Institute for War and Peace Reporting | Giving Voice, Driving Change

სამხრეთ კავკასიას ირანთან დაახლოების იმედი აქვს

საერთაშორისო ბაზარზე ისლამური რესპუბლიკის დაბრუნებამ რეგიონის ეკონომიკას შესაძლოა ახალი სიცოცხლე შესძინოს.
By Regina Jegorova-Askerova, Arshaluis Mghdesyan, Nurgul Novruz
  • გრანდ ბაზარი თეირანში: სანქციების მოხსნამ ეკონომიკური წინსვლის იმედი გააჩინა (ფოტო: რეგინა ეგოროვა-ასკეროვა/IWPR საქართველო).
    გრანდ ბაზარი თეირანში: სანქციების მოხსნამ ეკონომიკური წინსვლის იმედი გააჩინა (ფოტო: რეგინა ეგოროვა-ასკეროვა/IWPR საქართველო).
  • ირანი მშრალი ხილისა და თხილის ერთ-ერთი წამყვანი მწარმოებელი და ექსპორტიორია მსოფლიოში (ფოტო: რეგინა ეგოროვა-ასკეროვა/IWPR საქართველო).
    ირანი მშრალი ხილისა და თხილის ერთ-ერთი წამყვანი მწარმოებელი და ექსპორტიორია მსოფლიოში (ფოტო: რეგინა ეგოროვა-ასკეროვა/IWPR საქართველო).
  • ირანულ საქონელზე ემბარგოს მოხსნით შესაძლოა სპარსული ხალიჩები უფრო ხელმისაწვდომი გახდეს მსოფლიო ბაზრისთვის (ფოტო: რეგინა ეგოროვა-ასკეროვა/IWPR საქართველო).
    ირანულ საქონელზე ემბარგოს მოხსნით შესაძლოა სპარსული ხალიჩები უფრო ხელმისაწვდომი გახდეს მსოფლიო ბაზრისთვის (ფოტო: რეგინა ეგოროვა-ასკეროვა/IWPR საქართველო).
  • მზარდი ბაზარი: ირანი არის ხილის მსხვილი მწარმოებელი (ფოტო: რეგინა ეგოროვა-ასკეროვა/IWPR საქართველო).
    მზარდი ბაზარი: ირანი არის ხილის მსხვილი მწარმოებელი (ფოტო: რეგინა ეგოროვა-ასკეროვა/IWPR საქართველო).
  • გახსნა: ქალაქი შირაზი, ცნობილია როგორც სპარსული ხელოვნებისა და კულტურის დედაქალაქი (ფოტო: რეგინა ეგოროვა-ასკეროვა/IWPR საქართველო).
    გახსნა: ქალაქი შირაზი, ცნობილია როგორც სპარსული ხელოვნებისა და კულტურის დედაქალაქი (ფოტო: რეგინა ეგოროვა-ასკეროვა/IWPR საქართველო).

აზერბაიჯანელი, სომეხი და ქართველი ექსპერტები ფრთხილი ოპტიმიზმით აფასებენ სამხრეთ კავკასიაში ეკონომიკური კეთილდღეობის პერსპექტივას, რაც შესაძლოა მოჰყვეს ირანისთვის საერთაშორისო სანქციების მოხსნას.

16 იანვრის გადაწყვეტილებას სანქციების გაუქმების შესახებ სამხრეთ კავკასიის სამივე რესპუბლიკაში სიხარულით შეხვდნენ, იმ იმედით, რომ ეს, ეროვნული ვალუტის გაუფასურებისა და ნავთობის ფასის ვარდნის ფონზე, ქვეყნების ეკონომიკურ წინსვლას შეუწყობდა ხელს.

სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნის მედიაში აქტიურად განიხილებოდა ის, თუ რა სარგებელს მოუტანდა რეგიონს ირანის საერთაშორისო იზოლაციიდან გამოსვლა.

