აფხაზები ახალ ლიდერზე დიდ იმედებს ამყარებენ

რაულ ხაჯიმბამ აფხაზეთში რეფორმების გატარების პირობა დადო.

აფხაზები ახალ ლიდერზე დიდ იმედებს ამყარებენ

რაულ ხაჯიმბამ აფხაზეთში რეფორმების გატარების პირობა დადო.

Raul Khajimba, Abkhazia''s new president. (Photo: Ibragim Chkadua)
Raul Khajimba, Abkhazia''s new president. (Photo: Ibragim Chkadua)
Wednesday, 24 September, 2014

აფხაზეთის ახალი პრეზიდენტი რაულ ხაჯიმბა პოლიტიკაში ახალი ერის დაწყების პირობას დებს. თუმცა, მას პირველ რიგში მოუწევს იმ სკეპტიკოსების გულის მოგება, რომლებიც მის ხელისუფლებაში მოსვლას ჯერ კიდევ ეჭვის თვალით უყურებენ.

24 აგვისტოს ჩატარებულ რიგგარეშე არჩევნებზე ხაჯიმბამ გამარჯვება ხმათა 50,57%-ით მოიპოვა. მოვალეობის შესრულებას ის ოფიციალურად 25 სექტემბერს დაგეგმილი ინაუგურაციის შემდეგ შეუდგება.

პარტია სახალხო ერთიანობის ფორუმის ლიდერი, რაულ ხაჯიმბა სხვადასხვა დროს აფხაზეთის უშიშროების საბჭოს ხელმძღვანელის, ვიცე პრეზიდენტის და პრემიერ მინისტრის თანამდებობებს იკავებდა. მას მონაწილეობა აქვს მიღებული 2004, 2009 და 2011 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში.

ვიცე პრეზიდენტად ომის ვეტერანთა კავშირ არუაას ხელმძღვანელი ვიტალი გაბნია იქნა არჩეული.

არჩევნებამდე რამდენიმე ხნით ადრე, ხაჯიმბამ სხვა სამ კანდიდატთან ერთად ხელი მოაწერა შეთანხმებას კოალიციური მთავრობის შექმნის შესახებ. შეთანხმების თანახმად, ნებისმიერი მათგანის გამარჯვების შემთხვევაში, მთავრობის დაკომპლექტება უნდა მომხდარიყო პროფესიონალი კადრებით, როგორც მომხრეების, ასევე სხვადასხვა პოლიტიკური პარტიების რიგებიდან. ხაჯიმბას თქმით, უნდა შექმნილიყო „სახალხო ნდობის მთავრობა“.

„დარწმუნებული ვარ, რომ სწორედ ასე მოხდება“, – განაცხადა მან გამარჯვების შემდეგ გამართულ პირველ პრესკონფერენციაზე.

„ეს ნაბიჯი სწორი გზავნილი იყო“, – განაცხადა პრეზიდენტთან არსებული საზოგადოებრივი პალატის წევრმა ალხაზ ტხაგუშევმა „იმედი მაქვს, რომ ეს არ იქნება უბრალო რიტორიკა და მთავრობაში მართლაც იქნებიან წარმოდგენილი ადამიანები სხვადახვა პოლიტიკური პარტიებიდან. ასეთი გაერთიანება და კონსოლიდაცია ძალიან მნიშვნელოვანია. ასევე მნიშვნელოვანია შეიცვალოს სახელმწიფო მართვის სისტემა, შეიქმნას ბალანსი ხელისუფლების სხვადასხვა შტოებს შორის, მოხდეს უფლებამოსილების გადანაწილება პრეზიდენტსა და პარლამენტს შორის. ხაჯიმბამ და გაბნიამ გარკვევით განაცხადეს, რომ ამას გააკეთებენ“.

პოლიტიკური ცვლილების გარდა,  ხაჯიმბას მიმართ საზოგადოებაში დიდი მოლოდინი არსებობს, როგორც ეკონომიკური წინსვლის და კორუფციასთნ ბრძოლის, ასევე რეგიონში არსებული რთული ურთიერთობების მოგვარების კუთხით.

საზოგადოებრივი პალატის წევრი ნადეჟდა ბენედიქტოვა თვლის, რომ ამომრჩევლები ხაჯიმბას არ აპატიებენ პოლიტიკური დაპირებების შეუსრულებლობას.

„ბოლო 15 წლის განმავლობაში მუდმივად იყო საუბარი საკონსტიტუციო რეფორმაზე, რომ პრეზიდენტი არა ყოვლისშემძლე მონარქი, არამედ კანონის გარანტი უნდა ყოფილიყო, მაგრამ რეალურად ეს არავინ არ გააკეთა“, – განაცხადა მან. „ახლა ამ ცვლილებების აუცილებლლობა იმდენად მწვავედ დგას, რომ საზოგადოება ახალ პრეზიდენტს აღარ მისცემს მისი დაპირებების დავიწყების უფლებას ისე, როგორც ეს წინამორბედი პრეზიდენტების შემთხვევაში მოხდა“.

ხაჯიმბას თანამოაზრე და ამავე დროს პარტია ფორუმის სოხუმის განყოფილების ხელმძღვანელი ვლადიმირ ზანტარია დარწმუნებულია, რომ  ახალი ლიდერი შეძლებს თავისი წინასაარჩევნო დაპირებების შესრულებას.

