Institute for War and Peace Reporting | Giving Voice, Driving Change

ძალადობაში გადაზრდილი ანტი-გეი პროტესტი

ხელისუფლება უხერხულ მდგომარეობაში აღმოჩნდა მას შემდეგ, რაც პოლიციამ ჰომოფობიის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეების დაცვა ვერ უზრუნველყო.
By Tina Zhvania
  • 2013 წლის 17 მაისის აქციაზე მომხდარი არეულობა (ფოტო: ზურაბ ქურციკიძე).
    2013 წლის 17 მაისის აქციაზე მომხდარი არეულობა (ფოტო: ზურაბ ქურციკიძე).
  • Protesters hold up placards saying "Don’t Anger God" and "Remember Noah". (Photo: Beka Bajelidze)
    Protesters hold up placards saying "Don’t Anger God" and "Remember Noah". (Photo: Beka Bajelidze)
  • Father Basil Mkalavlishvili addresses the anti-gay protesters. (Photo: Beka Bajelidze)
    Father Basil Mkalavlishvili addresses the anti-gay protesters. (Photo: Beka Bajelidze)
  • Protesters in T-shirts saying "Motherland Calling" march along Rustaveli Avenue. (Photo: Beka Bajelidze)
    Protesters in T-shirts saying "Motherland Calling" march along Rustaveli Avenue. (Photo: Beka Bajelidze)
  • Parishioners of various churches in Tbilisi at the protests. The nettles are to sting their opponents with. (Photo: Beka Bajelidze)
    Parishioners of various churches in Tbilisi at the protests. The nettles are to sting their opponents with. (Photo: Beka Bajelidze)

 

თბილისში ჰომოფობიის წინააღმდეგ მიმართული ღონისძიებების მოწყობის მცდელობა არეულობით დასრულდა. აგრესიულად განწყობილმა კონტრდემოსტრაციის მონაწილეებმა პოლიციის კორდონის გარღვევა შეძლეს და თავს დაესხნენ ლგბტ აქტივისტებს და მათ მხარდამჭერებს.

ათობით ადამიანი დაშავდა, მათ შორის ჟურნალისტები და პოლიციის თანამშრომლები, რომლებიც დაშავებულების დახმარებას ცდილობდნენ.

პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა დაგმო 17 მაისს მომხდარი ძალადობა დაგანაცხადა: „მშვიდობიანი შეკრებისა და აზრის გამოხატვის უფლებას ფუნდამენტური მნიშვნელობა აქვს ჩვენი დემოკრატიისთვის.“

ჰომოფობიის საწინააღმდეგო გამოსვლის ოპონენტებმა რუსთაველის გამზირზე შეკრება აქციამდე ერთი დღით ადრე დაიწყეს და მათმა რიცხვა 17 მაისს რამოდენიმე ათასს გადააჭარბა.

განრისხებულმა ბრბომ პოლიციის კორდონი გაარღვია და თავისუფლების მოედანს მიაწყდა, სადაც აქციის მონაწილე რამოდენიმე ათეული ადამიანი იყო შეკრებილი. პოლიციამ შეძლო ანტი-ჰომოფობიის აქციის მონაწილეების ავტობუსებითა და სამარშრუტო ტაქსებით დროული ევაკუაცია.

ქვებითა და ხელჯოხებით შეიარაღებული აქციის მოწინააღმდეგეები მართლმადიდებელი მღვდლების თანხლებით ერთ-ერთი სამარშუტო ტაქსს დაედევნენ, ჩაამტვრიეს მანქანის მინები და ქვები დაუშინეს იქ მსხდომ ადამიანებს.

გამარჯვებით ანთებულების ერთი ნაწილი მოედანზე დარჩა, დანარჩენები კი ქალაქში მიმოიფანტნენ.

ანტი-გეი დემონსტრაციის მონაწილეები პროტესტისკენ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის განცხადებამ წააქეზა. მრევლისადმი თავის მიმართვაში ილია II ჰომოსექსუალისტები ავადმყოფებად მოიხსენია და თბილისის მერს ღონისძიების სანქცირებაზე უარის თქმისკენ მოუწოდა.

ქალაქის ხელმძღვანელობამ საპასუხო განცხადება გააკეთა, რომელშიც განმარტა, რომ დემონსრაციის გამართვა არ საჭიროებდა წინასწარი ნებართვის გაცემას და ხორციელდებოდა მხოლოდ თვითმმართველი ერთეულის წინასწარი გაფრთხილების საფუძველზე.

