პანამის დოკუმენტების სომხური კვალი

ოფშორული სკანდალის გამო მთავრობის მაღალჩინოსანი თანამდებობიდან გადადგა.

პანამის დოკუმენტების სომხური კვალი

ოფშორული სკანდალის გამო მთავრობის მაღალჩინოსანი თანამდებობიდან გადადგა.

Mihran Poghosyan, Armenia´s chief compulsory enforcement officer. (Photo: Photolure Agency)
Mihran Poghosyan, Armenia´s chief compulsory enforcement officer. (Photo: Photolure Agency)

სომხეთის მთავრობის მაღალი თანამდებობის პირი თანამდებობიდან გადადგა ე.წ. პანამის დოკუმენტების სკანდალის შედეგად და როგორც ჩანს, მისი ბედი შესაძლოა  კიდევ ბევრმა გაიზიაროს.

პანამაში არსებული იურიდიული ფირმის „მოსაკ ფონსეკას“ (Mossack Fonseca) მილიონობით საიდუმლო დოკუმენტაციის უპრეცედენტო გაჟონვის შემდეგ, ცნობილი გახდა მსოფლიოს მასშტაბით არაერთი ქვეყნის ლიდერის, ცნობილი ადამიანის თუ თაღლითის ოფშორულ ზონებში დარეგისტრირებული კომპანიების და საეჭვო ფინანსური ტრანზაქციების შესახებ.

სომხური ონლაინ გამოცემა „ჰექტი“ (hetq.am) იყო ერთ-ერთი იმ ასი მედია ორგანიზაციიდან, რომელთა გამომძიებელმა ჟურნალისტებმა მსოფლიოს თითქმის ოთხმოცზე მეტ ქვეყანაში მოახდინეს გასაიდუმლოებული მონაცემების დამუშავება, ვიდრე ის ფართო საზოგადოებისთვის გახდებოდა ცნობილი.

„ჰექტში“ გამოქვეყნებული სტატია სომხეთის სააღსრულებო სამსახურის უფროსს, გენერალ მიჰრან პოღოსიანს და მის ოფშორულ საქმიანობას შეეხო.

როგორც რედაქციაში განმარტავენ, სავარაუდოდ, კიდევ ბევრი სახელის გამოაშკარავება მოხდება.

„ამ მომენტისთვის, ჩვენ ოცამდე ადამიანის სახელი გვაქვს, თუმცა ჯერ კიდევ ვმუშაობთ მათზე,“ – განაცხადა გაზეთ “ჰექტის” მთავარმა რედაქტორმა ედიკ ბაღდასარიანმა. „ჯერ არ დაგვისრულებია.“

„ჰექტში“ მასალის გამოქვეყნება მოხდა 4 აპრილს, ერთი დღის დაგვიანებით, ვიდრე ეს სხვა საგამომძიებლო გამოცემებმა გააკეთეს, რაც განპირობებული იყო მთიან ყარაბაღში მიმდინარე დაძაბული სიტუაციით.

იხილეთ: ყარაბაღი: ფრონტის ხაზთან მცხოვრები მოსახლეობა ომის  შედეგებს აფასებს.

იმის გათვალისწინებით, რომ საზოგადოების ყურადღება მთლიანად იყო გადართული ფრონტის ხაზზე და იქედან ინფორმაციის მიღებაზე, ბაღდასარიანმა გადაწყვიტა მასალის გამოქვეყნება გადაევადებინა. 

სტატიას საკმაოდ მწვავე რეაქცია მოჰყვა საზოგადოების მხრიდან, თუმცა აღმოჩნდნენ ისეთებიც, ვინც ასეთი მასალის გამოქვეყნება არაპატრიოტულ საქციელად შეაფასა ქვეყანაში განვითარებული კრიზისის ფონზე.

ორი კვირის შემდეგ, 18 აპრილს, მოულოდნელად, მიჰრან პოღოსიანმა თანამდებობა დატოვა. გადადგომის მიზეზი გენერელმა განმარტა თავის განცხადებაში, რომელსაც სომხეთის პრეზიდენტმა სერჟ სარგსიანმა 23 აპრილს მოაწერა ხელი.