„ის საქმის კაცია. ის აცნობიერებს იმ ვალდებულებას, რომელიც მას მხრებზე დააწვა“, – ამბობს ზანტარია. „ის ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ სოციალური დახმარების სახით რუსეთიდან შემოსული თანხა წარიმართოს ეკონომიკის რეალური სექტორებისკენ…ის ძალოვანი სტრუქტურიდან მოდის, ძალოვანებმა კი კარგად იციან დისციპლინის დამყარება“.

ყოფილმა პრეზიდენტმა თანამდებობა 1 ივნისს რამდენიმედღიანი საპროტესტო აქციების შედეგად დატოვა. ანქვაბის განცხადებით, ის სახელმწიფო გადატრილების მსხვერპლი გახდა და მხოლოდ იმიტომ გადადგა, რომ თავიდან აეცილებინა უფრო დიდი დაპირისპირება (იხილეთ: აფხაზეთი წანასაარჩევნო მდგომარეობას აფასებს).

აფხაზეთში ბევრი არ ეთანხმება იმ გზას, რომლითაც ანქვაბის გადაყენება მოხდა.

„რაულ ხაჯიმბას მოუწევს თავისი ლეგიტიმურობა დაუმტკიცოს საზოგადოების იმ ნაწილის, რომელიც 2014 წლის 27 მაისის მოვლენებს, რასაც ალექსანდრე ანქვაბის გადაყენება მოჰყვა, ანტიკონსტიტუციურ გადატრიალებად აფასებს“, – ამბობს ვენედიქტოვა. „მხოლოდ ახალი პრეზიდენტის რეალურ მიღწევებს შეუძლია საზოგადოებრივი უკმაყოფილების შერბილება და ხალხის დარწმუნება იმაში, რომ ანქვაბის გადაყენება ქვეყანას სიკეთეს მოუტანს“.

არასამთავრობო ორგანიზაციის ჰუმანიტარული პროგრამების ცენტრის დირექტორი ბატალ კობახია თვლის, რომ საზოგადოებაში ნდობის მოსაპოვებლად აუცილებელია ცვლილებების განხორციელება საარჩევნო სისტემაში, რეფორმების ჩატარება ადგილობრივ თვითმმართველობაში და დამოუკიდებელი სასამართლო სისტემის უზრუნველყოფა.

„თუ ნაწილი მაინც განხორციელდება ან თუნდაც დაიწყება კონსულტაციები, ხალხი დაიჯერებს, რომ წინასაარჩევნო დაპირებები ხელისუფლებას მართლაც აღელვებს“.

არჩევნებიდან სამი დღის შემდეგ ხაჯიმბა რუსეთში გაემგზავრა. ვლადიმირ პუტინთან მან ფინანსური დახმარებისა და ინვესტიციების გაზრდის საკითხი განიხილა.

შეხვედრის შემდეგ ხაჯიმბამ განაცხადა, რომ ის ორმხრივი თანამშრომლობის შესახებ შეთანხმების დადებას წლის ბოლოსათვის ელოდება. მან ასევე დასძინა, რომ მხარს დაუჭერს კანონის მიღებას, რომელიც რუსეთის მოქალაქეებს აფხაზეთის ტერიტორიაზე უძრავი ქონების შეძენის უფლებას მისცემს.

ანქვაბის წინააღმდეგ გამართული საპროტესტო აქციების ერთ-ერთი მიზეზი გალისა და ტყვარჩელის რაიონებში მცხოვრები ქართველებისთვის აფხაზური პასპორტების დარიგება იყო. ეს ფაქტი ბევრმა ეროვნული სუვერენიტეტის წინააღმდეგ მიმართულ საფრთხედ აღიქვა. არჩევნებამდე რამდენიმე ხნით ადრე, დაახლოებით 22 000 ეთნიკურად ქართველი ამომრჩეველი ხმის მიცემის უფლების გარეშე დარჩა იმის საფუძველზე, რომ აფხაზური კანონმდებლობა კრძალავს ორმაგ მოქალაქეობას, რუსეთის მოქალაქეობის გარდა.

ეთნუკურად ქართველი მოსახლეობა ამომრჩეველთა მნიშვნელოვან ნაწილს შეადგენს. არჩევნებში მოსახლეობის აქტივობამ 70%, ანუ 100 000 ადამიანი შედგინა. ხაჯიმბამ 50% ბარიერის გადალახვა 560 ხმით მოახერხა.

ვენედიქტოვა იმედოვნებს, რომ ხაჯიმბა არ იქნება ავტოკრატი მმართველი და რჩევებს გაიზიარებს.

„მას არ აქვს ქარიზმატული ლიდერის აშკარად გამოხატული თვისებები და შესაძლებელია, ეს მისი უპირატესობაც კი იყოს, რადგან ამ შემთხვევაში მას მოუწევს მოუსმინოს თავის უახლოეს გარემოცვას, რომელმაც მისი საარჩევნო კამპანია უფრო უკეთესად ჩაატარა, ვიდრე ეს მისმა მეტოქეებმა მოახერხეს. ნებისმიერ შემთხვევაში, აფხაზეთს ახლა ჰყავს პრეზიდენტი, რომელიც, ანქვაბისგან განსხვავებით, მზადაა სხვებს მოუსმინოს და მათი შეხედულებები გაითვალისწინოს“.

ანაიდ გოგორიანი გაზეთ ჩეგემსკაია პრავდას თანამშრომელია აფხაზეთში.

სტატია შეიცავს თვითაღიარებულ რესპუბლიკაში დამკვიდრებულ ტერმინოლოგიას და სახელწოდებებს.

 

Abkhazia
Elections
Frontline Updates
Support local journalists