სომხეთში კურსდამთავრებულთა შორის უმუშევრობის დონე მატულობს

დამსაქმებლები უპირატესობას გამოცდილებას ანიჭებენ და არა ქაღალდზე აღნიშნულ კვალიფიკაციას.

სომხეთში კურსდამთავრებულთა შორის უმუშევრობის დონე მატულობს

დამსაქმებლები უპირატესობას გამოცდილებას ანიჭებენ და არა ქაღალდზე აღნიშნულ კვალიფიკაციას.

Recent graduate Artur Baghdasaryan thinks he might as well set fire to his diploma for all the good it has done him. (Photo: Gayane Asryan)
Recent graduate Artur Baghdasaryan thinks he might as well set fire to his diploma for all the good it has done him. (Photo: Gayane Asryan)
Thursday, 30 August, 2012

სომხეთის დაუნდობელ სამუშაო ბაზარზე ადგილის დასამკვიდრებლად მხოლოდ საუნივერსიტეტო ხარისხი საკმარისი არ არის. ბევრი კურსდამთავრებული აცხადებს, რომ კომპანიებში ცხვირსაც ვერ შეყოფ რადგან დამსაქმებლები ფორმალურ კვალიფიკაციაზე მეტად ხანგრძლივ სამუშაო გამოცდილებას ითხოვენ.

ამის მაგალითია არტურ ბაღდასარიანი, რომელმაც მარკეტინგის ხარისხი სახელმწიფო ეკონომიკური უნივერსიტეტიდან ივლისში მიიღო. მიუხედავად იმისა, რომ მისი კვალიფიკაცია ბევრ დამსაქმებელს ესაჭიროება და პრაქტიკული გამოცდილების მისაღებად სტაჟირებაც გაიარა, დამსაქმებლები მის კანდიდატურას არც კი განიხილავენ.

სტუდენტობის პერიოდში სტაჟირების გავლის შემდეგ არტურს უთხრეს, რომ სამუშაოზე დიპლომის გარეშე ვერ აიყვანდნენ. მან სწავლა უკვე დაასრულა, მაგრამ ახლა ეუბნებიან, რომ სამუშაო გამოცდილება აკლია.

არტურმა უკვე რამდენიმე დასაქმების სააგენტო მოიარა, ხოლო IWPR კორესპონდენტი მას სამუშაოს ძებნის დროსაც გაჰყვა.

ერთ-ერთ კერძო დასაქმების სააგენტოს, „შანსის“ ხელმძღვანელმა, ირინა კარაპეტიანმა განაცხადა, რომ მას სამუშაო გამოცდილების ნაკლებობა პრობლემას შეუქმნიდა.

„ჩემს პრაქტიკაში ერთი შემთხვევაც არ ყოფილა, როცა ვინმე სამუშაოზე გამოცდილების გარეშე აეყვანათ,“ აღნიშნა მან. „ხოლო ისინიც კი, ვინც ამაზე მოდის, თანამშრომელს მხოლოდ 30,000-40,000 დრამს (დაახლ. $70-100) უხდის, რამდენიმე თვის განმავლობაში ექპლუატაციას უწევს ახლად აყვანილს და შემდეგ სამსახურიდან ითხოვს.“

იმის გამო, რომ მარკეტინგი პირდაპირ კავშირშია კომპანიის რეპუტაციასთან, დამსაქმებელთა უმეტესობას გამოუცდელი თანამშრომელი არ აჰყავთ და ამით, ნაწილობრივ, მათ გადამზადებასაც არიდებენ თავს.

სხვა ორ დასაქმების სააგენტოშიც, რომელსაც IWPR ეწვია, არტურისათვის შესაფერისი ვაკანსია არ აღმოჩნდა.

