Institute for War and Peace Reporting | Giving Voice, Driving Change

ბრძოლა ეთნიკური უმცირესობების ხმებისთვის

პოლიტიკოსებმა ბოლოს და ბოლოს მოახერხეს სომეხი და აზერბაიჯანელი ამომრჩევლის კეთილგანწყობის მოპოვება.
By Saddam Aliyev, Edita Badasyan
  • ახალქალაქი, სამცხე-ჯავახეთის რეგიონი. (ფოტო: სამხრეთის კარიბჭე).
    ახალქალაქი, სამცხე-ჯავახეთის რეგიონი. (ფოტო: სამხრეთის კარიბჭე).
  • ახალქალაქი, სამცხე-ჯავახეთის რეგიონი. (ფოტო: სამხრეთის კარიბჭე).
    ახალქალაქი, სამცხე-ჯავახეთის რეგიონი. (ფოტო: სამხრეთის კარიბჭე).
  • ახალქალაქი, სამცხე-ჯავახეთის რეგიონი. (ფოტო: სამხრეთის კარიბჭე).
    ახალქალაქი, სამცხე-ჯავახეთის რეგიონი. (ფოტო: სამხრეთის კარიბჭე).
  • ახალქალაქი, სამცხე-ჯავახეთის რეგიონი. (ფოტო: სამხრეთის კარიბჭე).
    ახალქალაქი, სამცხე-ჯავახეთის რეგიონი. (ფოტო: სამხრეთის კარიბჭე).

8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩვენების მოახლოებასთან ერთად პოლიტიკური პარტიები რეგიონებში მცხოვრები უმცირესობების გულის მოსაგებად ძალ-ღონეს არ იშურებენ.

ექსპერტების განცხადებით, თუ ადრე საქართველოში მცხოვრები ეთნიკური აზერბაიჯანელები და სომხები არჩვენებზე ტრადიციულად მმართველი პარტიის სასარგებლოდ აძლევდნენ ხმას, ამჯერად სიტუაცია განსხვავებულია.

2014 წლის აღწერის მიხედვით, საქართველოში 233 000 ეთნიკური აზერბაიჯანელი და 168 000 სომეხი ცხოვრობს, რაც მთლიანი მოსახლეობის დაახლოებით 14%-ს შეადგენს. მათი უმეტესობა სამცხე-ჯავახეთში, ქვემო ქართლსა და კახეთის რეგიონში არის დასახლებული.

თუ თბილისსა და ქვეყნის სხვა დიდ ქალაქებში მცხოვრები სომხები და აზერბაიჯანელები საკმაოდ კარგად არიან ინტეგრირებული, სოფლად მცხოვრები ეთნიკური უმცირესობების შემთხვევაში მდგომარეობა გასხვავებულია. 

„მანამდე… უმეტესობა მმართველი პარტიის სასარგებლოდ აძლევდა ხმას,“ – ამბობს უმცირესობის საკითხთა ევროპული ცენტრის ანალიტიკოსი გიორგი სორდია. „ეს ხდებოდა დაბალი პოლიტიკური კულტურის გამო. ხელისუფლებაში მყოფი პარტია მათში იწვევდა სახელმწიფოს ასოციაციას და სწორედ ასე გამოხატავდნენ ისინი სახელმწიფოს მიმართ თავიანთ ერთგულებას.“

ჩვეული წესის შეცვლა 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ოპოზიციის გამარჯვების შემდეგ დაიწყო.

სორდია აღნიშნავს, რომ მისი დაკვირვებით, ქვემო ქართლის, აჭარის, კახეთის და სამცხე-ჯავახეთის რეგიონებში, ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლები ბოლო დროს ძალიან გააქტიურდნენ.

„ისინი დაინტერესებული არიან არჩევნებში მონაწილეობით, რადგან აქვთ ცვლილებების მოლოდინი,“ – ამბობს ის. „ამჯერად, მმართველი პარტია ვეღარ მიიღებს ეთნიკური უმცირესობებისგან 90 პროცენტიან მხარდაჭერას.“  

სოფლის მოსახლეობაში, განსაკუთრებით აზერბაიჯანულ თემში, ტრადიციულად დიდი ავტორიტეტით სარგებლობენ ადგილობრივი მასწავლებლები და ხელისუფლების წარმომადგენლები, ასე რომ, ვისაც ისინი ურჩევდნენ, ხალხიც იმ პარტიას აძლევდა ხმას.

