საქართველო ავღანური ნარკოტიკის საფრთხის პირისპირ

ქვეყანას განსაკუთრებულ რისკს ოკუპირებულ ტერიტორიებზე კონტროლის არარსებობა უქმნის

საქართველო ავღანური ნარკოტიკის საფრთხის პირისპირ

ქვეყანას განსაკუთრებულ რისკს ოკუპირებულ ტერიტორიებზე კონტროლის არარსებობა უქმნის

Levan Jangriashvili (in sunglasses), who worked in Afghanistan for many years, on his evacuation flight out of the country after the Taliban takeover
Levan Jangriashvili (in sunglasses), who worked in Afghanistan for many years, on his evacuation flight out of the country after the Taliban takeover © Levan Jangriashvili
Friday, 17 September, 2021

ქართველი ექსპერტები შიშობენ, რომ ავღანეთის ხელისუფლებაში თალიბების მოსვლით მოიმატებს ნარკოტიკებით ვაჭრობა და მასთან დაკავშირებული დანაშაული, ხოლო აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში საქართველოს მთავრობის მხრიდან კონტროლის არარსებობა ვითარებას კიდევ უფრო გაართულებს.  

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ბოლო კვლევის თანახმად, ავღანეთიდან ევროპაში ნარკოტიკების ტრანსპორტირების დაახლოებით 200 მარშრუტიდან 35 საქართველოსა და აზერბაიჯანზე გადის. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები კი ნარკოტიკების არალეგალური ტრანზიტისთვის სტრატეგიულ რესურსს წარმოადგენს.

„ავღანეთში, ოპიუმი არის ყველაზე შემოსავლიანი სასოფლო-სამეურნეო კულტურა და ... შესაბამისად, თალიბების შემოსავლის მთავარი წყარო - ნარკოტიკებით ვაჭრობა სწორედ ამ მიმართულებით ვითარდება,“ - განაცხადა ლევან ჯანგრიაშვილმა, რომელიც ავღანეთში პირველად 2012 წელს ქართული ჯარის სამშვიდობო მისიის ფარგლებში იმყოფებოდა; ხოლო 2018 წელს ის იქ უკვე კერძო კომპანიაში სამუშაოდ დაბრუნდა.

ჯანგრიაშვილი აღნიშნავს, რომ თუ ადრე საერთაშორისო ძალები შეეძლო ეკონტროლებინა ნარკოტიკების წარმოება და ვაჭრობა, ახლა ის მთლიანად თალიბანის ხელშია.

„კოალიციური ძალები ჰელმანდის და ყანდაარის პროვინციებში აფერხებდა [ნარკოტიკების] თავისუფლად მოძრაობას. ჩვენ ხელს ვუშლიდით მათ გადინებას, ვატარებდით ნარკოტიკული საშუალებების კონფისკაციას და ვანადგურებდით ლაბორატორიებს, სადაც ქიმიურად ხდებოდა ჰეროინის დამზადება,” თქვა მან. „სწორედ ამის გამო დიდ წინააღმდეგობას ვაწყდებოდით ჰელმანდში - მსოფლიოს შავ ბაზარზე ჰეროინის 80 პროცენტი სწორედ ამ პროვინციიდან შედის.”

აღმოსავლეთმცოდნე გიგლა ბარამიძე ამბობს,  რომ პირადად არის მოწმე, თუ როგორ ყვაოდა ინდუსტრიამ ავღანეთში მისი იქ გატარებული წლების განმავლობაში.

„საკუთარი თვალით მაქვს ნანახი ჰექტრობით ფართობის გაქირავებული ყაყაჩოს პლანტაციები,” ამბობს ის. „ამ ბიზნესში ჩართულ ადამიანები ფლობენ წარმოუდგენლად დიდ ფულს და უთანამედროვეს საკომუნიკაციო საშუალებებს. შარიათის გამო მათ ეზღუდებათ მისი გამოყენება, თუმცა კლანებს გადანაწილებული აქვთ პლანტაციები და შეთანხმებული არიან ფასებზე. ეს ყველაფერი ნარკოტიკებით ვაჭრობის დიდი წყაროა და ვინც ამას ზედამხედველობს მილიარდები აქვს. ”

ანალიტიკოსი ზურა ბატიაშვილის აზრით, ნარკოტიკები , გარდა იმისა, რომ თალიბების შემოსავლის მთავარი წყარო შეიძლება იქცეს, მნიშვნელოვან საფრთხეს უქმნის რეგიონის სხვა ქვეყნებს - მათ შორის საქართველოსაც.

„ნარკოტიკები ავღანეთიდან მიდის ირანში და იქიდან ხვდება საქართველოში,“ - ამბობს ის. „ახლა, როდესაც ავღანეთის ეკონომიკა კატასტროფულ მდგომარეობაშია და ხალხი შიმშილის ზღვარზეა, რა თქმა უნდა, ნარკოტიკების წარმოება გაიზრდება, რაც, ბუნებრივია, გაზრდის მის გადინებას საზღვარგარეთ, მათ შორის საქართველოშიც.”

