Institute for War and Peace Reporting | Giving Voice, Driving Change

აღიარებს თუ არა სომხეთი მთიანი ყარაბაღის დამოუკიდებლობას

პარლამენტისთვის განსახილველად გადაცემული კანონპროექტი პროვოკაციულად იქნა მიჩნეული.
By Arshaluis Mghdesyan, Nurgul Novruz
  • 5 აპრილს, სომხეთის მთავრობამ მოიწონა კანონპროექტი მთიანი ყარაბაღის დამოუკიდებლობის აღიარების შესახებ (ფოტო მოწოდებულია სომხეთის მთავრობის პრესსამსახურის მიერ).
    5 აპრილს, სომხეთის მთავრობამ მოიწონა კანონპროექტი მთიანი ყარაბაღის დამოუკიდებლობის აღიარების შესახებ (ფოტო მოწოდებულია სომხეთის მთავრობის პრესსამსახურის მიერ).
  • სომხეთის პრემიერ-მინისტრი ჰოვიკ აბრაჰამიანი (ფოტო მოწოდებულია სომხეთის მთავრობის პრესსამსახურის მიერ).
    სომხეთის პრემიერ-მინისტრი ჰოვიკ აბრაჰამიანი (ფოტო მოწოდებულია სომხეთის მთავრობის პრესსამსახურის მიერ).

მთიანი ყარაბაღის აღიარების შესახებ სომხეთში მომზადებულ კანონპროექტს აზერბაიჯანში მწვავე რეაქცია მოჰყვა, მაგრამ ექსპერტების მტკიცებით, ეს მხოლოდ პოლიტიკური მანევრია და მას განხორციელება არ უწერია.

5 აპრილს, სომხეთის მთავრობის მიერ მოწონებული კანონპროექტი შემდგომი განხილვისთვის პარლამენტს გადაეცა.

დამტკიცების შემთხვევაში კანონი გამოიწვევს ყარაბაღის თაობაზე მიმდინარე სამშვიდობო პროცესის შეფერხებას, რომელსაც ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაცია (ეუთო) მინსკის ჯგუფის ეგიდით აწარმოებს. მოლაპარაკებების პროცესში მხარეებს წარმოადგენენ სომხეთი და აზერბაიჯანი, ხოლო ამერიკის შეერთებული შტატები, რუსეთი და საფრანგეთი არიან შუამავლები.

დამოუკიდებლობის აღიარების ინიციატივა გასულ თვეს მთიან ყარაბაღში განვითარებული მოვლენების შემდეგ გახდა აქტუალური. დაპირისპირება, რომლის დაწყებაშიც მხარეები ერთმანეთს ადანაშაულებენ და რომელსაც ორივე მხარეს ჰყავს ორასამდე დაღუპული და ათობით დაჭრილი ადამიანი, 5 აპრილს ცეცხლის შეწყვეტის მყიფე შეთანხმებით დასრულდა.

1990-იანი წლების კონფლიქტის შემდეგ მთიანი ყარაბაღი – აზერბაიჯანული ანკლავი 150 000 მოსახლით, სომხური ადმინისტრაციის კონტროლის ქვეშ აღმოჩნდა. 1994 წელს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მიღწევამდე, კონფლიქტს 30 000 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. მას შემდეგ ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი  არაერთხელ დარღვეულა.

აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ კანონპროექტი „პროვოკაციულად“ შეაფასა, ხოლო აზერბაიჯანის ელჩმა რუსეთში პოლანდ ბულბულოღლუმ მას საერთაშორისო სამართლის დარღვევა უწოდა.

„მთიანი ყარაბაღის სეპარატისტული რესპუბლიკის აღიარება არის იდენტური იმ პროვოკაციისა, რაც სომხეთმა 2 აპრილს მოახდინა,“ – განაცხადა მან რადიოსადგურ „გოვორიტ მოსკვას“ ეთერში.

ბულბულოღლუს განცხადებით, სომხეთის მიერ ყარაბაღის დამოუკიდებლობის აღიარებას სავალალო შედეგები მოჰყვება.

„აზერბაიჯანი დღესვე არის მზად კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოსაგვარებლად. თუ ეს არ მოხდება, ჩვენ მზად ვართ კონფლიქტი საომარი გზით მოვაგვაროთ,“ – განაცხადა მან.

