გაკვეთილი, საიდანაც საქართველო უფრო ძლიერი უნდა გამოვიდეს

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა გელა ბეჟუაშვილმა "24 საათს" ინტერვიუ მადრიდში 29-30 ნოემბერს გამართული ეუთო-ს საგარეო საქმეთა მინისტრების სამიტის დროს მისცა. საქართველოში შექმნილი მდგომარეობა და რუსეთ-საქართველოს ურთიერთობები ამ შეხვედრებზე ყველაზე

გაკვეთილი, საიდანაც საქართველო უფრო ძლიერი უნდა გამოვიდეს

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა გელა ბეჟუაშვილმა "24 საათს" ინტერვიუ მადრიდში 29-30 ნოემბერს გამართული ეუთო-ს საგარეო საქმეთა მინისტრების სამიტის დროს მისცა. საქართველოში შექმნილი მდგომარეობა და რუსეთ-საქართველოს ურთიერთობები ამ შეხვედრებზე ყველაზე

IWPR

Institute for War & Peace Reporting
Friday, 7 December, 2007
- თქვენთან შეხვედრის შემდეგ თქვენი რუსი კოლეგა აცხადებს, რომ საქართველო არ იცავს ადრე მიღწეულ შეთანხმებებს, რომლებიც კონფლიქტის ზონებს და ბაზების გაყვანის პროცესს ეხება. რა აქვს მხედველობაში რუსულ მხარეს და რამდენად შეიძლება საუბარი იმაზე, რომ შეთანხმებები სრულდება ან ვერ სრულდება?

- ეს არის ტაქტიკური ხერხი - როდესაც არ გინდა, შინაარსიანად რამეზე ისაუბრო და მიიღო გადაწყვეტილებები, მოწინააღმდეგე წინა შეთანხმებების შეუსრულებლობაში უნდა დაადანაშაულო. მოდით, გავარჩიოთ, რა შეთანხმებებზეა საუბარი. კონფლიქტებთან დაკავშირებით რუსეთი კვლავ თავის ხაზს აგრძელებს და აცხადებს, რომ ქმედობაუნარიანი შეთანხმებები არის მხოლოდ სოჭის და დაგომისის ხელშეკრულებები.

ჩვენ ჯერჯერობით უარი არ გვითქვამს არც ამ ხელშეკრულებებზე და არც შერეულ საკონტროლო კომისიაზე. თუმცა მიგვაჩნია, რომ ეს ხელშეკრულებები მოძველდა და აღარ ემსახურება თავის მიზანს - კონფლიქტის დარეგულირებას. ისინი ემსახურება იმას, რომ კონფლიქტები გაყინულ მდგომარეობაში იყოს. რასაკვირველია, ჩვენ ამას ვერ შევეგუებით.

