სომეხი პარლამენტარი ქალი მუქარების ობიექტი ხდება

მიწინააღმდეგეები დეპუტატის ლანძღვაში ერთმანეთს ეჯიბრებიან იმის გამო, რომ მან ქვეყნის მმართველი აზარტული თამაშებით გატაცებაში ამხილა.

სომეხი პარლამენტარი ქალი მუქარების ობიექტი ხდება

მიწინააღმდეგეები დეპუტატის ლანძღვაში ერთმანეთს ეჯიბრებიან იმის გამო, რომ მან ქვეყნის მმართველი აზარტული თამაშებით გატაცებაში ამხილა.

Zaruhi Postanjyan. (Photo: Photolure agency)
Zaruhi Postanjyan. (Photo: Photolure agency)
President Serzh Sargsyan address the Parliamentary Assembly of the Council of Europe, October 2, 2013. (Photo: Armenian president's website)
President Serzh Sargsyan address the Parliamentary Assembly of the Council of Europe, October 2, 2013. (Photo: Armenian president's website)

სომხეთის ოპოზიციონერ პოლიტიკოსს დაცვად პოლიცია მიუჩინეს იმის გამო, რომ ის მმართველი პარტიის წარმომადგენელების მხრიდან დაუნდობელი კრიტიკის ქარცეცხლში მოექცა, რისი მიზეზიც ქვეყნის პრეზიდენტისათვის მისი აზარტული თამაშებით გატაცების თაობაზე დასმული შეკითხვა გახდა.

პარტია „მემკვიდრეობის“ წევრი ზარუი პოსტანჯიანი 2 ოქტომბერს გამართულ ევროპის საპარლამენტო ასამბლეის სამიტზე პრეზიდენტ სერჟ სარგსიანს შეეკითხა მართლა წააგო თუ არა მან ევროპის კაზინოებში 70 მილიონი ევრო.

სარგსიანმა ეს კატეგორიულად უარყო და განაცხადა, რომ ის ევროპაში არც ერთ კაზინოში არ ყოფილა და არც ამდენი ფული აქვს. „მე კაზინოებში არ ვთამაშობ“, უპასუხა მან.

სარგსიანის „რესპუბლიკური პარტიის“ წევრები, რომლებიც ქვეყნის პარლამეტში უმრავლესობას წარმოადგენენ პოსტანჯიანის საქციელის გამო სასტიკად განრისხდნენ და ის ევროპარლამენტის სომხური დელეგაციიდან გარიცხეს, მისი ჩანაცვლება პარტია „კანონიერების ქვეყნის“ წევრით მოხდა.

სომხეთის პარლამენტის სპიკერმა ოვიკ აბრამიანმა სპეციალური განცხადება გაავრცელა, რომელშიც პოსტანჯიანის საქციელი დაგმო.

„პოლიტიკური შეხედულებების გამოხატვის თავისუფლება გარანტირებული უფლებაა და ის წარმოადგენს დემოკრატიის ქვაკუთხედს“, ამბობს ის. „თუმცა პოლიტიკური შეხედულებების გამოხატვა არ არის აბსოლუტური უფლება. სომხეთის კონსტიტუციის 66-ე მუხლის თანახმად, დეპუტატის უფლება გამოხატვის თავისუფლების შესახებ შეზღუდულია შეურაცხყოფისა და ცილისწამების დაუშვებლობით“.

პოსტანჯიანის მისამართით არ დაიშურეს მწარე კრიტიკა არც „რესპუბლიკური პარტიის“ სხვა წევრებმა, როგორც საჯაროდ ისე ფეისბუკის გვერდებიდან.

სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა მინისტრის მოადგილემ და ასევე მმართველი პარტიის საბჭოს წევრმა ჰაჩიკ ასრიანმა პოსტანჯიანი რამილ საფაროვს შეადარა, აზერბაიჯანელ ოფიცერს რომელმაც 2004 წელს ბუდაპეშტში ნატოს ეგიდით მიმდინარე სწავლების დროს თავისი სომეხი კოლეგა ნაჯახით მოკლა.