არტური ამ ფაქტორებს ფილოსოფიურად უყურებს და ამბობს, „არ დავკარგავ იმედს – უბრალოდ უფრო დიდი დრო დამჭირდება სანამ სამუშაოს მოვძებნი. მთავარი ისაა, რომ მზად უნდა ვიყო რამდენიმე თვის განმავლობაში უხელფასოდ სამუშაოდ.“

ანაჰიტ ფარსადანიანი, რომელიც სახელმწიფო დასაქმების სააგენტოს სამუშაო ბაზრის ანალიზისა და პროგნოზის დეპარტამენტის ხელმძღვანელია, ამბობს, რომ უნივერსიტეტის კურსამთავრებულები უმუშევართა უფრო და უფრო დიდ პროპორციას შეადგენენ.

მიუხედავად იმისა, რომ უმუშევრობის ოფიციალური მაჩვენებელი გასულ წელთან შედარებით 15%-ით დაეცა, უნივერსიტეტის კურსდამთავრებულები ამ საერთო რაოდენობის 16% წარმოადგენენ, 2007 წლის 12%-თან შედარებით.

„დამსაქმებლების დამოკიდებულება უმაღლესი განათლების მიმართ შეიცვალა,“ აღნიშნა ფარსადანიანმა. „შემიძლია დაგარწმუნოთ, რომ ახლა დიპლომს ყურადღებას არავინ აქცევს და ისეთ მოთხოვნებს აყენებენ, რომ სასაცილოა. მაგალითად, სამუშაო გამოცდილებასა და რამდენიმე ენაზე საუბარი. საიდან უნდა იცოდეს ბუღალტერმა სამი უცხო ენა გამართულად?“

თათევიკ აბრაამიანი, სომხეთის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ონლაინ დასაქმებისა და სარეკლამო გვერდის, HR.am-ის მენეჯერი ადასტურებს, რომ ამ გვერდზე განცხადების განთავსებისას ათი დამსაქმებლიდან ცხრა ითხოვს ორი ან მეტი წლის სამუშაო გამოცდილებას, ენების ცოდნასა და გუნდური მუშაობის უნარებს.

„მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ კანდიდატი აღწერილ მოთხოვნებს აკმაყოფილებს, დამსაქმებელი კითხულობს თუ რომელი უნივერსიტეტი დაამთავრა მან,“ ამბობს აბრაამიანი. „დამსაქმებლები თვლიან, რომ საუნივერსიტეტო ხარისხი არ ნიშნავს, რომ პიროვნება კარგია, ამიტომ უფრო მეტ მნიშვნელობას გამოცდილებას ანიჭებენ.“

სომხეთის საგანმანათლებლო ფონდის სტიპენდიის პროგრამის ხელმძღვანელის, არმინე ჰაროიანის თქმით ხელფასიან სამსახურზე ავტომატურად გადასვლის გარანტია არც სტაჟირებაა. ხშირად სტაჟირების პროგრამის მონაწილეები საკმარის გამოცდილებას ვერ ღებულობენ, რადგან თავად სტაჟირების მართვა არასწორად ხდება.

„რბილად რომ ვთქვათ, უნივერსიტეტები სტაჟირებას საკმაო ყურადღებას არ უთმობენ,“ თქვა ჰაროიანმა. „ზოგი სტუდენტი აღიარებს, რომ მიუხედავად თეორიული ცოდნისა, მათ ვერ შეძლეს იმ პრაქტიკული უნარების მიღება, რომელიც უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ მუშაობის საშუალებას მისცემდა.“

ექსპერტების აზრით ბოლო წლებში კერძო უნივერსიტებების წარმატება მდგომარეობს იმაში, რომ მათ დააკმაყოფილეს დამსაქმებელთა კონკრეტული მოთხოვნები, თუმცა შედეგად მივიღეთ კურსდამთავრებულთა ჭარბი რაოდენობა, რომლებიც ერთი და იმავე სამუშაო ადგილის მოპოვებას ცდილობენ.

ჯერ კიდევ არსებობს ისეთი პროფესიონალების მიმართ მოთხოვნა, როგორებიც არიან ექიმები, ვეტერინარები, ბუღალტრები და ფინანსური ექსპერტები, მაგრამ როგორც ფარსადანიანმა აღნიშნა, ეს ვაკანსიები ხშირად ერევნის გარეთ ცხადდება და ხელფასი ძალიან დაბალია.

