Institute for War and Peace Reporting | Giving Voice, Driving Change

ერაყელი იეზიდები სომხეთში თავშესაფარს ეძებენ

სომხეთში იეზიდური თემის დიდი ხნის არსებობის მიუხედავად, ერაყიდან დევნილმა მხოლოდ რამდენიმე ოჯახმა მიიღო აქ ჩამოსვლის გადაწყვეტილება.
By Armine Martirosyan
  • A child from one of the Yezidi families now settled in Armenia. (Photo: Armine Martirosyan)
    A child from one of the Yezidi families now settled in Armenia. (Photo: Armine Martirosyan)
  • Rashu Hamo is a priest of the Yezidi faith. (Photo: Armine Martirosyan)
    Rashu Hamo is a priest of the Yezidi faith. (Photo: Armine Martirosyan)
  • Adjusting to life in Armenia will take time. (Photo: Armine Martirosyan)
    Adjusting to life in Armenia will take time. (Photo: Armine Martirosyan)
  • The refugees from Iraq have come to Araks, a Yezidi village in Armenia. (Photo: Armine Martirosyan)
    The refugees from Iraq have come to Araks, a Yezidi village in Armenia. (Photo: Armine Martirosyan)

ჩრდილოეთ ერაყში ისლამური სახელმწიფოს მიერ იეზიდების მასობრივი მკვლელობების დაწყებიდან ერთი წლის შემდეგ, ამ ეთნიკური ჯგუფის ძალიან მცირერიცხოვანმა ნაწილმა მიმართა სომხეთს თავშესაფრის მოთხოვნით, მიუხედავად იმისა, რომ აქ იეზიდების თემი საკმაოდ დიდი ხანია სახლობს და მათ მასპინძლობის გაწევა არ გაუჭირდებოდათ.

ივლისის ბოლოს ერაყის ქურთისტანის ქალაქ ერბილიდან ერევანში პირდაპირი რეისით სამი ოჯახი ჩამოფრინდა. მათ, შესაძლოა, ასობით სხვა დევნილმაც მიჰბაძოს, თუ რასაკვირველია, შეძლებენ თურქეთიდან საქართველოს გავლით შემოვლით გზაზე წარმოქმნილი ბიუროკრატიული ბარიერების გადალახვას.

იეზიდები, რომლებიც ქურთულ ენაზე საუბრობენ, მთელ ახლო აღმოსავლეთში არიან გავრცელებული. მათ რელიგიას ისლამისდროინდელი ფესვები აქვს და ის ზოროასტრიზმთან არის დაკავშირებული. ისლამურმა სახელმწიფომ, რომელიც თავის მისიად ფუნდამენტალისტური შეხედულებების მოწინააღმდეგე ყველა რელიგიის მიმდევრის განადგურებას მიიჩნევს, თავის სამიზნეში შიიტი მუსლიმები, ქრისტიანები და იეზიდები მოაქცია.

2014 წლის აგვისტოში მთელი მსოფლიოს ყურადღება მიიპყრო სინჯარის მთებში გახიზნული იეზიდების გასაჭირმა, რომელთა დასახმარებლადაც დასავლეთის ქვეყნებმა წყლით და საკვებით დატვირთული თვითმფრინავები გააგზავნეს.

სომხეთში ერთ-ერთი ახალჩამოსული ბაშარ ჰანამი გვიყვება, თუ როგორ გამოიქცა ის ჩრდილოეთ ერაყის შანგალის პროვინციიდან თავის ცოლთან, ხატუმ კასმისთან და 11 შვილთან ერთად

„გაგვაფრთხილეს, რომ ტერორისტები აპირებდნენ შეტევას. ჩემი ძმა ადგილობრივ ბოევიკებსა და მეამბოხეებს შორის გაჩაღებული შეტაკების დროს დაიღუპა. როცა მივხვდით, რომ ვერაფრის შეცვლას ვეღარ შევძლებდით, გაქცევა გადავწყვიტეთ,“ – გვიყვება ის.

გაქცევის დროს ტრაგიკულად დაიღუპა მისი ექვსი ქალიშვილიდან ორი, 16 და 17 წლის.

„ტერორისტებს რომ გაურბოდნენ, კლდიის ერთი ნაპირიდან მეორეზე გადახტომის დროს ხევში გადაიჩეხნენ და დაიღუპნენ,“ – ამბობს ხატუმ კასმი.

მოგვიანებით, უსაფრთხო ადგილის ძებნაში, მთებში ხანგრძლივი ხეტიალის დროს, საკვების და წყლის უკმარისობის გამო, მათი სხვა მოზარდი ქალიშვილი გახდა ავად.

