Institute for War and Peace Reporting | Giving Voice, Driving Change

სომხეთში შრომისუნარიანი ადამიანების რაოდენობა მკვეთრად მცირდება

ქვეყნის ეკონომიკური ზრდა შესაძლებელია შეაფერხოს არა სამუშაო ადგილების ნაკლებობით გამოწვეულმა ემიგრაციამ, არამედ თავად მუშახელის უკმარისობამ.
By Vahe Harutyunyan
  • ერევნის აეროპორტი (ფოტო: არა ჩაღარიანი)
    ერევნის აეროპორტი (ფოტო: არა ჩაღარიანი)

ბოლოდროინდელი მონაცემები ცხადჰყოფს, რომ სომხეთის მოსახლეობის დიდი ნაწილი კვლავ აქტიურად გაედინება საზღვარგეთ. ქვეყნის დატოვების მთავრი მიზეზი მძიმე ეკონომიკური მდგომარეობაა. ყველაზე შემაშფოთებელი კი ის არის, რომ ქვეყანას ტოვებენ არა მარტო უნარების არმქონე მუშები, არამედ პროფესიონალები, რომლებიც ვერ ხედავენ თავიანთ მომავალს სომხეთში.

იანვრისა და თებერვლის მონაცემებით ქვეყნიდან წასულთა რაოდენობა 22 000-ით აღემატება ჩამომსვლელთა რიცხვს. ამ ადამიანთა უმრავლესობა რუსეთში ან სხვა ქვეყნებში ზაფხულის სეზონისთვის მიემგზავრება სამუშაოდ, ზამთარში კი მათი უმეტესობა ისევ სომხეთში აპირებს დაბრუნებას. ზოგიერთი უცხოეთში დარჩენას და იქ დამკვიდრებას ფიქრობს, ბევრიც კი უკვე დიდი ხანია ცხოვრობს ქვეყნის გარეთ.

სომხეთის სოციალურ-დემოგრაფიული საინიციატივო ჯგუფის ხელმძღვანელი რუბენ იეგანიანი აღნიშნავს, რომ ოფიციალური პირების განცხადებით ემიგრაციას სეზონური ხასიათი აქვს, თუმცა ფაქტები საწინააღმდეგოს ამტკიცებენ.

„თუ მიგრაციის სახელმწიფო სამსახურის წლიურ მონაცემებს გადავხედავთ ნათელი ხდება, რომ ქვეყნიდან წასული ათი ათასობით ადამიანიდან უკან არც ერთი არ ბრუნდება,“ აცხადებს ის.

ამავე სამსახურის დათვლით, 2012 წლის ბოლოსთვის, ხუთი წლის მანძილზე მუდმივად საცხოვრებლად ქვეყნიდან წასულია 180 000 ადამიანი, რაც საკმაოდ დიდი რიცხვია 3 მილიონზე ნაკლები მოსახლეობის მქონე ერისთვის.

„რა მიზეზიც არ უნდა ჰქონდეს ემიგრაციას იქნება ეს პოლიტიკური, ეკონომიკური თუ უსამართლობის არსებობა, ეს სომხეთისთვის კატასტროფის ტოლფასია,“ ამბობს იეგანიანი.

პოლიტიკური კვლევების ცენტრის ანალიტიკოსის, არმენ ბადალიანის განცხადებით ემიგრაციამ მოიცვა ყველა სოციალური ფენა და არა მარტო ღარიბი მოსახლეობა.

„ქვეყანას მდიდრები თუ არა საშუალო ფენის წარმომადეგენლები მაინც ტოვებენ. ისინი სომხეთიდან  კარიერის გასაკეთებლად, ბიზნესის დასაწყებად ან სულაც საზღვარგარეთ განათლების მისაღებად მიდიან,“ ამბობს ის.

დამსაქმებელთა კავშირის თავმჯდომარე გაგიკ მაკარიანი აცხადებს, რომ მუშახელის ქვეყნიდან გადინება კერძო ბიზნეს-სექტორის განვითარებისთვის დიდ საფრთხეს წარმოადგენს.