ჩვენ ვამბობთ: თუ გვსურს, შედეგს მივაღწიოთ, მოდით, ახალ რეალობას შევხედოთ, მოდით, გადავხედოთ მოლაპარაკებების მთელ პროცესს - არა მხოლოდ სამართლებრივ ბაზას, არამედ სამშვიდობო მექანიზმებსაც. ისინი უნდა ემსახურებოდეს შედეგს - ამ რეგიონების რეინტეგრაციას საქართველოში. ამ შედეგის მისაღწევად რუსეთის ნებისმიერი ქმედება, ნებისმიერი პოზიტიური როლი მისასალმებელია. მაგრამ რუსეთი გვიბიძგებს, რომ გავჩერდეთ იქ, სადაც ვართ, ანუ ამ შეთანხმებებით და მექანიზმებით კვლავ გაგრძელდეს ეს 12-წლიანი უსამართლობა. ეს ასე არ იქნება, რაც მე მათ გარკვევით ვუთხარი კიდეც. რაც შეეხება ჟვანია-კოკოითის შეთანხმების შესრულებას, მე პირდაპირ ვიკითხე - რა არ გააკეთა საქართველომ? მათ მკითხეს - რატომ არ ხვდებით კოკოითის? ეს არის მათი მთავარი არგუმენტი. ჩვენ მას იმიტომ არ ვხვდებით, რომ მასთან არაფერი გვაქვს სალაპარაკო. ეს ადამიანი ყოველდღიურად კარგავს საკუთარი მოსახლეობის ნდობას. თანაც, ის ყოველდღე გაიძახის, რომ სამხრეთ ოსეთი დამოუკიდებელი სახელმწიფოა. ჩვენ დამოუკიდებლობაზე სალაპარაკოდ კოკოითთან არ მივალთ. რაც შეეხება რეგიონის ეკონომიკურ რეაბილიტაციას და ხალხის კეთილდღეობას, მათ ამაზე პრეტენზია არ აქვთ. დონორთა პროგრამა მუშაობს, ხალხის კეთილდღეობაზე მუშაობა არც ერთი დღით არ შეგვიჩერებია. ჩვენ მზად ვართ, ამისთვის რუსეთთან ერთად ვიმუშაოთ, თუმცა რუსეთმა თავისი ფული დონორთა კალათაში არ ჩადო და ცალკე მუშაობა არჩია. რაც შეეხება ბაზების შესახებ შეთანხმებას: ლავროვმა ანტიტერორისტული ცენტრი ახსენა, მე განვუცხადე, რომ ჩვენ უარი არ გვითქვამს იმაზე, რასაც ხელი მოვაწერეთ. იქ წერია, რომ მხარეები ერთობლივი ანტიტერორისტული ცენტრის შექმნაზე მოლაპარაკებებს გამართავენ. მაგრამ, მე აღვნიშნე, რომ ამისთვის საჭიროა შესაბამისი პირობები. როგორ წარმოგიდგენიათ დღეს, როდესაც საზღვარი ჩაკეტილია, სავაჭრო ემბარგო მოქმედებს, თვითმფრინავები არ დაფრინავენ და სამ თვეში ერთხელ ჯაშუშებს ვიჭერთ, როგორ დავსხდეთ და ანტიტერორისტული ცენტრის შექმნაზე მოვილაპარაკოთ? მათ, პრინციპში, ანტიტერორისტული ცენტრი არც სჭირდებათ, მაგრამ ჩვენგან პირობის შესრულებას ითხოვენ. ჩვენ ამ პირობაზე უარი არ გვითქვამს. მზად ვართ, გავაგრძელოთ მოლაპარაკებები მაშინ, როდესაც ამისთვის შესაბამისი პირობები შეიქმნება. რუსული მხარე ასევე მოითხოვს შეთანხმებების გაფორმებას ძალის გამოუყენებლობაზე კონფლიქტის ზონებში. მაგრამ ახალი აქ არაფერია. ძალის გამოუყენებლობის პირობა დევს ყველა ხელშეკრულებაში, რომელიც ჩვენ მიერ დღემდე უარყოფილი არ არის. თუმცა, ჩვენ ცალკე ხელშეკრულების დადებას გვთხოვენ. მაგრამ, ეს ხელშეკრულება გადაწყვეტს პრობლემას აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში? ურთიერთბრალდებების ნაკადის ნაცვლად ჩვენ რუსეთს კონკრეტულ, შედეგზე ორიენტირებულ პარტნიორობას ვთავაზობთ. საქართველოს ხელისუფლების ძირითადი ამოცანა არის ჩვენი ქვეყანა. ჩვენ სხვის საქმეებში არ ვერევით, ვაშენებთ საკუთარ ქვეყანას, ჩვენს საკუთარ საზღვრებში, რომელიც აღიარებულია რუსეთის მიერ, ყოველ შემთხვევაში - დეკლარაციების დონეზე, და ამ წითელი ხაზის გადაკვეთის ნებისმიერი მცდელობა ნიშნავს რუსეთთან მთელი ქართველი საზოგადოებისა და ხალხის კონფრონტაციას. ეს ყველაფერი ძალიან მკაფიოდ ითქვა და მათ ეს იციან. ჩემი დასკვნით, როდესაც ორივე ქვეყანაში წინასაარჩევნო პერიოდია, რთულია რაიმე გარღვევაზე საუბარი. არჩევნების შემდეგ პრეზიდენტი მიიღებს განახლებულ მანდატს, რაშიც მე დარწმუნებული ვარ. თუმცა, ვინც არ უნდა მოვიდეს ხელისუფლებაში, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა ქვეყნისთვის ძირითად თემად დარჩება და გვსურს, რუსეთი ამაში ჩვენი პარტნიორი იყოს.

