Institute for War and Peace Reporting | Giving Voice, Driving Change

საქართველო: თავისუფალი საიმიგრაციო პოლიტიკის დასასრული

ანალიტიკოსები შიშობენ, რომ სავიზო რეჟიმის გამკაცრება დააფრთხობს უცხოელებს, რომლებსაც ქვეყნის ეკონომიკის ზრდაში დიდი წვლილი შეაქვთ.
By Heather Yundt

ამერიკელმა სარამ და მისმა ერაყელმა მეუღლემ საქართველოში დროებითი ბინადრობის ნებართვის მისაღებად განაცხადი ახალი კანონის მიღებამდე შეიტანეს. მაშინ მათ ვერც კი წარმოედგინათ, რომ გზად ამდენ სირთულეს წააწყდებოდნენ.

წყვილს საქართველოში დარეგისტირებული აქვს კომპანია და მათ საბანკო ანგარიშზე დარიცხული თანხა ბევრად აღემატება იმ აუცილებელ მინიმუმს, რაც საბუთის მისაღებადაა აუცილებელი.

თუმცა ცოლ-ქმრის გაოცებას არ ჰქონდა საზღვარი, როდესაც ორივეს განსხვავებული პასუხი მუვიდა. სარამ, როგორც ამერიკის მოქალაქემ, ხუთწლიანი ბინადრობის ნებართვა მიიღო, ხოლო მის მეუღლეს განაცხადზე უარი ეთქვა.

საქართველოში, სადაც ათი წლის მანძილზე მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ლიბერალური საიმიგრაციო პოლიტიკა მოქმედებდა, სექტემბერიდან ამოქმედდა ახალი კანონი უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ. კანონის მიხედვით, საქართველოში უცხოეთის მოქალაქეებს უვიზოდ ყოფნის ვადა 90 დღემდე შეუმცირდათ, ნაცვლად ადრე მოქმედი 360 დღისა. ვიზის გაცემის მხრივ შეზღუდვები დაუწესდათ 13 ქვეყნის მოქალაქეებს, მათ შორის ერაყისაც.

ექსპერტები და უცხოეთის მოქალაქეები ფიქრობენ, რომ ახალი კანონით დაწესებული რეგულაციები პირდაპირ აისახება საქართველოს ეკონომიკაზე.

სარას თქმით, მან და მისმა მეუღლემ მცირეწლოვან შვილთან ერთად საქართველოში გადმოსვლის გადაწყვეტილება ერთი წლის წინ მიიღეს. ღია საიმიგრაციო პოლიტიკის გამო ისინი აქ დამკვიდრებას და ბიზნესის წარმოებას გეგმავდნენ, თუმცა ახლა მათი გეგმები შეიცვალა.

„ვფიქრობ, ჩემი წარმოდგენა საქართველოს შესახებ საკმაოდ შეიცვალა. გაღიზიანებული ვარ, მინდა ყველაფერი, რაც აქ აწყობილი მქონდა უბრალოდ მივატოვო და წავიდე“, – ამბობს ის. „ყელში ამოვიდა. ჩვენ ქართული ეკონომიკისგან არაფერს ვითხოვთ, პირიქით, ჩემი ყველა კლიენტი უცხოელია და აქ ფული შემოგვაქვს“.

ღია საიმიგრაციო პოლიტიკა, რომელიც მიზნად ისახავდა უცხო ქვეყნების მოქალაქეებიისთვის საქართველოში მუშაობის და ინვესტირების პირობების გამარტივებას, ვარდების რევოლუციის შემდეგ, მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლების დროს ამოქმედდა.

ასეთი ღია საიმიგრაციო პოლიტიკის პირობებში, მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის 2008 წლის ანგარიშის მიხედვით, არალეგალური იმიგრაცია არ წარმოადგენდა პრობლემურ საკითხს.

თუმცა, ამავე ანგარიშის მიხედვით არსებობდა, „სისუსტეები, რომლებსაც დროული რეაგირება სჭირდება, წინააღმდეგ შემთხვევაში მოსალოდნელია არარეგულარულ მიგრანტთა ნაკადის გაზრდა, ასევე ტრანსნაციონალური დანაშაულის და მიგრაციასთან პირდაპირ თუ ირიბად დაკავშირებული სხვა დანაშაულების მატება, რაც პოტენციურ საფრთხეს შეუქმნის ქვეყნის უსაფრთხოებასა და ინტერესებს“.