„მისი გადარჩენის იმედი აღარ გვქონდა, მაგრამ მთებში მაინც არ დავტოვეთ … ექიმებმა რომ გასინჯეს ჯერ კიდევ ცოცხალი იყო,“ – თქვა ხატუმ კასმიმ.

ბოლოს და ბოლოს, მიაღწიეს ლტოლვილთა ბანაკამდე ერაყის ქურთისტანში, სადაც ჯერ კიდევ რჩება მათი ხუთი ვაჟიდან ერთ-ერთი და ორი ქალიშვილი, რომლებსაც საბუთებთან დაკავშირებული პრობლემები აქვთ.

ოჯახის დანარჩენი წევრები ერბილიდან ერევანში ჩამოფრინდნენ, სადაც ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციის სინჯარის იეზიდთა ნაციონალური კავშირის დახმარებით მათ დახვდათ საკვები, ტანსაცმელი და თავშესაფარი.

სამი ოჯახი, საერთო ჯამში 19 ადამიანი, მათ შორის მოხუცები და ბავშვები, თურქეთის საზღვართან ახლოს მდებარე არმავირის რაიონის სოფელ არაქსში დასახლდა. სინჯარის იეზიდთა ნაციონალური კავშირის დახმარებით ბაშარ ჰანამი თავის ოჯახთან ერთად რუსეთში საცხოვრებლად გადასული ადგილობრივი ეიზიდის სახლში დაბინავდა.

რაშუ ჰამო იეზიდი სასულიერო პირია. მისი ოჯახიც დანარჩენ ორ ოჯახთან ერთად ჩამოვიდა სომხეთში. ჩვენთან საუბრისას ის იეზიდების დევნის და შევიწროების ხანგრძლივ ისტორიას გვიყვება.

„ერაყელი მუსლიმები ჩვენი ხელით მიწოდებულ არც წყალს დალევდნენ და არც პურს შეჭამდნენ,“ – ამბობს ის. „მათ არასწორად მიაჩნიათ, რომ ჩვენი მთავარანგელოზი მალაქ ტაუსი [„ანგელოზი ფარშევანგი“] არის დაცემული ანგელოზი და რომ ჩვენ, იეზიდები, ბოროტ სულებს ვემსახურებით. ისინი ფიქრობენ, რომ თუ იეზიდს მოკლავენ, გაანადგურებენ ბოროტ ძალას.“

ჰანამის თქმით, სწორედ ამ მიზეზის გამო იეზიდებს სულ ჰქონდათ იარაღი და მზად იყვნენ ნებისმიერი თავდასხმის მოსაგერიებლად.

„ადრე თავს ვიცავდით არაბებისგან, ახლა კი ისლამაური სახელმწიფოსგან ვიცავთ თავს,“ – ამბობს ის.

თუმცა, იეზიდები ვერაფერს გახდნენ კბილებამდე შეიარაღებულ მებრძოლების წინააღმდეგ, რომლებიც ქარიშხალივით შემოიჭრნენ დასავლეთ ერაყიდან, დახოცეს მამაკაცები, ხოლო ქალები და გოგონები მონებად გაყიდეს.

„ჩვენ გაგვიმართლა. გაგვაფრთხილეს, რომ ჩვენს სოფელზე აპირებდნენ თავდასხმას, ამიტომაც მოვახერხეთ დროზე გამოქცევა,“ – დასძინა ჰანამმა.

ჩვიდმეტი წლის ფადილ ბაშარი მოგვიყვა, რომ მისი საცოლეც, სხვა ქალებთან ერთად სოფელ სიბა შეიხ ქიდრიდან გაიტაცეს და მოსულში წაიყვანეს. მოგვიანებით, მან გაიგო, რომ ის მონად გაიყიდა საუდის არაბეთში.

„მას შემდეგ მასზე აღარაფერი მსმენია,“ – თქვა მან.

სომხეთში იეზიდები ყველაზე დიდ უმცირესობას წარმოადგენენ. 2011 წლის აღწერის მიხედვით, მათი რაოდენობა 35 ათასია, მთლიანი მოსახლეობის დაახლოებით ერთი პროცენტი. ბევრი იეზიდი აქ მე-19 საუკუნეში, რუსეთ-თურქეთის ომის დროს დასახლდა, უფრო მეტი კი ოსმალეთის იმპერიიდან სომხებთან ერთად 1915 წლის მასობრივ მკვლელობებს გამოიქცა.

ჰანამის წინაპრებიც თურქეთიდან გამოიქცნენ. ნაწილი ახლანდელი ერაყის ტერიტორიაზე დასახლდა, ნაწილმა კი სომხეთში იპოვა თავშესაფარი.