მაგრამ, რუსეთს, ირანსა და თურქეთს შორის მოქცეულ კავკასიის ქვეყნებს ეკონომიკური პოლიტიკისა და სტრატეგიის განსაზღვრისას ყოველთვის უხდებოდათ გავლენიანი მეზობლების ფაქტორის გათვალისწინება.

ყოველთვის რთულია იპოვო ბალანსი საშინაო საჭიროებებსა და გეოპოლიტიკურ ზეწოლას შორის, რომელიც გავლენიანი მეზობელი სახელმწიფოებისგან მოდის, განსაკუთრებით მაშინ როცა ამ ქვეყნებს შორის არც თუ ისე კარგი ურთიერთობებია.

ბოლო წლებში აზერბაიჯანმა უფრო მჭიდრო კავშირი დაამყარა თურქეთთან, სომხეთი დაუახლოვდა რუსეთს, ხოლო საქართველო – დასავლეთს. სამივე ქვეყანა, სხვადასხვა დონეზე, მაგრამ მაინც, ინარჩუნებს გარკვეულ ეკონომიკურ კავშირებს რუსეთთან.

ირანმა ურთიერთობები ააგო სამივე ქვეყანასთან, თუმცა ჯერ კიდევ უცნობია, შეინარჩუნებს თუ არა ის კავკასიის მიმართ მაღალ ინტერესს, რადგან ახლა მას უფრო დიდ საერთაშორისო ბაზრებზე გაუჩნდა წვდომა.

ახლო, მაგრამ ხშირად პრობლემური ურთიერთობები

ერთი შეხედვით შეიძლება ჩანდეს, რომ აზერბაიჯანს ყველაზე მჭიდრო კავშირი აქვს ირანთან. ორივე ქვეყანაში მოსახლეობის უმრავლესობას შიიტი მუსლიმები შეადგენენ, ირანში აზერბაიჯანული თემი საკმაოდ მრავალრიცხოვანია, დაახლოებით ოცმილიონიანი მოსახლეობით არის წამოდგენილი, რაც ორჯერ აღემატება თავად აზერბაიჯანის მოსახლეობას. ორივე ქვეყნის ეკონომიკაში მთავარ მამოძრავებელ ძალას გაზი და ნავთობი წარმოადგენს. ისინი თანამშრომლობენ ენერგეტიკის, ტრანსპორტის და ვაჭრობის სფეროებში, ამჟამად კი მუშაობენ სარკინიგზო სისტემის გაერთიანებაზე ჩრდილოეთი-სამხრეთის დერეფნის განვითარების მიზნით.

თებერვლის ბოლოს დაგეგმილია ირანში აზერბაიჯანის პრეზიდენტის ილჰამ ალიევის და მისი ირანელი კოლეგის ჰასან რუჰანის შეხვედრა, სადაც სავარაუდოდ მოხდება მთელი რიგი შეთანხმებების გაფორმება ეკონომიკის და ენერგეტიკის სფეროში.

თუმცა, ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა არ ყოფილა ყოველთვის უპრობლემო. ირანს აზერბაიჯანი, რომელიც მე-19 საუკუნემდე ირანის შემადგენლობაში შედიოდა, ყოველთვის მიაჩნდა თავისი ინტერესის სფეროს ნაწილად. თეირანის მთავარ წუხილად რჩება სეპარატიზმის საფრთხე ქვეყნის ჩრდილოეთ რეგიონში, ე.წ. ირანულ აზერბაიჯანში, სადაც ბევრი ეთნიკური აზერბაიჯანელი ცხოვრობს.

1980-იანების ბოლოს და 90-იანების დასაწყისში მოძრაობა აზერბაიჯანის სახალხო ფრონტის რადიკალური ფრთის მხარდამჭერები აქტიურად უწევდნენ პროპაგანდას „ჩრდილოეთი და სამხრეთი აზერბაიჯანის“ გაერთიანების იდეას, რაც აზერბაიჯანის რესპუბლიკის და აზერბაიჯანელებით დასახლებული ირანის ოთხი ჩრდილო-დასავლეთი რეგიონის გაერთიანებას გულისხმობდა. აზერბაიჯანის სახალხო ფრონტის თავმჯდომარე და შემდეგში ქვეყნის პრეზიდენტი აბულფაზ ელჩიბეი მხარს უჭერდა ამ იდეას, თუმცა არაოფიციალურად.

