Institute for War and Peace Reporting | Giving Voice, Driving Change

ენერგოუსაფრთხოება საფრთხის ქვეშ

ენგურის ჰიდროელექტროსადგურს სასწრაფო რემონტი ესაჭიროება, რის გამოც მას თვეების, თუ არა წლების განმავლობაში, ფუნქციონირების შეწყვეტა მოუწევს.
By Izida Chanya, Regina Jegorova-Askerova
  • ენგურის წყალსაცავი (ფოტო: იზიდა ჭანია).
    ენგურის წყალსაცავი (ფოტო: იზიდა ჭანია).
  • ენგურჰესის თაღოვანი კაშხალი (ფოტო: იზიდა ჭანია).
    ენგურჰესის თაღოვანი კაშხალი (ფოტო: იზიდა ჭანია).

ენგურჰესზე მაშტაბური სარემონტო სამუშაოების ჩატარების პერპსექტივა ბევრ კითხვას აჩენს როგორც საქართველოს, ასევე აფხაზეთის ენერგოუსაფრთხოებასთან დაკავშირებით.

ელექტროსადგური, რომელიც დე-ფაქტო საზღვრის ორივე მხარეს მდებარეობს და ელექტროენერგიით ორივე მხარეს ამარაგებს, არის ერთადერთი ერთობლივი პროექტი, რომელზეც აფხაზური და ქართული მხარე თანამშრომლობას ახერხებს.

1990-იანი წლებში აფხაზეთმა დამოუკიდებლობა გამოაცხადა და საქართველოს გამოეყო, მას შემდეგ, მხარეებს შორის ურთიერთობა უკიდურესად დაძაბულია. 2008 წელს რუსეთმა აფხაზეთის დამოუკიდებლობა აღიარა, საქართველო კი მას მის განუყოფელ ნაწილად მიიჩნევს.

სპეციალისტების დასკვნით, ენგურის ჰიდროელექტროსადგური, რომელიც 1978 წლიდან ფუნქციონირებს, სასწრაფო სარემონტო სამუშაოების ჩატარებას საჭიროებს. პროექტი საკმაოდ მასშტაბურია და დამატებითი გამოწვევების წინაშე აყენებს ისედაც არამყარ პარტნიორობას.

ენგურჰესის თაღოვანი კაშხალი, რომლის სიმაღლე 271, 5 მეტრია, ხოლო სიგრძე – 800 მეტრი, ერთ-ერთი უდიდესია მსოფლიოში. კაშხალი, წყალსაცავი და სადერივაციო გვირაბის ნაწილი ქართულ მხარეს მდებარეობს, ხოლო ჰიდროელექტროსადგურის შენობა, ოთხი ვარდნილჰესი და გვირაბის დანარჩენი ნაწილი – აფხაზურ მხარეს.

ჰესის მიერ გამომუშავებულ ენერგიას ორივე მხარე ინაწილებს, რაც მათ აიძულებს შეინარჩუნონ რეგულარული კონტაქტი და თანამშრომლობა.

„ეს სიამის ტყუპებივითაა, რომელთა გაცალკევებაც შეუძლებელია,“ – აცხადებს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის საერთაშორისო სკოლის დირექტორი ერიკ ლივნი.

„ამ მომენტისათვის, ენგურის ჰიდროელექტროსადგური არის აფხაზეთსა და საქართველოს შორის ერთადერთი დამაკავშირებელი რგოლი. სხვა სფეროებში, კონფლიქტურ მხარეებს შორის თანამშრომლობა პრაქტიკულად არ არსებობს,“ – დასძინა ლივნიმ. „მე ვერ ვხედავ სხვა მომავალს ვერც საქართველოსთვის და ვერც აფხაზეთისათვის, თუ არა პირდაპირი თანამშრომლობა და პრობლემების ერთად მოგვარება.“

ენერგიის ახალი წყაროების მოძიება

ენგურჰესის სარემონტო სამუშაოები და რეკონსტრუქცია საკმაო ძვირი ჯდება, ამავდროულად, ჩნდება კითხვები იმასთან დაკავშირებითაც, თუ როგორ მოხდება ელექტროენერგიის დანაკარგის აღმოფხვრა და რა წყაროებით მოხდება დენის მიწოდების უზრულველყოფა სამუშოების წარმოების პროცესში. ამასთან ერთად, საფრთხის ქვეშ დგება ორივე მხარის ენერგეტიკული უსაფრთხოება.

