Institute for War and Peace Reporting | Giving Voice, Driving Change

ცრუ მტკიცება აზერბაიჯანში ინტერნეტ თავისუფლების არსებობაზე

ჟურნალისტებისა და ბლოგერების ხშირი დაპატიმრებები ეჭვქვეშ აყენებს განცხადებებს ონლაინ თავისუფლების არსებობის შესახებ.
By Idrak Abbasov
  • აზერბაიჯანის კავშირგაბმულობის მინისტრი, ალი აბასოვი (ცენტრში) მიმართავს გაეროს მიერ მხარდაჭერილი ინტერნეტ ფორუმის მონაწილეებს © იდრაკ აბასოვი
    აზერბაიჯანის კავშირგაბმულობის მინისტრი, ალი აბასოვი (ცენტრში) მიმართავს გაეროს მიერ მხარდაჭერილი ინტერნეტ ფორუმის მონაწილეებს © იდრაკ აბასოვი

ნოემბრის დასაწისში აზერბაიჯანმა უმასპინძლა გაეროს მიერ მხარდაჭერილ ინტერნეტ მმართველობის ფორუმს, სადაც ხელისუფლებამ სიამაყით განაცხადა, რომ ქვეყანაში ინტერნეტ თავისუფლება არავის ეზღუდება.

თუმცა, ბლოგერების თქმით, ხელისუფლების ეს პოზიცია,  ქვეყანაში არსებულ რეალობას არ ასახავდა. მათი თქმით, ინტერნეტში არასასურველი ინფორმაციის განთავსებისათვის ადამიანები შესაძლოა ციხეში აღმოჩნდნენ.

ინტერნეტ მმართველობის ფორუმი 2006 წელს დაარსდა და მისი მიზანი, ოფიციალური პირების, ბიზნესმენებისა და საზოგადოებრივი ზეწოლის ჯგუფების ერთად შეკრებაა. ფორუმის ფარგლებში მე-7 შეხვედრა 5-7 ნოემბერს ბაქოში გაიმართა.

ოფიციალური მონაცემებით ინტერნეტზე ხელმისაწვდომობა აზერბაიჯანის მოსახლეობის 60% აქვს.

“აზერბაიჯანში ინტერნეტ თავისუფლების უფლება ყველასთვის გარანტირებულია“, – ნათქვამია, პრეზიდენტ ილჰამ ალიევის მიმართვაში, რომელიც ფორუმზე გაჟღერდა, – “ინტერნეტ, რადიო თუ სატელევიზიო პროგრამებმა, ელექტრონულმა გაზეთებმა თუ ჟურნალებმა ასევე, უცხოურმა თუ ადგილობრივმა სოციალურმა ქსელებმა, აზერბაიჯანის მოსახლეობაში ფართო გამოყენება ჰპოვეს. ათასობით ბლოგერი ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე მოიხმარს ინტერნეტს.

ბლოგერ ემინ მილმა, რომელსაც 2009 წელს ორნახევარი წლით თავისუფლება მას შემდეგ შეეზღუდა, რაც მან პრეზიდენტის შარჟი, ვიდეო – სახელწოდებით  “პრესკონფერენცია ვირთან”, ინტერნეტში ატვირთა, განაცხადა, რომ ინტერნეტში გამოხატვის თავისუფლება ისეთივე რთულია, როგორც რეალურ ცხოვრებაში.

“მართალია, აზერბაიჯანის მოსახლეობას ინტერნეტის გამოყენების უფლება აქვს, მაგრამ ისინი შეზღუდულები არიან გარკვეული შინაარსის მასალის გავრცელებისგან. სინამდვილეში, ინტერნეტის გამოყენებამ შესაძლოა გარკვეული სასჯელი გამოიწვიოს“, – განაცხადა მან, – “აზერბაიჯანში, ადამიანებს მუდმივი შიშის ქვეშ უწევთ ცხოვრება, მათ სამსახურის, მშობლებისა თუ ახლობლების დაკარგვის ეშინიათ და თუკი ვინმე ამ შიშის დაძლევას მოახერხებს, მომავალში ეს ძვირად დაუჯდება”.

რეპორტიორთა თავისუფლებისა და უსაფრთხოების ინსტიტუტის (IRFS) მონაცემებით, ინტერნეტში გამოქვეყნებული მასალების გამო, ამ ეტაპზე სულ ცოტა ათი ადამიანია დაკავებული.

IRFS-ის ხელმძღვანელის, ემინ ჰუსეინოვის განცხადებით, დაპატიმრებულთაგან ცხრა ადამიანმა ინტერნეტი კონკრეტული კამპანიის საწარმოებლად გამოიყენა. მათ შორისაა, ვუგარ გონაგოვი, ტელევიზია „ჰაიალის“ აღმასრულებელი დირექტორი; ზაურ გულიევი, ტელევიზია „ჰაიალის“ მთავარი რედაქტორი; ნიჯატ ალიევი, azadxeber.az -ის მთავარი რედაქტორი; ფარამაზ ნოვრუზოღლუ, გაზეთის „მილათიმ“ კონტრიბუტორი და არაზ გულიევი, xeber44.com-ის რედაქტორი. სოციალურ ქსელებში განხორციელებული აქტიურობების გამო, პატიმრობაში იმყოფებიან ასევე, ბლოგერი, ტალეხ ხასმამადოვა და დამოუკიდებელი გამომძიებლი, ფუად გუსეინოვი.

