Institute for War and Peace Reporting | Giving Voice, Driving Change

თანამდებობრივი წმენდა აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროში

მინისტრის თანამდებობიდან გადაყენებით ჯარში არსებული პრობლემების მოგვარების პერსპექტივა ჩნდება.
By Jasur Sumerinli
  • აზერბაიჯანის ახალი თავდაცვის მინისტრი ზაქირ ჰასანოვი (ფოტო: თავდაცვის სამინისტროს ვებ-გვერდი)
    აზერბაიჯანის ახალი თავდაცვის მინისტრი ზაქირ ჰასანოვი (ფოტო: თავდაცვის სამინისტროს ვებ-გვერდი)

პრეზიდენტ ილჰამ ალიევის გადაწყვეტილებას ვეტერანი მინისტრის გათავისუფლების შესახებ შესაძლოა ბიძგი აშშ-თან დიპლომატიურმა უთანხმოებას მიეცა, თუმცა ანალიტიკოსების თქმით, ამ ნაბიჯს უფრო შორს მიმავალი მიზეზები აქვს, რასაც საფუძვლად აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების უფრო მკაცრი კონტროლი უდევს.

22 ოქტომბერს, ალიევის გადაწყვეტილებით გენერალი საფარ აბიევი, რომელიც თავდაცვის სამინისტროს 18 წლის განმავლობაში მართავდა, ყოფილი შსს მინისტრის მოადგილემ ზაქირ ჰასანოვმა შეცვალა.

თავდაცვის სამინისტრო დიპლომატიური ურთიერთობების ქარტეხილში აშშ ელჩის რიჩარდ მონინგსტარსა და აბიევს შორის გასულ თვეს გამართული შეხვედრის შემდეგ მოექცა. ამერიკის საელჩოში შეხვედრის დეტალები არ გაუსაჯაროებიათ, თავდაცვის სამინისტროში კი განაცხადეს, რომ ელჩმა საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები „მიიღო“, მაშინ როცა ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ აზერბაიჯანში ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნები „საერთაშორისო სტანდარტებს“ არ შეესაბამებოდა.

საელჩოდან წამოსული უკმაყოფილების საპასუხოდ სამინისტროს პრესსამსახურის თანამშრომელმა ელდარ საბიროღლუმ და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა რამიზ ნაჯაფოვმა განაცხადეს, რომ მათ შეხვედრაზე გამართული საუბრის აუდიო ჩანაწერი გააჩნიათ. ამერიკის საელჩო ამ ფაქტმა კიდევ უფრო გააღიზიანა და მომხდარი პროტოკოლის წესების უხეშ დარღვევად შეაფასა.

ანალიტიკოსების მოსაზრებით ალიევს უბრალოდ აბიევის თავიდან მოცილება სურდა და დიპლომატიური დაპირისპირება ამისთვის შესანიშნავი საბაბი გამოდგა.

„ვფიქრობ, რომ ეს დაძაბულობა ხელოვნურად წარმოიქნა იმისთვის, რომ აბიევი სამსახურიდან გაეშვათ…ყოფილმა მინისტრმა საკუთარი თავი მისთვის საზიანო და დაუცველ მდგომარეობაში ჩაიყენა“, – აცხადებს ანალიტიკოსი არასტუნ ორუჯლუ. „’არაბული გაზაფხულის ‘ ქვეყნებში სამხედროებმა ვერც ერთი რეჟიმის დაცვა ვერ მოახერხეს. ალბათ, ამიტომაც საფრთხის თავიდან აცილების მიზნით არმიის მმართველობა უფრო სანდო და საიმედო პიროვნებას გადასცეს.“

პარლამენტის წევრი სამთავრობო გუნდიდან ზაჰიდ ორუჯი აცხადებს, რომ აბიევი როგორც მინისტრი ძალიან სუსტი იყო.

„ჯართან დაკავშირებული პრობლემები პარლამენტში განხილვის საგანი არაერთხელ გამხდარა. მიუხედავად იმისა, რომ ქვეყნის მეთაურის ბრძანებით ჯარი ბიუჯეტის პრიორიტეტულ დარგად იყო მიჩნეული, ხარჯების გამჭვირვალობასთან და მიზნობრიობასთნ დაკავშირებით კითხვები ხშირად ჩნდებოდა“, – აცხადებს ორუჯი. „ჯარის ყოფილი ხელმძღვანელობის დროს მოუგვარებელი იყო კადრების საკითხიც. ბევრი რამ იყო არცთუ ისე სახარბიელო.“

არასამთავრობო ორგანიზაცია „შეიარაღებული ძალების ვეტერანების“ ხელმძღვანელი დაშდამირ ალიევი აცხადებს, რომ აბიევის გადაყენება თავდაცვაში სერიოზული რეფორმების გასატარებლად ხსნის გზას.

