Institute for War and Peace Reporting | Giving Voice, Driving Change

საქართველო ნატოსგან პოზიტიურ სიგნალს ელის

პოლიტიკოსების თქმით, თუ ალიანსი საქართველოს სერიოზულ მოკავშირედ მოიაზრებს, MAP-ის ამოქმედება წელსვე უნდა მოხდეს.
By Tinatin Jvania
  • საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი (ფოტო: საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური)
    საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი (ფოტო: საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური)

საქართველო ნატოში გასაწევრიანებლად დიდი ხანია ისწრაფვის, თუმცა ბოლო დროს პროგრესი შენელებულია. პოლიტიკოსები მოუწოდებენ ალიანსის წევრებს უფრო მკაფიოდ გამოხატონ საქართველოს მიღების სურვილი, რომ არ მოხდეს მისი მოქალაქეების გულის აცრუება და ქვეყნის დასავლური კურსიდან გადახვევა.

13 იანვარს, აღმოსავლეთ პარტნიორობის ესტონური ცენტრის ორგანიზებით გამართულ ღონისძიებაზე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა ნატოს სექტემბერში დაგეგმილ სამიტზე საქართველოსთვის სამოქმედი გეგმის (MAP) მინიჭებისკენ მოუწოდა.

„თუ პასუხი არის ‘არა’…ეს ქვეყანაში პოლიტიკურ სტაბილურობას შეარყევს“, განაცხადა მან ტალინში ყოფნისას. მისივე თქმით, MAP-ზე უარის თქმა საქართველოში ანტი დასავლური ძალების მოქმედებას წააქეზებს.

11 თებერვალს ნატოს დელეგაციასთნ გამართული შეხვედრის შემდეგ, საქართველოს პრეზიდენტმა  გიორგი მარგველაშვილმა MAP-ის მიღების იმედი გამოთქვა.

„საქართველოს პროგრესი დემოკრატიული განვითარების, სამხედრო აღმშენებლობის და თავდაცვის სფეროში სათანადო შეფასებას მიიღებს 2014 წლის სამიტზე დიდ ბრიტანეთში და ახალ ეტაპზე გადაიყვანს ჩვენს თანამშრომლობას“, – განაცხადა მარგველაშვილმა.

ნატოს სამხედრო კომიტეტის დელეგაცია საქართველოში ჩამოვიდა იმ მიზნით, რომ გაერკვია შემდგომი ინტეგრაციისთვის ქვეყნის სურვილი და მზადყოფნა და  შესაბამისად გაეწია რეკომენდაცია სხვა წევრი სახელმწიფოებისთვის.

კომიტეტის თავმჯდომარემ კნუტ ბარტელსმა ქვეყანაში თავდაცვის სფეროში განხორციელებული რეფორმები დადებითად შეფასა და აღნიშნა: „ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციისკენ მიმავალ გზაზე ნატო საქართველოს გვერდით დგას“.

თუმცა უცნობია, რამდენად მოახდენს ეს ახლო ურთიერთობები გავლენას სექტემბერში MAP-ის მიღებაზე.

მას შემდეგ, რაც პოსტ-საბჭოთა საქართველოს რუსეთთან განსაკუთრებით დაძაბული ურთიერთობები ჩამოუყალიბდა, ქვეყანამ ახალი პარტნიორული კავშირები დაამყარა დასავლეთის სახელმწიფოებთან.

1994 წელს ის შეუერთდა ნატოს პროგრამას „პარტნიორობა მშვიდობისათვის“. ინტეგრაციის პროცესი კიდევ უფრო დაჩქარდა მას შემდეგ, რაც ქვეყანის პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გახდა.

2004 წელს, საქართველომ ინდივიდუალური პარტნიორიბის გეგმას მოაწერა ხელი და ორ წელიწადში დაიწყო MAP-ის საკითხის განხილვა, რაც წევრობისკენ მიმავალი პირველი ნაბიჯია.

