Institute for War and Peace Reporting | Giving Voice, Driving Change

სომხეთის ეკლესიას რთული დრო დაუდგა

ეპისკოპოსები მთელი რიგი რთული საკითხების განსახილველად შეიკრიბნენ.
By Armen Karapetyan
  • სომხეთის პრეზიდენტი სერჟ სარგსიანი (ცენტრში) სომხეთის პატრიარქ გარეგინ მეორესთან და სხვა მაღალ სასულიერო პირებთან ერთად (ფოტო: ეჩმიაძინის ეპარქიის პრესს-სამსახური).
    სომხეთის პრეზიდენტი სერჟ სარგსიანი (ცენტრში) სომხეთის პატრიარქ გარეგინ მეორესთან და სხვა მაღალ სასულიერო პირებთან ერთად (ფოტო: ეჩმიაძინის ეპარქიის პრესს-სამსახური).
  • 500 წლიანი პაუზის შემდეგ სომეხი ეპისკოპოსები მთელი მსოფლიოდან პირველ სინოდს მართავენ (ფოტო: ეჩმიაძინის ეპარქიის პრესს-სამსახური).
    500 წლიანი პაუზის შემდეგ სომეხი ეპისკოპოსები მთელი მსოფლიოდან პირველ სინოდს მართავენ (ფოტო: ეჩმიაძინის ეპარქიის პრესს-სამსახური).
  • კათოლიკოსი გარეგინ მეორე (ფოტო: ეჩმიაძინის ეპარქიის პრესს-სამსახური).
    კათოლიკოსი გარეგინ მეორე (ფოტო: ეჩმიაძინის ეპარქიის პრესს-სამსახური).

სომხეთის სამოციქულო ეკლესიამ თითქმის ექვსსაუკუნოვანი პაუზის შემდეგ დიდი სინოდი პირველად მოიწვია, თუმცა შეკრებას სკანდალის გარეშე არ ჩაუვლია.

24-27 სექტემბერს სინოდი 1441 წლის შემდეგ პირველად შეიკრიბა. სხდომაზე იმყოფებოდნენ სომხეთის სამოციქულო ეკლესიის უმაღლესი სასულიერო პირები ეჩმიაძინის ეპარქიის დედა ეკლესიიდან, ლიბანის კილიკიის ეპარქიიდან  და ასევე იერუსალიმისა და კონსტანტინოპოლის ეპარქიებიდან, რომელთა მრევლი საერთო ჯამში ათ მილიონამდე ადამიანს ითვლის.

სინოდმა 1915 წელს ოსმალეთის იმპერიის მიერ განხორციელებული მასობრივი მკვლელობების მსხვერპლთა კანონიზაციის საკითხი დაამტკიცა და ასევე იმსჯელა ისეთ საკითხებზე, როგორიცაა ლიტურგია, განათლება და ეკლესიის სოციალური მისია.

დამკვირვებლები ვარაუდობენ, რომ დახურულ კარს მიღმა შეკრებილმა ეპისკოპოსებმა დროის უმეტესი ნაწილი კამათსა და დაპირისპირებებზე საუბარში გაატარეს, რომლებიც არსებობს ეკლესიაში როგორც ქვეყნის შიგნით ასევე მის საზღვრებს გარეთ.

სომხეთის სამოციქულო ეკლესია მსოფლიოში ერთ-ერთი უძველესია და მისი მრავალსაუკუნოვანი ისტორიის მანძილზე მან ბევრი დევნა და სისხლისღვრა გადაიტანა და კვლავაც რჩება ეროვნული თვითშეგნების მთავარ საყრდენად. თუმცა ის დაპირისპირებები, რომელთაც ბოლო დროს ჰქონდა ადგილი უპრეცედენტოა.

მაისის ბოლოს გაზეთ Hetq-ში დაიბეჭდა სტატია, რომელშიც არქიეპისკოპოსს ნავასარდ ქჩოიანს ბრალი დასდეს პრემიერ მინისტრ ტიგრან სარგსიანთან და ბიზნესმენ აშოტ სუქიასიანთან კავშირის გამო. ისინი ოფშორული კომპანიის დაფუძნებას აპირებდნენ, რომლის მეშვეობითაც ვითომდა შეძლებდნენ რამდენიმე მილიონი აშშ დოლარის მითვისებას.

სუქიასიანმა გაზეთს საპასუხო წერილი მისწერა, რომელშიც თაღლითური სქემის პასუხისმგებლობა მთლიანად თავის თავზე აიღო. არქიეპისკოპოსმა ქჩოიანმა და პრემიერ მინისრმა სარგსიანმა მათი მისამართით გამოთქმული ყველა ბრალდება უარყვეს.

პროკურატურაში აღიძრა სისხლის სამართლის საქმე, რაც არ გამორიცხავს სამართლებრივი დევნის შესაძლებლობას. მოგვინებით კი ცნობილი ხდება, რომ სუქიასიანმა სომხეთი დატოვა.

