Institute for War and Peace Reporting | Giving Voice, Driving Change

სომხეთი გაღიზიანებულია წყლის პოლიტიკის გამო

ერევანი ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეას პროაზერბაიჯანული პოზიციის მხარდაჭერაში ადანაშაულებს.
By Christine Poghosyan, Nurgul Novruz, Oksana Musaelyan
  • სარსანგის წყალსაცავი მდებარეობს მთიანი ყარაბაღის ტერიტორიაზე და კონტროლდება სომხური ადმინისტრაციის მიერ (ფოტო: ნორაიარ ჩილინგარიანი/Flickr).
    სარსანგის წყალსაცავი მდებარეობს მთიანი ყარაბაღის ტერიტორიაზე და კონტროლდება სომხური ადმინისტრაციის მიერ (ფოტო: ნორაიარ ჩილინგარიანი/Flickr).

სომხეთი მწვავედ გამოეხმაურა ევროპის საბჭოს საკანონმდებლო ორგანოს ბრალდებებს იმის თაობაზე, რომ ის „განზრახ“ უზღუდავს აზერბაიჯანის სასაზღვრო რაიონებს წყლით სარგებლობის უფლებას.

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) მიერ 26 იანვარს მიღებული რეზოლუციის თანახმად, სარსანგის წყალსაცავი, რომელსაც ოც წელზე მეტი ხნის განმავლობაში არ ექცეოდა სათანადო ყურადღება, „წარმოადგენს საფრთხეს მთელი საზღვრისპირა რეგიონისთვის.“

მთიანი ყარაბაღის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე მდებარე წყალსაცავმა მოუვლელობის გამო შესაძლოა გამოიწვიოს „ძლიერი ავარია, რასაც მოჰყვება მნიშვნელოვანი ადამიანური დანაკარგი და სავარაუდოდ ახალი ჰუმანიტარული კრიზისი,“ – ნათქვამია PACE-ს რეზოლუციაში.

თუმცა, მოწინააღმდეგეები სომხეთიდან და მთიანი ყარაბაღიდან ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეას სიტუაციის არაობიექტურად შეფასებასა და აზერბაიჯანული მხარის პოზიციის მხარდაჭერაში ადანაშაულებენ.

„ჩვენ აღარ უნდა დავუშვათ, რომ PACE-ს რეგლამენტის გამოყენება მოხდეს მსგავსი ცალმხრივი ანგარიშების დასამტკიცებლად,“ – განაცხადა სომხეთის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომისიის და ფრაქცია მემკვიდრეობის წევრმა ტევან პოღოსიანმა. „სინამდვილეში აზერბაიჯანს უნდა, რომ ჰქონდეს ოფიციალური დოკუმენტი, რომლის გამოყენებასაც შეძლებს სხვა ინსტიტუტებში, ანგარიშიდან ციტატების მოშველიებით.“

მთიანი ყარაბაღის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ არმინე ალექსანიანმა ასევე გამოხატა წუხილი იმის გამო, რომ რეზოლუციის თაობაზე „ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ვერ მოახდინა პოლიტიკური სიმწიფის დემონსტრირება.“

PACE-მ მოითხოვა სომხური სამხედრო დანაყოფების რეგიონიდან დაუყოვნებლივ გამოყვანა, ასევე წყალსაცავზე დამოუკიდებელი კვლევის ჩატარება და საერთაშორისო ზედამხედველობის დაწესება.

ანგარიში მომზადდა ბოსნიელი პარლამენტარის მილიცა მარკოვიჩის მიერ, რომლის მიმართაც სომხურმა მხარემ არაერთი საყვედური გამოთქვა იმის გამო, რომ ის ანგარიშის მომზადების პერიოდში, მოწვევის მიუხედავად, არ ჩასულა არც სომხეთში და არც მთიან ყარაბაღში, თუმცა ორჯერ იმყოფებოდა აზერბაიჯანში.