თეირანში, რა თქმა უნდა, არ მიესალმებიან ასეთ დამოკიდებულებას და ამ საკითხის ირგვლივ დაძაბულობა კვლავაც გრძელდება. 2013 წლის თებერვალში, ქალაქ თაბრიზში, აზიის ჩემპიონთა ლიგის ფარგლებში, ირანული აზერბაიჯანის საფეხბურთო გუნდ „ტრაქტორსა“ და გაერთიანებული არაბეთის საემიროების გუნდ „ალ-ჯაზირას“ შორის გამართული მატჩის დროს, ირანულ-აზერბაიჯანული გუნდის ფანებმა სტადიონზე გაშალეს ბანერი წარწერით: „სამხრეთი აზერბაიჯანი არ არის ირანი“.

ამ დროს, ირანელ ნაციონალისტებს კი პირიქით, მიაჩნიათ, რომ აზერბაიჯანი მათი ტერიტორის ნაწილია. 2013 წლის აპრილში ირანელმა კანონმდებლებმა შეუმუშავეს კანონპროექტი, რომლის თანახმადაც ითხოვდნენ 1828 წლის თურქმენჩაის ზავის გადახედვას. მე-19 საუკუნეში გაფორმებული შეთანხმების მიხედვით თანამედროვე აზერბაიჯანის ტერიტორია ირანს ჩამოერთვა და რუსეთის იმპერიას შემადგენლობაში შევიდა.

საერთაშორისო სანქციების მოხსნა ირანის საგარეო პოლიტიკის უდიდეს მიღწევად შეაფასა აზერბაიჯანის ოპოზიციური პარტია „მუსავათის“ თავმჯდომარის მოადგილემ ელმან ფატაჰმა, თუმცა ეჭვქვეშ დააყენა მისი შესაძლო შედეგები.

„ირანის გაძლიერებით საფრთხე ექმნება აზერბაიჯანის სუვერენიტეტს,“ – განაცხადა მან.

ირანი თეოკრატიული სახელმწიფოა, აზერბაიჯანი კი ოფიციალურად სეკულარული. ბაქო შეშფოთებულია ირანის მიერ აზერბაიჯანში რელიგიურ რადიკალიზმის მხარდაჭერით და მეჩეთებში პროპაგანდის გავრცლებით. მაგალითისთვის, გასული წლის ნოემბერში, სოფელ ნარდარანში, რომელიც ბაქოდან 25 კილომეტრით არის დაშორებული, პოლიციასა და შიიტ მუსლიმებს შორის მომხდარი შეტაკების დროს ექვსი ადამიანი დაიღუპა.

შეუთანხმებელია ირანსა და აზერბაიჯანს შორის კასპიის ზღვის გაყოფის საკითხიც, რომელიც დღის წესრიგში საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ დადგა. კასპიის ზღვის გასწვრივ სამი ახალი დამოუკიდებელი ქვეყნის – აზერბაიჯანის, ყაზახეთის და თურქმენეთის – აღმოცენებამ ზღვის ფსკერისა და პოტენციური საბადოების განაწილების შესახებ ახალი შეთანხმების აუცილებლობა წარმოშვა. თუმცა, მონაპირე ქვეყნები, მათ შორის ვერც რუსეთი და ვერც ირანი, ამ საკითხის თაობაზე ვერ აღწევენ შეთანხმებას.