„ზარუი პოსტანჯიანი კოცონზე საჯაროდ უნდა დაიწვას, მაგრამ არა როგორც ჟანა დ’არკი არამედ როგორც რამილ საფაროვი“, – განაცხადა ასრიანმა ონლაინ გამოცემა www.yerkir.am -თან საუბრისას.

შემდეგ დღეს, ასრიანმა თავისი სიტყვები განმარტა და თქვა, რომ მან პოლიტიკოსის ფიტულის დაწვა იგულისხმა. ჩინოვნიკის მიმართ არავითარი დისციპლინარული ზომები არ გატარებულა, მაგრამ მისმა სიტყვებმა ძალიან განარისხა პოსტანჯიანი და მისი მომხრეები.

„სომხური კანონმდებლობით ადამიანის შეურაცხყოფა და დაშინება აკრძალულია“, – აცხადებს პოსტანჯიანი. „უფრო მეტიც, ამავე კანონით ასეთი ქმედება დასჯადია. თუმცა ვერ ვხედავ, რომ ან პოლიცია და ან კიდევ პროკურატურა რაიმე ზომებს ღებულობდეს მაშინ, როცა ხელისუფლების წარმომადგენლები შეურახყოფას მაყენებენ და მემუქრებიან. ყველაფერი ეს შუასაუკუნეების ინკვიზიციას მაგონებს, როცა ხალხს მათი მრწამსის გამო კოცონზე ცოცხლად წვავდნენ“.

პარტია „მემკვიდრეობას“, რომლის წევრიც გახლავთ პოსტანჯიანი სავარაუდო წამქეზებელთა წინააღმდეგ სარჩელი არ შეუტანია, თუმცა ხელისუფლებას მოსთხოვა „შეწყდეს პოსტანჯიანის პოლიტიკური დევნა და შეურაცხყოფა და დაისაჯოს ყველა ის პირი, რომელიც მას ემუქრებოდა“.

მოგვიანებით, ოქტომბრის შუა რიცხვებში, პოსტანჯიანს მცველად ორი პოლიციელი მიუჩინეს.

IWPR-თან საუბრისას რესპუბლიკური პარტიის თავმჯდომარის მოადგილემ გალუსტ სააკიანმა განაცხადა: „ხომ ხედავთ, ხელისუფლება ზრუნავს ოპოზიციონერი დეპუტატის უსაფრთხოებაზე. ახლა ზარუი პოსტანჯიანს ვერავინ თითსაც ვერ დააკარებს“.

თუმცა სააკიანმა მის მიერ პოსტანჯიანის მისამართით გამოთქმული მუქარისა და კრიტიკის კომენტირება არ ისურვა, მან მხოლოდ ის თქვა, რომ: „ჩვენც ადამიანები ვართ და ვერ შევძელით პრეზიდენტის შეურაცხყოფაზე რეაგირება არ მოგვეხდინა“.

პასუხი არადამაკმაყოფილებელი აღმოჩნდა „ჰელსინკის მოქალაქეთა ასამბლეის“ ვანაძორის ოფისის ხელმძღვანელის არტურ საკუნცისთვის. მისი თქმით, სომხეთი ისეთ ქვეყანას წარმოადგენს, სადაც „ხელისუფლების წარმომადგენლები ღიად გამოდიან მუქარებით და არ ისჯებიან“.

„ამ მოვლენებმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ სომხეთში არა მარტო  ავტორიტარული რეჟიმი მოქმედებს – არა გაქვს უფლება დასვა შეკითხვა მარტო იმიტომ, რომ ეს არ ესიამოვნება იმ ადამიანს, რომელიც ამ რეჟიმის სათავეში დგას –  არამედ ისიც, რომ აქ კანონი არ მოქმედებს, – განაცხადა საკუნცმა. „ვიღაცას შეუძლია პიროვნებას ღიად ცოცხლად დაწვით დაემუქროს და ამისთვის პასუხი არ აგოს. თუ პოლიცია აღიარებს საფრთხის არსებობას და პოსტანჯიანის უსაფრთხოების დასაცავად პოლიციელებს აგზავნის, მაშინ რატომ არ იძიებს საიდან მოდის ეს საფრთხე.“

არმენ კარაპეტიანი თავისუფალი ჟურნალისტია სომხეთში.

Armenia
Frontline Updates
Support local journalists