2014 წელს, საერთაშორისო დონორების დაფინანსებით ფართომასშტაბიანი სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩაუტარდა ჰიდრო-მექანიკურ მოწყობილობას და მოხდა თაღოვანი კაშხლის გამაგრება. სარემონტო სამუშაოები ეტაპობრივად განხორციელდა, რასაც ელექტროსადგურის ფუნქციონირებისთვის ხელი არ შეუშლია.

ამჟამად, შეკეთებას საჭიროებს 15,5 კმ სიგრძის სადაწნეო სადერივაციო გვირაბი, რაც ნიშნავს, რომ ენგურჰესი თვეების განმავლობში ვერ იფუნქციონირებს.

დღევანდელი მდგომარეობით, გვირაბი წამში 22 კუბურ მეტრ წყალს ატარებს, საიდანაც 10 კუბური მეტრი – თითქმის ნახევარი, დაზიანებული საფარველის გამო, იკარგება. იმისთვის, რომ მოხდეს ყველაზე დაზიანებული მონაკვეთის შეფასება და შეკეთება, რაც დაახლოებით 300 მეტრი სიგრძისაა, უნდა მოხდეს მთლიანი ელექტროსადგურის გათიშვა.

„სრული რემონტისთვის აუცილებელი საპროექტო- შემსწავლელი სამუშაოების ჩასატარებლად უნდა მოხდეს გვირაბის დაცლა და ჰიდროელექტროსადგურის მუშაობის გაჩერება სამი ან სამ-ნახევარი თვით,“ – განაცხადა საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს ენერგეტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა დავით შარიქაძემ. „ამ პერიოდში უნდა მოხდეს ყველაზე დაზიანებული მონაკვეთის შეკეთება.“  

რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველოსა და აფხაზეთს მოუწევთ არა მარტო სარემონტო სამუშაოების ხარჯების დაფარვა, არამედ ამ თვეების განმავლობაში ელექტროენერგიის ალტერნატიული წყაროებიდან შესყიდვა. კაპიტალური შეკეთების შემთხვევაში ელექტროსადგური უფრო დიდი ხნით შეწყვეტს ფუნქციონირებას.

აფხაზეთში ელექტროენერგიის მიწოდებაში შეფერხებები ამ ზამთარსაც აღინიშნებოდა. იანვარ-თებერვალში დენი ითიშებოდა დღისით – ორი საათით და ღამით – სამი საათის განმავლობაში. 

დეფიციტის მიზეზად დასახელდა გასული ზაფხულის თვეებში მოსული მწირი ნალექი და აფხაზეთში ელექტროენერგიაზე გაზრდილი მოთხოვნა.

„ამ ზამთარს შექმნილმა სიტუაციამ ნათლად გვიჩვენა, რომ სარემონტო სამუშაოებში ორივე მხარემ უნდა ჩადოს ინვესტიცია,“ – აღნიშნა ლივნიმ. „სავსებით დასაშვებია, რომ ელექტროენერგიის მიწოდების დროებითმა შეფერხებამ და სიტუაციის სერიოზულობის გააზრებამ, უბიძგოს მხარეებს ერთობლივი ინვესტირების განხორციელებისკენ, რაც შესანიშნავი გადაწყვეტილება იქნება.“  

თუმცა, მისივე აზრით, ასეთი ფართომასშტაბიანი სარემონტო სამუშაოების ჩატარება უახლოეს მომავალში ვერ მოხერხდება. მთლიანი გვირაბის შეკეთებას შესაძლოა რამდენიმე წელიწადი დასჭირდეს.

„ჯერჯერობით არ არსებობოს ისეთი რესურსი, რომელიც მოახდენს ელექტროენერგიის დანაკარგის კომპენსირებას,“ – დასძინა მან.