მარკოვიჩმა თავის ანგარიშში ახსენა, რომ სომხეთში ჩასვლა „სომხური დელეგაციის მხრიდან თანამშრომლობის არარსებობის გამო“ ვერ მოახერხა.

1976 წელს, ზღვის დონიდან 726 მეტრ სიმაღლეზე, მდინარე ტარტარზე აშენებული სარსანგის წყალსაცავი სასმელი და სარწყავი წყლით ამარაგებდა, როგორც მთიანი ყარაბაღის ტერიტორიას, ასევე აზერბაიჯანის ექვს მიმდებარე რაიონს. მისი ტევადობა 560 მილიონ კუბურ მეტრს შეადგენს.

1994 წლიდან მოყოლებული, მას შემდეგ, რაც მთიანი ყარაბაღის კონფლიქტი  ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებით დასრულდა, აზერბაიჯანი წყალსაცავით ვეღარ სარგებლობს.

ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციასთან არსებული მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეებმა, რომლებიც ყარაბაღის ირვლივ მიმდინარე მოლაპარაკებების პროცესს შუამდგომლობენ, ურჩიეს PACE-ს არ გადაედგა ისეთი ნაბიჯი, რაც ზიანს მიაყენებდა მოლაპარაკებების პროცესს.

თუმცა, მარკოვიჩმა განუცხადა ასამბლეას, რომ მას პოლიტიკური კონტექსტი არ აინტერესებდა.

„ჩემი ამოცანა იყო სოციალური და ჰუმანიტარული, ასევე სოციალური და გარემოსდაცვითი საკითხების განხილვა,“ – განაცხადა მან.

ევროპის საბჭოს საპარლამეტო ასამბლეაზე იმავე დღეს წარმოდგენილი მეორე რეზოლუცია „მთიან ყარაბაღსა და აზერბაიჯანის სხვა ოკუპირებულ ტერიტორიებზე ძალადობის ესკალაციის“ შესახებ არ იქნა მიღებული.

მიუხედავად ამისა, ორივე რეზოლუციის ავტორი და PACE-ს აზერბაიჯანული დელეგაციის წევრი ელხან სულეიმანოვი, შედეგით კმაყოფილია.

„ეს იყო აზერბაიჯანელი ხალხის ისტორიული გამარჯვება,“ – განუცხადა სულეიმანოვმა საინფორმაციო სააგენტო APA-ს. „მიუხედავად იმისა, რომ ერთ-ერთი ანგარიში არ მიიღეს, მთავარი მიზანი იყო დღის წესრიგში დაგვეყენებინა სომხეთის აგრესიული პოლიტიკის საკითხი, რასაც მივაღწიეთ.“

აზერბაიჯანის ოპოზიციური პარტია „მუსავათის“ თავმჯდომარე ისა გამბარი ასევე თვლის, რომ სარსანგის შესახებ რეზოლუციის მიღება იყო მცირე, თუმცა მნიშვნელოვანი ნაბიჯი.

„PACE-ს რეზოლუციას დადებითად ვაფასებ,” – განაცახადა მან ჩვენთან საუბრისას. „ის რეალობას ასახავს. ჰუმანიტარული და გარემოსდაცვითი საკითხები ყოველთვის იყო პრიორიტეტული ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეისთვის, მაგრამ კონფლიქტი იმდენად გაღრმავდა და იმდენი გარე ძალა ჩაერთო მასში, რომ რაიმე ახალი დოკუმენტის მიღება ვერ მოახდენს გავლენას კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პროცესზე. თუმცა, ყველაფრის შემდეგ, ეს არის პოზიტიური მიმართულებით გადადგმული მცირე ნაბიჯი,“ – განაცხადა გამბარმა.

ურთიერთბრალდებები

PACE-ს ანგარიშის მიხედვით, სარსანგის წყალსაცავის გამო ზარალდება მთიან ყარაბაღში მცხოვრები 138 000 მოსახლე და ასევე 400 000 ადამიანი მცხოვრები აზერბაიჯანში, ქვედა ყარაბაღის რაიონში.