კასპიის ზღვის თანაბარი განაწილება, რასაც მხარს უჭერს ირანი, თითოეულ ქვეყანას ზღვის ფსკერისა და ზედაპირის ოცი პროცენტის გამოყენების შესაძლებლობას აძლევს. ალტერნატიული ვარიანტი, რომელიც აწყობს აზერბაიჯანს, რუსეთსა და ყაზახეთს, მოიცავს ზღვის განაწილებას შუა ხაზის პრინციპით. ამ შემთხვევაში ირანს რჩება მხოლოდ 12-13 პროცენტი, რითაც მას ზღვაში არსებული ნავთობის საბადოებზე წვდომა ეკარგება. ასეთი გადანაწილებით მოგებულ მდგომარეობაში რჩებიან აზერბაიჯანი და თურქმენეთი.

ამ საკითხის ირგვლივ ხანგრძლივი უთანხმოების მიუხედავად, ორივე ქვეყანა აქტიურად არის ჩაბმული ვაჭრობის საქმეში. აზერბაიჯანის სახელმწიფო საბაჟო კომიტეტის მონაცემებით, სავაჭრო ბრუნვამ ირანსა და აზერბაიჯანს შორის, 2015 წლის იანვარ-ოქტომბერში შეადგინა 98.8 მილიონი აშშ დოლარი, აქედან 72 მილიონი ირანული პროდუქციის იმპორტზე მოდის.

იმ შემთხვევაში, თუ სანქციების მოხსნის შემდეგ ირანში გაიზრდება ცხოვრების დონე და ფასებიც, რაც სავსებით მოსალოდნელია, დაზარალდება აზერბაიჯანის საზღვრისპირა მოსახლეობა.

„თუ მანამდე აზერბაიჯანის, სომხეთისა და თურქმენეთის საზღვრისპირა მოსახლეობა იაფი ირანული პროდუქციით სარგებლობდა, ახლა მათ გაუჭირდებათ,“ – განაცხადა აზერბაიჯანის ნავთობის კვლევითი ცენტრის დირექტორმა ილჰამ შაბანმა.

შესაძლებლობები ტაქტიანი თანამშრომლობისთვის

კიდევ ერთი ფაქტორი რომელიც აზერბაიჯანზე გამაღიზიანებლად მოქმედებს არის ურთიერთობების დათბობა ირანისა და სომხეთს შორის.

სანქციების მოქმედების პერიოდში ამ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა ნაწილობრივ ეფუძნებოდა მათ საერთაშორისო იზოლაციას. მეზობელი ქვეყნებიდან სომხეთს უშუალო სახმელეთო ვაჭრობის შესაძლებლობა მხოლოდ საქართველოსა და ირანთან აქვს, რადგან საზღვარი აზერბაიჯანთან და თურქეთთან ბაქოსა და ანკარის ბლოკადის გამო ჩაკეტილია.

ეს ნიშნავს, რომ ერევნის მიდგომა ირანის მიმართ უკვე დიდი ხნის წინ იყო საკმაოდ პრაგმატიკული და მიზანმიმართული. ორივე ქვეყანას შორის უკვე არსებობს რამდენიმე ეკონომიკური შეთანხმება.

ექსპერტების აზრით, სანქციების მოხსნა სომხეთს შესაძლებლობას მისცემს კიდევ უფრო გააძლიეროს ეს თანამშრომლობა, თუმცა მისი ეფექტურობა დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ რამდენად მოქნილად იმოქმედებს სომხეთის ხელისუფლება. მან უნდა გამოიჩინოს სიფრთხილე, რომ მის მოკავშირე რუსეთს არ შეექმნას ისეთი შთაბეჭდილება, თითქოს მის უსაფრთხოებას რამე ემუქრება.

სომხეთის ხელისუფლების წარმომადგენლები და ექსპერტები ორმხრივი თანამშრომლობის ყველაზე პერსპექტიულ სფეროდ ენერგეტიკას მიიჩნევენ, განსაკუთრებით, იმ ფონზე, როცა საქართველო დაინტერესებულია ირანიდან გაზის იმპორტით და ეს სომხეთის ინფრასტრუქტურის გამოყენებით უნდა მოხდეს. ამით სომხეთი შესაძლოა გაზის ტრანსპორტირების სატრანზიტო ქვეყნად გადაიქცეს (იხილეთ:ცვლილებები კავკასიის ენერგოპოლიტიკაში).