„სომხურ და უცხოურ პრესაში პანამის ოფშორებთან დაკავშირებით ჩემი სახელიც არის ნახსენები. ვწუხვარ, რომ ჩემი სახელი ფიგურირებს აზერბაიჯანის პრეზიდენტის ილჰამ ალიევის ოჯახის გვერდით, რომელმაც მართლაც მიითვისა მილიარდობით დოლარი. მიუღებლად მიმაჩნია ის ფაქტი, რომ ჩემი პერსონა შესაძლოა გახდეს საფუძველი ნებისმიერი სახის პარალელის გავლებისთვის ჩემი ქვეყნის  ცივილიზაციასა და ავტორიტარულ აზერბაიჯანს შორის, რის გამოც ვტოვებ თანამდებობას.“  

აქტივების ქსელი

„ჰექტი“ ამტკიცებს, რომ პოღოსიანი თავის თანამდებობას საკუთარი ბიზნესინტერესების ლობირებისთვის იყენებდა.

„მოსაკ ფონსეკას“ მონაცემებზე დაყრდნობით, პოღოსიანი არის პანამაში რეგისტრირებული სამი კომპანიის – „სიგტემ რიალ ისტეიტის“ (Sigtem Real Estates Incorporated), „ჰოპკინტენ ტრეიდინგის“ (Hopkinten Trading Incorporated) და „ბანჯიო ინვესტის“ (Bangio Invest SA) აქციონერი.

„ბანჯიო ინვესტში“ მან წილი 2005 წელს შეიძინა, ხოლო დანარჩენ ორ კომპანიაში 2011 წელს, მისი სააღსრულოებო სამსახურის უფროსის თანამდებობაზე დანიშვნიდან სამი წლის შემდეგ. „ბანჯიოს“ ანგარიში აქვს გახსნილი შვეიცარიაში, „სვის დრესდნერ ბანკში“ (Swiss Dresdner Bank), რომლის ხელმომწერებიც არიან პოღოსიანი და მისი ბიძა, მიხაილ ჰარუტუნიანი.

„სიგტემ რიალ ისტეიტი“ და „ჰოპკინტენ ტრეიდინგი“ თანაბარ წილებს ფლობენ „ბესტ რიალტიში“ (Best Realty Ltd) –  სომხეთში რეგისტრირებული უძრავი ქონების სააგენტო, რომელიც ახორციელებს როგორც უძრავი, ასევე მოძრავი ქონების შეფასებას, მათ შორის იმ ქონებისაც, რომელიც იძულებითი სააღსრულებო სამსახურის საქმეებთან არის დაკავშირებული.

„სიგტემ რიალ ისტეიტი“ და „ჰოპკინტენ ტრეიდინგი“ საბანკო ანგარიშებს ფლობენ შვეიცარიის „ელ ჯი ბი ბანკში“ (LGB Bank (Suisse) SA) და მისი მართვის უფლებამოსილი პირი პოღოსიანია.   

„ბანჯიო ინვესტი“ არის სომხეთში შპს „ფრეშის“ ერთადერთი მფლობელი – კომპანია, რომელიც ადრე, იყო სუპერმარკეტების ქსელ „ფრეშის“ მფლობელი, ვიდრე ის არ შეწყვეტდა ფუნქციონირებას.
 

„ფრეშის“ ბოლო დარჩენილ სუპერმარკეტს მართავს კომპანია „კატრინ გრუპი,“ რომელიც სომხეთში ყველაზე დიდი გადასახადების გადამხდელი კომპანიაა და რომელიც პოღოსიანმა 1997 წელს დააფუძნა, დიდი ხნით ადრე, ვიდრე ის საჯარო მოხელე გახდებოდა.

თუმცა, ამჟამად, „კატრინ გრუპის“ ერთადერთი აქციონერი არის არა პოღოსიანი, არამედ პანამაში, „კენდოლაინ კორპის“ (Cendoline Corp) სახელით დარეგისტრირებული კომპანია, რომლის მფლობელის სახელი უცნობია.     

