Institute for War and Peace Reporting | Giving Voice, Driving Change

დისკუსია პოლიტპატიმრების შესახებ გრძელდება

საქართველოს პარლამენტმა დროებით გადადო იმ პირთა საკითხის განხილა, რომლებიც წინა ხელისუფლებას დევნასა და უკანონო დაპატიმრებებში ადანაშაულებენ.
By Nino Jomarjidze
  • ეკატერინე ფოფხაძე, საიას აღმასრულებელმა დირექტორი. (c) საია
    ეკატერინე ფოფხაძე, საიას აღმასრულებელმა დირექტორი. (c) საია

წინა კვირის განმავლობაში ახალი მთავრობა აქტიურად განიხილავდა იმ ორასი ადამიანის საკითხს, რომლებიც წინა ხელისუფლებას დევნასა და უკანონო დაპატიმრებებში ადანაშაულებენ.

აღნიშნული სია პარლამენტს იმ სამუშაო ჯგუფმა წარუდგინა, რომელიც უმრავლესობის მიერ მას შემდეგ შეიქმნა, რაც ამჟამინდელი პრემიერ მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის კოალიცია „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში მოვიდა.

1 ოქტომბერს გამართულ საპარლამენტო არჩევნებში პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ კოალიცია „ქართულმა ოცნებამ“ დაამარცხა. მიუხედავად იმისა, რომ მიხეილ სააკაშვილს საპრეზიდენტო უფლებამოსილება მომავალი წლის არჩევნებამდე აქვს, ახალმა მთავრობამ მისი გავლენის შემცირება უკვე მოახერხა. (აღნიშნულთან დაკავშირებით მეტი ინფორმაციისათვის იხ. (აღნიშნულთან დაკავშირებით მეტი ინფორმაციისათვის იხ. სტატიები: New Georgian Government Rolls Up Sleeves; Georgian President Cries Foul After Ally’s Arrest)

ამ ეტაპზე პოლიტპატიმართა სია სულ 206 ადამიანისაგან შედგება, მათ შორის: 184 პირს სამუშაო ჯგუფმა სააკაშვილის ხელისუფლების პერიოდში პოლიტიკური მიზეზებით დაპატიმრებულის სტატუსი, 22 კი – პოლიტიკური ნიშნით დევნილის სტატუსი მიანიჭა.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა, რომლებიც არჩევნების შემდეგ უმცირესობაში აღმოჩნდნენ, კომიტეტის მიერ წარმოდგენილი სია სადაო გახადეს, რასაც პარლამენტში ცხარე კამათი მოჰყვა. შედეგად, პოლიტპატიმართა შესახებ პარლამენტის დადგენილების პროექტის განხილვა 5 დეკემბრისთვის გადაიდო.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრები პროცესს მათი დისკრედიტაციის მცდელობად აფასებენ.

„უცნობია, ვის მიერ იყო ეს სია შედგენილი და რა კრიტერიუმებით შეირჩნენ პატიმრები“, – განაცხადა უმრავლესობის წევრმა, დავით საყვარელიძემ პარლამენტის სხდომაზე, – „სწორედ ამიტომ, ჩვენ ვერ ვენდობით ასეთ სიას. ამ სიას უფრო „შინაურულ (ქართული ოცნების) პატიმართა“ ნუსხას დავარქმევდით“.

პოლიტიკური ნიშნით ადამიანების დევნაში სააკაშვილის ადმინისტრაციის დადანაშაულება ოპონენტებმა 2007 წელს მასშტაბური საპროტესტო აქციების დარბევის შემდეგ დაიწყეს. მიმდინარე წლის ოქტომბრის თვეში გამართულ არჩევნებში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დამარცხების შემდეგ, პოლიტიკურ პატიმრებად გამოცხადებულ პირთა რაოდენობამ რამდენიმე ასეულ ერთეულს მიაღწია.

მუშაობის პროცესში სამუშაო ჯგუფი ხელმძღვანელობდა ერთ-ერთი ორგანიზაციის, თბილისის ჰელსინკის ჯგუფის მიერ შედგენილი სიით. თუმცა, საზოგადოებაში სამუშაო ჯგუფის მუშაობასთან დაკავშირებით აზრი ორად არის გაყოფილი. ორმა ორგანიზაციამ: „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“ და „კონსტიტუციის 42-ე მუხლმა“, საქმის ზედაპირული განხილვის მიზეზით, სამუშაო ჯგუფი დატოვა.

„დადგენილი ორკვირიანი ვადის ფარგლებში ჯგუფის მიერ შეუძლებელი იყო სრულყოფილი, დასაბუთებული და ობიექტური დასკვნის მომზადება. მიუხედავად არაერთი მცდელობისა, ჯგუფის მუშაობის ფორმატის შეცვლა ვერ მოხერხდა და ჯგუფში აღნიშნულის თაობაზე შეთანხმება ვერ იქნა მიღწეული, რის გამოც „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“ და “კონსტიტუციის 42-ე მუხლმა” სამუშაო ჯგუფი დატოვა“, – აღნიშნა საიას აღმასრულებელმა დირექტორმა, ეკატერინე ფოფხაძემ.

15 ნოემბერს იმ მსჯავრდებულთა ნაწილმა, რომლებიც თავს პოლიტპატიმრებად მიიჩნევენ, ციხიდან ერთობლივი განცხადება გაავრცელეს, რომელშიც პატიმრები იმედს გამოთქვამდნენ, რომ მათი გათავისუფლება თვის ბოლომდე მოხდებოდა.

„ … ანტიდემოკრატიული რეჟიმის პირობებში ჩვენი პატიმრობაში ყოფნა ლოგიკური და ბუნებრივიც კი იყო, დემოკრატიული ხელისუფლების არსებობის პირობებში კი ჩვენი საპატიმრო დაწესებულებებში დარჩენა, არა მხოლოდ ნონსენსია , არამედ სრულიად აუტანელი და გაუსაძლისია ჩვენთვის “, – ნათქვამია პატიმართა მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

თუმცა, ამ დრომდე უცნობია, როდის მოხდება პატიმართა გათავისუფლება, ასევე არ არის განსაზღვრული, თუ რა სამართლებრივი მექანიზმით აპირებს პარლამენტი ამის გაკეთებას.

„უცნობია, თუ რა პროცედურით აპირებს პარლამენტი სამუშაო ჯგუფის მიერ პოლიტიკურ პატიმრებად მიჩნეული პირების გათავისუფლებას. მიგვაჩნია, რომ აღნიშნული ინფორმაცია პარლამენტმა უნდა მიაწოდოს საზოგადოებას“, – განაცხადა ფოფხაძემ.

“ადამიანის უფლებათა ცენტრის“ ხელმძღვანელი, უჩა ნანუაშვილი, რომელიც სამუშაო ჯგუფის ერთ-ერთი წევრია, განმარტავს, რომ შესაძლებელია მიღებულ იქნას პოლიტიკური ამნისტია, რის შემდეგაც პოლიტიკური ნიშნით დაკავებული პირების გათავისუფლება მოხდება, ამ პირებს ასევე, მოეხსნებათ ნასამართლეობა.

„გათავისუფლებულ პირებს სავარაუდოდ მიეცემათ შესაძლებლობა სასამართლოს მიმართოს ინდივიდუალურად, თუნდაც რეაბილიტაციის ან კომპენსაციის მოთხოვნით.“ – აღნიშნა ნანუაშვილმა.

ნინო ჯომარჯიძე თავისუფალი ჟურნალისტია საქართველოში