ამჟამად, სომხეთი გაზს ირანისგან ბარტერის სქემით, ელექტროენერგიის სანაცვლოდ ყიდულობს.

„ირანი-სომხეთის მილსადენის გამტარუნარიანობა 2,2 მილიარდი კუბური მეტრია წელიწადში,“ – განაცხადა სომხეთის ენერგეტიკის მინისტრმა 21 იანვარს გამართულ პრესკონფერენციაზე. „ჩვენ ახლა ირანიდან 400 მილიონ კუბურ მეტრზე ნაკლებს ვიღებთ [წელიწადში]. შესაბამისად, საჭიროების შემთხვევაში, ეს მილსადენი ტრანზიტის ფუნქციასაც შეასრულებს. ეკონომიკური თვალსაზრისით, ჩვენ ამ გარიგებიდან მოგებულები ვრჩებით.“

მან აქვე დასძინა, რომ ამ ეტაპზე განიხილება წელიწადში 500 მილიონი კუბური მეტრის მიწოდების საკითხი.

„ეს იმედის მომცემი პროექტია, რადგან სომხეთს უჩნდება იმის შესაძლებლობა, რომ გააქტიურის ირანთან ენერგეტიკის სფეროში თანამშრომლობა, რითაც ქვეყანაში უფრო მეტ გაზს შემოიტანს, ირანს კი უფრო მეტ ელექტროენერგიას მიაწოდებს,“ – განაცხადა ჩვენთან საუბრისას ექსპერტმა ენერგეტიკის საკითხებში ვაჰე დავთიანმა.

კიდევ ერთ მომგებიან პროექტად განიხილება ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობა მდინარე არაქსზე, სომხეთის სამხრეთ საზღვართან მდებარე ქალაქ მეღრისთან ახლოს. შეთანხმებას ერევანსა და თეირანს შორის ხელი 2007 წელს მოეწერა. 323 მილიონი დოლარის ღირებულების პროექტის დაფინანსება და მართვა ირანულ მხარეს უნდა განეხორციელებინა, თხუთმეტი წლის შემდეგ კი ის სომხეთის მფლობელობაში გადავიდოდა.

მშენებლობა 2012 წელს დაიწყო, თუმცა არ დასრულებულა; სანქციების პირობებში სომხეთს და ირანს მისი დაფინანსების შესაძლებლობა არ გააჩნდათ. ორივეს პროექტის თაობაზე მოლაპარაკებების ახალი რაუნდის დაწყება სურთ, თუმცა მისი თარიღი ჯერჯერობით არ არის ცნობილი.

არსებობს სხვა ერთობლივი პროექტებიც, რომელთა განხორციელებაც სანქციების მოხსნის მიუხედავად შესაძლოა ვეღარ მოხერხდეს. ამათგან აღსანიშნავია სასაზღვრო ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის და ირანი-სომხეთის რკინიგზის მშენებლობა, რისი სისრულეში მოყვანაც ძალიან დიდ ინვესტიციებს მოითხოვს.

„ირანი-სომხეთის რკინიგზა რჩება სომხურ პროექტად, რომლის დასაფინანსებლად თანხები სომხურმა მხარემ უნდა მოიძიოს. ირანიც არის დაინტერესებული, მაგრამ არა იმდენად, რომ მსხვილი ინვესტიციები განახორციელოს,“- განაცხადა ჩვენთან საუბრისას ამერიკის სავაჭრო პალატის პრეზიდენტმა სომხეთში ტიგრან ჯრბაშიანმა.

უფრო მეტიც, თეირანი სულ მალე შეუერთდება ჩრდილოეთ-სამხრეთის სარკინიგზო კავშირს აზერბაიჯანის გავლით, რის გამოც, სავარაუდოდ სომხური მარშრუტი აღარ იქნება საჭირო.

