Institute for War and Peace Reporting | Giving Voice, Driving Change

საქართველოს როლი ყარაბაღის კონფლიქტში

თბილისი კონფლიქტის მხარეებს შორის მედიატორის როლის შესრულების შესაძლებლობას განიხილავს.
By Giorgi Kupatadze
  • სამცხე-ჯავახეთის რეგიონში ეთნიკური სომხებით დასახლებული სოფელი სხვილისი (ფოტო: გაზეთი სამხრეთის კარიბჭე).
    სამცხე-ჯავახეთის რეგიონში ეთნიკური სომხებით დასახლებული სოფელი სხვილისი (ფოტო: გაზეთი სამხრეთის კარიბჭე).

აზერბაიჯანის და მთიანი ყარაბაღის შეიარაღებულ ძალებს შორის ბოლო დროს განვითარებულმა საომარმა მოქმედებებმა სერიოზული შეშფოთება გამოიწვია საქართველოში.

საქართველოს მჭიდრო პოლიტიკური, ეკონომიკური და ენერგეტიკული კავშირები აქვს როგორც ერევანთან, ასევე ბაქოსთან. ამასთან ერთად, აზერბაიჯანელები და სომხები საქართველოში საკმაოდ მრავალრიცხოვან ეთნიკურ თემს წარმოადგენენ. ამის გამო, საქართველო ძალიან მტკივნეულად აღიქვამს მთიან ყარაბაღში ბოლო დროს განვითარებულ დაპირისპირებას, რომელიც ყველაზე სერიოზულია 1990-იანი წლების შემდეგ.

5 აპრილს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით დასრულებული შეიარაღებული დაპირისპირების შედეგად ორივე მხარეს დაიღუპა 191 ადამიანი და ათეულობით დაიჭრა.

პოლიტიკოსები და ანალიტიკოსები ფიქრობენ, რომ საქართველოს ესკალაციის განახლების შემთხვევაში და ქვეყნის შიგნით დაძაბულობის პრევენციისთვის მკაფიოდ შემუშავებული სამოქმედო გეგმა ესაჭიროება.

საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი მიიჩნევს, რომ საქართველომ კონფლიქტის გამწვავების თავიდან ასარიდებლად მხარეებს შორის მედიატორის როლი უნდა შეასრულოს.

„ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით მოვლენების განვითარებას და საკმაოდ მჭიდრო კავშირი გვაქვს ჩვენს კოლეგებთან აზერბაიჯანსა და სომხეთში,“  – განაცხადა გენერალური შტაბის უფროსმა ვახტანგ კაპანაძემ.

„იმედი მაქვს, რომ მხარეები შეძლებენ კონფლიქტის მოგვარების მშვიდობიან ფაზაზე გადასვლას. თუ ეს შესაძლებელია, ჩვენ მედიატორის როლი უნდა ვიტვირთოთ. ჩვენ ერთ-ერთი ის ქვეყანა ვართ, ვისაც ორივე ქვეყანასთან კარგი ურთიერთობები აქვს,“ – დასძინა მან.

მსგავსი ინიციატივით გამოვიდა ერთიანი ნაციონალური მოძრაობაც, რომლის ერთ-ერთმა ლიდერმა, დავით ბაქრაძემ განაცხადა: „ჩვენ, საქართველოს, გაგვაჩნია უნიკალური პოზიცია, რომ დამატებით შევასრულოთ შუამავლის როლი ამ ორ ყველაზე ახლობელ ერს შორის.“

წლების განმავლობაში ეუთოს მინსკის ჯგუფის სამი თანათავმჯდომარე ქვეყნის – რუსეთის, საფრანგეთის და შეერთებული შტატების – შუამავლობით მიმდინარე მოლაპარაკებებს შედეგი არ მოუტანია.

თუმცა, ექსპერტთა ნაწილი ეჭვობს, რომ საქართველო ვერ შეძლებს შუამავლის როლის შესრულებას, რადგან თავად აქვს მოუგვარებელი ტერიტორიული კონფლიქტები აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში.

საქართველო მტკიცედ იცავს ტერიტორიული ერთიანობის პრინციპს, რაც წინააღმდეგობაში მოდის სომხეთის და მთიანი ყარაბაღის პოზიციასთან, რის გამოც, მას გაუჭირდება სრული ნეიტრალიტეტის და ბალანსის შენარჩუნება.

„1990-იან წლებში, საქართველო წარმატებით ახორციელებდა ე.წ. აქტიური ნეიტრალიტეტის პოლიტიკას, რომელიც აკმაყოფილებდა ჩვენს ორივე მეზობელ სახელმწიფოს,“ – განაცხადა დამოუკიდებელ ექსპერტთა კლუბის პრეზიდენტმა სოსო ცისკარიშვილმა. „თბილისში ეწყობოდა შეხვედრები, რომლებშიც ორივე კონფლიქტური მხარის წარმომადგენლები, სხვადასხვა სფეროს პროფესიონალები იღებდნენ მონაწილეობას. მაგრამ, შემდეგ, სამწუხაროდ, ჩვენ დავკარგეთ ეს ‘მშვიდობისმყოფელობის’ ფუნქცია,“ – დასძინა მან.

