მაღალმთიანი სოფლების გადასარჩენად

სახელმწიფო იმედოვნებს, რომ შეღავათების შემოღებით შესაძლებელი გახდება ქვეყნის იზოლირებული სოფლებიდან მოსახლეობის გადინების შეჩერება.

მაღალმთიანი სოფლების გადასარჩენად

სახელმწიფო იმედოვნებს, რომ შეღავათების შემოღებით შესაძლებელი გახდება ქვეყნის იზოლირებული სოფლებიდან მოსახლეობის გადინების შეჩერება.

Abandoned houses are a common sight in the highland village of Mravaldzali. (Photo: Aleksandre Gachechiladze)
Abandoned houses are a common sight in the highland village of Mravaldzali. (Photo: Aleksandre Gachechiladze)
Abandoned houses are a common sight in the highland village of Mravaldzali. (Photo: Aleksandre Gachechiladze)
Abandoned houses are a common sight in the highland village of Mravaldzali. (Photo: Aleksandre Gachechiladze)

ბევრი ადგილობრივი ზამთარში ტოვებს თავის კარ-მიდამოს მთაში და ბარში მიდის საცხოვრებლად, იზოლირებულ დასახლებებში მხოლოდ რამდენიმე ოჯახი რჩება.

საქართველოს მთავრობის მიერ ინიცირებული ახალი კანონი მიზნად ისახავს ქვეყნის მაღალმთიანი, სუსტად განვითარებული რეგიონებიდან მიგრაციის ნაკადის შემცირებას.

ქვეყნის ტერიტორიის 66% მაღალმთიანი რაიონებისგან შედგება, სადაც მოსახლეობას უმუშევრობის, მოუწესრიგებელი ინფრასტრუქტურის და სტიქიური მოვლენების საფრთხის პირობებში უწევს ცხოვრება.

კანონი ითვალისწინებს ფინანსურ დახმარებას შვილიანი ოჯახებისთვის, სახელფასო დანამატებს მასწავლებლების, ექიმებისა და ექთნებისთვის.

წლების განმავლობაში ათასობით ადამიანი უკეთესი პერსპექტივის ძიებაში სხვაგან გადავიდა საცხოვრებლად. დაცარიელდა დასახლებები, რითაც გამანადგურებელი ზიანი მიადგა ადგილობრივ კულტურას.

კანონი, რომელიც 2016 წლის 1 იანვარს შევიდა ძალაში, მთაში მცხოვრებ მოსახლეობას დამატებითი სოციალური, ეკონომიკური და კომერციული შეღავათებით უზრუნველყოფს.

ის რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ სამხრეთ კავკასიაში შვეიცარიის თანამშრომლობის ოფისის, ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით მოამზადა.

შეღავათები, რომელთა განხორციელებაც ეტაპობრივად მოხდება, მოიცავს ფინანსურ დახმარებას შვილიანი ოჯახებისთვის, სახელფასო დანამატებს მასწავლებლების, ექიმებისა და ექთნებისთვის. მთავრობა ნაწილობრივ დაფარავს ელექტროენერგიის და გათბობის ხარჯებს ზამთრის თვეების განმავლობაში.

მაღალმთიან რეგიონში მცხოვრები თითოეული ოჯახი პირველი და მეორე შვილის შეძენის შემთხვევაში სახელმწიფოსგან ყოველ თვე, ერთი წლის განმავლობაში ას ლარს მიიღებს. ყოველი მომდევნო შვილის გაჩენისას ფულადი დახმარება ორას ლარამდე გაიზრდება და ოჯახი მას ორი წლის განმავლობაში მიიღებს. მთაში მცხოვრები პენსიონერები სხვა, დამატებით სოციალურ შეღავათებთან ერთად, 20%-ით უფრო მაღალ პენსიას მიიღებენ.

მოსახლეობა ისარგებლებს შეღავათით საშემოსავლო და ქონების გადასახადზე. კომპანიებს მიენიჭებათ მაღალმთიანი დასახლების საწარმოს სტატუსი და ისინი ათი წლის განმავლობაში გათავისუფლებული იქნებიან საშემოსავლო გადასახადისაგან.

ექსპერტები თვლიან, რომ ეს კანონი მნიშვნელოვან გავლენას იქონიებს შიდა მიგრაციაზე. თუმცა, მათივე აზრით, კიდევ ბევრი რამის გაკეთებაა საჭირო, მათ შორის სამუშაო ადგილების შექმნის და ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარების მიმართულებით.