ჯრბაშიანი ასევე აღნიშნავს, რომ სომხეთში ერთობლივი გადამამუშავებელი ქარხნის მშენებლობა აღარ არის აქტუალური.

„სანქციების მოხსნით და ირანის წვდომით ტექნიკურ სიახლეებთან, სიტუაცია შეიცვლა. ირანს ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის აშენება ახლა თავის ტერიტორიაზეც შეუძლია,“ – თქვა მან.

ამის სანაცვლოდ, ჯრბაშიანი დარწმუნებულია, რომ სომხეთს აქვს შანსი გახდეს ირანული ეკონომიკის ადმინისტრაციული კვანძი.

„ბევრი მაჩვენებლის მიხედვით, იქნება ეს გლობალური საინფორმაციო ტექნოლოგიების ანგარიში, ქსელური მზაობის ინდექსი თუ ბიზნესის კეთების რეიტინგი, სომხეთი ირანს უსწრებს. სომხეთის უპირატესობა ნაყოფიერ ნიადაგს ქმნის საერთაშორისო კომპანიებისთვის, რომლებსაც ირანის ბაზარზე უნდათ მუშაობა, სომხეთში გახსნან თავიანთი ოფისები,“ – თქვა ჯრბაშიანმა.

მისი თქმით, საერთაშორისო კორპორაციები, რომლებიც ირანის ბაზრებზე ცდილობენ მუშაობას, სომხეთში უფრო კომფორტულად იგრძნობენ თავს, არა მარტო მისი მომხიბვლელი ბიზნესკლიმატის გამო, არამედ ირანის ფინანსური თავისებურებების, კერძოდ, ისლამური საბანკო სისტემის და შარიათის კანონის გამო.

„ირანი მომხიბვლელია, როგორც ბაზარი და არა როგორც, ბიზნესის მომსახურების ადგილი,“ – დასძინა ჯრბაშიანმა.

ეს სომხეთისთვის ახალ შესაძლებლობებს გახსნის, „თუმცა იმუშავებს თუ არა სქემა დამოკიდებულია სომხური მხარის ინიციატივებზე,“- დასძინა მან.

რაც შეეხება ვაჭრობის სფეროს, სომეხი ექსპერტები ნაკლებად ოპტიმისტურები არიან.

სავაჭრო მოცულობა სომხეთსა და ირანს შორის უმნიშვნელოა. სომხეთის სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2015 წლის იანვარსა და ნოემბრის პერიოდში, სომხურ-ირანული ვაჭრობის მთლიანი მოცულობა ხუთი პროცენტით, 250 მილიონ დოლარამდე დაეცა, რაც სომხეთის მთლიანი საგარეო ვაჭრობის ექვს პროცენტზე ნაკლებია. სომხეთიდან ირანში ექსპორტის მოცულობამ შეადგინა დაახლოებით 70 მილიონ დოლარი, ხოლო ირანიდან იმპორტმა 180 მილიონი დოლარი.

ეკონომისტი არტაკ მანუკიანი ამბობს, რომ ირანის ბაზრის გახსნის შემდეგ ორ ქვეყანას შორის სავაჭრო აქტიურობის გაზრდა არ არის მოსალოდნელი.

ჩვენთან საუბრისას მან განაცხადა, რომ ირანულ საწარმოებს სახელმწიფო უწევს სუბსიდირებას, ენერგომატარებლებიც ირანში გაცილებით უფრო იაფია, ვიდრე სომხეთში. როგორც მან აღნიშნა, არსებობს სხვა სფეროებიც, სადაც სომხეთს და ირანს შეუძლიათ თანამშრომლობის გაძლიერება, მაგალითად ტურიზმი და სასარგებლო წიაღისეულის გადამუშავება.

კავშირების გაძლიერება, რუსეთისკენ მზერით

ქართველი ექსპერტები, ნატოსა და ევროკავშირისკენ სწრაფვის ფონზე, ასევე სიფრთხილით აფასებენ ირანთან ურთიერთოებების გაღრმავების პერსპექტივებს. თუმცა, ირანთან კავშირების გაძლიერება შესაძლოა გახდეს მომავალში რუსეთთან ურთიერთობის გამწვავებისგან თავდაცვის ერთგვარი მექანიზმი.