საქართველოს სტრატეგიული კვლევების ინსტიტუტის ვიცე-პრეზიდენტის ირაკლი ფორჩხიძის აზრით, მთავარი არის ის, თუ რა ფორმატით წარიმართება მედიაციის პროცესი.

„როდესაც მიდის საუბარი მოლაპარაკებებისა და მედიაციის პროცესისთვის საქართველოს ტერიტორიის გამოყენებაზე, მნიშვნელოვანია მკაფიოდ განისაზღვროს მისი ფორმატი, რადგანაც მედიაცია, სადაც რუსეთი თამაშობს წამყვან როლს მკვეთრად ეწინააღმდეგება საქართველოს ინტერესებს, რომელიც ამ შეთხვევაში ორ მხარეს შორის ბალანსის დამცველი უნდა იყოს.“

რუსეთი, რომელიც სომხეთის სტრატეგიულ პარტნიორია, იარაღის გაყიდვებს აწარმოებს სომხეთშიც და აზერბაიჯანშიც, იმისთვის რომ, როგორც მოსკოვი ამბობს – შეინარჩუნოს რეგიონში პარიტეტი.

13 აპრილს, სომხეთის დედაქალაქში გაიმართა საპროტესტო აქცია რუსეთის მიერ აზერბაიჯანისთვის იარაღის მიყიდვის წინააღმდეგ, რომლის მონაწილეთა აზრით, სწორედ ეს ფაქტორი გახდა ყარაბაღში დაძაბულობის განახლების მთავარი მიზეზი.

ირაკლი ფორჩხიძე თვლის, რომ ყარაბაღში განვითარებული მოვლენები არის საქართველოსთვის პირდაპირი პოლიტიკური, ეკონომიკური და სამხედრო რისკების მატარებელი.

„თურქეთს და აზერბაიჯანს, ისევე როგორც, რუსეთს და სომხეთს მჭიდრო სამხედრო-პოლიტიკური თანამშრომლობა აკავშირებს და შესაძლოა დადგეს საქართველოს საჰაერო სივრცის  ან სახმელეთო კორიდორის გამოყენების საკითხი. ასეთ შემთხვევაში, თავიდანვე უნდა არსებობდეს მკვეთრი პოზიცია, რომელსაც საქართველოს მთავრობა მტკიცედ დაიცავს. არ ვიცი, რამდენად არის მზად საქართველოს ხელისუფლება ასეთი გამოწვევისთვის, ამასთან დაკავშირებით არსებობს გარკვეული კითხვები,“ – განაცხადა მან.

სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ესკალაციის განახლებამ საქართველო ძალიან დელიკატურ მდგომარეობაში ჩააყენა. ერთი მხრივ არის თურქეთი, რომელიც ღიად უჭერს მხარს აზერბაიჯანს და არის საქართველოს მთავარი სავაჭრო პარტნიორი. მეორე მხრივ, რუსეთი – სომხეთის სტრატეგიული პარტნიორი, რომელსაც 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ სამხედრო ბაზები აქვს განთავსებული საქართველოს სეპარატისტულ რეგიონებში -აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში.

ესკალაციის გაღრმავების შემთხვევაში საქართველოს გაუჭირდება ბალანსის შენარჩუნება.

საქართველოს სტატისტიკის სახელმწიფო დეპარტამენტის მონაცემებით, 2015 წელს აზერბაიჯანი იყო საქართველოს უმსხვილესი უცხოელი ინვესტორი, ხოლო 2016 წლის იანვარ-თებერვალში ქვეყნის იმპორტის რვა პროცენტიანი წილი აზერბაიჯანზე მოდიოდა.

საქართველოს გავლით აზერბაიჯანი აწარმოებს ნავთობის ექსპორტს ბაქო-თბილისი-ჯეიჰანისა და ბაქო-სუფსა ნავთობსადენების საშუალებით, ასევე გაზის  ექსპორტს ბაქო-თბილისი-ერზრუმის გაზსადენით. მხარეები ერთობლივად ახორციელებენ ახალ სარკინიგზო პროექტს – ბაქო-თბილი-ყარსი, რომელიც აზერბაიჯანს, საქართველოს და თურქეთს დააკავშირებს ერთმანეთთან.

სომხეთი, რომელსაც თურქეთთან და აზერბაიჯანთან ჩაკეტილი აქვს საზღვარი, სატრანსპორტო გადაზიდვების მნიშვნელოვან ნაწილს საქართველოს გავლით აწარმოებს. 2016 წლის იანვარ-თებერვალში საქართველომ ექსპორტის ექვსი პროცენტი სომხეთში განახორცილა.