“ფარამაზ ნოვრუზოგლუს გარდა, რომელიც აქციაში მონაწილეობისაკენ მოქალაქეთა წაქეზების ბრალდებით დააკავეს, დანარჩენი პირები ისეთი ცრუ ბრალდებებით დააპატიმრეს, როგორებიცაა: პოლიციისათვის წინააღმდეგობის გაწევა და ნარკოტიკების მოხმარება თუ იარაღის უკანონო ტარება/შენახვა“, – განაცხადა ჰუსეინოვმა.

ბლოგერი და ოპოზიციური ახალგაზრდული ჯგუფის (NIDA) წევრი, ზაურ გურბანლიც ერთ-ერთი იმ პირთაგანია ვის დაკავებასაც სოციალურ ქსელებში აქტიურობას უკავშირებენ. ზაური 29 სექტემბერს დააკავეს, რა დროსაც მას პოლიციის თანმშრომლებმა განუმარტეს, რომ მან „წთელი ხაზი“ გადაკვეთა. პოლიციისათვის წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით, მას 15  დღით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდეს.

“ოპოზიციურ ახალგაზრდულ ჯგუფში ახალი წევრების მისაღებად, სოციალურ ქსელების მეშვეობით მიმართვა გავავრცელე, რის შემდეგაც გამოგონილი ბრალდებით დამაკავეს. თავისუფლების აღკვეთის გამო, სამსახური დავკარგე, ახალი სამსახურის პოვნას კი ჯერ-ჯერობით ვერ ვახერხებ”, – განაცხადა გურბანლიმ.

მთავრობა, ჟურნალისტებისა და ბლოგერების დევნას უარყობს და ამტკიცებს, რომ მათ სასჯელი კანონის დარღვევის გამო დაეკისრათ.

„აზერბაიჯანში ბლოგერებს არავინ დევნის და ამ ეტაპზე ციხეში არცერთი ბლოგერი არ იმყოფება“, – განაცხადა პრეზიდენტის აპარატთან არსებული პოლიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ინტერნეტ მმართველობის ფორუმზე: “მათ ადვილად შეუძლიათ საკუთარი თავის გამოხატვა, რაც ქვეყანაში ინტერნეტ თავისუფლების არსებობაზე მიუთითებს”.

ეუთოს სპეციალური წარმომადგენელის მედიის თავისუფლების საკითხებში, დუნჯა მიატოვიჩი, მიესალმება ისეთი ბლოგერების განთავისუფლებას, როგორებიცაა: ემინ მილი, ადნან ჰაჯიზადე, ჯაბარ სავალანი, ზაურ გურბანლი და ბახტიარ ჰაჯიაევი, თუმცა დასძენს, რომ სხვა ბლოგერთა და ჟურნალისტთა წამება, დევნა და პატატიმრებები ისევ პრობლემატურ საკითხად რჩება.

“ინტერნეტი და ადამიანის უფლებები ერთმანეთს ავსებს, ისინი განუყოფელი ცნებებია “, – განაცხადა მან.

„ცენზურის ინდექსის“ ყოფილმა აღმასრულებელმა დირექტორმა და გუგლის მრჩეველმა, ჯონ კამფნერმა შეშფოთებით აღნიშნა, რომ ზოგიერთი დასავლური ქვეყანა ინტერნეტ თავისუფლების შეზღუდვას ამკვიდრებს, რამაც შესაძლოა უარყოფითად იმოქმედოს ისეთი ტიპის ქვეყნებზე როგორიც აზერბაიჯანია.

მისი თქმით, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის პარლამენტში, მათ შორის, დიდ ბრიტანეთშიც, განიხილეს ინტერნეტ ხელმისაწვდომობის მარეგულირებელი კანონმდებლობა, რომელზე მითითებითაც აზერბაიჯანი მომავალში კრიტიკის თავიდან აცილებას შეძლებს.

აზერბაიჯანის მთავრობამ ინტერნეტ უსაფრთხოებისა და კიბერდანაშაულის თავიდან აცილების სხვადასხვა გზები უკვე განიხილა. თუმცა, აზერბაიჯანის კავშირგაბმულობის მინისტრმა, ალი აბასოვმა ფორუმის მონაწილეებს განუცხადა, რომ ხელისუფლება ინტერნეტმომხმარებლის გაკონტროლებას ან მათი გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვას არ აპირებს.

იდრაკ აბასოვი თავისუფალი ჟურნალისტია აზერბაიჯანში.