Skip to main content

ღორების ქელეხი

შობასა და ახალ წელს ქვემო ქართლში ტრადიციული ”ღორების ქელეხით” შეხვდნენ.

ღორების ქელეხი

შობასა და ახალ წელს ქვემო ქართლში ტრადიციული ”ღორების ქელეხით” შეხვდნენ.

დათოვლილი ბოლნისი ბოლითა და ნისლით ყველაზე მეტად იანვრის დასაწყისში იფარება, თუმცა ეს არც ბუნებრივი ნალექია და არც ბრძოლების შედეგად გაჩენილი ბოლ-ნისლი. ლეგენდის მიხედვით, სწორედ აქედან დაიბადა ქალაქის სახელი. ბოლნისელები ვარაუდობენ, ეს ძველი ტრადიციაც, რომელზეც ახლა გიამობთ, ისევე ძველია, როგორც თავად ბოლნისი და საქართველო.

იანვარში თუ ბოლნისში ჩაივლით, დილაობით ნისლიანი ქალაქის ფონზე, მწვადების სუნმა შესაძლოა თავბრუ დაგახვიოთ, თუმცა, ღორების გამაყრუეელი ჭყვიტინის ხმა გონზე მალევე მოგიყვანთ. ბოლნისში ამ დროს, ”ღორების ქელეხი”, ანუ მწვადებზე დაპატიჟება იწყება.

”ფეხებიდან დაიჭირე ბიჭო, რავა ქალიშვილივით ეფერები”, ”ადუღებული წყლით სავსე ქვაბთან ნუ დადგებით ნასვამები, მარცხი არ მოგივიდეთ, უტიეთ ცოტა და აცალეთ ღორს გამოსვლა. არ დამიფრთხოთ”, ”ფეხებიდან დაკიდე და ფარსუნკა მოიტანე”, - ასეთ შეძახილებს ბევრს გაიგონებთ.

მინაძეებში ახლაც ყვირიან. დღეს ორი ღორი დაკლეს, ორივე თავდაყირა დაკიდეს და ვიდრე დამუშავებას დაიწყებენ, ეზოში, ჯორკოზე გაშლილ სუფრაზე, მწვადის მოლოდინში, ცხელ მჭადებსა და კომბოსტოს მწნილს შეექცევიან, არაყით ხურდებიან და ტრადიციის შესაფერის სადღეგრძელოებს ამბობენ:

აქ სადღეგრძელოები ყოველთვის მოკლეა და არაყივით მწარე: ”ამ ღორივით დაკიდბული გვენახოს ჩვენი მტერი”, ”ღორივით ნასუქი მინისტრები გვაშოროს ღმერთმა”, - ამბობს ოჯახის უფროსი და ხარის რქისგან გაკეთებულ პატარა ყანწში მოთავსებულ ჭაჭის 70 გარდუსიანი არაყს ერთი ამოსუნთქვით სვამს.

”ახლა ისე ნუ გამოთვრებით ეს ღორები დაკიდებული დამიტოვოთ”, - წუხს ოჯახის უფროსი.

თავდაყირა დაკიდებული ღორი კი, საქმის მცოდნეს ელოდება. არაყით გამხიარულებული ”ჭირისუფლები” ამბობენ რომ, აქ ”კარგად მჭრელი დანა და მარჯვე ხელებია საჭირო”.

ყველა უბანს თავისი პროფესიონალი ჰყავს, ”ოჩხიკიძის” ქუჩელებისთვის ამ საქმეს ბერძენაძეებზე კარგად ვერავინ აკეთებს. ნოდარი ბაბუა ”პოსტზე” ცოტა მოგვიანებით გამოცხადდა.

”დაკალით არაყი და შემოგესვათ ღორი ხომ”, - ამ ფრაზას ”წივილ-კივილის” (ასე ეძახიან ოჩხიკიძის ქუჩას ბოლნისში) უბნელები იოლად იგებენ. შემოსწრებულისთვის ყანწის დაძალება უცხო არ არის, პირიქით ეს ქელეხის თამადის ერთგვარი საქმეა.

”78 წლის ვარ, ღმერთმა იცის მერამდენე ღორს ვაკეთებ. მამაჩემმა მასწავლა, იმას კიდევ მამამისმა და ასე. ადრე დღეში 5-6 ღორს ვაკეთებდით, ახლა კიდევ მგონი სულ მთელ სეზონზე დაიკვლება 5 ღორი. ღორი შევინახოთ კი არა, ხალხი ვეღარ ინახავს თავს. მაინც კაია ბაბუ ტრადიცია რომ არ კვდება”, - ამბობს ნოდარ ბერძენაძე და ღორის დამუშავებას იწყებს.

მწვადისთვის განკუთვნილი ხორცი ცალკე იჭრება, ბარკლები და ბეჭი ცალკე. ქონი, ნაწლავები და ფეხები ცალკე. ნოდარის თქმით, ამ ტრადიციაში ყველაზე მთავარი ის არის რომ, ღორის სხეულის ყველა ნაწილი სხვადასხვაგვარად კეთდება და ინახება.

ნოდარ ბერძენაძეც იხენებს, რომ საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ღორის ხორცის დამუშავების ტრადიცია სხვადასხვაგვარია: კახეთში და რაჭაში შაშხისა და ლორის გაკეთებაა აუცილებელი, იმერეთში, გურიასა და სამეგრელოში კუპატის, ხოლო სვანეთსა და ხევსურეთში ძირითადად დამარილებულ ხორცს, ხინკლისა და კუბდარისათვის ინახავენ. თუმცა ტრადიციის ერთი ნაწილი ყველგან უცვლელად შენარჩუნდა - შობის დილას, ყველა ოჯახში ღორის თავი იხარშება.

ნათლისღებამდე ბოლნისში კიდევ ბევრი დილა გათენდება ღორების ჭყვიტინში, მთელი წლის ნასუქ ღორებს პატრონები ერთ დღეში გამოეთხოვებიან და ფიქრს მომავალი წლის ”ქელეხიანობაზე” დაიწყებენ.
Frontline Updates
Support local journalists