Institute for War and Peace Reporting | Giving Voice, Driving Change

ცნობილი აზერბაიჯანელი უფლებადამცველი ქვეყნის ღალატის ბრალდებით დააკავეს

საერთაშორისო ექსპერტები ამტკიცებენ, რომ ლეილა და არიფ იუნუსები ადამიანის უფლებების დაცვის გამო იდევნებიან.
By Afgan Mukhtarli
  • აზერბაიჯანელი უფლებადამცველი ლეილა იუნუსი (ფოტო: აფგან მუხტარლი)
    აზერბაიჯანელი უფლებადამცველი ლეილა იუნუსი (ფოტო: აფგან მუხტარლი)

ცნობილ აზერბაიჯანელ უფლებადამცველს ლეილა იუნუსს ბრალი ქვეყნის ღალატისთვის წაუყენეს და წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს. ორგანიზაცია Human Rights Watch წაყენებულ ბრალდებებს „ფიქციას“ უწოდებს.

ლეილა იუნუსის დაპატიმრების ორდერი ბაქოს სასამართლომ 30 აგვისტოს გასცა, მას შემდეგ, რაც ის ოფიციალურად უკვე ერთი საათის დაკავებული იყო. პროკურატურის მიერ წარმოდგენილი ბრალდების მიხედვით, ლეილა იუნუსი და მისი მეუღლე არიფი აზერბაიჯანის დაუძინებელი მტრის – სომხეთის უშიშროების სამსახურებთან თანამშრომლობდნენ.

პროკურატურისა და ეროვნული უშიშიროების სამინისტროს მიერ გავრცელებულ ერთობლივ განცხადებაში ნათქვამია, რომ ცოლ-ქმრის სომხეთის სადაზვერვო სამსახურებთან თანამშრომლობის ფაქტები რაუფ მირკადიროვის საქმის გამოძიებისას გამოიკვეთა, რომელიც ანალოგიური – შპიონაჟის ბრალდებით იმყოფება პატიმტობაში.

მირკადიროვი 2010 წლიდან თურქეთში ცხოვრობდა და მუშაობდა. ამა წლის აპრილში მოხდა მისი დეპორტირება აზერბაიჯანში, სადაც მას სომხური მხარისთვის საიდუმლო ინფორმაციის გადაცემა დააბრალეს და დააპატიმრეს. მირკადიროვის ადვოკატი წაყენებულ ბრალდებას აბსურდულს უწოდებს. იხილეთ: აზერბაიჯანელ ჟურნალისტს სომხეთის სასარგებლოდ ჟაშუშობას აბრალებენ

იუნუსების საქმეზე გავრცელებული ოფიციალური განცხადების მიხედვით, წყვილი სომხეთის მხარეს არა მხოლოდ ინფორმაციას გადასცემდა, არამედ „შუამავლის“ როლსაც ასრულებდა. იუნუსები სომხებს აზერბაიჯანში სხვადასხვა პირებთან აკავშირებდნენ, რომელთა ვინაობა ჯერჯერობით უცნობია.

ლეილა იუნუსს, მშვიდობისა და დემოკრატიის ინსტიტუტის დირექტორს, ბრალი ექვსი მუხლით აქვს წაყენებული, მათ შორის ქვეყნის ღალატისთვის, თაღლითობისთვის და გადასახადებისაგან თავის არიდებისთვის. არიფ იუნუსსაც თაღლითობა და ქვეყნის ღალატი ედება ბრალად, თუმცა ის შინაპატიმრობაში რჩება.

მაისში, ლეილა და არიფ იუნუსები ბაქოს აეროპორტში დააკავეს და დასაკითხად პროკურატურაში წაიყვანეს მირკადიროვის საქმესთან დაკავშირებით. მაშინ არიფ იუნუსი ვერ დაკითხეს, რადგან დაკავების დროს ის ცუდად გახდა. (დაწვრილებით იხილეთ: აზერბაიჯანში ცნობილი უფლებდამცველი დაკითხეს).

ამჯერად, ლეილა იუნუსი ჯერ პროკურატურის განსაკუთრებულ საქმეთა განყოფილებაში მიიყვანეს დასაკითხად, შემდეგ კი ნასიმის საოლქო სასამართლოში გადაიყვანეს. მოსმენა სამ საათზე მეტხანს განგრძელდა და დახურილ კარს მიღმა მიმდინარეობდა, არც ნათესავები და არც ჟურნალისტები სასამართლო სხდომას არ დაასწრეს.