- თქვენ ამ დღეების განმავლობაში მრავალი შეხვედრა გამართეთ დასავლელ პარტნიორებთან - აშშ-ს, ევროკავშირის ქვეყნების წარმომადგენლებთან. ამ შეხვედრების ერთ-ერთი ძირითადი თემა იყო საქართველოში განვითარებული მოვლენები, დემოკრატიული ინსტიტუტებისა და მედიის მდგომარეობა. რა დამოკიდებულება აქვთ ჩვენს პარტნიორებს საქართველოში არსებული სიტუაციის მიმართ? რა შეფასებებს აკეთებენ ისინი?

- შეფასებები არის ერთიანი. პირველ რიგში, ყველა აღიარებს, რომ საქართველოში განვითარებული პროცესები არ არის მოულოდნელი. არავის ჰქონდა ილუზია, რომ საქართველოს გზა, როდესაც ქვეყანა ატარებს ასეთ ფუძემდებლურ რეფორმებს, პრაქტიკულად უარს აცხადებს პოსტსაბჭოთა მენტალობაზე, ია-ვარდით იქნებოდა მოფენილი. ეს არის რთული, ტურბულენტური გზა. ის, რაც მოხდა, არავისთვის იყო სიურპრიზი. სხვათა შორის, ისინი აღნიშნავენ, რომ ასეთი ცოცხალი და აქტიური სამოქალაქო საზოგადოება, როგორიც საქართველოშია, არ არის არც ერთ პოსტსაბჭოთა ქვეყანაში, გარდა, ვთქვათ, უკრაინისა. ისინი აღნიშნავენ, რომ ასეთ საზოგადოებასთან ურთიერთობა ძალიან რთულია და ერთადერთი ენა, რომლითაც შეიძლება მას ელაპარაკო, ეს დემოკრატიული ინსტიტუტებია. სხვა გზა ისევ ამ პრობლემამდე მიგვიყვანს. მე ამას ასე აღვიქვამ - საქართველოში მიმდინარეობს დემოკრატიული აღმშენებლობის პროცესი. ასე რომ არ ყოფილიყო, ყველაფერი სხვანაირად იქნებოდა. ანუ ის ფაქტი, რომ საზოგადოების ნაწილი უკმაყოფილებას გამოხატავს, იმას ნიშნავს, რომ ჩვენთან საკითხებს მარტივად, ერთი ხელის მოსმით ვერ გადაწყვეტ. და მეორე - ბევრი კითხვა არის იმის შესახებ, თუ რამდენად ადეკვატური იყო საგანგებო მდგომარეობის შემოღება. საგანგებო მდგომარეობა არ არის ყოველდღიური და ჩვეული ვითარება, მიუხედავად იმისა, რომ ამის კონსტიტუციურ უფლებას ეჭვქვეშ არავინ აყენებს. შეხვედრების დროს შევეცადე ამეხსნა, რომ შექმნილ სიტუაციაში ეს გამართლებული ზომა იყო. არავინ ამბობს, რომ ყველა ქმედება, მაგალითად, ქუჩაში პოლიციის მხრიდან, გამართლებული იყო და გადამეტებას ადგილი არ ჰქონია. მე ყველგან ვაფიქსირებდი, რომ ჩვენ ამაზე შესაბამისი რეაგირება გვექნება. მაგრამ უფრო მნიშვნელოვანია ის, რომ მომხდარი ყველა ჩვენგანისთვის, მთელი საზოგადოებისათვის იყო გამოცდა, გაკვეთილი, რომლიდანაც საქართველო უფრო ძლიერი უნდა გამოვიდეს. ეს გამოცდილება დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებამდე მიგვიყვანს. ალბათ გადაიხედება რაღაც მიდგომები, რომლებიც ორივე მხრიდან ძალიან რადიკალური იყო. საზოგადოებას, მთავრობას, საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიციას შორის დიალოგი დემოკრატიულ ჩარჩოებში მოექცევა. ძალიან ბევრი კითხვა იყო, რასაკვირველია, არჩევნების, მედია-სექტორში ასებული მდგომარეობის შესახებ, განსაკუთრებით ტელეკომპანია იმედთან მიმართებაში. საქართველომ ღიად დააფიქსირა, რომ ეპატიჟება საერთაშორისო დამკვირვებელთა ფართო წარმომადგენლობას. ეს ძალიან კარგად იქნა მიღებული. ჩვენ დასამალი არაფერი გვაქვს. ყველაფერი მზადაა იმისთვის, რომ საქართველოში ღია და თავისუფალი არჩევნები ჩავატაროთ. ეს ჩვენი ამბიციაა. და ამისთვის გვინდა, საერთაშორისო თანამეგობრობიდან დამკვირვებლების ფართო წარმომადგენლობა მოვიწვიოთ, რათა მათ გააკეთონ დასკვნები. გარდა ამისა, ჩვენ მოვითხოვეთ ეუთო-ს მედია-მონიტორინგის მისია, რომელიც საქართველოში ამ დღეებში ჩამოვა. არის საინტერესო რეკომენდაციები მედიის თვითრეგულაციის შესახებ. მე მწამს, საქართველოში შემდეგი პერიოდი უფრო თანმიმდევრული იქნება იმ თვალსაზრისით, რომ მეტად უნდა მოვახდინოთ ფოკუსირება დემოკრატიული ინსტიტუტების ჩამოყალიბებასა და გაძლიერებაზე, ვინაიდან ეს არის ჩვენი წინსვლის და განვითარების საწინდარი.

