საქართველო ბავშთა სიკვდილიანობას ებრძვის

ახალშობილთა გარდაცვალების მაჩვენებელმა იკლო, თუმცა მეზობელ ქვეყნებთან შედარებით ის მაინც მაღალია.

საქართველო ბავშთა სიკვდილიანობას ებრძვის

ახალშობილთა გარდაცვალების მაჩვენებელმა იკლო, თუმცა მეზობელ ქვეყნებთან შედარებით ის მაინც მაღალია.

Georgian health minister David Sergeenko. (Photo: Georgian health ministry website)
Georgian health minister David Sergeenko. (Photo: Georgian health ministry website)

ბოლო ათი წლის მანძილზე საქართველოში ბავშვთა გარდაცვალების შემთხვევების კლების მიუხედავად, სხვა ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებთან შედარებით, ქვეყანაში სიკვდილიანობის მაჩვენებელი ჯერ კიდევ მაღალია.

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით ბავშვთა სიკვდილიანობასთან ბრძოლა უაღრესად პრიორიტეტული საკითხია და სამინისტრო ვითარების გამოსასწორებლად ქმედით ნაბიჯებს ახორციელებს.

UNICEF-ის მონაცემებით 2000-2011 წლებში სიკვდილიანობის მაჩვენებელმა მკვეთრი ვარდნა განიცადა და 1000 ახალშობილზე 28,6%-დან 18,3% -მდე შემცირდა. გაუმჯობესება აისახა 5 წლამდე ასაკის ბავშვებზეც, რომლის მაჩვენებელი 1000 ბავშვზე 32,6%-დან 20,5%-მდე შემცირდა.

მიუხედავად ამისა, ჩვილთა გარდაცვალების მაჩვენებელი ოთხჯერ და ხუთჯერ აღემატება აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების მაჩვენებელს. ყოფილი საბჭოთა კავშირის რესპუბლიკებიდან ბავშვთა სიკვდილიანობის ხშირი შემთხვევები მხოლოდ აზერბაჯანსა და ცენტრალური აზიის რესპუბლიკებში არის დაფიქსირებული.

ექსპერტები არსებული ვითარების მიზეზად მთელ რიგ საკითხებს მიიჩნევენ, მათ შორისაა სამედიცინო მომსახურების დაბალი სტანდარტები, ბავშვის ჯანმრთელობის სუსტი მონიტორინგი, ასევე ზოგადად გულგრილობა და სიღარიბე.

„ახალშობილთა მშობლებს სამშობიაროდან გამოსვლის შემდეგ, შვილები ხშირად არც კი მიჰყავთ სამედიცინო დაწესებულებებში სავალდებულო სამედიცინო მომსახურების მისაღებად,“ – აცხადებს თამარ უგულავა, UNICEF-ის ჯანდაცვის პროგრამის ხელმძღვანელი საქართველოში. „ერთია ის, რომ სამედიცინო პერსონალი არ ახორციელებს ბავშვთა ჯანმრთელობისა და განვითარების მონიტორინგს, მეორე არანაკლებ მნიშვნელოვანი საკითხია სამედიცინო პერსონალის კომპეტენცია და მომსახურების ხარისხი და ბოლოს, რაც ყველაზე მთავარია მშობლები არ ფლობენ სათანადო ცოდნას ბავშვის აღზრდასა და კვებასთან დაკავშირებით.“

UNICEF-ის განცხადებით ეკონომიკური სიდუხჭირე, მძიმე საყოფაცხოვრებო პირობები და საკვების უკმარისობა წარმოადგენენ ბავშვთა გახშირებული სიკვდილიანობის მთავარ მიზეზებს. მის განცხადებაში ვკითხულობთ: „ხშირ შემთხვევაში სიღარიბე არის გადამწყვეტი ფაქტორი როდესაც ექიმები ვერ ახერხებენ ბავშვის სიცოცხლის გადარჩენას ან ვერ უზრუნველყოფენ მის სათანადო განვითარებას… არსებული სოციალური დახმარებების მექანიზმებით ბავშვის ჯანმრთელობის სათანადო დაცვა ვერ ხორციელდება.“

ოქტომბრის არჩევნების შემდეგ ახალმა მთავრობამ პრიორიტეტედ დაისახა ბავშვთა სიკვდილიანობის დონის შემცირება.
დეკემბრიდან ყველა სამედიცინო დაწესებულება ვალდებულია ჯანდაცვის სამინისტროს მიაწოდოს ინფორმაცია ყველა ორსული ან მშობიარობის დროს გარდაცვლილი ქალბატონის შესახებ, ასევე მკვდარი ნაყოფის დაბადების შემთხვევაშიც.