არქიეპისკოპოსი ქჩოიანი სომხურ ეკლესიაში საკმაოდ გავლენიანი ფიგურაა და ზოგიერთები მას სრულიად სომეხთა კათოლიკოსის გარეგინ II-ის მემკვიდრედაც კი მოიაზრებენ.

პოლიტიკური სწავლების ცენტრის ექსპერტი არმენ ბადალიანის განცხადებით, ამ შემთხვევამ დაადასტურა ის, რომ ეკლესიას კავშირები აქვს იმ პოლიტიკურ და ბიზნეს დაჯგუფებებთან, რომლებიც ქვეყანას მართავენ.

„თავისი არსებობა, რომ გაემართლებინა…ხელისუფლებამ ეკლესია მოკავშირედ გაიხადა. სამაგიროდ, ეკლესიის მაღალმა სასულიერო პირებმა გარკვეული პრივილეგიები მიიღეს“, – აცხადებს ბადალიანი. „შედეგად კი, ეკლესიამ იმის მაგივრად, რომ საზოგადოებაში არსებულ პრობლემებზე გაამახვილოს ყურადღება და იქ იპოვოს დასაყრდენი, თავისი დასაყრდენი ხელისუფლებაში იპოვა“.

„თანამშრომლობა დემოკრატიისთვის“ ცენტრის ხელმძღვანელი და ვებ-საიტ www.religions.amრედაქტორი სტეფან დანიელიანი ამბობს, რომ ეკლესია ჩაფლულია დაპირისპირებებში და ზოგიერთ ეკლესიის მსახურს ბიზნესებიც კი აქვს და პოლიტიკოსებსაც ეხმარება.

„ეკლესია კარგავს გავლენას. როდესაც სომხეთმა დამოუკიდებლობა მოიპოვა, საბჭოთა კავშირის დაცემის შემდეგ, ეკლესიისგან დიდი მოლოდინი იყო, მაგრამ ეს მოლოდინი არ გამართლდა“, – აცხადებს დანიელიანი. „ეკლესია აგრძელებს იმ პრობლემების იგნორირებას, რაც ასე აწუხებს ხალხს – სასიცოცხლო მნიშვნელობის სოციალური, ეკონომიკური და პოლიტიკური პრობლემები და გაუთავებელი კორუფციული სკანდალები“.

კიდევ ერთი საკამათო საკითხი, რომელიც სავარაუდოდ უნდა წამოეყენებინათ სექტემბრის სინოდის შეკრებაზე იყო საფრანგეთის ეპარქიის არქიეპისკოპოსის  ნორვან ზაქარიანის გადაყენება.

ივლისში არქიეპისკოპოსმა ზაქარიანმა კათალიკოს გარეგინ II-ს წერილი მისწერა და მის მიმართ ცუდ მოპყრობაში დასდო ბრალი.

„ჩემი დამცირება და სახელის გაფუჭება თქვენ სიამოვნებას განიჭებთ. თქვენ ალბათ ვერც კი ხვდებით, რომ ამით ადამიანების გრძნობებს შეურაცხყოფთ“, – ნათქვამია წერილში.

არქიეპისკოპოსმა გადაყენების შესახებ განცხადება დაწერა, რომელიც კათოლიკოსმა უყოყმანოდ დააკმაყოფილა.

აგვისტოს დასაწყისში იერუსალიმის პატრიარქმა ნურჰან მამიკონიანმა არანაკლებ მწვავე შინაარსის წერილი გაავრცელა, რომელშიც ის კათოლიკოს გარეგინს არქიეპისკოპოსი ზაქარიანის გადაყენების გამო აკრიტიკებს.

„ჯანმრთელი თაობა ვერ გაიზრდება შიშისა და მუქარის ატმოსფეროში. ეს ზიანს მიაყენებს არამარტო ჩვენს ხალხს, არამედ ჩვენს დედა ეკლესიასაც, რომელსაც ისე როგორც არასდროს სჭირდება განათლებული, პატიოსანი, წესიერი  და არა მლიქვნელი მღვდლმსახურები“- ვკითხულობთ წერილში.

კათოლიკოს გარეგინს საპასუხო განცხადება საჯაროდ ჯერ-ჯერობით არ გაუვრცელებია, თუმცა მისმა პრესს-მდივანმა ვაჰრამ მელიქიანმა პატრიარქის მისამართით გამოთქმული ყველა ბრალდება უარყო.

„ეპისკოპოსების შეხვედრა არის უტყუარი დასტური იმისა, თუ როგორ ცდილობს ეკლესია პრობლემების მოგვარებას ყველას აზრის გათვალისწინებით“, – განაცხადა მელიქიანმა პრესს-კონფერენციაზე.

„ნათელია, რომ ეკლესიაშიც რაღაც კონკრეტულ საკითხებზე აზრთა სახვადასხვაობა არსებობს, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ეკლესიაში მოქმედებენ განცალკევებული დაჯგუფებები და მით უმეტეს ის, რომ მათ შორის რაიმენაირი დაპირისპირება არსებობს“.

არმენ კარაპეტიანი თავისუფალი ჟურნალისტია სომხეთში.