მიუხედავად ამისა, საქართველოს ხელისუფლება კომპლექსური სარემონტო სამუშაოების ჩატარებას არ გამორიცხავს.

„არ არის გამორიცხული, რომ უახლოეს მომავალში ჩვენ ისევ დავუბრუნდეთ ერთობლივი სტრატეგიული ობიექტის გარემონტების საკითხს,“ – განაცხადა ჩვენთან საუბრისას სახელმწიფო მინისტრმა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში პაატა ზაქარეიშვილმა.

მსხვილი ინვესტიციების აუცილებლობა

აფხაზეთში  ენერგეტიკის კუთხით სიტუაციამ კრიტიკულ ზღვარს მიაღწია.

90-იანი წლების ომის შემდეგ, ენგურჰესი რეგიონისთვის ელექტროენერგიის ერთადერთ წყაროს წარმოადგენს. რამდენიმე მცირე ელქტროსადგური, რომელიც საბჭოთა პერიოდში ფუნქციონირებდა, ან ომის დროს დაზიანდა ან მის შემდგომ პერიოდში გაიძარცვა.

ოც წელზე მეტია, რაც ორივე მხარეს შორის მოქმედებს არაოფიციალური შეთანხმება, რომლის მიხედვითაც აფხაზეთი იღებს ენგურჰესის მიერ გამომუშავებული ენერგიის ორმოც პროცენტს, ხოლო საქართველო – სამოცს. აფხაზეთის სახელმწიფო ენერგოკომპანია ამ ელექტროენერგიას უფასოდ იღებს და მომხმარებელს დაბალ ფასად აწვდის.

მიუხედავად იმისა, რომ აფხაზეთის ტერიტორიაზე საქართველოს იურისდიქცია არ ვრცელდება, საქართველოს ხელისუფლება თავის პოლიტიკურ პასუხისმგებლობად მიიჩნევს იმ რეგიონებზე ზრუნვას, რომლებიც ერთ დროს მისი ქვეყნის ნაწილი იყო.

აფხაზეთში ელექტროენერგიის მოხმარება იზრდება, რაც, ექსპერტების აზრით, დენზე მინიმალური ტარიფით და დაბალი გადახდის მაჩვენებლით არის განპირობებული. 

ენგურჰესის ტექნიკური დირექტორის გის ხუბუას მიხედვით, აფხაზეთში ელექტროენერგიის მოხმარება თითქმის ათი პროცენტით არის გაზრდილი.

„ზამთრის გათბობის სეზონზე, ნოემბრის დასაწყისიდან მარტის ბოლომდე, აფხაზეთი მოიხმარს ერთ მილიარდ კილოვატს საათში ენერგიას, მაგრამ მისი მთლიანი წილი არ აღემატება რვაას მილიონ კილოვატს საათში,“ – განმარტა ხუბუამ.    

აფხაზეთში ზამთრის პერიოდში არსებული  დეფიციტის შევსებას საქართველო რუსეთიდან იმპორტირებული ელექტროენერგიის ხარჯზე ახდენდა, თუმცა ეს იყო მხოლოდ დროებითი გამოსავალი.

ალტერნატიული წყაროებისა და ფულის არარსებობის პირობებში, აფხაზი პოლიტიკოსები მოლაპარაკებებს აწარმოებენ მოსკოვთან -აფხაზეთის ბიუჯეტის მთავარ დამფინანსებელთან. 

აფხაზეთის სახელმწიფო ენერგოკომპანიის „ჩერნომორენერგოს“ ხელმძღვანელი ასლან ბასარია ენერგეტიკის სფეროში დიდი ინვესტიციების საჭიროებაზე საუბრობს.

 „ჩვენი გამოთვლით, საუბარია დაახლოებით 30-35 მილიარდ რუბლზე (450-530 მილიონი დოლარი),“ – განაცხადა მან. „რაც შეეხება ვარდნილჰესებს [ენგურჰესის კომპლექსში შემავალი ოთხი ჰიდროელექტროსადგური მდინარე ერისწყალზე, აფხაზეთში მას ერცკარს ეძახიან] აქ დაახლოებით 10 მილიარდი რუბლი იქნება საჭირო  (დაახლოებით 150 მილიონი დოლარი).“

თუმცა, მისივე სიტყვებით, რუსული ენერგოკომპანია „როსსეტის“ შეფასებით, აფხაზეთის ენერგოსექტორი 73 მილიარდი რუბლის (1,1 მილიარდი დოლარის) ინვესტირებას მოითხოვს.