საჯარო სამსახურის შესახებ კანონის მიხედვით, სომხეთში საჯარო სამსახურის მაღალი თანამდებობის პირი, ვალდებულია, თანამდებობაზე დანიშვნიდან ერთი თვის ვადაში, ნებისმიერი წილი კომერციულ ორგანიზაციაში, რომელიც ათ პროცენტს აღემატება, გადასცეს სატრასტო მმართველობას. ასეთ შემთხვევაში, საჯარო მოხელე ინარჩუნებს თავისი კომპანიიდან შემოსავლების მიღების უფლებას. დაახლოებით შვიდასამდე მაღალჩინოსანი, წამყვანი სამინისტორებისა და სააგენტოების მმართველი თანამდებობის პირები ექვემდებარებიან ამ კანონს.
 

როგორც „ჰექტი“ აცხადებს, პოღოსიანს არა მარტო არ შეუწყვეტია თავისი ბიზნესსაქმიანობა, არამედ თავისი თანამდებობრივი კავშირების გამოყენებით, ხელი შეუწყო მის გაფართვოვებას, რაც არის უკანონო ქმედება.

„როგორც ოფიციალური პირი, ის დაკავებული უნდა იყოს სახელმწიფო საქმეებით და მას საერთოდ არ აქვს უფლება იყოს ჩართული ბიზნესსაქმიანობაში,“ – განაცხადა ბაღდასარიანმა ჩვენთან საუბრისას. „ეს არის იმის კარგი მაგალითი, თუ რას წარმოადგენენ ისინი სინამდვილეში და რისთვის იყენებენ სახელმწიფო სამსახურს.“

ხელისუფლება რეაგირებას არ ჩქარობს

ბოლო ათი წლის განმავლობაში, გაზეთ „ჰექტს,“ ბაღდასარიანის თაოსნობით, არაერთხელ გამოუქვეყნებია მაღალჩონისნების ბიზნესინტერესების მამხილებელი სტატიები.

ადრე გამოქვეყნებული მასალა ეხებოდა ოფშორულ გარიგებებს, რომლებშიც ჩართულები იყვნენ მთავრობის ამჟამინდელი და ყოფილი ხელმძღვანელები, საბაჟო და საგადასახადო სამსახურების მაღალჩინოსნები, პარლამენტის წევრები და სხვა თანამდებობის პირები. 

თითქმის არცერთ მათგანზე ხელისუფლებას არ მოუხდენია რეაგირება, თუ არ ჩავთვლით რამდენიმე საქმეზე დაწყებულ გამოძიებას, რომელიც გარკვეული ხნის შემდეგ შეწყდა, არასაკმარისი მტკიცებულებების გამო.

ბაღდასარიანის თქმით, ამჯერად, სიტუაცია განსხვავებულია, მეტწილად პანამის დოკუმენტების პროექტის გლობალური მასშტაბიდან გამომდინარე. მონაცემები მოიპოვა გერმანულმა გაზეთმა „ზუდოიჩე ცაიტუნგმა“ (Süddeutsche Zeitung) და ის გაუზიარა გამომძიებელ ჟურნალისტთა საერთაშორისო კონსორციუმს (ICIJ). მასალის გამოქვეყნებას სხვადასხვა ქვეყნებში მაღალი თანამდებობის პირების ხმაურიანი გადადგომები მოჰყვა.  

ასეთი საყოველთაო ყურადღების ფონზე, სომხური პოლიცია იძულებული გახდა დაეწყო გამოძიება.

„შეუძლებელი იყო მომხდარიყო ამის იგნორირება ჩვენს ქვეყანაში, რადგან სხვაგვარად, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ, ყველა დაიწყებდა სომხეთის გაკიცხვას, რომ აქ არაფერი არ იცვლება,“- დასძინა ბაღდასარიანმა.

არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ მიერ გამოქვეყნებული 2015 წლის კორუფციის აღქმის ინდექსის მიხედვით, სომხეთი 168 ქვეყანას შორის, 95-ე ადგილს იკავებს.

არასამთავრობო ორგანიზაცია „კომპასის“ ხელმძღვანელი ღარიბ ჰარუტუნიანი აცხადებს, რომ ხელისუფლებამ უნდა გასცეს პასუხი იმაზე, თუ როგორ მოახერხა პოღოსიანმა პანამის ოფშორულ ზონებში კაპიტალის დაბანდება იმ პერიოდში, როცა ის სახელმწიფო სამსახურში მაღალ თანამდებობას იკავებდა.