„კერძო ბიზნესის ყველა წარმომადგენელი, იქნება ეს ვაჭრობის სფერო, წარმოება თუ მომსახურების სფერო  ღიად ალაპარაკდა დემოგრაფიულ სიტუაციასთან დაკავშირებულ საფრთხეებზე.  თუ მოსახლების რაოდენობა წლიდან წლამდე დაიკლებს, ამას უარყოფითი გავლენა ექნება ნებისმიერ ბიზნესზე,“ – აცხადებს მაკარიანი.

ხელისუფლების წარმომადგენლები ირწმუნებიან, რომ ამ მიმართულებით მუშაობა უკვე მიმდინარეობს. ქვეყნის პრემიერ მინისტრმა ტიგრან სარგსიანმა თავის საპარლამენტო მიმართვაში განაცხადა, რომ მზარდი ეკონომიკური ზრდის შედეგად შეიქმნება სამუშაო ადგილები, რაც შესაძლებელს გახდის შრომისუნარიანი მოსახლეობის ქვეყანაში დარჩენას.

თუმცა, გაზეთ „ორაკარ დეილის“ ეკონომიკური მიმომხილველი არმენაკ ჩათინიანი ეჭვობს, რომ ხელისუფლების მიერ გაცხადებული ეკონომიკური ზრდის მონაცემები არარეალურია.

ოფიციალური მონაცემებით, სომხეთის ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი 2012 წელს 7.2% იყო, 2011 წელს კი ეს რიცხვი 4.8% შეადგენდა. თუმცა, ამავე მონაცემების მიხედვით  სწორედ ამ წლებში დატოვა ქვეყანა 86 000 ადამიანმა.

„მე ერთი რამე ვიცი,“ – ამბობს ჩატინიანი, – „თუ ქვეყნის ეკონომიკა იზრდება ხალხის ცხოვრებაც უნდა უმჯობესდებოდეს და ისინი მასობრივად არ უნდა ტოვებდნენ ქვეყანას.“

სომხეთის სტატისტიკური სააგენტოს მონაცემებით ქვეყნის მოსახლეობის ერთი-მესამედი კვლავ სიღარიბეში ცხოვრობს. უმუშევრობის მაჩვენებელი 16% შეადგენდა გასულ წელს. მზარდი ეკონომიკის შესახებ ხმამაღალი განცხადებების მიუხედავად  ქვეყანაში, განსაკუთრებით კი სოფლებში, სიღარიბის დონე მატულობს.

45 წლის ნორიკ გრიგორიანი, ბოლო 15 წელია მუდმივად დადის რუსეთში სეზონურ სამუშაოებზე, თუმცა ყოველთვის ბრუნდება უკან თავის სახლში, გეღარკუნიკის რაიონის სოფელ ცოვინარში.

მისი განწყობა სომხეთის სოფლის მომავლზე ძალზე პესიმისტურია. მისი თქმით: „გლეხებისთვის აღარაფერი დარჩა. ჩვენ მომწყვდეულები ვართ ბანკებსა და ოლიგარქებს შორის. ამიტომაც არის, რომ სომხეთში ამდენი მიწაა დაუმუშავებელი ჩვენი გლეხები კი საზღვარგარეთ მიდიან ლუკმა პურის საშოვნელად.“

„მარტო მიწათმოქმედებით ოჯახს ვერ გამოკვებავ,“ – ამბობს გრიგორიანი. „ჩვენი ხელისუფლება არაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ჩვენნაირი გლეხებისთვის მიწათმოქმედება მომგებიანი გახდეს. სესხები ძვირია, შემსყიდველი კომპანიები ერთმანეთთან მოლაპარაკებულნი არიან რომ ჩვენს მიერ მოყვანილ პროდუქტში რაც შეიძლება დაბალი ფასი შემოგვთავაზონ. ყველაფერთან ერთად სარწყავი წყლის და უამრავ სხვა გადასახადს ვიხდით.“

ვაჰე ჰარუტუნიანი თავისუფალი ჟურნალისტია სომხეთში.

 

More IWPR's Global Voices