საქართველომ საიმიგრაციო პოლიტიკის რეფორმირების შესახებ რეკომენდაციები ევროკავშირისგან მიიღო, კერძოდ, ევროპის სამეზობლო პოლიტიკის და სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის ფარგლებში.

ევროკავშირთან დაახლოების სურვილით საქართველოს მთავრობამ ამ რეკომენდაციების განხორციელება დაიწყო.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ 26 აგვისტოს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ახალი რეგულაციები თანხვედრაში მოდის სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმასთან, რაც თავის მხრივ წარმოადგენს დეტალურად გაწერილ მოთხოვნებს იმასთან დაკავშირებით, თუ რა უნდა გააკეთოს ქვეყანამ ევროკავშირის ქვეყნებთან მოკლევადიანი უვიზო რეჟიმის მისაღებად.

გასულ წელს მიღებულ დოკუმენტს ქვეყნისთვის გარდამტეხ მოვლენად აფასებს პენსილვანიის უნივერსიტეტის მკვლევარი პოსტ საბჭოთა ქვეყნების საკითხებში შუშანიკ მაკარიანი.

„ჩემი შთაბეჭდილებით, საქართველოს საიმიგრაციო პოლიტიკის შემუშავებაში ადგილობრივი წვლილი არც ისე დიდია. თუ გადავხედავთ იმ საიმიგრაციო პოლიტიკის სტრატეგიას, რომელიც შარშან დაამტკიცეს, ის ძირითადად ეფუძნება ევროკავშირის ენას“, – განაცხადა მაკარიანმა.

მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის პროგრამის ხელმძღვანელი მარკ ჰულსტი ამტკიცებს, რომ ევროკავშირის რეკომენდაციების შემდეგ საიმიგრაციო პოლიტიკა საერთაშორისო სტანდარტებს გაუთანაბრდა.

„სხვა ქვეყნებში ასეა. თუ საქართველოს სურს, რომ იყოს გამონაკლისი, მას ამის უფლება აქვს, მაგრამ საფუძველი არა“.

მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია მიგრაციის პოლიტიკის შემუშავებაში დახმარებას უწევდა საქართველოს, როგორც კანონპროექტის ირგვლივ შენიშვნების სახით, ისე სხვა ქვეყნების გამოცდილებისა და მიდგომების გაზიარების გზით.

ჰულსტის მტკიცებით, წინა წლების ღია კარის პოლიტიკა უსაფრთხოების თვალსაზრისით გამოუსადეგარი იყო. მისი თქმით, ბოლო წლების განმავლობაში საქართველო კონტრაბანდისტების სამიზნედ იყო ქცეული, როგორც ევროკავშირის ქვეყნებისკენ მიმავალი სატრანზიტო გზა.

ქვეყანას თავშესაფრის მაძიებელთა დიდი ნაკადი მოაწყდა, ძირითადად ერაყიდან. მათთვის ახალი კანონის მიღებამდე, უვიზო რეჟიმი მოქმედებდა. იმის გამო, რომ საქართველოს აღებული აქვს ვალდებულება დევნილებისთვის დახმარების გაწევის თაობაზე, ჰულსტის აზრით, თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობის ზრდა ქვეყნის რესურსებს დიდ ტვირთად დააწვებოდა.

გამკაცრებული სავიზო რეგულაციები, მაკარიანის აზრით, არ გამოიწვევს ინვესტორების დაფრთხობას.

„არა მგონია, რომ ბიზნესმენები საქართველოში იმის გამო ჩამოდიოდნენ, რომ აქ მათ თანამშრომლებს ვიზები არ დასჭირდებათ“, – ამბობს ის. „ისინი პოლიტიკური და ეკონომიკური შესაძლებლობების გამო ჩამოდიან, ბიზნესის კეთების სიმარტივის გამო, ქვეყნის ანტიკორუფციული პოლიტიკის გამო და ა.შ. ეს იზიდავს ბიზნესმენებს და არა უვიზო რეჟიმის არსებობა“.