- მადრიდის მინისტერიალის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი თემა ევროპაში ჩვეულებრივი შეიარაღების შესახებ ხელშეკრულება გახდა. რუსეთმა ამ დღეებში მიიღო გადაწყვეტილება ხელშეკრულებაში მონაწილეობის შეჩერების შესახებ. ამ კონტექსტში სხვადასხვა ქვეყნების წარმომადგენელთა გამოსვლებში საქართველოდან რუსული ბაზების გასვლის თემამ გაიჟღერა, განსაკუთრებით - გუდაუთის ბაზის საკითხმა. რამდენად შეიცავს საქართველოსთვის საფრთხეებს ის პრობლემები, რომლებიც ამ ხელშეკრულების განხორციელებას დღეს გაუჩნდა?

- ჩვენ ამ ხელშეკრულების ძალაში დარჩენას ყოველთვის მხარს ვუჭერდით. ამ საკითხზე საქართველოს პოზიცია საერთაშორისო თანამეგობრობის პოზიციისგან არ განსხვავდება. ჩვენ ვთანამშრომლობთ საერთაშორისო თანამეგობრობასთან, რათა რუსეთი დავარწმუნოთ, გააგრძელოს მონაწილეობა ხელშეკრულებაში. გუდაუთის ბაზის გაყვანის საკითხში ჩვენ ძალიან სერიოზულ მოქნილობას ვიჩენთ. ჩვენ ვაცხადებთ, რომ ბაზის დახურვის გამჭვირვალე პროცესი გვჭირდება. ჩვენ გვესმის, რომ აფხაზეთის ტერიტორიაზე შესვლის საშუალება ჯერჯერობით არ გვაქვს, მაგრამ მისი დოკუმენტური გადმოცემა მაინც უნდა იყოს უზრუნველყოფილი. ჩვენ არ შეგვიძლია, თვალები დავხუჭოთ და ვიძახოთ, რომ ბაზა დახურულია. ბაზების გაყვანა ისეთივე ფორმით უნდა გაგრძელდეს, როგორც ეს ბათუმში და ახალქალაქში მოხდა - დიკუმენტების ჩაბარებით, სათანადო საბუთებზე ხელმოწერით. საქართველო მზად არის, უფრო წინ წავიდეს და რატიფიცირება გაუკეთოს ხელშეკრულებას ჩვეულებრივი შეიარაღების შესახებ, ეს ჩვენს ინტერესებშია. მაგრამ, თუ რუსეთმა თავისი მონაწილეობა შეაჩერა, ჩვენ უთანასწორო პირობებში ვიქნებით. ხელშეკრულებიდან რუსეთის გასვლით ჩვენ არ შეგვექმნება უფრო მეტი საფრთხეები, ვიდრე დღეს გაქვს, რაიმე ძალთა ბალანსი არ დაირღვევა. ეს გათვალისწინებული გვაქვს საფრთხეების ანალიზში. თუმცა, საერთოევროპული უსაფრთხოებისთვის ეს პოზიტიური ნაბიჯი ვერ იქნება.
Frontline Updates
Support local journalists