მთიანი ყარაბაღის პრემიერ-მინისტრის არაიკ ჰარუტუნიანის მიხედვით, 2013 წელს ყარაბაღმა აზერბაიჯანს შესთავაზა მოლაპარაკება წყალსაცავის ერთობლივი გამოყენების თაობაზე.

„ჩვენ გავუგზავნეთ შეტყობინება, რომ თანახმა ვიყავით გვეთანამშრომლა სარსანგის წყალსაცავის გამოყენების თაობაზე ერთი პირობით, თუ წყალზე წვდომა ჩვენც გვექნებოდა, რადგანაც წყალსაცავის წყალგამყოფი და რამდენიმე მილსადენი მათ კონტროლქვეშაა,“ – განაცხადა ჰარუტუნიანმა.

თუმცა, ბაქო უარს აცხადებს ნებისმიერი სახის მოლაპარაკებებზე. ის თვლის, რომ მთიან ყარაბაღში სეპარატისული რეჟიმი მოქმედებს და ამიტომ არანაირ თანამშრომლობას არ აპირებს მანამ, სანამ გრძელდება ის, რასაც აზერბაიჯანი ოკუპაციად მიიჩნევს.

ყარაბაღის ენერგოგამანაწილებელი კომპანიის „არცახენერგოს“ დირექტორის სლავა გაბრიელიანის მიხედვით, ამჟამად, ყარაბაღის ხელისუფლება წყალსაცავს მხოლოდ ენერგეტიკული მიზნებისთვის იყენებს. სარსანგის ჰიდროელექტროსადგური წელიწადში დაახლოებით 140 მილიონ კილოვატსაათ ელექტროენერგიას გამოიმუშავებს.

რადგანაც წყალსაცავის წყალგამყოფი, მდინარე ტარტარის მთავარი არხი, აზერბაიჯანის ტერიტორიაზე მდებარეობს, აზერბაიჯანელებს წყლით სარგებლობა მთელი წლის განმავლობაში შეუძლიათ, გამონაკლისი მხოლოდ ზაფხულის თვეებია.

ყარაბაღის სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილის გევორგ ვერანიანის მიხედვით, ყარაბაღელები მთლიანად არიან მოკლებული სარწყავ წყალზე წვდომას.

„თუ აზერბაიჯანელები უჩივიან ნაწილობრივ უწყლობას, ჩვენი მოსახლეობა საერთოდ უწყლოდ არის. ამის მიზეზი აზერბაიჯანის მხრიდან თანამშრომლობის არარსებობაა,“ – განაცხადა ვერანიანმა ჩვენთან საუბრისას.

თავის მხრივ აზერბაიჯანი აცხადებს, რომ სომხეთი ხშირად კეტავს წყალს ზაფხულში, როცა ის ყველაზე მეტად არის საჭირო.

ზამთარში წყალსაცავიდან გამოშვებული წყალი ტბორავს გზებს, სასოფლო-სამეურნეო მიწებს და ზიანი ადგება აზერბაიჯანის სოფლის მეურნეობას.

ორივე მხარეს ზარალდებიან ფერმერები.

არტურ ღუკასიანი მთიანი ყარაბაღის მარტაკერტის რაიონის მკვიდრია, რომელიც სარსანგიდან 15 კილომეტრით არის დაშორებული. ის სოფლის მეურნეობას 40 წელი მისდევს. მისი თქმით, ომამდე სარწყავი წყალი მდინარე ტარტარიდან მოედინებოდა.

„ძირითადად ყურძენი მომყავდა და საკმაოდ მაღალი ხარისხის მოსავალსაც ვიღებდი. დღეს, იმის გამო, რომ აზერბაიჯანმა გადაკეტა წყალი, რომელიც ამ ტერიტორიაზე მოდიოდა, ჩემი ერთ დროს აყვავებული ვენახი ჩამხმარი და გაჩანაგებულია. სარწყავი წყლის გარეშე, ამ ადგილებში სოფლის მეურნეობის წარმოება წარმოუდგენელია,“ – განაცხადა ფერმერმა.