გამოწვევის მასშტაბის წარმოსადგენად – აფხაზეთის 2016 წლის მთლიანი ბიუჯეტი 13,5 მილიარდ რუბლს (200 მილიონ დოლარს) შეადგენს.

თბილისი ვარიანტებს წონის

სახელმწიფოს საკუთრებაში მყოფი ენგურის ჰიდროელექტროსადგური ელექტროენერგიით საქართველოს ნახევარზე მეტს უზრუნველყოფს. მცირე კერძო ელექტროსადგურები და თბოელექტროსადგურები დარჩენილ ელექტროენერგიას გამოიმუშავებენ.

ზაფხულის თვეებში, როდესაც წყლის დონე იმატებს საქართველო დენის ექსპორტირებასაც ახერხებს.

თუმცა, ზოგადად, ჰიდროელექტროსადგურებზე ასეთი დამოკიდებულების გამო, ქვეყანას სეზონური დეფიციტის აღმოსაფხვრელად გაზის იმპორტირება უხდება. ზამთარში, როდესაც წყალსაცავში წყლის დონე საგრძნობლად იკლებს, საქართველო ელექტროენერგიის იმპორტირებას რუსეთიდან და აზერბაიჯანიდან ახდენს.

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში ახალი ელექტროსადგურები შენდება, ქვეყნის ენერგოსისტემაში მთავარ როლს მაინც ენგურჰესი თამაშობს.

ერიკ ლივნის აზრით, თუ საქართველო გააგრძელებს ელექტრომომარაგების ქსელის გაფართოებას, ენგურჰესზე რემონტის დროს აფხაზეთის ელექტროენერგიით უზრუნველყოფა შესაძლოა სხვა ქართული ელექტროსადგურებიდან გამომუშავებული დენით მოხდეს. 

„მაგალითად, კიდევ ერთი დიდი ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობა სვანეთში, რომელიც უკვე აქტიურად იგეგმება. ამ შემთხვევაში, შესაძლოა, საქართველოს დაურჩეს იმდენი შესაძლებლობა, რომ აფხაზეთი მოამარაგოს ელექტროენერგიით. მაგრამ, ჯერჯერობით, არ ვიცი ეს რამდენად რეალურია, რადგან, ელექტროენერგიის მოხმარება, როგორც საქართველოში, ისე აფხაზეთში საგრძნობლად გაზრდილია,“ – განმარტა მან.

თუმცა, ასეთი პროექტის განხორციელება ორმხრივ თანამშრომლობას მოითხოვს, რაც საზოგადოებაში, ორივე მხარეს, ეროვნული ინტერესების ღალატად არის მიჩნეული.

ილიას უნივერსიტეტთან არსებული ენერგეტიკისა და მდგრადი განვითარების ინსტიტუტის დირექტორი მურმან მარგველაშვილი თვლის, რომ ორივე მხარემ უნდა გაითავისოს, რომ ელექტროენერგიის წარმოება არის ეკონომიკური პროცესი.

„აფხაზეთმაც და საქართველომაც უნდა გაიგოს, რომ გამომუშავებული ელექტროენერგია არის საერთო პროდუქტი, რომლის გაყიდვაც შეიძლება ნებისმიერ ბაზარზე და რომლისგან შეიძლება საერთო მოგების მიღება,“ – განაცხადა მარგველაშვილმა.

ერთობლივი სტატია მომზადებულია აფხაზური გაზეთისნუჟნაია გაზეტასმთავარი რედაქტორის იზიდა ჭანიასა და თბილისში IWPR-ის ვებრედაქტორის რეგინა ეგოროვა-ასკეროვას მიერ.

სტატია ნაწილობრივ შეიცავს თვითაღიარებულ რესპუბლიკაში

დამკვიდრებულ ტერმინოლოგიას და სახელწოდებებს.

 

 

More IWPR's Global Voices