სხვაგვარად ფიქრობს თბილისის სახალმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის საერთაშორისო სკოლის პროფესორი ფლორიან ბირმანი.

„როდესაც რაღაც რეგულაციების გარეშე მუშაობს, რეგულაციების შემოღებით სიტუაცია უარესდება“, – ამბობს ის. „რატომ მოახერხა საქართველომ ამხელა პროგრესის, ამხელა ზრდის მიღწევა, სწორედ, ლიბერტარიანიზმის წყალობით. იმიგრაციაც ამის ერთი-ერთი ნაწილი იყო“.

ბირმანის აზრით, ლიბერალურმა საიმიგრაციო პოლიტიკამ საქართველოს სხვა ქვეყნებთან შედარებით კონკურენტუნარიანი უპირატესობა მოუტანა. გრძელვადიან ვიზიტორებზე სამუშაო ხელშეკრულებების მოთხოვნის დაწესებით საქართველო დაკარგავს იმ ადამიანებს, რომლებსაც მუდმივი სამუშაო არ გააჩნიათ, თუმცა ქვეყნის განვითარებაში თავიანთი წვლილი მაინც შეაქვთ“.

„ნებისმიერი უცხოელი, რომელიც არ არის ბოროტმოქმედი და რომელიც აქ ცხოვრობს, არის ქვეყნის ეკონომიკური აქტივი, იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ სახელმწიფო ამ პიროვნების სოციალური კეთილდღეობის უზრუნველსაყოფად არაფერს ხარჯავს“, – აცხადებს ის. „აქ ჩამოსულ ბევრ ადამიანს კონკრეტული გეგმები ჰქონდა და ამ ხალხმა, ხშირ შემთხვევაში, ფული ჩამოიტანა. ისინი აქ ჩამოვიდნენ იდეებით და საქმის კეთების სურვილით“.

კრეატიული ადამიანების დაკარგვით დაზარალდება ქვეყნის საერთაშორისო რეპუტაცია, ფიქრობს ბირმანი.

„საქართველო იდგა გზაზე რომ გამხრადიყო ნამდვილად მაგარი ქვეყანა სწორედ იმ ხელოვანი ადამიანების წყალობით, რომლებიც აქ ცხოვრობდნენ. ახლა, ეს ხალხი აქ ვეღარ იცხოვრებს“.

მიუხედავად ამისა, ექსპერტები თვლიან, რომ ახალი რეგულაციების შემოღებით ქვეყანამ შეძლო ნათლად ჩამოეყალიბებინა თავისი მისწრაფებები.

„საქართველოს თავისი სამოქმედო ჩარჩო საერთაშორისო სტანდატრებთან ჰარმონიაში მოჰყავს, ყოველ შემთხვევაში, ცდილობს რომ მოიყვანოს“, – აცხადებს მაკარიანი. „ამით ის ეუბნება საერთაშორისო საზოგადოებას, რომ ერთ-ერთი მათგანია და მიგრაციის რეგულირების იმავე სტანდარტებით ხელმძღვანელობს“.

მიგრაციის კანონის სრულყოფილად ასამოქმედებლად და მისი პრაქტიკული დეტალების მოსაგვარებლად საქართველოს ხელისუფლებას მთელი რიგი დადგენილებების მიღება მოუწევს.

მიუხედავად იმისა, რომ სრული შედეგის შეფასება ჯერ ნაადრევია, მაკარიანის თქმით, უკეთესი რეგულაციების შემოღებით ხელისუფლებას შეექმნება ნათელი სურათი იმის შესახებ, თუ ვინ ცხოვრობს მის ქვეყანაში და რას საქმიანობენ ისინი. აქამდე ასეთი ტიპის ინფორმაცია არ არსებობდა და დასაქმების ბაზარი „უმეტესად არადოკუმენტირებული“ იყო.

სარას მეუღლე საქართველოში დასარჩენად თავშესაფრის მოთხოვნას აპირებს. პროცესი დაახლოებით ექვს თვეს გასტანს.

„ვიბრძოლებთ სანამდეც შევძლებთ“, – დასძინა სარამ.

ჰიზერ იანდთი, თავისუფალი ჟურნალისტია, რომელიც ცხოვრობს და მუშაობს საქართველოში.

 

More IWPR's Global Voices