სამინისტროს ინიციატივით შეიქმნა კომისია, რომელიც შეისწავლის დედათა და ბავშვთა გარდაცვალების მიზეზებს. ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით ეს ხელს შეუწყობს უფრო ნათელი სურათის შექმნას.

„არსებული სტატისტიკური მონაცემების მიხედვით გარდაცვლილ ბავშვთა 40% დაუდგენელი ვითარებაში დაიღუპა – სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ არავინ იცის რა მიზეზით გარდაიცვალა ბავშვი,“ განაცხადა სერგეენკომ IWPR-თან საუბრისას. „არსებობს მონაცემები, რომელთა მიხედვითაც დედათა და ბავშვთა სიკვდილიანობის მაჩვენებელმა დაიკლო, მაგრამ რიცხვი მაინც მაღალია სხვა ევროპულ ქვეყნებთან შედარებით. სამინისტროს ინიციატივა საშუალებას მოგვცემს წარმოდგენა შეგვექმნას რეალური სურათის შესახებ.“

საქართველოში საბჭოთა პერიოდში მოქმედი უფასო ჯანდაცვის სისტემა კერძო და სახელმწიფო დაზღვევის პროგრამებმა ჩაანაცვლა. ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის მარიამ ჯაშის განცხადებით სახელმწიფო უზრუნველყოფს ექვს წლამდე ასაკის ბავშვების სამედიცინო დაზღვევას, როგორც სასწრაფო ისე გეგმიური შემთხვევებისთვის.

„ჩვენ ასევე ვახორციელებთ პრევენციული პროგრამების დაფინანსებასაც, როგორიცაა ვაქცინაცია, სკრინინიგის პროგრამა და ბავშვთა დაავადებების ადრეული გამოვლენა,“ – დასძინა მან.

გაეროს პროგრამის „ათასწლეულის განვითარების მიზნები საქართველოში“ მიზანს წარმოადგენს 2015 წლამდე სიკვდილიანობის მაჩვენებლის შემცირება 1 წლამდე ასაკის 1000 ბავშვზე 10,6%-მდე, ხოლო 5 წლამდე ასაკის 1000 ბავშვზე 16%-მდე. 2012 წლის სექტემბერში წინა ხელისუფლება იძლეოდა დაპირებას, რომ ქვეყანას შეეძლო კიდევ უფრო დაბალი მაჩვენებლის მიღწევაც.

თამარ უგულავა აცხადებს, რომ მაჩვენებლის მკვეთრი შემცირება დროის მოკლე პერიოდში დიდი გამოწვევა იქნება.

„არ არსებობს ერთი კონკრეტული ხერხი რომელიც შეამცირებს ბავშვთა სიკდილიანობას, თუმცა სწორი სისტემური მიდგომით შესაძლებელია საგრძნობი შედეგების მიღწევა,“ – განმარტავს ის. „უპირველეს ყოვლისა უნდა გაუმჯობესდეს ჯანდაცვის ხელმისაწვდომობა, ასევე საჭიროა ცნობიერების ამაღლება ბავშვის აღზრდისა და კვების საკითხებთან მიმართებაში, კერძოდ რა ვიტამინები და მინერალებია აუცილებელი ბავშვის ნორმალური განვითარებისთვის. უნდა მოხდეს სამედიცინო პერსონალის გადამზადებაც. ბავშვთა სიკვდილიანობის დონის შემცირება მხოლოდ ასეთი კომპლექსური მიდგომითაა შესაძლებელი.“

სალომე აჩბა, თავისუფალი ჟურნალისტია საქართველოში.

 

Georgia
Health
Frontline Updates
Support local journalists