შინაგან საქმეთა სამინისტროს ნარკომანიის წინააღმდეგ ბრძოლის ბიუროს ყოფილი ხელმძღვანელი ჯემალ ჯანაშია ამბობს, რომ ავღანეთიდან ნარკოტიკების კონტრაბანდა უკვე დაწყებულია და მისი სამიზნეა კავკასია და აღმოსავლეთ ევროპა როგორც სატრანზიტო მარშრუტი. 

„სულ უფრო მეტად ხდება შავი და კასპიის ზღვის აუზების გამოყენება, ირანიდან იწყება და აქეთ კასპიის ზღვის გავლით მიდის აზერბაიჯანის, საქართველოს, უკრაინისა და რუმინეთისკენ,” - თქვა მან.

დიდ ხანია რაც ავღანური ოპიატები კონტრაბანდული გზით თურქეთის გავლით ჯერ ბალკანეთში ხვდება, შემდეგ კი დასავლეთ ევროპაში. ბოლო სამი წლის განმავლობაში თურქეთის ხელისუფლება აქტიურად ებრძვის ავღანეთიდან ნარკოტიკების შემოდინებას, რის შედეგადაც ორ ცალკეულ შემთხვევაში მოხდა 20 ტონამდე ჰეროინის ამოღება და ბევრი ადამიანის დაკავება.  

მიუხედავად იმისა, რომ თურქეთის ძალისხმევას საქართველოსაც მოაქვს დადებითი შედეგი, ქვეყნის ოკუპირებული ტერიტორიებზე არსებული ვითარების გამო საფრთხე საკმაოდ დიდია.

„საერთაშორისო ნარკოინდუსტრია ნარკოტიკების ტრანზიტისთვის იყენებს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებსაც, რომლებიც იმყოფება შიდასახელმწიფოებრივ და საერთაშორისო ვაკუუმში,“ აღნიშნულია გაეროს ბოლო ანგარიში. „რასაც კარგად იყენებს საერთაშორისო ნარკომაფია საკუთარი ინტერესების სასარგებლოდ. ხშირად, სწორედ ამ ტერიტორიებიდან შემოდის ნარკოტიკები საქართველოში საიდანაც ხდება მათი ტრანზიტი ევროპაში.“

ორგანიზაცია „ქართული მედიის ჯგუფის“ ანალიტიკოსი ოთარ კვირიკაშვილი ამბობს, რომ ამ რეგიონებზე მთავრობის კონტროლის არარსებობის გამო იდეალურ პირობები იქმნება ნარკოტიკებით ვაჭრობისთვის.

„ყველას გვახსოვს 1990-იანი წლების ბოლო პერიოდი, როდესაც პანკისის ხეობა ანალოგიურად არ კონტროლდებოდა და ადგილზე ვითარებას კრიმინალური დაჯგუფებები აკონტროლებდნენ,“ თქვა მან.

„ნარკოტიკებით ტრანზიტის გარდა, წამალი ფაქტობრივად ადგილზე ინახებოდა და მთელი რეგიონი სავაჭრო პუნქტად იყო ქცეული, რამაც შედეგად მოიტანა ნარკომომხმარებელთა რაოდენობის გაზრდა, იმ პერიოდში სკოლის მოსწავლეებიც კი იყენებდნენ ნარკოტიკებს.”

მისი დასკვნით, „სწორედ ასეთი საფრთხის წინაშე ვდგავართ ახლაც, პირველი - ოკუპირებული რეგიონების გზით ავღანეთიდან ნარკოტრაფიკის გაძლიერება და მეორე - ნარკოტიკების ადგილზე შენახვა.”

ექსპერტების აზრით, სისუსტეები არსებობს საბაჟო გამშვები პუნქტებზეც. კრიმინოლოგიის პროფესორი გიორგი ღლონტი ამბობს, რომ საჭიროა სასაზღვრო კონტროლის გაძლიერება და მისი აღჭურვა თანამედროვე მოწყობილობებით.

„უმარტივესი გზა საქართველოში ნარკოტიკების მოსახვედრად არის აზერბაიჯანი, სწორედ აქედან ხდება მათი გადანაწილება,“ თქვა მან. „ამის კონტროლი რთულია, ათასობით ადამიანი უნდა გაიჩხრიკოს. მხოლოდ ერთ ცარიელ სატვირთოს შეუძლია რამდენიმე ასეული კილოგრამი ნარკოტიკის სპეციალურ სამალავში შენახვა და ტრანსპორტირება საზღვარგარეთ.”

საგარეო საქმეთა სამინისტრომ და საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა IWPR- ს განუცხადა, რომ საკითხი შინაგან საქმეთა სამინისტროს კომპეტენციაა, სადაც, თავის მხრივ, განაცხადეს, რომ უწყება ყველა უკანონო საქმიანობას გაუმკლავდება.

სტატია მომზადებულია გააძლიერე, გაადამოწმე, ჩაერთე პროექტის ფარგლებში, რომელიც ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.

This publication was prepared under the "Amplify, Verify, Engage (AVE) Project" implemented with the financial support of the Ministry of Foreign Affairs, Norway.

Georgia, Afghanistan
Drugs
Frontline Updates
Support local journalists