2008 წლის იანვარში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგად, საქართველოს მოსახლეობის 77%-მა ქვეყნის ნატოში გაწევრიანებას დაუჭირა მხარი.

თუმცა, იმავე წელს გამართულ ნატოს სამიტზე MAP-ის მიღების იმედი არ გამართლდა, უმეტესწილად იმის გამო, რომ ევროპის სახელმწიფოთა ნაწილმა აჩქარება არ მოინდომა.

2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ საქართველოს მოსახლეობის ნატოში შესვლის სურვილი კიდევ უფრო გამძაფრდა.

საქართველოს საჯარისო შენაერთებს, ყველა სხვა არაწევრი ქვეყნისგან განსხვავებით, ნატოს სამხედრო მისიაში ავღანეთში ყველაზე დიდი წვლილი შეაქვს. წელს ქართველი ჯარისკაცები სხვა საერთაშორისო ძალებთან ერთად დატოვებენ ავღანეთს, თუმცა 2015 წლიდან ისინი ნატოს სწრაფი რეაგირების ძალებს შეუერთდებიან.

საქართველოს მონდომებას ყველა არ იზიარებს, ნატოს წევრი ბევრი სახელმწიფო სიფრთხილით უყურებს მის წევრობას. თუმცა ტალღა ცვალებადია. ანალიტიკოსები თვლიან, რომ MAP-ის მიღების წინაპირობები ახლა გაცილებით უკეთესია, ვიდრე ადრე იყო.

აშშ 42 კონგრესმენმა წერილობითი თხოვნით მიმართა სახელმწიფო მდივან ჯონ კერის მხარი დაუჭიროს წელს საქართველოსთვის სამოქმედო გეგმის გადაცემას.

ევროპული კვლევების ცენტრის ხელმძღვანელის კახა გოგოლაშვილის მოსაზრებით „შეერთებული შტატები ახლა გაცილებით უფრო მოტივირებულია, რომ საქართველო ბოლოს და ბოლოს  გახდეს ნატოს წევრი… განიხილება მაკედონიის და მონტენეგროს მიღების საკითხი, მერე მოდის ბოსნია და საქართველო“.

„ამ მომენტში უკრაინაში მიმდინარეობს ბრძოლა რუსეთისა და დასავლეთის გეოპოლიტიკურ ინტერესებს შორის“, – დასძენს გოგოლაშვილი. „ეს ხელსაყრელი მომენტია, მაგრამ მიუხედავად ამისა, ვერავინ იტყვის რა გადაწყვეტილება იქნება მიღებული სამიტზე“.

ბოლო ორი წლის მანძილზე ნატოში გაწევრიანების კუთხით პროგრესის ნაკლებობამ ხელი შეუწყო საზოგადოებაში ენთუზიამის განელებას და ანტი-დასავლური განწყობის გაძლიერებას. ამას ავღანეთში ჯარისკაცების დაკარგვამაც შეუწყო ხელი. 2013 წლის ივნისში სატვირთო მანქანის აფეთქების შედეგად დაიღუპა შვიდი სამხედრო მოსამსახურე, რის შედეგადაც დაღუპულთა მთლიანმა რაოდენომა 29 მიაღწია.

„რაც უფრო იღლება ხალხი MAP-ის ლოდინში…მით უფრო ძნელი ხდება მისი მხარდამჭერი კამპანიის წარმართვა. სკეპტიციზმი მატულობს“, – აცხადებს გოგოლაშვილი. „ამას თავის სასარგებლოდ გამოიყენებენ ის ჯგუფები, რომლებიც საქართველოს ნატოში შესვლის წინააღმდეგ გამოდიან. ამით მათ დამატებითი არგუმენტი გაუჩნდებათ თავისი პროპაგანდისთვის, რომელიც ინტეგრაციის და საერთაშორისო ოპერაციებში მონაწილეობის წინააღმდეგ არის მიმართული“.

თინათინ ჟვანია თვისუფალი ჟურნალისტია საქართველოში.