2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ, ახალი თაობა უფრო უკეთესად ერკვევა საკუთარ უფლებებში და უფრო თვითდაჯერებულიც გახდა.

„შეიძლება ითქვას, რომ ადრე უბრალოდ გვაიძულებდნენ ხმის მიცემას მმართველი პარტიის სასარგებლოდ, მაგრამ ბოლო არჩევნების შემდეგ, ყველაფერი შეიცვლა, ხალხი გამოფხიზლდა,“ – ამბობს სტუდენტი სენან ყურბანოვი, ბოლნისის რაიონის სოფელ ტალავერიდან.

„ყველაფერი შეიცვლა ბოლო არჩევნების შემდეგ, მთავარი პარტიების – ერთიანი ნაციონალური მოძრაობის და ქართული ოცნების აქტიურობის წყალობით, რადგან ამომრჩევლებმა, მასწავლებლებმა და ჩინოვნიკებმაც დაიწყეს წინააღმდეგობის გაწევა და განსხვავებული პარტიებისთვის მხარის დაჭერა,“ – დასძენს ყურბანოვი. 

„ხმას აუცილებლად მივცემ, მაგრამ არა იმას, ვისაც ადრე მივეცი,“ – გვითხრა 32 წლის ნინამ ახალქალაქიდან. „გულწრფელად რომ გითხრათ, დავიღალე თანამდებობეზე ერთი და იმავე სახეების ყურებით. თუ ძველ კანდიდატებს ავირჩევთ არაფერი შეიცლება.“

„დავიღალეთ კლანური სისტემით, რომელიც ასევე ხელისუფლებას უჭერს მხარს,“ -დასძენს ის. „ინოვატორი გვჭირდება, რადგან ცვლილებები გვჭირდება.“

ახლანდელ არჩევნებში 42 პოლიტიკური პარტია იღებს მონაწილეობას. აქედან, ოცდახუთი დამოუკიდებლად, ხოლო დანარჩენი ჩვიდმეტი ექვს ბლოკში არის გაწევრიანებული.

საქართველოს პარლამენტი ერთპალატიანია და 150 წევრისგან შედება, აქედან 77 პროპორციული სიით აირჩევა, ხოლო დანარჩენი 73 მაჟორიტარული სისტემით. პარლამენტარების უფლებამოსილების ვადა ოთხი წლით არის განსაზღვრული.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, მთელი ქვეყნის მაშტაბით მოქმედი 73 საარჩევნო ოლქიდან, ეთნიკური უმცირესობები 12 ოლქში არიან წარმოდგენილი უმრავლესობით. ეს ძირითადად შეეხება ეთნიკურად სომეხ და აზერბაიჯანელ ამომრჩეველს.

ცესკოს წარმომადგენელმა სოფიო სიჭინავამ 19 სექტემბერს ჟურნალისტებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებს განუცხადა, რომ ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ  რეგიონებში გადაამზადა საუბნო-საარჩევნო კომისიის ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელი პოტენციური წევრები.

ეთნიკური უმცირესობების ამომრჩევლისთვის ერთ-ერთ ყველაზე აქტუალურ პრობლემად ქართული ენის არცოდნა რჩება. ამიტომაც, ცესკომ თავის სატელეფონო-საინფორამციო ცენტრში დაასაქმა სომხურენოვანი და აზერბაიჯანულენოვანი თანამშრომლები, რომლებიც საარჩევნო პროცესთან დაკავშირებულ ნებისმიერ საკითხზე ამომრჩეველს მათ ენაზე აწვდიდა ინფორმაციას. ამასთანავე, სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზე ითარგმნა ცესკოს ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაცია და ვიდეომასალა.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, საქართველოში ეთნიკური  უმციერესობებით კომპაქტურად ჩასახლებული რეგიონების მიხედვით შექმნილია  207 ქართულ-აზერბაიჯანული უბანი, 133 ქართულ-სომხური უბანი და ოთხი ქართულ-სომხურ-აზერბაიჯანული უბანი.