ღუკასიანის განცხადებით, ადგილობრივ მცხოვრებლებს იმედი აქვთ, რომ ოდესმე მოხდება შეთანხმების მიღწევა, რომლითაც მათ მდინარე ტარტარის წყლების გამოყენების საშუალება მიეცემათ.

ჯერჯერობით კი, ის თავისი სახლის ეზოში მხოლოდ პატარა ბოსტანს ამუშავებს.

უკეთეს მდგომარეობაში არც აზერბაიჯანელი ფერმერები არიან.

საზღვრისპირა გორანბოის რაიონის, სოფელ ყიზილჰაჯილის რაიონის მცხოვრები მურაზ ჯაფაროვი ვერ რწყავს თავის სამჰექტარიან მიწის ნაკვეთს. ადრე, სარწყავ წყალს სარსანგის წყალსაცავიდან იღებდა, მაგრამ ახლა წყალი უკვე აღარ მოდის.

„დაახლოებით ხუთი წლის წინ, წყალი მოდიოდა, თუმცა შეფერხებებით,“ – თქვა მან. „ახლა, წყალი მარტო ზამთარში მოდის, როცა სამუშაოები არ ტარდება, ზაფხულში კი არა…ჩვენი მეორე წყარო გორანბოის მდინარეა და იქაც წყლის დონე ყოველ წელს კლებულობს. ჩვენი შემოსავლის ერთადერთი წყარო არის ჩვენი მიწა, რომელსაც მორწყვა სჭირდება. ახლა სიტუაცია კრიტიკულია,“ – დაასკვნა ჯაფაროვმა.

ვერანიანის თქმით, თუ PACE-ს ნამდვილად უნდოდა ეკოლოგიური და ჰუმანიტარული სიტუაციის გამოსწორება, მაშინ სხვა მიდგომა უნდა აერჩია.

„უფრო სწორი იქნებოდა, PACE რომ დახმარებოდა მთიან ყარაბაღს, მაგალითად, დიდი დამბების საერთაშორისო კომისიაში (ICOLD) გაწევრიანებაში, რათა შესაძლებელი ყოფილიყო მაღალი დონის ევროპელი სპეციალისტების მოზიდვა იმისთვის, რომ მომხდარიყო დამბის უსაფრთხოების ხელახალი შეფასება, გარღვევის ტალღის განმეორებითი მოდელირება, დატბორვის არეალის გამოთვლა, რეკომენდაციების შემუშავება ერთობლივი რეაგირებისთვის და ა.შ.,“ – განაცხადა ვერანიანმა.

„უკეთესი იქნება თუ გამოიყოფა საერთაშორისო კრედიტები და სხვა სახის დახმარებები დამბის მოდერნიზაციისთვის და სპეციალისტების გადამზადებისთვის, ასევე იმ არხების გარემონტებისთვის, რომლებსაც  25 წელზე მეტი არ უმუშავიათ. ეს იქნება რეალური დახმარება, როგორც აზერბაიჯანისთვის, ასევე მთიანი ყარაბაღისთვის, “ – დასძინა მან.
 

ვერანიანის აზრით, რესურსების და წყალსაცავის ერთობლივი გამოყენება მომგებიანი იქნება ორივე მხარისთვის. ამჟამად, სარსანგის მიმდებარე ტერიტორიდან 44 000 ჰექტარი ეკუთვნის მთიან ყარაბაღს, ხოლო 100 000 ჰექტარი აზერბაიჯანს.

„ჩვენ გვირჩევნია, რომ მოვრწყათ 44 000 ჰექტარი მიწა, ვიდრე ვამუშაოთ 50 მეგავატი სიმძლავრის ჰირდოელექტროსადგური,“ – განაცხადა მან.