ოპოზიციური პარტია „მუსავათის“ თავმჯდომარის მოადგილე ელმან ფატაჰი უფრო კატეგორიულია და მიიჩნევს, რომ სომხეთის მიერ მთიანი ყარაბაღის აღიარება იქნება ომის გამოცხადების ტოლფასი.

„ასეთ შემთხვევაში, აზერბაიჯანმა დაუყოვნებლივ უნდა უზრუნველყოს ქვეყნის სუვერენიტეტის უზრუნველყოფა და გაათავისუფლოს ოკუპირებული ტერიტორიები,“ – განაცხადა მან. „ეს კი, თავის მხრივ, უმალ გადააქცევს კავკასიას ომის დაუცხრომელ კერად.“

ფრთხილი მოქმედება

მიუხედავად იმისა, რომ სომხეთის მთავრობის გადაწყვეტილება არის ყარაბაღის აღიარებისკენ გადადგმული ერთგვარი ოფიციალური ნაბიჯი, ეს მაინც არ ნიშნავს იმას, რომ ერევანი მას რეალურად განახორციელებს.

კანონპროექტი ოცდაათი დღის ვადაში უნდა განიხილოს პარლამენტის საგარეო  საქმეთა მუდმივმოქმედმა კომიტეტმა. კომიტეტის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაზე იქნება დამოკიდებული, მოხდება თუ არა მისი განხილვა პლენარულ სხდომაზე. საბოლოოდ, პარლამენტმა უნდა გადაწყვიტოს მიიღებს კანონპორექტს განსახილველად, უარს იტყვის თუ გადადებს მის განხილვას განუსაზღვრელი დროით.

როგორც სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ჰოვიკ აბრაჰამიანმა აღნიშნა, დამოუკიდებლობის აღიარება მხოლოდ იმ შემთხვევაში მოხდება, თუ აზერბაიჯანი შეეცდება ყარაბაღსა და მის მიმდებარე შვიდ რეგიონზე ძალის გამოყენებით კონტროლის დაბრუნებას.

„პრეზიდენტმა სერჟ სარგსიანმა ნათლად ჩამოაყალიბა თავისი პოზიცია,“ – განუცხადა მან ჟურნალისტებს ერევანში 11 მაისს. „თუ საომარი მოქმედებები და თავდასხმები გაგრძელდება, ჩვენ იძულებულები გავხდებით გადავდგათ ეს ნაბიჯი. ჯერჯერობით ამის გაკეთება აუცილებელი არ არის.“

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც სომეხმა პოლიტიკოსებმა წამოწიეს დამოუკიდებლობის ცალმხრივად აღიარების საკითხი. მსგავსი კანონის მიღებაზე ერევანმა მანამდე სამჯერ თქვა უარი, იმის შიშით, რომ არ ჩაშლილიყო მინსკის ჯგუფის მოლაპარაკებების პროცესი.

სამშვიდობო მოლაპარაკებების პროცესში მხარეები განიხილავენ ე.წ. „მადრიდის პრინციპებს,“ რომელშიც გათვალისწინებულია ტერიტორიული დათმობები. თუ სომხეთი აღიარებს ყარაბაღს, როგორც დამოუკიდებელ რესპუბლიკას, კანონი უნდა შეიცავდეს ზუსტ ინფორმაციას ყარაბაღის საზღვრების შესახებ, რაც თავის მხრივ, შესაძლოა გახდეს სამშვიდობო პროცესის დასასრული.

კანონპროექტის ინიციატორები არიან პარლამენტარი ოპოზიციური პარტია „მემკვიდრეობიდან“ ზარუი პოსტანჯიანი და ყოფილი პრემიერ-მინისტრი, პარტია „სომხეთის ეროვნული კონგრესის“ წევრი ჰრანტ ბაგრატიანი.

მათი აზრით, აპრილში განვითარებულმა მოვლენებმა ცხადყო, რომ ყარაბაღის დამოუკიდებლობის აღიარებისთვის შესაფერისი დრო უკვე დადგა.

„ჩვენ საქმე გვაქვს აგრესიასთან, რომელ ტერიტორიულ დათმომებზე შეიძლება იყოს ლაპარაკი?“ – განაცხადა პოსტანჯიანმა ჩვენთან საუბრისას. „დათმობა ე.წ. ყარაბაღის მიმდებარე რაიონების, რომლებიც სინამდვილეში მისი განუყოფელი ნაწილია, ბაქოს მხრიდან სტატუსის აღიარების სანაცვლოდ, არ გამოვა. აგრესია არის ამის ნათელი მაგალითი.“

პოსტანჯიანი ასევე მიიჩნევს, რომ ყარაბაღის აღიარებით სომხეთი მხოლოდ მოიგებს.