სასამართლოს შემდეგ ლეილა იუნუსის ადვოკატმა ჯავად ჯავადოვმა განაცხადა, რომ მისი კლიენტი მის მიმართ წაყენებულ ყველა ბრალდებას უარყოფს.

„ლეილა იუნუსი აცხადებს, რომ მისი დაჭერა უკავშირდება მისი, როგორც ადამიანის უფლებათა დამცველის საქმიანობას“, – განაცხადა ჯავადოვმა.

ადვოკატი, მისივე თქმით, აიძულეს ხელი მოეწერა დოკუმენტზე, რომელიც გამოძიებასთნ დაკავშირებული კონფიდენციალური ინფორმაციის არგამხელას ეხებოდა.

„ნასიმის სასამართლოს გადაწყვეტილებას უმოკლეს ვადაში გავასაჩივრებთ“, – დასძინა მან.

სასამართლოს შემდეგ არიფ იუნუსმა განაცხადა, რომ მისი მეუღლე სამოქალაქო ტანსაცმელში ჩაცმულმა პირებმა დააკავეს იმ დროს, როცა ის კონფერეციაზე დასასწრებად უნდა გამგზავრებულიყო.

„ლეილა სახლიდან გავიდა. მე ფანჯრიდან ვიყურებოდი. როცა მანქანა, რომელშიც ის იჯდა ეზოდან გამოვიდა, ხუთმა თუ ექვსმა პირმა მანქანას გზა გადაუღობა. ორი მათგანი უკანა მხარეს, ლეილას გვერდით ჩაჯდა, ერთი კი მძღოლის გვერდით,“ – „იმავე წუთს დავურეკე, მაგრამ არ მიპასუხა. მივხვდი რომ ლეილა დააპატიმრეს“.

„მერე სახლის კარზე დააკაკუნეს. სამოქალაქო ტანისამოსში ჩაცმულმა პირებმა კარის გაღება მოითხოვეს, მაგრამ მე ადვოკატის მოსვლას დაველოდე“.

პროკურატურაში დაკითხვაზე არიფ იუნუსიც გამოიძახეს, თუმცა მან გამომძიებლებს ჩვენების მიცემაზე უარი განუცხადა.

„მე მათ ვუთხარი, რომ ეს საქმე აღიძრა პოლიტიკური დირექტივებით და რომ მას არავითარი სამართლებრივი საფუძველი არ გააჩნდა“, – თქვა მან.

არიფ იუნუსმა მისი პროკურატურაში დაკითხვა სტალინის ხანას შეადარა.

„ისტორიკოსი ვარ და ნასწავლი მაქვს 1937 წლის საბჭოთა რეპრესიები. ვიცი რა კითხვებსაც უსვამდნენ უდანაშაულო ადამიანებს იმ დროს გამოძიებლები“, – განაცხადა მან. „მე რა შეკითხვებიც დამისვეს, ძალიან ჰგავდა მათ“.

სომხეთის სასარგებლოდ ჯაშუშობა უკიდურესად მძიმე ბრალდებად ითვლება აზერბაიჯანში. 1994 წლის შემდეგ, რაც ღია შეიარაღებული კონფლიქტი დასრულდა, მხარეებს შორის ჯერ კიდევ ვერ მოხერხდა სამშვიდობო შეთანახმების მიღწევა.

მირკადიროვის შემთხვევაში, პროკურორებმა გამოძიებას საფუძვლად დაუდეს ის ორმხრივი პროექტები, რომლებსაც აზერბაიჯანული და სომხური არასამთავრობო ორგანიზაციები ორ ხალხს შორის ნდობისა და კავშირების აღდგენის მიზნით მრავალი წლის მანძილზე ახორცილებდნენ.

ასეთი თანამშრომლობა, რომელიც „სახალხო დიპლომატიის“ სახელითაა ცნობილი, მთავრობებს შორის დაძაბულობის მიუხედავად, ადამიანების დაახლოებას და შერიგებას უწყობს ხელს. ადრეულ წლებში, აზერბაიჯანის ხელისუფლება ასეთ აქტივობებს არ ეწინააღმდეგებოდა. (ასეთ პროექტებთან მიმართებაში დამოკიდებულების გაუარესების შესახებ იხილეთ სატატია: აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის სახალხო დიპლომატია საფრთხის ქვეშაა)

საერთაშორისო უფლებადამცველმა ორგანიზაციებმა დაგმეს ლეილა იუნუსის დაკავება და დაპატიმრება.