„ამ მომენტში, ყველაზე მეტად გავრცელებულია ქრთამის აღება და კორუფცია. არსებობს ტექნიკური სახის პრობლემებიც, გაზრდილია თანამდებობებზე უკანონო დანიშვნების რიცხვი და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, მკვეთრად მომატებულია არასაბრძოლო ვითარებაში სამხედროების სიკვდილიანობის მაჩვენებლი. სიტუაცია კონტროლს არ ექვემდებარება“ – თქვა ალიევმა. მან ასევე აღნიშნა, რომ ჯარში წვევამდელთა გარდაცვალების გახშირებული შემთხვევების გამო ბაქოში არაერთი საპროტესტო აქცია ჩატარდა, რამაც ძალზე უხერხულ მდგომარეობაში ჩააყენა ქვეყნის ხელისუფლება. დაღუპულთა უმეტესობამ ან თავი მოიკლა ან მოკლული იყო სხვა ჯარისკაცის ხელით ისეთ ვითარებაში სადაც „დედავშინა“ მიღებულია.

„აქედან გამომდინარე აბიევი უნდა გათავისუფლებულიყო დაკავებული თანამდებობიდან“ – დასძინა ექსპერტმა.

ახალი მინისტრის პირველი უცხოელი სტუმარი ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიაში ფილიპ ლეფორტი იყო. 28 ოქტომბერს, მათი შეხვედრისას ჰასანოვმა დაარწმუნა ლეფორტი, რომ აზერბაიჯანი კვლავაც ურყევია თავის მისწრაფებაში ჰქონდეს ძლიერი სახელმწიფო ძლევამოსილი ჯარით. მისივე თქმით, ასევე უცვლელია ხელისუფლების პოლიტიკა მთიანი ყარაბაღის საკითხთან მიმართებაში.

„ჩვენ მხარს ვუჭერთ ჩვენი მიწების მშვიდობიანი გზით გათავისუფლებას, მაგრამ ამავე დროს ვიტოვებთ უფლებას ჩვენი ოკუპირებული ტერიტორიები თავად დავიბრუნოთ“,  – ნათქვამია შეხვედრის შესახებ თავდაცვის სამინისტროს ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ანგარიშში.

პარლამენტარი მმართველი „იენი აზერბაიჯანის“ პარტიიდან აიდინ მირზაზადე აცხადებს, რომ ის დარწმუნებული იყო იმაში, რომ ახალი მინისტრი შეირაღებულ ძალებში თანამდებობრივ წმენდას ჩაატარებდა და ახალ პრიორიტეტებსაც დასახავდა.

„ჯარი სომხეთთან ომის განახლების რეჟიმზე გადაირთვება, სრული საბრძოლო მზადყოფნის მდგომარეობაში, რაც შემდგომში კიდევ უფრო გააძლიერებს ჯარის პოზიციას ფრონტის ხაზზე“, – განაცხადა მან ონლაინ გამოცემა  www.publika.az -თვის მიცემულ ინტერვიუში.  „მოსაგვარებელია კიდევ სხვა საკითხები, რომლებიც ეხება მოსამსახურე პერსონასლის ყოფასა და უსაფრთოებას, ასევე საზოგადოებაში ჯარის შესახებ არსებული დამოკიდებულების გაუმჯობესებას“.

ჯერჯერობით რაც ჩანს არის ის, რომ ჰასანოვი საქმეს სერიოზულად უდგება. თანამდებობაზე ყოფნის ათი დღის განმავლობაში სამსახურიდან დაითხოვა ან სხვა თანამდებობაზე გადაიყვანა ათამდე სამხედრო მაღალჩინოსანი, მათ შორის შეიარაღებულო ძალების ინსპექციის ხელმძღვანელი და გენერალ-მაიორი მამედ ბეიდულაევი, ასევე მინისტრის მოადგილე საგანმანათლებლო და კადრების დარგში, გენერალ- ლეიტენანტი ჩინგიზ მამედოვი. ორივე აბიევთან დაახლოებული პიროვნება იყო.

ახალი ამბების სააგენტო APA-სთან საუბრისას სამინისტროს პრესს სამსახურის დეპარტამენტის მოადგილემ მაიორმა თემურ აბდულაევმა განაცხადა, რომ ასეთი სახის ცვლილებებში არაფერია გასაკვირი.

„მოხდა მაღალინოსანი ოფიცრების დემობილიზაცია იმის გამო, რომ მათ უკვე საპენსიო ასაკს მიაღწიეს, სხვა ოფიცრები კი, რომლებმაც პოსტები ხანგრძლივი დროით შეინარჩუნეს როტაციის პრინციპით შეიცვლებიან“.

ჯასურ მამედოვ სუმერლი არის სამხედრო მიმომხილველი გაზეთებისთვისაინადა ზერკალოაზერბაიჯანში.

 

More IWPR's Global Voices