შეუძლია თუ არა ყარაბაღის კრიზისს მისცეს ბიძგი ახალი სამშვიდობო მოლაპარაკებების დაწყებას?

ანალიტიკოსი აზერბაიჯანიდან აფასებს იმ შესაძლო ნაბიჯებს, რომლებიც მხარეებმა ახალდადებული ზავის პირობებში უნდა გადადგან.

შეუძლია თუ არა ყარაბაღის კრიზისს მისცეს ბიძგი ახალი სამშვიდობო მოლაპარაკებების დაწყებას?

ანალიტიკოსი აზერბაიჯანიდან აფასებს იმ შესაძლო ნაბიჯებს, რომლებიც მხარეებმა ახალდადებული ზავის პირობებში უნდა გადადგან.

Arastun Orujlu, director of the East West Research Centre in Azerbaijan. (Photo: Arastun Orujlu)
Arastun Orujlu, director of the East West Research Centre in Azerbaijan. (Photo: Arastun Orujlu)
Wednesday, 6 April, 2016

მთიანი ყარაბაღის რეგიონში ბოლო ათწლეულების განმავლობაში განვითარებული ყველაზე მძიმე სამხედრო დაპირისპირების შემდეგ, აზერბაიჯანელ და სომეხ შეიარაღებულ ძალებს შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება შედგა.

აღმოსავლეთ-დასავლეთის კვლევითი ცენტრის დირექტორი აზერბაიჯანში არასტუნ ორუჯლუ საუბრობს მიმდინარე დაძაბულობის მაპროვოცირებელ ფაქტორებზე და ასევე სამშვიდობო მოლაპარაკებების სამომავლო პერსპექტივებზე.

მისი განცხადებით, აქამდე, მოლაპარაკებები, უმეტეს შემთხვევაში, საჩვენებლად ტარდებოდა და მათ არაფერი ჰქონდა საერთო ფუნდამენტური საკითხების მოგვარებასთან.

როგორ ახსნით იმას რაც ახლა ხდება? რა არის კონფლიქტის ესკალაციის მიზეზი და რატომ მოხდა ეს ახლა?

ორუჯლუ: რა ხდება? მოდით, აქედან დავიწყოთ. რაც ახლა ხდება არის ის, რომ დადგა სამშვიდობო პროცესის კრიზისი.

22 წლის განმავლობაში, ზავის ხელმოწერის შემდეგ, იმართებოდა სამშვიდობო მოლაპარაკებების იმიტაცია. ამასთან ერთად, პროცესის თითქმის ყველა საერთაშორისო მონაწილეს დაავიწყდა, რომ აზერბაიჯანის ტერიტორიის დიდი ნაწილი იყო ოკუპირებული. საერთაშორისო საზოგადოებამ ერთ დონეზე დააყენა ოკუპანტი და მსხვერპლი. ანუ, კონფლიქტის მხარეების სტატუსი სათანადოდ არ განისაზღვრა. რა თქმა უნდა, ამან ახლანდელ კრიზისამდე მიგვიყვანა.  

კრიზისი კი საკმაოდ სერიოზულია. მთელი ამ წლების განმავლობაში, ორივე მხარე აქტიურად იყო დაკავებული შეიარაღების შესყიდვით. მათი მთავარი მიმწოდებელი კი იყო რუსეთი. რუსი პოლიტიოსები ამას ცინიკურად პარიტეტის შენარჩუნებას ეძახდნენ. ისინი მილიარდობით დოლარის ღირებულების იარაღს ჰყიდნენ აზერბაიჯანში. მერე, „პარიტეტის“დაცვით, იარაღს თავის სტრატეგიულ პარტნიორს, სომხეთს, აწვდიდნენ, დაახლოებით იმავე რაოდენობით. ეს ყველაფერი ოდესმე უნდა აფეთქებულიყო.   

მთელი ამ პერიოდის განმავლობაში, სომხეთი საკმაოდ კომფორტულად გრძნობდა თავს ოკუპირებულ ტერიტორიებზე. უფრო მეტიც, საკმაოდ ხშირად არღვევდა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას. დროდადრო, ღიად ახდენდა მოლაპარაკებების პროცესის საბოტირებას. ამიტომაც, მივიღეთ ის, რაც მივიღეთ.

რატომ მოხდა ეს ახლა? ვფიქრობ, აზერბაიჯანს უნდა აინაზღაუროს ის, რაც  გამოტოვა.