მიუხედავად იმისა, რომ „ჰექტი“ არ ასახელებს კაპიტალის ზუსტ ოდენობა, სავარაუდოდ, ის საკმაოდ მოცულობითია.

ჰარუტუნიანის თქმით, თუ პოღოსიანი იღებდა შემოსავალს სხვადასხვა ოფშორული კომპანიებიდან, რატომ არ იყო ამის შესახებ არაფერი ნახსენები მის დეკლარაციაში.

„თუ ოფშორული კომანიები ახორციელებენ სერვისებს სომხეთში ან კიდევ, ჩართულები არიან საქონლის იმპორტირებაში, რითაც საკმაოდ დიდ მოგებას ნახულობენ, მაშინ ჩვენ საქმე გვაქვს გადასახადებისათვის თავის არიდებასთან და უცხოური ინვესტიციების სახელით განხორციელებულ გარიგებებთან, რაც დიდ ზიანს აყენებს ქვეყნის ეკონომიკას და სახელმწიფო ბიუჯეტს,“ – დასძინა მან.

მოწოდება კანონმორჩილებისკენ

სომხეთში მაღალი თანამდებობის პირთა ეთიკურობის საკითხთა შემსწავლელი კომისია არის სახელმწიფო ორგანო, რომელიც 2012 წელს შეიქმნა და რომელსაც გააჩნია მსგავსი,  სავარაუდოდ დანაშაულებრივი ქმედებების შესწავლის უფლებამოსილება.

თუმცა, როგორც საერთაშორის გამჭვირვალობის ანტიკორუფციული ცენტის (TIAC) იურისტთან ჰერიკნაზ ტიგრანიანთან საუბრის შემდეგ ირკვევა, კომისიასთან ადრინდელი ურთიერთობის გათვალისწინებით, მისი საქმიანობა არ იმსახურებს ნდობას.  

ეთიკის კომისიაში, ფუნქციონირების დაწყების დღიდან, ანტიკორუფციული ცენტრის მიერ დაახლოებით თხუთმეტი განცხადებაა შეტანილი მაღალჩინინოსანთა მიერ სხვადასხვა სამართალდარღვევის ფაქტთან დაკავშირებით, დაწყებული თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში ბიზნესინტერესების ლობირებით, დამთავრებული არაეთიკური საქცილით.   

კომისიამ, ძირითადად, დააკმაყოფილა საჩივრები ოფიციალური პირების ეთიკურ საქციელთან დაკავშირებით, დანარჩენ შემთხვევებში კი სტრუქტურამ ჩათვალა, რომ მოწოდებული ინფორმაცია არასაკმარისი იყო საქმის შემდგომი წარმოებისთვის.  

ტიგრანიანი მიიჩნევს, რომ თანამდებობის პირები უნდა ემორჩილებოდნენ წესებს.

„თუ პიროვნებას აქვს ბიზნესი, მაგრამ ის გადაწყვეტს სახელმწიფო სისტემაში შესვლას, მან თავისი აქციების წილი უნდა გადასცეს სატრასტო მმართველობას, თუმცა, სამწუხაროდ, ეს ჩვენს ქვეყანაში არ მოქმედებს,“ – განაცხადა მან. „ამის ნაცვლად, როცა ვინმე ხდება მინისტრი ან დეპუტატი, ის თავის ბიზნესს გადასცემს ახლო ნათესავს – ძმას, დას ან შვილებს, რომელთა მიმართაც შეუძლია პირადი ბერკეტების გამოყენება.“   

ტიგრანიანი დასძენს, რომ სომხეთის შემთხვევაში, საჯარო სამსახური ხშირად გამოიყენება ბიზნესინტერესების ლობირებისთვის.  

„ეს ცუდი პრაქტიკაა,“ – დასძინა მან. „მაგრამ როგორც უკვე მივხვდით, საჯარო მოხელისთვის თანამდებობა საკუთარი ბიზნესის დაცვის საუკეთესო საშუალებას წარმოადგენს.“  

სურენ დეჰერიანი

 

Armenia
Corruption
Frontline Updates
Support local journalists