწლეული დასჭირდება, ვინაიდან, სომხეთის სკოლები ძირითადად საბჭოთა პერიოდშია აშენებული და რეკონსტრუქცია, კერძოდ, საინვალიდო ეტლებისათვის პანდუსებისა და სპეციალური კონსტრუქციების დამონტაჟება რთულია.

ერევნის ერთ-ერთი სკოლის ინკლუზიური სწავლების ხელმძღვანელმა, ნაირა ჰარუთუნიანმა განაცხადა, რომ მისი სკოლა ამჯამად ღებულობს შეზღუდული გონებრივი შესაძლებლობის მქონე ბავშვებს, თუმცა ჯერჯერობით ვერ ღებულობენ  მოსწავლეებს რომლებსაც ეტლები სჭირდებათ, ვინაიდან გარემოს შესაბამისი ადაპტაციისათვის საჭირო თანხები არ გააჩნიათ.

“პანდუსი, რომელიც ჩვენ გვაქს, გაუმართავია“,- თქვა მან, – “ჩვენ ჩავატარეთ ექსპერიმენტი, რომელმაც აჩვენა, რომ დაშვებისას შესაძლოა ეტლი გადმოყირავდეს, ამიტომაც შევწყვიტეთ მისი გამოყენება“.

ამავე სკოლის ფსიქოლოგი, აზნივ მანუქიანი, რომელიც მიესალმება ახალ რეფორმებს, მიუთითებს იმ დრამატულ ცვლილებებზე, რომელიც სკოლაში ერთი წლის სწავლების შემდეგ აუტისტმა ბავშვმა განიცადა.

“ინკლუზიური სისტემა მსგავსი ბავშვებისთვის მართებულია, ვინაიდან ისეთ გარემოში უწევთ ყოფნა, რომელიც მათ სარგებელს მოუტანს,“ – განაცხადა მან, – „მოსწავლეთა ინდივიდუალური სწავლება ყოველთვის იძლევა შედეგს. მასწავლებელი კლასში ძალიან მნიშვნელოვან როლს თამაშობს და ჩვენ ყოველთვის ვატარებთ დამატებით გაკვეთილებს.“

ოქტომბერში, განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, არმენ აშოთიანმა წარმოადგინა კანონპროექტი, სადაც ინკლუზიური სწავლების პრინციპები იყო გაწერილი. მისი თქმით, სომხეთში მდებარე 1,347 სკოლა სრულად იქნება ხელმისაწვდომი ყველა მოსწავლისათვის და დასძინა, რომ რეფორმა განცალკევებულად შეზღუდული უნარის მქონე ბავშვთათვის განათლების უზრნველყოფის ხარჯებს მნიშვნელოვნად შეამცირებს.

ამჟამად, სომხეთში ფუნქციონირებს 107 ინტეგრირებული სკოლა და მათი რაოდენობა წელიწადში 15-ით იზრდება.

რეფორმის შესრულებას აფერხებს მშობლებში გავრცელებული სტერეოტიპული შეხედულებები.

“სამი წლის წინ, როცა ამ სკოლაში მუშაობა დავიწყე, მშობლების ნაწილი ითხოვდა, რომ მათი შვილები „პრობლემური ბავშვების“ გვერდით არ დაგვესვა. მათ არ სურდათ შვილების იმ კლასში ყოფნა, სადაც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვები სწავლობდნენ,” – განაცხადა მანუქიანმა, – „მაგრამ უნდა აღინიშნოს, რომ მშობლების დიდი ნაწილი დღეს უკვე ასეთ ბავშვებთან დამეგობრებას უწყობს ხელს“.

არუთინიანის განცხადებით, წარმატების კიდევ ერთი დამაბრკოლებელი გარემოება ისაა, რომ ინკლუზიურ სკოლაში სწავლება თავად მშობლის არჩევანია.

“მინდა მოვუწოდო ხელისუფლებას, რომ გადახედოს კანონმდებლობას, რომლის თანახმადაც მშობლებს თავად შეუძლიათ გადაწყვიტონ, თუ რომელ სკოლაში  ისწავლიან მათი შვილები”, – განაცხადა მან.

სკოლა-ინტერნატებში, სადაც დღემდე მძიმე მდგომარეობაში მყოფი შეზღუდული შესაძლებლობის მოზარდები სწავლობენ ირწმუნებიან, რომ მათ დაწესებულებებს ფუნქციური მნიშვნელობა არ დაუკარგავთ.

“ჩვენთან ჯერ კიდევ სწავლობენ ქმედუნარიანობის შეზღუდვის მძიმე ხარისხის მქონე ბავშვები”, – განაცხადა ერთ-ერთი ასეთი სკოლის დირექტორმა ერევანში, არცვიკ არშაქიანმა, – „ქმედუნარიანობის შეზღუდვის ნაკლები ხარისხის მქონე ბავშვები ინკლუზიურ სასწავლებლებში უნდა გადაიყვანონ, მაგრამ ჩვენი სკოლა უნდა დარჩეს როგორც ამოსავალი წერტილი. ყოველთვის იქნებიან ბავშვები, რომელთაც ქმედუნარიანობა მაღალი ხარისხით აქვთ დარღვეული და თუ მათ წასასვლელი არსად ექნებათ – ქუჩაში აღმოჩნდებიან”.

მინისტრმა აშოთიანმა დაადასტურა, რომ საბჭოთა პერიოდში აშენებული ზოგიერთი სკოლა პირვანდელ სახეს შეინარჩუნებს.

“ჩვენ ვერ აღმოვფხვრით სპეციალურ სკოლებს სომხეთში, ისევე, როგორც ეს არ შეიძლება მოხდეს ნებისმიერ სხვა ქვეყანაში”, – განაცხადა აშოთიანმა პარლამენტში, – „მაგრამ მათი რაოდენობა უნდა შემცირდეს და იქ მოსწავლეებმა მხოლოდ იმ შემთხვევაში უნდა ისწავლონ, თუ ამისთვის საჭირო მიზეზი ექნებათ”.

ძირითადი წესია, რომ ყველა მოსწავლემ, ვისაც ეს შეუძლია, ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებში უნდა ისწავლოს.

“საზოგადოება უნდა გახდეს უფრო მგრძნობიარე და ტოლერანტული”, – განაცხადა მან, – „უნდა გვესმოდეს, რომ ისინი საზოგადოების წევრები არიან, ისინი ამ საზოგადოების ბავშვები არიან”.

არპი ბეგლარიანი ინტერნეტ გამოცემის emedia.am რეპორტიორია სომხეთში

 

Armenia
Children
Frontline Updates
Support local journalists