კაშხლის ექსპლუატაცია და შენახვა ძვირი ჯდება, ამიტომაც შემოსავალი, რომელიც ჰიდროელექტროსადგურის მუშაობის შედეგად მიიღება მთლიანად ხმარდება მის შენახვას.

ვერანიანის განცხადებით, ყარაბაღი უბრალოდ ვერ იქნება იმის მოლოდინში, როდის დასთანხმდება აზერბაიჯანი წყალსაცავის ერთობლივ სარგებლობას.

ყარაბაღის ხელისუფლება გეგმავს მდინარე ტარტარის კალაპოტის შეცვლას, რათა მოხდეს ირიგაციის გარეშე დარჩენილი 40 000 ჰექტარი ფართობის ნაკვეთების წყლით უზრუნველყოფა, რაც 10 მილიონი აშშ დოლარი დაჯდება.

„სამშენებლო სამუშაოები უახლოეს მომავალში დაიწყება, რადგან ლოდინს აზრი აღარ აქვს,“ – დასძინა ვერანიანმა.

კეთილი ნების არარსებობა

რეგიონული კვლევების ცენტრის დირექტორი ერევანში რიჩარდ გირაგოსიანი აცხადებს, რომ მარკოვიჩის რეზოლუცია არის PACE-სთვის „დაკარგული შესაძლებლობა.“

„ამავე დროს, ამ რეზოლუციის მიღება არის სტრატეგიული შეცდომაც, ორი მიზეზის გამო. პირველი – არ არსებობს არანაირი კეთილი ნების ჟესტი ან ნდობის აღდგენის მექანიზმი, ეს რეზოლუცია გამორიცხავს და უარყოფს ყველანაირ საშუალებას იმისთვის, რომ შეიქმნას უფრო კეთილგანწყობილი გარემო მხარეებს შორის კომუნიკაციისა და ნდობის აღსადგენად.

მეორე – ეს იყო უპატივცემულობის და აბუჩად აგდების თვითნებური დემონსტრირება ეუთოს მინსკის ჯგუფის მიმართ, რომელიც ყარაბაღის სამშვიდობო პროცესში დიპლომატიური იურისდიქციის ერთადერთი კანონიერი მფლობელია,“ – დასძინა გირაგოსიანმა.

მისივე სიტყვებით, PACE-ს გადაწყვეტილების შემდეგ გამოიკვეთა იმის აუცილებლობა, რომ ნდობის აღდგენის თვალსაზრისით აუცილებელია ახალი გზების გამონახვა, რისთვისაც საჭიროა აზერბაიჯანისთვის სარსანგის რესურსების ერთობლივი გამოყენების შესახებ წინადადების ხელმეორედ შეთავაზება.

ერევანში მოქმედი გლობალიზაციის და რეგიონული თანამშრომლობის ანალიტიკური ცენტრის ხელმძღვანელი, პოლიტოლოგი სტეპან გრიგორიანი მიიჩნევს, რომ სომხებმა უნდა აიღონ ინიციატივა და შეიმუშაონ თავიანთი რეზოლუცია, რომელიც მიზანმიმართული იქნება სარსანგის წყალსაცავის პრობლემის ერთობლივი, მშვიდობიანი მოგვარებისთვის.

„ეს იქნება აშკარად  პოზიტიური ნაბიჯი, რომელიც მხარეებს კი არ დააცალკევებს, არამედ გააერთიანებს. შეიძლება დავაკავშიროთ სომეხი, ყარაბაღელი და აზერბაიჯანელი ინჟინერები იმისთვის, რომ განახორციელონ სარეაბილიტაციო პროგრამა,“ – განაცხადა მან.

ქრისტინე პოღოსიანი დამოუკიდებელი ჟურნალისტია სომხეთში. ნურგულ ნოვრუზითავისუფალი ჟურნალისტია აზერბაიჯანში. ოქსანა მუსაელიანი თავისუფალი ჟურნალისტია სომხეთიდან, რომელიც სტატიის მომზადების პროცესში სტრასბურგიდან, საფრანგეთიდან თანამშრომლობდა.