Institute for War and Peace Reporting | Giving Voice, Driving Change

სომხეთი ენერგეტიკის სფეროში ირანთან და რუსეთთან ხელშეკრულებებს აფორმებს

ირანთან მიღწეული ახალი შეთანხმებით სომხეთს ენერგეტიკულ კვანძად გადაქცევის იმედი აქვს, თუმცა სკეპტიკოსების აზრით, რუსეთი ამას არ დაუშვებს.
By Arshaluis Mghdesyan
  • მილსადენი, რომლითაც სომხეთი ბუნებრივი აირით მარაგდება (ფოტო: Photolure).
    მილსადენი, რომლითაც სომხეთი ბუნებრივი აირით მარაგდება (ფოტო: Photolure).

9 აგვისტოს, ერევანმა და თეირანმა, ხელი მოაწერეს შეთანხმებას მესამე მაღალი ძაბვის ელექტროსადენის მშენებლობის შესახებ. პროექტის საერთო ღირებულება 117 მილიონ დოლარს შეადგენს და აქედან 90 მილიონის ინვესტირებას თეირანი განახორციელებს.

სომხეთს ბუნებრივი აირის დიდი ნაწილი რუსეთიდან მიეწოდება, ქვეყნის გაზის და ელექტრომომარაგების ქსელებიც მთლიანად რუსული კომპანიების მფლობელობაშია.

ენერგეტიკის სფეროში სომხეთის თანამშრომლობა ირანთან აქამდე მცირე მოცულობის, ბარტერული სქემით შემოიფარლებოდა – იმპორტირებული გაზის სანაცვლოდ სომხეთი ირანს ელექტროენერგიით ამარაგებდა.

ახალი ელექტროსადენის მშენებლობით გაიზრდება სომხეთის ელექტროენერგიის ექსპორტის მოცულობა და შესაბამისად, შემოსავალიც.

ირანისტი ვარდან ვოსკანიანი მიიჩნევს, რომ თეირანთან მიღწეული შეთანხმება არის იმის ნიშანი, რომ ირანი სომხეთთან თანამშრომლობით არის დაინტერესებული.

„აქამდე ირანი ამ პროექტის განხორციელებას სანქციებით განპირობებული ფინანსური პრობლემების გამო ვერ ახერხებდა. ვარაუდი, თითქოს სანქციების მოხსნის შემდეგ, სომხეთი ირანისთვის მნიშვნელობას დაგარგავს, ყოვლად უსაფუძვლოა,“ – განაცხადა მან ჩვენთან საუბრისას.

ეკონომისტი ვაჰან ხაჩატრიანი კი შიშობს, რომ ირანელები საქნციების გაუქმების შემდეგ რეგიონში უფრო მნიშვნელოვან მოთამაშეებთან დაიჭერენ საქმეს.

„რასაკვირველია, შეიძლება ვიფიქროთ, რომ სანქციების დასრულების შემდეგ ირანი მოახდენს სომხეთთან შეჩერებული პროექტების რეანიმირებას. მეორე მხრივ, გასათვალისწინებელია, რომ სანქციების მოხსნის შემდეგ ირანს ხელები თავისუფალი ექნება და ის შეძლებს ენერგეტიკის სფეროში პარტნიორების დივერსიფიცირებას,“ – ამბობს ის.

ეკონომისტების ნაწილი თვლის, რომ თეირანის განზრახვებზე მეტად, მოსკოვის ამბიციებია საყურადღებო.

ორი უმსხვილესი რუსული კომპანია, გაზპრომი და ინტერ რაო, უკვე ისედაც აკონტროლებენ სომხეთის გაზისა და ელექტროენერგიის გამანაწილებელ ქსელებს. 2014 წლის იანვარში კი გაზპრომმა სომხური გაზგამანაწილებებლი კომპანიის დარჩენილი 20%-იანი წილიც შეიძინა და მისი სრული მფლობელი გახდა.

2015 ივნისში გაზრპომს გადაეცა სომხეთი-ირანის გაზსადენის ის ნაწილი, რომლითაც სომხური გაზი ირანის საზღვრამდე მიედინება.

„რუსეთს თავისუფლად შეუძლია დაბლოკოს ირანი-სომხეთის თანამშრომლობა ენერგეტიკის სფეროში თუ ჩათვლის, რომ ეს მის ინტერესებს ეწინააღმდეგება,“ – ამბობს ხაჩატრიანი. „ამ ახალ პროექტსაც შესაძლოა იგივე ბედი ეწიოს, რაც სომხეთი-ირანის გაზსდენს. ჯერ იყო და მშენებლობის პროცესში მკვეთრად შეამცირეს მილსადენის დიამეტრი, რითაც სომხეთმა დაკარგა შესაძლებლობა გამხდარიყო გაზის ტრანზიტული კორიდორი. შემდეგ კი, საერთოდ, მთელი ინფრასტრუქტურა გადაეცა გაზპრომს.“

გაზპრომს, რომელიც უკვე ფლობს რაზდანის თბოელექტროსადგურის ნაწილს, 18 აგვისტოს შეთანხმებით ირანი-სომხეთის ახალ ელექტროსადენზე შეღავთიანი პირობებით მიერთების უფლება მიენიჭა, რაც მას ირანში საკუთარი ელექტროენერგის გაყიდვის საშულებას მისცემს.

ეკონომისტი არტაკ მანუკიანი თვლის, რომ ეს არის რუსეთის მორიგი მცდელობა სრულად აკონტროლებდეს სომხეთის ენერგეტიკის სფეროს, მათ შორის ირანში გასაყიდი ელექტროენერგიის მოკრძალებულ მოცულობასაც.

„ეს ასევე მიგვიყვანს სომხეთში რუსეთის პოლიტიკური პოზიციების გამტკიცებამდე და ირანის გავლენის შესუსტებამდე,“ – დასძინა მან.

სომხეთის ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე, იოსიფ ისაიანი არ იზიარებს ექსპერტების შეფასებებს გაზპრომთან დადებულ ბოლო შეთანხმებასთან დაკავშირებით.

„მნიშვნელობა არ აქვს რომელი კომპანია აწარმოებს ექსპორტს – რუსული, ირანული თუ ქართული,“ – აღნიშნავს ისაიანი. „გაზპრომს უბრალოდ ეძლევა საშუალება მიუერთდეს ქსელებს და გამოიყენოს მათი სიმძლავრის ნაწილი, რათა მოიძიოს მყიდველები რაზდანის ელექტროსადგურიდან გამომუშავებული ელექტროენერგიისთვის.“

არშალუის მგდესიანი თავისუფალი ჟურნალისტია სომხეთში.