„საბოლოო ჯამში, კანონი შეიძლება შევაფასოთ პოზიტიურად,“ – აცხადებს მიგრაციის ცენტრის დირექტორი გიორგი გოგიშვილი. „ის შექმნის პირობებს მთიან რეგიონებში არსებული პრობლემების მოსაგვარებლად. ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი არის კანონის რეალიზებისთვის სწორი მექანიზმის შექმნა და მისი ამოქმედება ისე, როგორც ეს დაგეგმილი იყო.“

მოსახლეობის გადინება

მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისიის მიხედვით, რთულია ზუსტი შეფასების გაკეთება იმის თაობაზე, თუ მაღალმთიანი რეგიონებიდან გადინებული მოსახლეობიდან რამდენი ადამიანია გადასული ქვეყნის სხვა რაიონებში საცხოვრებლად ან რამდენია ემიგრაციაში წასული.

მთიანი რეგიონებიდან მიგრაცია 1960-იან წლებში საბჭოთა კავშირის ინდუსტრიალიზაციის პოლიტიკის შედეგად დაიწყო. აღმოსავლეთ საქართველოს მთიანი რეგიონებიდან მოსახლეობა რუსთავში ჩამოსახლდა და ქარხანაში დაიწყო მუშაობა. დასავლეთ საქართველოში, რაჭა-ლეჩხუმის და სვანეთის მკვიდრები ქუთაისში გადმოვიდნენ საცხოვრებლად და მანქანათმშენებელ ქარხანაში მოეწყვნენ სამუშაოდ.

1980-90-იან წლებში შიდა მიგრაცია მნიშვნელოვნად განაპირობა ომმა და სოციალურ-ეკონომიკურმა ფაქტორებმა, ასევე სტიქიურმა მოვლენებმა – მიწისძვრამ და მეწყერმა. კონფლიქტებს აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში დაერთო ეკონომიკური კოლაფსი და დესტაბილიზაცია ჩრდილოეთ კავკასიაში.

საერთო ჯამში, საქართველოში მიგრაციის მაჩვენებელი საკმაოდ მაღალია.

მაღალმთიან რეგიონში მცხოვრები მრავალშვილიანი ოჯახები მიიღებენ ორას ლარს ყოველთვიურად ორი წლის განმავლობაში.

პრობლემის მასშტაბი 2014 წლის ნოემბერში ჩატარებული აღწერის წინასწარი შედეგებითაც გამოიკვეთა. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, საქართველოს მოსახლეობა 2015 წლის 1 იანვრის მდგომარეობით 3 729 500 ადამიანს შეადგენს, რაც 642 000 ადამიანით ნაკლებია 2002 წლის მონაცემებთან შედარებით.

2002 წელს, სოფლად მცხოვრები მოსახლეობა 2 087 000 ადამიანს შეადგენდა, რაც მთლიანი მოსახლეობის 47, 7 %-ია. თორმეტი წლის შემდეგ, ეს რიცხვი 497 000-ით შემცირდა და მთლიანი მოსახლეობის 42,6 % შეადგინა.

ქალაქებში მცხოვრები მოსახლეობის რაოდენობა 2002 წელს არსებული 2 285 000 ადამიანიდან 2014 წლისთვის 2 140 000-მდე შემცირდა.

ეს ნიშნავს, რომ სოფლებში მცხოვრები მოსახლეობის რაოდენობა 23,8%-ით, ხოლო ქალაქებში მცხოვრებთა რიცხვი 6,3%-ით შემცირდა. აღწერის საბოლოო შედეგები ამა წლის გაზაფხულზე გამოქვეყნდება.

ყველაზე მეტად დაზარალებულ მხარეებს შორის არიან რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის რაიონები, სადაც მოსახლეობის რაოდენობა 37,4%-ით არის შემცირებული და სამეგრელო-ზემო სვანეთი 29%-იანი კლების მაჩვენებლით.

2002 წლის აღწერის მიხედვით, საქართველოში დაცარიელებულია 164 სოფელი, 152 სოფელი კი მცირემოსახლეობიანია. ექსპერტების აზრით, 2014 წლის აღწერის საბოლოო შედეგები აჩვენებს, რომ ეს მაჩვენებელი კიდევ უფრო გაზრდილია.

მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის პროგრამის ხელმძღვანელი თბილისში მარკ ჰულსტი თვლის, რომ „პოლიტიკის შეცვლის გარეშე, დეპოპულაცია გაგრძელდება.“

ამ სოფლების უმეტესობა საქართველოს ჩრდილოეთით, რუსეთის საზღვართან ახლოს მდებარეობს, რის გამოც, ზოგიერთი ექსპერტის აზრით, დეპოპულაციამ შესაძლებელია საფრთხე შეუქმნას ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოების ინტერესებს.