სომხეთისა და აზერბაიჯანისგან განსხვავებით, საქართველო ირანს არ ესაზღვრება. ისლამურ რესპუბლიკასთან ეკონომიკური კავშირების განვითარება 2003 წლის ვარდების რევოლუციის შემდეგ დაიწყო.

ირანიდან იმპორტირებული საქონლის მოცულობა, რასაც ძირითადად სოფლის მეურნეობის პროდუქტები და საოჯახო საქონელი შეადგენდა, 2006 წელს არსებული 40,3 მილიონი დოლარიდან, 2013 წელს 129,7 მილიონ დოლარამდე გაიზარდა.

თუმცა, 2013 წელს, საერთაშორისო საზოგადოების ზეწოლის შედეგად, საქართველომ გააუქმა ირანთან უვიზო მიმოსვლა, რის შედეგადაც ირანული კომპანიებისა და ცალკეული პირების დაახლოებით 150 საბანკო ანგარიში გაიყინა. (იხილეთ: საქართველო: შეერთებულ შტატებს არ დაუძალებია ირანთან სავიზო რეჟიმის გამკაცრება).

წინასწარი მონაცემებით, იმპორტის მოცულობა 2015 წელს 91,9 მილიონ დოლარამდე დაეცა.

ქართველი ექსპერტების აზრით, მიუხედავად იმისა, რომ ირანული ბაზრის თავისებურებების შესახებ ჯერ კიდევ ბევრი რამ არის უცნობი, სარგებლის მიღების პოტენციალი მაინც არსებობს.

„დარწმუნებული ვარ, რომ ირანისთვის სანქციების გაუქმება ბევრ შესაძლებლობას მოუტანს საქართველოს, მაგალითად, ენერგეტიკის სექტორში. ასევე, ირანი ძალიან დაიტერესებულია ქართული საზღვაო პორტების გამოყენებით, რაც შესაძლოა გახდეს საქართველოსთვის შესანიშნავი შანსი, რომ ირანული პროდუქციის ტრანზიტით იშოვოს მოგება,“ – განაცხადა საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის დირექტორმა კორნელი კაკაჩიამ.

ირანი ცდილობს შავი ზღვის აღმოსავლეთით, ბათუმის და ფოთის პორტებზე გასვლას, რაც ხელს შეუწყობს მისი საქონლის ექსპორტს ევროპის ბაზრებზე.

არსებობს ასევე დაინტერესება ანაკლიაში, აფხაზეთის დე-ფაქტო საზღვართან ახლოს ახალი, ღრმა წყლოვანი პორტის მშენებლობის საქმეშიც. 8 თებერვალს, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ უკვე დასახელდა ქართული კონსორციუმი, რომელიც განახორციელებდა პორტის მშენებლობას, რომლის ტვირთის გამტარიანობა გაცილებით მეტი იქნება, ვიდრე ბათუმის და ფოთის პორტების ერთად აღებული.

კაკაჩიას სიტყვებით, საქართველო სულ იყენებდა აღმოსავლეთ-დასავლეთის დერეფანს და სულ გადაავიწყდა ჩრდილოეთ-სამხრეთის მიმართულება.

„სწორედ ახლა არის ზუსტი დრო ამ ვარიანტის განსახილველად, რადგან საქართველოს აქვს შანსი გახდეს მნიშვნელოვანი სატრანზიტო დერეფანი ამ მიმართულებით,“ – განაცხადა კაკაჩიამ. „ბევრი რამ მაინც არის დამოკიდებული პოლიტიკურ კავშირებსა და ქვეყნებს შორის ურთიერთობებზე. მნიშვნელოვანწილად, მომავალი შესაძლებლობები მაინც ირანის ხელისუფლების ქმედებებზე იქნება დამოკიდებული.“