„ბაბუა ყოველთვის გვეუბნებოდა, რომ თუ ოდესმე დაგვირჩებოდა საშუალება, მოგვეძებნა ჩვენი ნათესავები სომხეთში და გაგვეცნო ისინი,“ – დასძინა მან.

სომხეთის საიმიგრაციო სამსახური ამჟამად განიხილავს ოჯახების განაცხადებს ლტოლვილის სტატუსის მინიჭების შესახებ. უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ „ლტოლვილის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით ყველა აუცილებელი ფორმალური პროცედურა დასრულდება უმოკლეს ვადებში.“

გაეროს ლტოლვილთა სააგენტოს წარმომადგენელი ანაიტ ჰაირაპეტიანი ჩვენთან საუბრისას აცხადებს, რომ სამი ოჯახის განაცხადის განხილვა ლტოლვილის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის ნორმების გათვალისწინებით მიმდინარეობს.

ჰანამი ამბობს, რომ მის ოჯახს შანგალში უზრუნველი ცხოვრება ჰქონდა, ისინი ფლობდნენ მეფრინველეობის ფერმას, რამდენიმე მაღაზიას და ბენზინგასამართ სადგურს.

მისი 25 წლის ვაჟი ტალაკასი ამბობს, რომ არ იცის რითი უნდა იარსებონ არაქსში, სადაც უმრავლესობა სოფლის მეურნეობას მისდევს.

„წარმოდგენა არ მაქვს ეს როგორ კეთდება,“ – ამბობს ის.

იეზიდური თემი სომხეთში ცდილობს ერაყში მცხოვრები მათი თანამოძმეების მდგომარეობის შესახებ საზოგადოებაში ცნობიერება აამაღლოს, რისთვისაც ორგანიზებას უკეთებს სხვადასხვა ღონისძიებებსა და აგროვებს შემოწირულობებს.

სინჯარის იეზიდთა ნაციონალური კავშირის წარმომადგენელი ჰამლეტ სმოიანი აცხადებს, რომ მისი ორგანიზაცია ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ დაეხმაროს დევნილებს ინტეგრაციაში, მისი თქმით, ამჟამად ყველაზე დიდ პრობლემას სომხური ენის არცოდნა ქმნის.

მისივე თქმით, ერაყის ქურთისტანის ლტილვილთა ბანაკებში ბევრია სომხეთში ჩამოსვლის მსურველი. ერთი წლის წინ ის და მისი რამდენიმე თანამშრომელი იმყოფებოდნენ ერთ-ერთ ასეთ ბანაკში თურქეთში და აპირებდნენ 200 იეზიდის სომხეთში ჩამოყვანას. მიუხედავად იმისა, რომ ორგანიზაცია მზად იყო სრულად დაეფარა მგზავრობის ხარჯები, აღმოჩნდა, რომ ლტოლვოლების უმეტესობას პასპორტები არ ჰქონდა.

სომხეთის პრეზიდენტმა სერჟ სარგსიანმა და სხვა პოლიტიკურმა პირებმაც თავიანთ განცხადებებში შექმნილი მძიმე მდგომარეობის გამო იეზიდების მიმართ თანაგრძნობა გამოხატეს. 2014 წლის აგვისტოში მთავრობამ ერაყელი იეზიდების დასახმარებლად 100,000 აშშ დოლარის ოდენობის დამხარება გამოყო.

სმოიანის განცხადებით, ხელისუფლებას უფრო მეტის გაკეთება შეუძლია, მაგალითად, მისმა ორგანიზაციამ თხოვნით მიმართა საგარეო საქმეთა სამინისტროს, დაეწყო მუშაობა თავის ქართველ კოლეგებთან, რათა გამარტივებულიყო დევნილი იეზიდების თურქეთიდან გადმოყვანა. სომხეთსა და თურქეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობები არ არსებობს, დაკეტილია ქვეყნებს შორის საზღვარი.

„საჭიროა მხოლოდ მათი გამოტარება თურქეთ-საქართველოს საზღვარზე და შემდეგ ლტოლვილის სტატუსის მინიჭება უკვე როცა სომხეთის საზღვარს გადმოკვეთენ,“ – დასძენს სმოიანი. „თუმცა, სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ ეს გრძევლადიანი პროცესია, რადგან ეროვნული უსაფრთხოების სამსახური ვალდებულია ყველა პიროვნება ცალ-ცალკე შეამოწმოს.“

არმინე მარტიროსიანი ვებგვერდ Kavkazky Uzel-ის კორესპონდენტია სომხეთში.