მოახდინა თუ არა აზერბაიჯანის შიდა ფაქტორებმა – ეკონომიკურმა კრიზისმა, ევროპასთან და დასავლეთთან ურთიერთობების დათბობამ, რუსეთისაგან დისტანცირებამ – გავლენა სამხედრო მოქმედებების გააქტიურებაზე?

არ ვიცი, რამდენად მოახდინა ეკონომიკურმა კრიზისმა გავლენა შექმნილ სიტუაციაზე, მაგრამ ქვეყნის შიგნით მიმდინარე პოლიტიკური ცვლილებების გავლენა აშკარად სახეზეა. ბოლო ხანებში, აზერბაიჯანი თანდათან უფრო ჩამოშორდა ნატოს, დაარღვია დაბალანსებული საგარეო პოლიტიკის პრინციპი და აღმოჩნდა მარტო რუსეთის წინაშე.  

ხოლო, როცა წამოვიდა წინადადებები საბაჟო კავშირში და ევრაზიულ ეკონომიკურ კავშირში გაწევრიანებაზე, ეს აზერბაიჯანს უკვე აღარ აწყობდა. აზერბაიჯანსა და დასავლეთს შორის ურთიერთობას ხელისუფლების შიგნიდან უთხრიდნენ ძირს, კერძოდ კი, ის ჯგუფები, რომლებიც ამას შეგნებულად და მიზანმიმართულად აკეთებდნენ იმ მიზნით, რომ აზერბაიჯანი მარტო აღმოჩენილიყო რუსეთის წინაშე, დასავლეთის მხარდაჭერის გარეშე. ამ ძალებს აწყობთ საგარეო პოლიტიკის პრორუსული კურსი. თუმცა, ბოლო მომენტში ეს შეიცვალა. მხედველობაში მაქვს, ზუსტად, ბოლო რამდენიმე თვე.  

ბოლოს, შედგა ილჰამ ალიევის ვიზიტი ვაშინგტონში, სადაც ჯერ კიდევ ბირთვული სამიტის დაწყებამდე გაიმართა შეხვედრები, მოლაპარაკებები, ამერიკის შეერთებული შტატების ოფიციალური პირების მიერ აზერბაიჯანის მისამართით გამოითქვა პოზიტიური განცხადებები. კერძოდ, ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა აზერბაიჯანში რობერტ სეკუტამ და მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარემ ჯეიმს უოლრიკმა განაცხადეს, რომ აზერბაიჯანის ოკუპირებული ტერიტორიები უნდა გათავისუფლდეს. ამერიკის კონგრესმა შეუჩერა დაფინანსება მთიანი ყარაბაღის არაღიარებულ სეპარატისტულ რესპუბლიკას. როგორც ჩანს, ამ ყველაფერმა გარკვეული გაღიზიანება გამოიწვია [სომხეთში] და გადაწყდა აზერბაიჯანის კონფლიქტში ჩათრევა. ბოლო თვეების განმავლობაში, ოკუპირებულ ტერიტორიებზე შეინიშნებოდა სომხური საჯარისო შენაერთების განსაკუთრებული კონცენტრაცია, რამაც მიგვიყვანა კიდეც დაპირისპირებამდე. კონფრონტაცია სწორედ მაშინ მოხდა, როცა ორივე ქვეყნის პრეზიდენტი ვაშინგტონში იმყოფებოდა. ვფიქრობ, რომ ეს დამთხვევა არ იყო.

რამდენად რეალისტურია საუბარი იმის შესახებ, რომ თურქეთი და რუსეთი ცდილობენ მათი უთანხმოების სირიიდან კავკასიაში გადმოტანას?

არ მგონია. ეს ძალიან მიკერძოებული ვერსიაა, რომელიც გარკვეულ პოლიტიკურ დღის წესრიგს ემსახურება. პირდაპირ, რომ გითხრათ, ეს ვერსია თურქეთის წინააღმდეგ შანტაჟის ხასიათს ატარებს, იმისთვის, რომ ის არანაირი ფორმით არ ჩაერიოს კონფლიქტში. ცნობილია, რომ აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის გაფორმებულია სამხედრო-სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმება. რასაკვირველია, თურქეთს არ შეუძლია პირდაპირ, ჯარის გამოგზავნით, ჩარევა, თუმცა, მას შეუძლია სამხედრო დახმარების აღმოჩენა ბევრი სხვა ფორმით. ამიტომაც, მათ უნდათ თურქეთის უკანა ფონზე გადაწევა. ამავე დროს, ვფიქრობ, რომ ეს ვერსია ემსახურება ყურადღების მოდუნებას კონფლიქტის ესკალაციის ნამდვილ ბერკეტებზე. მთავარი ბერკეტი კი უნდა ვეძებოთ არა მოსკოვსა და ანკარაში, არამედ მოსკოვსა და ერევანში.