„აღმოსავლეთ კავკასიონის მაღალმთიანი რეგიონები დაცარიელდა, რაც ბუნებრივია უარყოფით გავლენას ახდენს ქვეყნის უსაფრთხოებაზე,“ – აცხადებს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საზოგადოებრივი გეოგრაფიის ასოცირებული პროფესორი ია იაშვილი. „პრობლემა წარმოიშვა ხელისუფლების რეგიონთან სუსტი კავშირის გამო“.

მრეწველობის ახალი დარგების განვითარება

მიგრაციის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი არის უმუშევრობა. ტრადიციულად, მთაში შემოსავლის ძირითად წყაროს სოფლის მეურნეობა და მესაქონლეობა წარმოადგენდა, თუმცა ისიც მხოლოდ საარსებო მინიმუმის დონეზე.

ახალგაზრდები, ხშირად, აღარ მისდევენ ფერმერობას და სხვა შესაძლებლობების პოვნას ცდილობენ, რაც, თავის მხრივ, მუშა ხელის ნაკლებობას იწვევს.

მაღალმთიანი რეგიონებიდან მიგრანტების გადინების შეჩერება ტურიზმის განვითარებას შეუძლია. 2014 წელს ტურიზმმა ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის ექვსი პროცენტი შეადგინა და დაასაქმა სამუშაო ძალის თერთმეტი პროცენტი.

საწარმოები განთავისუფლდებიან გადასახადებისგან.

საქართველოში ყველაზე მეტი ტურისტი ისეთი ახლომდებარე ქვეყნებიდან ჩამოდის, როგორიცაა სომხეთი, რუსეთი, თურქეთი და უკრაინა. იზრდება ევროკავშირის ქვეყნებიდან ჩამომსვლეთა რიცხვიც.

თუმცა, „სარგებელს მხოლოდ ზოგიერთი რეგიონი იღებს,“ ამბობს ჰულსტი, რომლის სიტყვებითაც, ქვეყნის დანარჩენ ნაწილებს ჯერ კიდევ აკლიათ განვითარება.

სვანეთისთვის, მაგალითად, ტურიზმი მომგებიანი დარგია. დიდ სოფლებში ადგილობრივები სასტუმროებს ამუშავებენ, ასევე რძის, ხორცის და სუვენირების გაყიდვით იღებენ შემოსავალს. ახალგაზრდები ტურისტულ გიდებად მუშაობენ, რაც საკმაოდ მზარდი სექტორია, თუმცა ეს შემოსავალი საარსებო მინიმუმის ზღვარსაც ვერ სცდება.

ხევსურეთს, მეორე მხრივ, თავისი მდიდარი ისტორიის, არქიტექტურის და ბუნების წყალობით, აქვს ტურიზმის განვითარების პოტენციალი, მაგრამ ინფრასტრუქტურის და სერვისების არარსებობის გამო ის ტურისტებისთვის არ არის ისეთი მიმზიდველი, როგორც სვანეთი.

ხევსურეთიდან ბევრი ქალი საბერძნეთში სამუშაოდ არის წასული მომვლელებად ან დიასახლისებად. მათი დიდი ხნით არ ყოფნა ხშირად ნეგატიურად აისახება მიტოვებულ ოჯახებზე.

ადგილობრივი ინფრასტრუქტურის არარსებობა

წყლის, გაზის და ელექტროენერგიის შეფერხებით მიწოდება, რაც საკმაოდ ხშირია მთელი საქართველოს მასშტაბით, განსაკუთრებით ართულებს ცხოვრებას მაღალმთიანი რეგიონების სოფლებში, რომლებიც ზამთრის პერიოდში ფაქტობრივად მოწყვეტილები რჩებიან ქვეყნის დანარჩენ ნაწილისგან.

მაგალითად, რაჭის რეგიონის სოფელ მრავალძალში მხოლოდ ოთხი-ხუთი ადამიანი იზამთრებს.

„გზა არის ის პრობლემა, რომელიც უნდა მოგვარდეს პირველ რიგში,“ – ამბობს მრავალძალის მკვიდრი ბიჭიკო სხირტლაძე.

არსებობს სხვა ფაქტორებიც, როგორიცაა კანონი ტყის დაცვის შესახებ. როგორც ადგილობრივები აცხადებენ, ტყეების გაკაფვის წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯები პოზიტიურია, თუმცა საჭიროა პოლიტიკის მოდიფიცირება ისეთი თემებისთვის, როგორიცაა მრავალძალი, სადაც შეშის გარდა გასათბობი სხვა საშუალება არ არსებობს.