ფორჩხიძე თვლის, რომ ყარაბაღში მიმდინარე დაპირისპირებაზე საქართველოს მთავრობის პასუხი იყო ძალინ „პასიური.“ მისი განცხადებით, სიტუაციის გამწვავების შემთხვევაში საქართველოს ხელისუფლებას უნდა ჰქონდეს სამოქმედო გეგმა და ასევე ქვეყნის შიგნით დესტაბილიზაციის პრევენციის მიზნით საჭიროა უფრო აქტიური მუშაობა სომხურ და აზერბაიჯანულ თემებთან.

ქვეყნის შიგნით დაძაბულობის რისკი

საქართველოში მცხოვრებ ეთნიკურ უმცირესობებს შორის აზერბაიჯანელები და სომხები ორ ყველაზე დიდ ჯგუფს წარმოადგენს. 2002 წლის აღწერის მიხედვით,  მათი რაოდენობა ქვეყნის მოსახლეობის 12 პროცენტს შეადგენს, აქედან დაახლოებით 300 000 აზერბაიჯანელია და 250 000 სომეხი. ჯერ არ არის გამოქვეყნებული 2014 წელს ჩატარებული აღწერის საბოლოო შედეგები.

მათი უმეტესობა თბილისიდან მოშორებით, პატარა სოფლებსა და დაბებში, კულტურულ იზოლაციაში ცხოვრობს, უმეტეს შემთხვევაში არ იციან ქართული.

საქართველოს რეგიონალურ მაუწყებელთა ასოციაციის თავმჯდომარე ნათია კუპრაშვილი ქვემო ქართლისა და სამცხე-ჯავახეთის რეგიონში პოტენციური საფრთხეების შესახებ საუბრობს, რაც ეფუძნება რეგიონებში ტელემაყურებლებისგან მიღებული ინფორმაციას.

„სიტუაცია დაძაბულია,“ – განაცხადა მან ჩვენთან საუბრისას.

მისი სიტყვებით, იმის გამო, რომ საქართველოს ნაციონალური არხებით არ ხდებოდა კონფლიქტის სათანადოდ გაშუქება, შეიქმნა საკმაოდ დიდი რისკი სომხებსა და აზერბაიჯანელებს შორის დაძაბულობის წარმოქმნის თვალსაზრისით.

„საქართველოს ნაციონალურ მაუწყებლებს … ჰყავთ თავიანთ კორესპონდენტები ევროპაში, რუსეთში და ამერიკის შეერთბულ შტატებში, მაგრამ არ ჰყავთ ისინი თბილისიდან რამდენიმე საათის სავალ მანძილზე -სომხეთში და აზერბაიჯანში,“ – განაცხადა კუპრაშვილმა.

ეს გამოაშკარავდა ყარაბაღში კონფლიქტის გაშუქების დროს, როდესაც ქართული მედიასაშუალელები იქ მიმდინარე მოვლენებს სხვა წყაროებზე დაყრდნობით აშუქებდნენ .

„იმის გამო, რომ მიმდინარე მოვლენების შესახებ ვერ იღებდნენ დაბალანსეულ ინფორმაციას, [ეთნიკური აზერბაიჯანელები და სომხები] იძულებულები იყვნენ დაყრნობოდნენ სომხური, აზერბაიჯანული და რუსული წყაროებიდან მიღებულ ინფორმაციას,“ – ამბობს კუპრაშვილი.

სომხური და აზერბაიანული მედია იყო მიკერძოებული და „მოვლენებს ისე აშუქებდა, რომ დაძაბულობა ჩვენს სომეხ და აზერბაიჯანელ მოქალაქეებს შორის მხოლოდ იზრდებოდა.“

ამავე აზრს იზიარებს სოსო ცისკარიშვილიც და დასძენს: „მინდა გავიგო, რომ უახლოეს მომავალში შეიკრიბება უშიშროების საბჭო ამ საკითხის განსახილველად.“

„საჭიროა არსებულ პრობლემებსა და სიტუაციაზე მუდმივი საუბარი და არა ყვითელ პრესაში დაბეჭდილის განხილვა, იმისთვის, რომ შევინარჩუნოთ ის ურთიერთობები, რაც ახლა გაგვაჩნია.“

ფორჩხიძის აზრით, ხელისუფლებამ უფრო აქტიურად უნდა იმუშაოს საქართველოში მცხოვრებ სომხურ და აზერბაიჯანულ თემებთან, რათა თავიდან აიცილოს მომავალში ქვეყნის შიგნით რაიმე სახის დაძაბულობა.

„არსებობენ ძალები, პირდაპირ ვიტყვი, ეს არის რუსეთი, რომელიც დაინტერესებულია, რომ საქართველოში იყოს დესტაბილიზაცია და საქართველო იყოს დანაწევრებული სახელმწიფო,“ – დასძენს ის. „საჭიროა მუდმივად პულსზე გვედოს ხელი იმ ადგილებში, სადაც ეთნიკური უმცირესობები ცხოვრობენ, რადგან არაკეთილმოსურნეები აუცილებლად შეეცდებიან გამოიყენონ შექმნილი სიტუაცია დესტაბილიზაციის მიზნით.“

გიორგი კუპატაძე

More IWPR's Global Voices