თქვენი აზრით, რა შეიცვლება გეოპოლიტიკური თვალსაზრისით?

გეოპოლიტიკური თვალსაზრისით მოვლენების განვითარების რამდენიმე სავარაუდო ვარიანტი არსებობს. აზერბაიჯანისთვის ბრძოლა შემთხვევით არ დაწყებულა. აზერბაიჯანის გავლით იგეგმება სატრანსპორტო-საკომუნიკაციო დერეფნის აღმოსავლეთი-დასავლეთი და ჩრდილოეთი-სამხრეთის [რომელსაც რუსეთი ხელმძღვანელობს, ირანი, ინდოეთი და მისი ხელმომწერია ცხრა ქვეყანა რეგიონში]  ამოქმედება. ვფიქრობ, რომ ბრძოლაც ამის გამო დაიწყო. საუბარია სატრანსპორტო ხაზზე, რომელიც სულ მალე დააკავშირებს ევროპას ინდოჩინეთთან. საქმე ეხება ტრილიონობით დოლარის ღირებულების ბიზნესს. ბუნებრივია, რუსეთსაც უნდა ირანთან დამაკავშირებელი ჩრდილოეთი-სამხრეთი დერეფნის ამოქმედება, იმისთვის, რომ შეინარჩუნოს თავისი პოზიცია ახლო აღმოსავლეთში. არ გამოვრიცხავ, რომ რაღაც შეთანხმება უკვე დაიდო კიდეც ან იგეგმება. ვგულისხმობ შეთანხმებას არა ბაქოსა და მოსკოვს ან ბაქოსა და ვაშინგტონს შორის, არამედ შეთანხმებას ბაქო-მოსკოვი-ვაშინგტონის სამკუთხედს შორის.  

მეორე ვერსიით, რუსეთს ნამდვილად უნდა ჩაუშალოს დასავლეთს ინდოჩინეთის და ევროპის დაკავშირების გეგმები აზერბაიჯანის, ცენტრალური აზიის ქვეყნების, უკრაინის და ა.შ. გავლით, თუმცა ეს სუსტი ვერსიაა და ის არ შეესაბამება ვაშინგტონსა და მოსკოვს შორის ბოლო კვირების განმავლობაში განვითარებულ ურთიერთობას. სახეზეა პოზიტიური ცვლილებები.  

არსებობს კიდევ მესამე სავარაუდო ვერსია. აზერბაიჯანს უბრალოდ უნდა, ყველას გააგებინოს, რომ აღარ აპირებს თავისი ტერიტორიის ოკუპაციასთან შეგუებას, მით უმეტეს, თუ მას ასეთი დიდი გეოპოლიტიკური მნიშვნელობა გააჩნია. ეს არის მესიჯი ყველასათვის. აზერბაიჯანი ექცევა მოვლენების განვითარების ცენტრში. 

შეგვიძლია თუ არ ვივარაუდოთ, რომ კონფლიქტის ესკალაცია არის მინსკის პროცესის კრახი? თუ ეს არის სამშვიდობო მოლაპარაკებების სხვა ეტაპზე ან დონეზე გადასვლის მომენტი?  

ვფიქრობ, ეს არის მოლაპარაკებების პროცესის დასაწყისი. როგორც, მანამდე აღვნიშნე, რაც ადრე ხდებოდა იყო მხოლოდ სამშვიდობო პროცესის იმიტაცია… შესაძლოა [ხალხს ჰქონდა იმედი], რომ პრობლემა დავიწყებას მიეცემოდა, მაგრამ ყველაფერი სხვანაირად მოხდა. ყველამ -ვაშინგტონმაც, ბრუსელმაც და ერევანმაც, სრულიად საპირისპირო სურათი იხილა. ყველამ დაინახა, რომ აზერბაიჯანელები, განურჩევლად ასაკისა და შეხედულებებისა, არავითარ შემთხვევაში არ არიან მზად წავიდნენ დათმობაზე ისეთ საკითხთან დაკავშირებით, როგორიცაა ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა. ოკუპაციასთან შეგუება ძალიან მტკივნეულად აღიქმება. ეს ფსიქოლოგიური მომენტია, რომელსაც შეიძლება დავარქვათ შელახული ეროვნული ღირსება.     