მიგრაციის ხელშემწყობ ფაქტორებად ადეკვატური განათლების და ჯანდაცვის სერვისების არარსებობა მიიჩნევა.

კავკასიის გარემოსდაცვითი ქსელის (CENN) წარმომადგენლის რევაზ გეთიაშვილის თქმით, განათლების პრობლემა იმდენად მწვავედ დგას, რომ მშობლები იძულებულები არიან შვილები ბავშვთა სახლებში გააგზავნონ მხოლოდ იმიტომ, რომ მათ შეძლონ სასკოლო განათლების მიღება.

„იყო ცალკეული შემთხვევები, როდესაც ადამიანებმა უარი თქვეს მშობლის უფლებებზე და ამ გადაწყვეტილებაში მნიშვნელოვანი როლი შეასრულა იმ ფაქტმა, რომ ისინი ვერ აძლევდნენ შვილებს სათანადო განათლებას,“ – განაცხადა მან.

გეთიაშვილმა სოფელ ვეძათხევის მაგალითი მოიყვანა, სადაც მეწყერმა ერთადერთი მაგისტრალი დააზიანა და რის გამო სოფელს თითქმის რვა წელი არ ჰქონდა საგზაო კავშირი. შედეგად, ბავშვებს სკოლაში მისასვლელად ყოველ დღე 12 კილომეტრის გავლა უწევდათ ფეხით.

სოფელში საცხოვრებლად დარჩენილმა ოჯახებმა თავიანთი შვილები ბავშვთა სახლებში გააგზავნეს, სადაც კვირაში ერთხელ ჩადიოდნენ მათ სანახავად. ამჟამად, ვეძათხევის მოსახლეობის უმეტესობამ სოფელი სამუდამოდ მიატოვა, მიუხედავად იმისა, რომ საგზაო კავშირი უკვე დიდი ხანია აღდგენილია.

შესაძლოა, საქმე გაცილებით უფრო რთულად იყოს, ვიდრე ამას არსებული მონაცემები მოწმობს.

„არ არსებობს მაღალმთაინი რეგიონებიდან მიგრაციის სტატისტიკა, რადგან ადამიანების უმრავლესობა არ არის რეგისტირებული იმ მისამართებზე, სადაც ისინი სინამდვილეში ცხოვრობენ,“ – აცხადებს მარკ ჰულსტი.

„მიწის ნაკვეთების უმეტესობა არ არის რეგისტრირებული,“ – დასძენს გიორგი გოგიშვილი. „ადგილობრივებს აქვთ ისტორიული კუთვნილების შეგრძნება და ამიტომ ისინი რეგისტრაციას არ მიიჩნევენ საჭიროდ. ამის გასაკეთებლად არც ფინანსური რესურსები გააჩნიათ, რაც სერიოზულ პრობლემებს იწვევს.“

სვანეთში და აჭარაში ამ პრობლემის გამო წარმოიქმნა ქონებრივი დავა, რამაც შეაფერხა ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება და გამოიწვია კონფლიქტი ადგილობრივ მოსახლეობასა და ხელისუფლებას შორის.

მთიანი რეგიონები დაუცველები არიან მეწყერისა და წყალდიდობებისგან. ამ სტიქიური მოვლენების შედეგად ათასობით სახლია დაზიანებული, განსაკუთრებით, ლეჩხუმსა და აჭარაში, თუმცა ხალხი იქ ცხოვრებას აგძელებს, რადგან სხვაგან წასასვლელად თანხა არ გააჩნიათ.

2014 წელს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლების და ლტოლვილთა სამინისტროსთან შეიქმნა ეკომიგრანტთა საკითხების დეპარტამენტი, რომლის ერთ-ერთ ამოცანას ადამიანების უსაფრთხო ეკოლოგიურ გარემოში განსახლება წარმოადგენს.

2004 წლიდან განსახლების შესახებ განაცხადი სამი ათასმა ოჯახმა შეავსო, მათგან 1 182 დაკმაყოფილდა. 2015 წელს, მოხდა ას ორმოცი ოჯახის განსახლება, რაც საკმაოდ გაზრდილი მაჩვენებელია 2013-14 წლებში განსახლებულ ოცდათექვსმეტ ოჯახთან შედარებით.

„ახალი კანონი დადებით გავლენას მოახდენს მიგრაციაზე, რომელიც ეკოლოგიური პრობლემებით არის გამოწვეული,“ – აცხადებს გეთიაშვილი. „ეს გრძელვადიანი პროცესია. დღეს კი ეს ადამიანები საგანგაშო მდგომარეობაში არიან.“

ალექსანდრე გაჩეჩილაძე

 

Georgia
Frontline Updates
Support local journalists