Institute for War and Peace Reporting | Giving Voice, Driving Change

მოსკოვი აზერბაიჯანის რადიოსალოკაციო სადგურს ტოვებს

გაბალას რადიოსალოკაციო სადგური საჰაერო მიმოსოვლის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ადრეული გაფრთხილების სისტემაა, თუმცა მოსკოვი მზად არ არის იჯარის თანხის დიდი ოდენობით ზრდას დაეთანხმოს მხოლოდ იმიტომ, რომ სადგური შეინარჩუნოს.
By Jasur Sumerinli
  • გაბალას რადიოსალოკაციო სადგური აზერბაიჯანში (ფოტო: ვიაჩესლავ ნიკიტინი)
    გაბალას რადიოსალოკაციო სადგური აზერბაიჯანში (ფოტო: ვიაჩესლავ ნიკიტინი)

 

მიმდინარე კვირას იჯარის თანხის მნიშვნელოვნად გაზრდის შემდეგ, რუსეთმა განაცხადა, რომ ის აზერბაიჯანში მდებარე მთავარ რადიოსალოკაციო სადგურს ტოვებს.

გაბალას რადიოსალოკაციო სადგური, რომლის დაფარვის ზონაც 6,000 კილომეტრია, საბჭოთა კავშირის დროს ადრეული გაფრთხილების ერთ-ერთ საკვანძო ნაწილს წარმოადგენდა. 1991 წელს, როდესაც აზერბაიჯანმა დამოუკიდებლობა გამოაცხადა, მოსკოვმა რადიოსალოკაციო სადგურის გამოყენება იჯარის ხელშეკრულებით განაგრძო. ხელშეკრულების ვადა წელს იწურება.

ამ ზაფხულს, აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, არაზ აზიმოვამ განაცხადა, რომ იგეგმებოდა რუსეთისათვის 2002 წელთან შედარებით იჯარის თანხის წელიწადში შვიდი მილიონი აშშ დოლარით გაზრდა. რუსული გაზეთის „კომერსანტის“ ცნობით, აზერბაიჯანმა თავდაპირველად რუსეთს წლიური 15 მილიონი დოლარის გადახდა შესთავაზა, თუმცა მოგვიანებით თანხა 300 მილიონ დოლარამდე გაზარდა, რაც მოსკოვის თქმით, მეტისმეტად ძვირია.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილემ, ნოვრუზ მამედოვამ, რომელიც  საგარეო ურთიერთობების საკითხებზეა პასუხისმგებელი, განაცხადა, რომ აზერბაიჯანი წლების განმავლობაში “სიმბოლურ ფასად” აქირავებდა სადგურს, ვინაიდან რუსეთი კარგი მეზობელი იყო. დღეს ბაქოს “ახალ მოთხოვნები“ აქვს, რამაც განსხვავებული პირობების შეთავაზება გამოიწვია.

“რუსეთის გადაწყვეტილებიდან გამომდინარე შეგვიძლია დავასკვნათ, რომ მათ არ სურს ამ (ახალი) პირობებით ხელშეკრულების გაგრძელება და მოითხოვს ძველი პირობების შენარჩუნებას,რაც ჩვენთვის მიუღებელია”, – განაცხადა მამედოვმა.

ის ირწმუნება, რომ ხელშეკრულების დასრულება არ ნიშნავს “პრობლემების ორმხრივ ურთიერთობებში”.

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს სპიკერმა, პოლკოვნიკმა ელდარ საბიროღლუმ განაცხადა, რომ იჯარის ხელშეკრულებასთან დაკავშირებით წარმოშობილი განსხვავებული პოზიციები, მხარეებს შორის თავდაცვისა და უსაფრთხოების სხვა სფეროებში თანამშრომლობას ხელს არ შეუშლის.

“ჩვენი თანამშრომლობა რუსეთთან ყველა სფეროში გაგრძელდება. ჩვენ ვთანამშრომლობთ თავდაცვის მინისტრის დონეზე, და ამ თანამშრომლობის გაგრძელებისათვის დაბრკოლება არ არსებობს”, – განაცხადა მან, – “გაბალას რადიოლოკაციის სადგურის აღჭურვილობა რუსეთს ეკუთვნის. მას შემდეგ, რაც ისინი თავიანთ აღჭურვილობას გაიტანენ, მასზე ჩვენი სრული კონტროლი განხორციელდება”.

პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის სპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ გაბალას სადგურზე კონტროლის დაკარგვა რუსეთის უსაფრთხოებას არ დააზიანებს, ვინაიდან მას “ადეკვატური რესურსები” სხვაგანაც გააჩნდა.

სექტემბერში, რუსეთის გენერალმა, ოლეგ ოსტაპენკომ გამოაცხადა, რომ მომავალი წლის დასაწყისში, ქალაქ არმავირში მდებარე სამხედრო ბაზის ახალი სარადარო სადგურის დაფარვის ზონა, გაბალას მიერ აქამდე კონტროლირებად ტერიტორიასაც დაფარავს.

მოსკოვისთვის ისევ აქტუალურია.კითხვა, რომ გაბალის ვაკანტური სადგური შესაძლოა მისმა რომელიმე კონკურენტმა დაიკავოს. რუსი ჟურნალისტები სპეკულირებენ, რომ სადგურით შესაძლოა თურქეთი ან ამერიკის შეერთებული შტატები იყვნენ დაინტერესებულნი. თურქეთის ოფიციალურმა პირებმა უკვე განაცხადეს, რომ მათ მსგავსი ამბიციები არ გააჩნიათ.

ბაქოში ამერიკის საელჩოს სპიკერმა თავი შეიკავა ამ საკითხზე IWPR-თან საუბრისაგან, თუმცა 12 დეკემბერს, პენტაგონის წყარომ BBC-ის განუცხადა, რომ ამ ეტაპზე აშშ რადარის თანაზიარ გამოყენებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებებს არც  აზერბაიჯანთან და არც რუსეთთან არ აწარმოებს.

ცენტრალური აზიისა და კავკასიის ინსტიტუტის ექსპერტმა, სვანტე კორნელმა განაცხადა, რომ გაბალში ამერიკის ჩართულობა ყოველთვის იყო “სიმბოლური და არა რეალისტური”.

“რამდენადაც ვიცი, ეს ყველაფერი იყო იმის მცდელობა, რომ რუსეთსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის სანდო ურთიერთობა შექმნილიყო,” – განაცხადა მან.

12 დეკემბერს, აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ელმარ მამედიაროვმა განაცხადა, რომ ამ ეტაპზე გაბალას მესამე სახელმწიფოსათვის გადაცემა არ განიხილება. მან ასევე აღნიშნა, რომ  ამ ეტაპზე სადგურთან დაკავშრებით არცერთ ქვეყანას არ გამოუთქვამს დაინტერესება.

საბიროღლუს თქმით, მთავრობამ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება გაბალას სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით, კერძოდ, აპირებს თუ არა მისი სამხედრო მიზნებისთვის გამოყენებას გაგრძელებას.

“სარადარო სადგური დიდ მიწის ნაკვეთს იკავებს. გაბალა უკვე საკურორტო ზონაა. შესაძლებელია, რომ ეს ტერიტორია ამ მიზნითაც იქნეს გამოყენებული“, – განაცხადა მან.

ჯასურ სუმერინლი თავდაცვის საკითხებს აშუქებს და გაზეთის „Ayna“ კორესპონდენტიააზერბაიჯანში.

 

More IWPR's Global Voices