თუ დღეს თვალს მივადევნებთ საზოგადოებრივი აზრის დინამიკას, დავინახავთ, რომ ხალხში სამხედრო მოქმედებების ბოლომდე მიყვანის აზრი დომინირებს. ესეც გარკვეული მესიჯია და სამშვიდობო პროცესიც ამ რეალობის გათვალისწინებით უნდა განვითარდეს. 

ანუ, თქვენ თვლით, რომ სიტუაცია აზერბაიჯანის სასარგებლოდ შეიცვალა?

ასე მგონია. თუ არ ჩავთვლით რამდენიმე „გვერდით ეფექტს“, როგორიცაა რუსული მასმედია, რომელშიც ანტიაზერბაიჯანული ისტერია მძვინვარებს. იმედი მაქვს, რომ ეს არ არის ოფიციალური მოსკოვის პოზიცია. ძირითადად, კი, ვთვლი, რომ სიტუაცია აზერბაიჯანის სასარგებლოდ შეიცვალა. 

გამოცხადდა ზავი. როგორ ფიქრობთ, მისი მიღწევა საერთაშორისო ორგანიზაციების ზეწოლით გახდა შესაძლებელი თუ მხარეები ასეთ შეთანხმებამდე თავისით მივიდნენ?

ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება მოსალოდენლი იყო. ამას რამდენიმე მიზეზი აქვს. პირველი, აზერბაიჯანმა თავის მიზანს უკვე მიაღწია. მეორე მხრივ, საბრძოლო მოქმედებების გაგრძელება გამოიწვევდა უფრო დიდ დანაკარგს და შესაძლოა უფრო ფართომასშტაბიან ომშიც გადაზრდილიყო. ეს კი არცერთ მხარეს არ სჭირდება. ამასთანავე, თავისი როლი ითამაშა საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან ზეწოლამაც.

როგორი პროგნოზის გაკეთება შეგიძლიათ? რა მოხდება შემდეგში? ყარაბაღის კონფლიქტის მოგვარების როგორ გზას უნდა ველოდოთ?

ახლა დაიწყება ინტენსიური მოლაპარაკებები. ეს უკვე აღარ იქნება მოლაპარაკებების იმიტაცია, როგორსაც მინსკის ჯგუფი ატარებდა. ეს იქნება უფრო სერიოზული პროცესი. დაიწყება სომხეთის დარწმუნება იმაში, რომ მას უკვე აღარ შეიძლება ჰქონდეს ოკუპირებული აზერბაიჯანის ტერიტორია. თუ სუპერსახელმწიფოები მიხვდებიან, რომ ეს ყველაფერი შესაძლოა რეგიონში უდიდეს ომში გადაიზარდოს, მოუწევთ სომხეთზე ზეწოლის მოხდენა. ფსიქოლოგიური უპირატესობა დღეს აზერბაიჯანის მხარესაა და ეს მას მოლაპარაკებების მაგიდასთან უფრო აძლიერებს. და კიდევ, არ უნდა ვეცადოთ გავექცეთ დღევანდელი კონფრონტაციის მთავარ მიზეზს, ეს არის ერთი ქვეყნის მიერ მეორე ქვეყნის ტერიტორიის ოკუპაცია. 

რა თქმა უნდა, ეს იქნება მასტიმულირებელი ჭეშმარიტი სამშვიდობო პროცესის, რომელსაც, დარწმუნებული ვარ, რომ ალტერნატივა არ გააჩნია. გამოჟონილი ინფორმაცია, თითქოს რუსეთი მთიან ყარაბაღში კოლექტიური უსაფრთხოების შეთანხმების ორგანიზაციის ეგიდით სამშვიდობო ძალების შეყვანას აპირებს, არის აბსურდი. ამ ორგანიზაციას არ აქვს არანაირი უფლება გააგზავნოს იქ მშვიდობისმყოფელები. სამშვიდოპო ოპერაციები საერთშორისო ორგანიზაციების ეგიდით ტარდება. ამასთანავე, აზერბაიჯანი არ არის კოლექტიური უსაფრთხოების შეთანხმების ორგანიზაციის წევრი, ხოლო ოფიციალურად მთიანი ყარაბაღი აზერბაიჯანის ტერიტორიად ითვლება.

 

Frontline Updates
Support local journalists