მისივე თქმით, მომავალში საქართველოს შეუძლია ირანიდან ელექტროსაქონლის და მანქანების იმპორტირება. ამავე დროს, სიტუაცია ირანული ინვესტიციების კუთხით ჯერ კიდევ არ არის ბოლომდე ნათელი, რადგან ბევრი რამ არის დამოკიდებული საქართველოს დასავლელ პარტნიორებზეც.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის და ირანის პრეზიდენტის რუჰანის სატელეფონო საუბრის შემდეგ, რომლის დროსაც სავაჭრო და ეკონომიკური ურთიერთობები განიხილეს, საქართველომ 15 თებერვლიდან ირანთან უვიზო მიმოსვლის აღდგენის შესახებ გააკეთა განცხადება.

ორივე მხარე იმედოვნებს, რომ ორ ქვეყანას შორის ტურიზმის და ვაჭრობის მაჩვენებელი 2013 წლამდე არსებულ დონეს დაუბრუნდება და მომავალში კიდევ უფრო გაიზრდება.

კვირიკაშვილმა დაარწმუნა რუჰანი, რომ საქართველო იყო მზად ორმხრივ ურთიერთობებში ახალი თავის დასაწყებად და ირანთან თანამშრომლობის გასაღრმავებლად ყველა კუთხით, განსაკუთრებით კი ეკონომიკის სფეროში.

რუჰანის მიხედვით, საქართველო შეიძლება გადაიქცეს სავაჭრო დერეფნად ირანსა და შავი ზღვის ქვეყნებს შორის.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, რომელიც უახლოეს მომავალში გეგმავს ირანში ვიზიტს, რუჰანი თბილისში დაპატიჟა.

თეირანის დაწინაურება

საქართველოს სტრატეგიული და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევითი ფონდის დირექტორი კახა გოგოლაშვილი თვლის, რომ სამხრეთ კავკასია თავისი თექვსმეტმილიონიანი მოსახლეობით, არც ისეთი მნიშვნელოვანი ბაზარია ირანელი ექსპორტიორებისთვის. შედარებით დაბალია სამივე ქვეყნის მსყიდველობითი უნარიც.

აზერბაიჯანი ირანის მსგავსად, საშუალო დონის შემოსავლის ქვეყანად ითვლება, საქართველო და სომხეთი კი დაბალი დონის შემოსავლის ქვეყნებად.

„ირანს აქვს შესაძლებლობა ივაჭროს უფრო დიდ პარტნიორებთან, მაგალითად, ჩინეთთან და ინდოეთთან, რომლებიც უფრო ახლოსაც არიან ირანთან და რასაკვირველია, დასავლეთ ევროპასთან,“ – განაცხადა მან. კავკასიის რეგიონი ირანისთვის შეიძლება განიხილოს მხოლოდ როგორც დამატებითი ვარიანტი ან სატრანზიტო მარშრუტი.

თუმცა, კავკასია ალტერნატიულ ბაზრად შეიძლება იქცეს იმ შემთხვევაშიც, თუ ირანის და თურქეთის ურთიერთობა გაუარესდება.

„არავინ იცის როგორ შეიძლება განვითართეს ურთიერთობები ირანსა და თურქეთს შორის სირიასა და ერაყში არსებული სიტუაციის გამო,“ – თქვა გოგოლაშვილმა. „დაძაბულობის შემთხვევაში საქართველო და სომხეთი ირანისთვის საკმაოდ საჭირო ალტერნატივად გადაიქცევა. მიუხედავად იმისა, რომ ირანს დასავლეთთან წვდომა აქვს სპარსეთის ყურით და სუეცის არხით, დამატებითი მარშრუტები ყოველთვის მომხიბვლელია.“

რეგინა ეგოროვა-ასკეროვა IWPR-ის ვებრედაქტორია საქართველოში, არშალუის მგდესიანი დამოუკიდებელი ჟურნალისტია სომხეთში, ნურგულ ნოვრუზი თავისუფალი ჟურნალისტია აზერბაიჯანიდან.