„ეს გაბედული ნაბიჯი ყველა პრობლემას მოაგვარებს,“ – დასძინა მან.

თუმცა, სომხეთის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი ვარდან ოსკანიანი თვლის, რომ ეს აზრი ნაჩქარევი და არაგონივრულია.

„მიმაჩნია, რომ ეს ნაბიჯი არ იყო კარგად მოფიქრებული და ბოლომდე შემუშავებული. ისეთი შთაბეჭდილება მაქვს, თითქოს ჰაერში გავისროლეთ,“ – განაცხადა ოსკანიანმა ჩვენთან საუბრისას.

„ყარაბაღის აღიარების საკითხი ქვეყნის პოლიტიკურ დღის წესრიგში რომ დადგეს, საჭიროა შესაფერისი პოლიტიკური მომენტის შერჩევა. მაგრამ მანამდე, აუცილებელია საგულდაგულო დიპლომატიური სამუშაოების ჩატარება და არმიის საბრძოლო მზადყოფნის გაძლიერება, იმისთვის, რომ არა მხოლოდ შევძლოთ ბაქოსგან მოსალოდნელი აგრესიის მოგერიება, არამედ შევძლოთ მისი დამარცხებაც,“ – ამბობს ოსკანიანი.

სომხეთის მთავრობის გადაწყვეტილებას კრიტიკულად გამოეხმაურა სართაშორისო საზოგადოება.

ვაშინგტონმა სომხეთს და აზერბაიჯანს აპრილში განვითარებული დაპირისპირების შემდეგ სამშვიდობო მოლაპარაკებების განახლებისკენ მოუწოდა.

„ამერიკის შეერთებული შტატები, ისევე როგორც, დანარჩენი საერთაშორისო საზოგადოება, არ აღიარებს მთიან ყარაბაღს,“ – განუცხადა ჟურნალისტებს აშშ სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა მარკ ტონერმა. „მთიანი ყარაბაღის საბოლოო სტატუსის განსაზღვრა მოხდება მხოლოდ ყოვლისმომცველი დარეგულირების კონტექსტში.“

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმაც აღნიშნა, რომ ყარაბაღის დამოუკიდებლობის აღიარება არის არასასურველი და ამასთანავე, ნაკლებად სავარაუდო.

„ერევანი ირწმუნება, რომ რეგიონის სტატუსის განსაზღვრა ცალმხრივად არ მოხდება,“ განუცხადა ლავროვმა საინფორმაციო სააგენტო „რია ნოვოსტის“.

მან ასევე დასძინა, რომ პანიკის საფუძველს ვერ ხედავს, რადგან კანონპროექტი მომზადდა არა სომხეთის მმართველი პარტიის მიერ, არამედ ორი ოპოზიციონერი პარლამეტარის ინიციატივით.

რუსი პოლიტოლოგი და ექსპერტი სამხრეთ კავკასიის საკითხებში ალექსანდრ სკაკოვიც დარწმუნებულია, რომ დამოუკიდებლობის აღიარება არ მოხდება.

„ეს არის ერევნის მცდელობა მოახდინოს ზეწოლა ყარაბაღის კონფლიქტის საერთაშორისო მედიატორებზე იმ მიზნით, რომ მათ ბაქოზე შეძლონ გავლენის  მოხდენა,“ – განაცხადა მან ჩვენთან საუბრისას.

სომხეთის მიერ ყარაბაღის აღიარება გაანადგურებს მინსკის ჯგუფის პროცესს, რომელიც არის ერთადერთი ფორმატი პრობლემის მოსაგვარებლად.

„ამას ხვდებიან ერევანში,“ – თქვა სკაკოვმა და დასძინა, რომ თუ სომხეთი ჯერ კიდევ არ მიდის აღიარებაზე ეს იმას ნიშნავს, რომ მას ჯერ კიდევ „აქვს დიპლომატიის იმედი.“

არშალუის მგდესიანი, დამოუკიდებელი ჟურნალისტი სომხეთში.

ნურგულ ნოვრუზი, აზერბაიჯანელი ჟურნალისტის ფსევდონიმი.