„ლეილა იუნუსი არის კიდევ ერთი დამოუკიდებელი ხმა აზერბაიჯანში, რომლის გაჩუმებასაც აზერბაიჯანის ხელისუფლება დიდი ხნის განმავლობაში ცდილობდა დაშინებისა და მუქარების გზით“, – აცხადებს Amnesty International ექსპერტი ნატალია ნოზაძე. „რადგან ეს არ გამოუვიდათ, ახლა დაკავების და ბრალდების ხერხს მიმართეს, რათა დასაჯონ ის იმისთვის, რომ ის მთავრობას აკრიტიკებდა“.

Human Rights Watch ევროპისა და ცენტრალური აზიის განყოფილების დირექტორის მოადგილე რეიჩელ დენბერი აცხადებს, რომ ლეილა და არიფ იუნუსების მიმართ წაყენებული ბრალდებები „ფიქციაა და მათ გაჩუმებას ისახავს მიზნად.“

„ხელისუფლებამ დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტოს ეს კამპანია, რომელიც მიმართულია აზერბაიჯანში ცნობილი უფლებადამცველების დასაშინებლად, მათ უნდა მიეცეთ შეუფერხებლად მუშაობის საშუალება“, – აცხადებს ის.

ხელისუფლების წარმომადგენლები კომენტარებისაგან ჯერჯერობით თავს იკავებენ, თუმცა მათი მხარდამჭერების ნაწილმა ბრალდებულს უკვე გამოუტანა გამამტყუნებელი განაჩენი.

„ლეილა იუნუსმა თავის ქვეყანას და ხალხს უღალატა“, – პარლამენტის წევრმა მმართველი იენი აზერბაიჯანის პარტიიდან მალაჰატ იბრაჰიმქიზიმ  საინფორმაციო სააგენტო Trend-ს აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით განუცხადა.

იბრაჰიმქიზი ამტკიცებს, რომ იუნუსმა აზერბაიჯანს უფრო მეტი ზიანი მოუტანა, ვიდრე ქვეყნის საგარეო მტრებმა, არგუმენტად კი მოიყვანა, „რას ელოდებით იმ ადამიანისგან, რომელიც საკუთარ [აზერბაიჯანულ] ენაზე ვერ საუბრობს?“

საერთაშორისო ურთიერთობების ცენტრის ხელმძღვანელმა რუფიზ ქონაქოვმა იმავე საინფორმაციო სააგენტოს განუცხადა, რომ მისი ორგანიზაცია ყოველთვის ეჭვით უყურებდა იუნუსის საქმიანობას. სხვა დანარჩენს თუ არ ჩავთვლით, ის დამნაშავეებს პოლიტიკურ პატიმრებად ასაღებდა იმ მიზნით, რომ აზერბაიჯანის სახელი შეელახა საერთაშორისო საზოგადოების თვალში.

„ეს ადამიანები უნდა დაისაჯონ მათი სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული ქმედებების გამო და ეს უნდა იყო გაკვეთილი იმათთვის, ვინც მსგავს საქმიანობაში უკვე არის ჩართული ან აპირებს რომ ჩაერთოს“, – თქვა მან.

საწინააღმდეგო განწყობაა აზერბაიჯანული ოპოზიციური პარტიების კოალიციაში. დემოკრატიული ძალების ეროვნული საბჭო ლეილა იუნუსის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვს. მათი განცხადებით, ის დაუღალავად შრომობდა იმისთვის, რომ პოლიტიკური პატიმრების სრული სია შეედგინა და „ახლა თავად აღმოჩნდა იმათ შორის, ვისაც თავად იცავდა“.

„ყველა ადამიანს ამ ქვეყანაში, ვისაც სინდისი გააჩნია მის გვერდით უნდა დადგეს“, – აცხადებენ კოალიციაში.

დაპატიმრებამდე ერთი დღით ადრე ლეილა იუნუსმა პრეზიდენტ ილჰამ ალიევს ღია წერილით მიმართა, რომელშიც მას პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებას თხოვდა.

„ძალა მოიკრიბეთ, არასოდეს არის გვიანი რომ შეჩერდეთ“, – წერდა ის პრეზიდენტს. „დაფიქრდით – თქვენ შეგიძლიათ შეხვიდეთ ისტორიაში, როგორც ტოლერანტი, პრაგმატიკოსი პოლიტიკოსი და არა როგორც დიქტატორი და ტირანი, რომელმაც ქვეყანა სისხლში ჩაძირა“.

აფგან მუხტარლი ონლაინ გამოცემა civil-forum.az რეპორტიორია აზერბაიჯანში.

 

More IWPR's Global Voices