პრემიერი ივანიშვილი თავის ადრინდელ გამოსვლებში აცხადებდა, რომ საზოგადოების გარკვეული ნაწილის უარყოფითი დამოკიდებულების მიუხედავად ხელისუფლება შეძლებდა ანტი-ჰომოფობიური დემონსტრაციის უსაფრთხოდ ჩატარების უზრუნველყოფას.

„არსებობენ ადამიანები ვისთვისაც ეს მიუღებელია, მაგრამ ჩვენ ყველა ღონეს ვიხმართ ნებისმიერი უმცირესობის უფლებების დასაცავად. ამის გაკეთებას ვაპირებთ ამ შემთხვევაშიც,“ განაცხადა პრემიერმა.

მომდევნო განცხადებებში პრემიერმა დამნაშავეების პასუხისგებში მიცემაზე ისაუბრა და ასევე დადებითად შეაფასა პოლიციის ქმედებები. მისი თქმით, ადგილზე არეულობის თავიდან ასაცილებლად 2000-ზე მეტი პოლიციელი იყო მობილიზებული, მაგრამ ისინი „წალეკა“ მრავალათასიანმა ბრმომ.

მიუხედავად ამისა, ივანიშვილის მთავრობას ადანაშაულებენ იმაში, რომ მან ვერ უზრულველყო ადეკვატური რეაგირება პოლიციის მხრიდან.

„საქართველოს ზოგიერთ მოქალაქეს არ მიეცა საშუალება გამოეხატა კონსტიტუციით მინიჭებული უფლება. ხელისუფლება იყო უუნარო შეექმნა აქციის გამართვისთვის შესაბამისი პირობები და თავიდან აეცილებინა ძალადობა,“ – განაცხადა საქართველოს ომბუდსმენმა უჩა ნანუაშვილმა შეტაკების ადგილზე ყოფნის დროს.

თბილისის ადამიანის უფლებათა ცენტრის დირექტორის ალეკო ცქიტიშვილის განცხადებით პრემიერ მინისტრის დაპირების შემდეგ ბევრმა ჩათვალა, რომ აქცია მშვიდობიანად ჩატარდებოდა.

„გაკეთდა მკაფიო და ნათელი განცხადებები, რომ ხელისუფლება შეძლებდა წესრიგის უზრუნველყოფას. მაგრამ სამწუხაროდ, მოხდა ტრაგედია და დაშავდნენ ადამიანები,“ განაცხადა მან და დასძინა, რომ თვითმხილევლების თქმით პოლიციას არ გააჩნდა საჭირო რესურსი ძალადობის შესაჩერებლად.

„ჩემი აზრით, უნდა დადგეს შინაგან საქმეთა მინისტრის და ასევე ცალკეული პოლიციელების პასუხისმგებლობის საკითხიც,“ – დასძინა ცქიტიშვილმა.

უფლებადამცველი ორგანიზაციები და ოპოზიციური ჯგუფები თანხმდებიან, რომ სიტუაციის უმართაობის გამო ხელისუფლებამაც და პოლიციამაც თავისი თავის დისკრედიტირება მოახდინა .

„ჩვენ გვჭირდება სახელმწიფო, რომელიც შეძლებს აგრესიაზე სათანადო რეაგირებას,“ – განაცხადა საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენელმა ჩიორა თაქთაქიშვილმა.

ზოგადად, დედაქალაქში მომხდარი უმსგავსობის შედეგად ბევრი ადამიანია შეშფოთებულია მომძლავრებული რელიგიური შეუწყნარებლობის და ქვეყნის შელახული რეპუტაციის გამო.

„ძალიან რთული საყურებელია, როდესაც სამღვდელოების წევრები თავად არიან ჩართულნი და უსირცხვილოდ აძლევენ ბავშვებს უფლებას მიიღონ მონაწილეობა ძალადობაში,“ განაცხადა ოპოზიციის წარმომადგენელმა ჩიორა თაქთაქიშვილმა.

ადამიანის უფლებათა ცენტრის წარმომადგენელი ალეკო ცქიტიშვილი აცხადებს: „სამწუხაროა, რომ ხელისუფლების რეპუტაცია სერიოზულად შეილახა და რაც უფრო სამწუხაროა დაზარალდა მთელი ქვეყნის რეპუტაცია.“

„ნებისმიერი ადამიანი, ვისაც ბრალი მიუძღვის ამ ტრაგედიის გაჩაღებაში უნდა დაისაჯოს. ვერც მღვდლის ანაფორა, ან მეფის გვირგვინი ან პრეზიდენტის სავარძელი ვერ იქნება ხელშეუხებლობის გარანტია.“

თინათინ ჟვანია თავისუფალი ჟურნალისტია თბილისში.