სხვა კურსდამთავრებულები თვლიან, რომ მათი კვალიფიკაციის მიმართ მოთხოვნა არც კი არსებობს.

ანა იეღიაზარიანს ერევნის სახელმწიფო უნივერსიტეტის სპარსული ენის სპეციალისტის დიპლომი აქვს და უკვე ხუთი წელია ცდილობს მოძებნოს სამუშაო, სადაც ამ ცოდნის გამოყენებას შეძლებს.

სპარსული ენა თითქოსდა მოთხოვნადი უნდა იყოს, ვინაიდან ირანი სომხეთის მეზობელია და სავაჭრო და სხვა ურთიერთობები თანდათან იზრდება. იეღიაზარიანი ახლა ხვდება, რომ იგივე იდეა ბევრ სხვა ადამიანსაც გასჩენია.

„ვფიქრობდი, რომ რახან ჩვენს ქვეყანას ირანთან მეგობრული კავშირები აქვს, მომავალში უფრო მეტი ინტერესი და მოთხოვნა იქნებოდა სპარსული ენის მიმართ. მაგრამ აღმოჩნდა, რომ ამ სფეროში ძალიან ბევრი ექსპერტია და ბაზარი საკმარისად გაჯერებულია.“
იეღიაზარიანი მოკლევადიანი სათარჯიმნო საქმიანობით ახერხებს თავის გატანას, მაგრამ მას მუდმივი სამუშაო ესაჭიროება.

„რამდენიმე თვის წინ ერთმა დასაქმების სააგენტომ დამირეკა და ოფისის მენეჯერის პოზიცია შემომთავაზა. ძალიან მეწყინა,“ განაცხადა მან. „მე ძალიან მიყვარს და პატივს ვცემ ჩემს პროფესიას, ჩემი ცხოვრების რვა წელი მივუძღვენი მას, ასე რომ, არ ვაპირებ დათმობას. მირჩევნია საზღვარგარეთ წავიდე და იქ ვიმუშაო, ვიდრე აქ ოფისის მენეჯერი ვიყო.“

როგორ უნდა მოხდეს უმაღლესი განათლებისა და დამსაქმებელთა მოთხოვნების სინქრონიზირება, და საერთოდ, უნდა ჩაეიროს თუ არა ამ პროცესში მთავრობა.

„გეთანხმებით, რომ ურთიერთობა განათლებასა და დასაქმების ბაზარს შორის კარგად დაბალანსებული არ არის,“ განაცხადა სომხეთის განათლების სამინისტროს სპიკერმა, არტურ ბაღდასარიანმა (არ წარმოადგენს მარკეტინგის ფაკულტეტის კურსდამთავრებულის ნათესავს). „ჩვენ უმაღლეს სასწავლებლებში სწავლის მსურველების შედინებას ვერ შევაჩერებთ მხოლოდ იმ მიზეზით, რომ შესაძლოა მომავალში დასაქმება გაუჭირდეთ. ეს მათ განათლების უფლებას ხელყოფდა.“

სახელმწიფო დასაქმების სამსახურის უფროსის, სონა არუთინიანის თქმით დამსაქმებლებსა და სამუშაოს მაძიებელთა შორის უკეთესი კომუნიკაციის დამყარებაა საჭირო.

„ჩვენ ახალი სტაჟირებას პროგრამა შევქმენით, რომელიც კონკრეტულად ახალგაზრდა უმუშევარი ადამიანების ინტერესებს ითვალისწინებს. სამთვიანი პრაქტიკული კურსი მათ შესაძლებლობას აძლევს ბაზარზე მოთხოვნადი უნარები გამოიმუშაონ,“ განაცხადა არუთინიანმა. „ჩვენ დასაქმების გამოფენებსაც ვაწყობთ, სადაც დამსაქმებლებსა და სამუშაოს მაძიებლებს ურთიერთობის საშუალება ეძლევათ.“

გაიანე ასრიანი სომხური საინფორმაციო ვებგვერდის eMedia.am კორესპონდენტია

 

Education
Frontline Updates
Support local journalists