წარმატების იმედი

რიმა ღარიბიანი ახალქალაქში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციის „ღია საზღვრების“ ხელმძღვანელია. მისი თქმით, სხვადასხვა ოპოზიციური პარტიების კანდიდატები რეგიონში ჩამოვიდნენ  და თითოეული ამომრჩევლის ხმისთვის იბრძოდნენ. უფრო მეტიც, ადგილობრივმა საინიციატივო ჯგუფმა ორი ახალქალაქელი წარადგინა კანდიდატად, რაც უპრეცედენტო შემთხვევაა. ოპოზიციურ პარტიებს რეგიონებში წარმატების იმედი აქვთ, მაშინ როცა ოთხი წლის წინანდელი საპარლამენტო არჩევნების დროს ასეთი განწყობა არ ჰქონდათ.

„დღეს, წინა საპარლამეტო არჩევნებისგან განსხვავებით, მოსახლეობაში უფრო დიდია ინტერესი და ისინი ხვდებიან ოპოზიციონერ კანდიდატებს. ადრე, მხოლოდ ჟურნალისტები დადიოდნენ მათთან შესახვედრად,“ – დასძენს ის. 

მოქმედ პარლამენტში სამი ეთნიკურად სომეხი დეპუტატია – რუსლან პოღოსიანი და ჰანზელ მკოიანი კოალიცია ქართული ოცნებიდან და ერთი დამოუკიდებელი დეპუტატი სამველ პეტროსიანი. სამი წარმომადგენელი ჰყავს პარლამენტში აზერბაიაჯანულ უმცირესობასაც – მაჰირ დარზიევი და ალი მამედოვი ქართული ოცნებიდან და აზერ სულეიმანოვი ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან.

ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლები პარტიულ სიებშიც არიან წარმოდგენილი. მაჟორიტარობისთვის მებრძოლ 850 კანდიდატიდან თორმეტი ეთნიკურად სომეხია, ხოლო ოცდაორი – აზერბაიჯანელი. პროპორციული სიით  მონაწილე კანდიდატებს შორის ექვსი სომეხი და ექვსი აზერბაიჯანელია.

თუმცა, ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი პარლამეტარები მაინცდამაინც არ გამოირჩევიან არც განსაკუთრებული აქტიურობით  და არც საკუთარი თემის ინტერესების დაცვით.  

ხელისუფლების მხრიდან უყურადღებობას უჩივიან რეგიონების სოფლებში, მოსახლეობა ამბობს, რომ მათ დასახლებებში არაფერი იცვლება. არც ახალგაზრდებისთვის არის დიდი გასაქანი, არ არსებობს კინო, თეატრი ან კულტურის ცენტრი. ხალხს აწუხებს მოუწესრიგებელი გზების, წყლისა და გაზის მომარაგების, ასევე ჯანდაცვის პრობლემები.

მიუხედავად იმისა, რომ საარჩევნო პროცესთან დაკავშირებით გარკვეულწილად მოხერხდა ეთნიკური უმცირესობების გააქტიურება,  დამოკიდებულების ბოლომდე შეცვლას დროს დასჭირდება.

პავლე ნინოწმინდაში ცხოვრობს, სადაც ყველა ქუჩა საარჩევნო განწყობით არის მოცული, პოლიტიკური პარტიების პლაკატ-ლოზუნგები თითქმის ყველა სახლის კედელზეა გაკრული. 

ის ამბობს, რომ არჩევნებზე აუცილებლად წავა, თუმცა შედეგების მიმართ სკეპტიკურად არის განწყობილი.

„რადგან პატარა ქალაქში ვცხოვრობთ, ყველა ერთმანეთს იცნობს. გავიგე, რომ ისინი, ვისაც უნდა ოპოზიციაში ყოფნა ან ოპოზიციისთვის ხმის მიცემა, გააფრთხილეს, რომ მერე პრობლემები შეექმნებოდათ,“ – ამბობს ის.

„თუმცა, ოპოზიციური პარტიები ზოგადად პასიურობენ,“ -დასძინა მან. „მოსახლეობა მათ შესახებ არ ფლობს ინფორმაციას, ვინ არიან ან რა პროგრამა აქვთ. გულწრფელად რომ გითხრათ, საფუძვლიანი და რეალური ცვლილებების არ გვჯერა.“

სადდამ ალიევი და ედიტა  ბადასიანი არიან IWPR-ის ტრენინგების მონაწილე ჟურნალისტები.